თითქმის ერთი თვეა საერთაშორისო ბაზარზე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ღირებულება მკვეთთრად იკლებს. საქართველოში, რასაკვირველია, ამ მხრივ სრული „გამყინვარებაა“. მცირე გასამართმა სადგურებმა 10-12 თეთრის ფარგლებში შემცირეს ფასი, ხოლო ბრენდულ კომპანიებს ამისთვისაც არ შეუწუხებიათ თავი.
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციისთვის გაუგებარია გლობალური ტენდენციების გათვალისწინებით რატომ არ მცირდება საწვავის ფასი საქართველოში. თანაც ეს ხდება იმ დროს, როდესაც 2021 წელი ჩვენი მოსახლეობისთვის განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა, მრავალი ფაქტორის გამო, გამორჩეულად კი ინფლაციასთან გამკლავების თვალსაზრისით.
ინფლაცია ნოემბრის მონაცემებით 12.5 პროცენტს აღწევს, რაც 4-ჯერ მეტია მიზნობრივ მაჩვენებელზე. ფასების ზრდაზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს, როგორც საგარეო, ისე საშინაო. ერთ-ერთ გამორჩეულ პრობლემას წარმოადგენს საწვავის ფასის ისტორიულად მაღალი ნიშნული, რომელიც განსაკუთრებულად აძვირებს სამომხმარებლო კალათის კონკრეტულ ჯგუფებს და ასევე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს მთლიანად ინფლაციის ფორმირებაზე.
„საწვავის ფასი ისტორიულად მაღალ ნიშნულზეა და ერთი ლიტრი ბენზინის ფასი 3.38 ლარს აღმატება. თავის მხრივ, საწვავის ფასის ზრდა პირდაპირ იყო დაკავშირებული გლობალურ ტენდენციებთან. იმდენად, რამდენადაც მიმდინარე წელს ნავთობის ფასმა ბოლო 2 წლის მაქსიმუმს მიაღწია და ერთი ბარელის ღირებულება 84 დოლარს ასცდა.
თუმცა, საგულისხმოა ის გარემოება, რომ ბოლო პერიოდში გლობალურ ბაზრებზე სიტუაცია არსებითად შეიცვალა და ნავთობის ფასიც მნიშვნელოვნად შემცირდა. კერძოდ, უკვე 2 თვეზე მეტია ნავთობის ფასს შემცირების ტრენდი უჭირავს და თუ ამერიკული „მსუბუქი“ ტიპის ნავთობი ოქტომბრის ბოლოს 84 დოლარად ივაჭრებოდა, დღეს მისი ფასი 67 დოლარამდეა დაცემული, რაც ხელშესახები შემცირებაა.
როგორც აღვნიშნეთ, ნავთობის ფასი 2 თვეა მცირდება, ამან ცხადია ასახვა ჰპოვა „პლატცის“ ფასზეც, რომელიც პირდაპირაა მიბმული ნედლი ნავთობის ღირებულებაზე და მნიშვნელოვანი შემცირება ფიქსირდება ამ მიმართულებითაც.
ზემოთ ნახსენებ ფაქტორებს ემატება ეროვნული ვალუტის კურსიც, რომელიც ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად დასტაბილურდა დოლართან მიმართებით. მხოლოდ ერთ თვეში ლარი დოლართან მიმართებაში 6 თეთრით (2%-ით) გამყარდა. რაც ასევე ხელს უწყობს საწვავის ფასების შემცირებას საქართველოში.
თუმცა, ჩვენს ზემოხსენებული პოზიტიური გარემოებების მიუხედავად, ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ფასები დღემდე არ შემცირებულა. აფბა დიდ ხუთეულად წოდებულ ნავთობიმპორტიორებს მოუწოდებს გაიზიარონ სოციალური პასუხისმგებლობა და გადახედონ საკუთარ საფასო პოლიტიკას. ეს მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს ჩვენი მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას და მცირედით მაინც განმუხტავს დაძაბულ სოციალურ ფონს“, - აცხადებენ „აფბა“-ში.
ადგილობრივ ბაზართან დაკავშირებით განსხვავებული მოლოდინი არც ჰქონიათ ანალიტიკოსებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ საეჭვოა, ნავთობპროდუქტების ქართულმა ბაზარმა გლობალური ცვლილება ადეკვატურად ასახოს. ფინანსური ბაზრის მკვლევარი ნიკა შენგელია ფიქრობს, რომ ცვლილებისთვის ბაზარი იანვრიდან იქნება მზად, განსაკუთრებით შუა რიცხვებიდან. რაც შეეხება გლობალურ ბაზრებს, მისი ვარაუდით, ტენდენცია გაგრძელდება და 1 ბარელის ღირებულება, სავარაუდოდ, 58 დოლარამდე დაიწევს.
„მართალია, გლობალურ ბაზრებზე ფასები დაეცა, მაგრამ ჯერ არ ველით, რომ აქაც დაიკლებს. წლის ბოლოა, სეზონური ფაქტორიდან გამომდინარე და ასევე ლარის კურსის გათვალისწინებით, იმპორტიორები მაქსიმალურად შეიკავებენ თავს. ჯერჯერობით 65 დოლარის ფარგლებში იტრიალებს ნედლი ნავთობის ფასი, ტენდენცია გაგრძელდება იანვრის ბოლომდე და შემდეგ 58 დოლარის ფარგლებში დაფიქსირდება. როგორც ცნობილია, საწვავის გაიაფება გამოიწვია იმ ფაქტორმა, რომ აშშ-მ თავისი რეზერვები გახსნა.
დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, საქართველოში საწვავის გაიაფება 30 თეთრის ფარგლებშიც შეიძლება, თუმცა ჯერჯერობით ცვლილებას არ ველოდები. ახლა მხოლოდ სურვილია, რომ ფასი შემცირდეს, მაგრამ ასე სწრაფად არ ხდება, სამწუხაროდ, ამ პროცესს თავისი ციკლი აქვს“, - განაცხადა ნიკა შენგელიამ.