ეკატერინე ტიკარაძემ თანამდებობა დატოვა

ეკატერინე ტიკარაძემ თანამდებობა დატოვა

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„გავლილი კონსულტაციების შედეგად სწორ გადაწყვეტილებად მივიჩნიეთ, რომ შემდეგი ჩემი საქმიანობა გავაგრძელო პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მან მინისტრობის პერიოდში განხორციელებულ საქმიანობაზე ისაუბრა.

„ჩვენი ყველა ქმედება და გადაწყვეტილება მიმართული იყო ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების ჯანმრთელობის საუკეთესო გამოსავლების მისაღწევად. მიუხედავად, იმისა, რომ იყო რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება ქვეყანაში და მთავარი სამიზნე იყო პანდემიასთან ბრძოლა, სამინისტრომ განახორციელა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.