როდის გადაიყვანენ მიხელ სააკაშვილს რუსთავის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ჯერჯერობით უცნობია, რადგანაც მისი გარემოცვა და ექიმების ნაწილი ამბობს, რომ მისი ფსიქიკური მდგომარეობა არც თუ ჯანსაღია. ცენტრ „ემპათიის“ წარმომადგენლის მარიამ ჯიშკარიანს ახლა მოულოდნელად გაახსენდა, რომ სააკაშვილი გარკვეულ ფსიქოტროპულ პრეპარატებს იღებდა, რომელიც მასზე უარყოფითად მოქმედებს.
ჯიშკარიანი ამტკიცებს, რომ სააკაშვილის „ფარმაკოლოგიური წამების“ მსხვერპლია. არადა ირკვევა, რომ მას ეს პრეპარატი ჯერ კიდევ ჰოლანდიელმა ექიმმა დაუნიშნა და სახალხო დამცველის მიერ შერჩეული ქართველი ექიმების რჩევით, სააკაშვილი ძილის პრობლემის მოსაგვარებლად აგრძელებდა მედიკამენტების მიღებას.
ჩნდება კითხვა რატომ არ იცოდა აქამდე ამის შესახებ მისმა პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ, რომელიც მის ყველა დანიშნულებას პირადად აკონტორლებდა და ხელს აწერდა? რატომ ეგონა პირად ექიმს, რომ მას მხოლოდ ძილის წამალს აძლევდნენ და არ გადაამოწმა, რა იყო პრეპარატი, რომელსაც სააკაშვილს მისივე მოთხოვნით ასმევდნენ? ეს ყველაფერი ბევრ კითხვებს აჩენს.
არ არის გამორიცხული, სააკაშვილი სიმულანტობდეს და საუბარი იმაზე, რომ მას ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, რამდენიმე მიზეზით იყოს განპირობებული, რომლსაც სააკაშვილი კონკრეტული მიზნის მისაღწევად იყენებდეს. რა ჩაიფიქრა მესამე პრეზიდენტმა?
„არ მგონია, კიდევ აინტერესებდეს საზოგადოებას, როდის გადაიყვანენ სააკაშვილს საპატიმროში და გადაიყვანენ თუ არა უახლოეს დღეებში. ყველამ ნახა, რომ ეს ადამიანი არის ჯანმრთელი, მაგრამ მიუხედავად ამისა, როდის გადაიყვანენ პატიმარ სააკაშვილს რუსთავის ციხეში, პენიტენციური სამსახური გადაწყვეტილებას ექიმთა დასკვნების საფუძველზე მიიღებს. ამიტომ ამ საკითხთან დაკავშირებით, ნუ შეწუხდება და ინფორმაციას ნუღარ გაავრცელებს, რადგან აბსოლუტურად დინამიკურად მიმდინარეობს ეს საკითხი.
მინდა გითხრათ, რომ „ქართულ ოცნებაში“ მსჯელობა პატიმარ სააკაშვილზე საერთოდ არ არის. მსჯელობა შეიძლება იყოს პენიტენციურ სამსახურში და ჯანდაცვის სისტემაში, რომელთა ვალდებულებაა, იზრუნონ პატიმრის ჯანმრთელობაზე, მის უსაფრთხოებაზე და სწორედ ამ კრიტერიუმებიდან გამომდინარე, ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას, როდის გადაიყვანონ რუსთავის ციხეში“, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა.
ანალიტიკოსი მამუკა არეშიძე for.ge-სთან აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა, შესაძლოა, მისი ფსიქიკურად არაჯანსაღ მდგომარეობაზე საუბარი საკუთარ გარემოცვას რამდენიმე მიზეზით დაავალა.
„ფსიქოტროპული წამლების მიღება ყოველთვის არ ნიშნავს, რომ ადამიანს ფსიქიკური აშლილობა აქვს და მას ამ მხრივ სერიოზული პრობლემები აქვს. შესაძლოა, ეს ერთგვარი დამაწყნარებელი იყოს, რომელიც პროფილაქტიკურ სახეს ატარებს. აქედან გამომდინარე, ეს ტაქტიკა აქვს სააკაშვილს არჩეული და ამ აჟიოტაჟის ფონზე, ვითომ სათანადოდ არ მკურნალობენ, ციხეში არ გადაიყვანონ.
უარეს შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლება აიძულონ, რომ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში უცხოეთში სამკურნალოდ გაუშვან. თუმცა მათი ლოგიკა ყოველდღიურად ერთმანეთს ეწინააღმდეგება. ცენტრ „ემპათიას“ წარმომადგენლები ამ ფსიქოტროპული პრეპარატების სააკაშვილისთვის დანიშვნას თავიდან იმ ექიმებს აბრალებდნენ, რომლებიც სახალხო დამცველის მიერ იყვნენ შერჩეულები. ექიმები, ბუნებრივია, თავს იცავენ და ამბობენ, რომ ის ამ წამლებს ჯერ კიდევ ჰოლანდიაში იღებდა. თუმცა საზოგადოების თვალში მისი დისკრედიტაცია ხდება. მას მოსახლეობის დიდი ნაწილი უკვე არაადეკვატურად აღიქვამს და ეს რაში სჭირდებათ ვერ ვიგებ“, - ამბობს არეშიძე for.ge-სთან.
შესაძლაო თუ არა მიხეილ სააკაშვილი ფსიქიკურად არაჯანსაღ მდგომარეობას სიმულანტობდეს და სასამართლოზე მის მიერ გაკეთებული არალოგიკური განცხადებები სწორედ ამ თამაშის ნაწილი იყოს? ამ კითხვის პასუხად არეშიძე ამბობს, რომ მისგან გამორიცხული არაფერია.
„ვინც სააკაშვილს იცნობს, ყველამ კარგად იცის მას რეალობის როგორი კარგი აღქმა და ალღო აქვს. ამიტომაც სასამართლოზე მის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ მას დრო არა აქვს და ჯობია სხდომაზე თავის დროზე მიიყვანონ, ასევე სანდრა რულოვსი, როგორც ბრალდებული თანხების გაფლანგვის საქმეში მის გვერდით უნდა იჯდეს, ერთი დიდი თამაშის ნაწილი იყოს, რომელიც მას კონკრეტული მიზნისთვის სჭირდება.
ზოგმა ეს მისი განცხადება ბოდვად აღიქვა, არადა მან ძალიან სწორი მესიჯები გაუშვა, რომელიც მის გუნდში კონკრეტულ ადრესატამდე უნდა მისულიყო. მგონია, ამით მელიას არა, მაგრამ სხვა ძველ გუნდის წევრებს დაემუქრა და მიანიშნა, რომ თუ წესიერად არ მოიქცევიან, მათაც არ დაინდობს.
ის უაღრესად რეალისტია, რომელსაც ასევე სიტუაციის მართვაც კარგად შეუძლია. ახლა ის მომენტია, რომ სიტუაციას ბოლომდე ვერ მართავს, რადგან ხალხი მას არ ჰყვება. თუმცა, ზოგადად, მთელი საინფორმაციო საშუალებები, რომ მისი დღის წესრიგით მაუწყებლობენ, ფაქტია. გამოსავალს ეძებს და ცდილობს ხელისუფლების სუსტი წერტილი იპოვოს. სააკაშვილს, როგორც ჩანს, უკრაინაში გამოუვალი სიტუაცია შეექმნა და, როგორც ჩანს, აქ ვიღაცის დაპირებებით არის ჩამოსული. დააკვირდით უკრაინელ უფლებადამცველებსაც, რომლებიც აქ სააკაშვილს იცავენ, ყველა ეს ადამიანი იულია ტიმოშენკოს გარემოცვაა და ზელენსკის მხრიდან სხვა რაიმე მნიშვნელოვანი ოფიციალური განცახდებაც კი არ გაკეთებულა. მას საქართველოში ყოფნა ურჩევნია და ამის ძალიან მყარი მიზეზი აქვს“, - ამბობს არეშიძე for.ge-სთან.
მისივე თქმით, სააკაშვილის ჯამრთელობის მოკითხვის ამბით თავს არც დასავლეთი იკლავს. ყოველთვის საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ მას კარგად უნდა უმკურნალონ და სამართლიანი მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარსდგეს. არეშიძე ამბობს, რომ როდესაც დასავლეთს კონკრეტული პოლიტიკური ფიგურა სჭირდება ხოლმე, ამისთვის ძალიან დიდ ძალისხმევას იჩენს. დასავლეთის პოლიტიკური ელიტის რეაქცია უფრო ფაფხურს და მოვალეობის მოხდას ჰგავს, ვიდრე სერიოზულ მუშაობას.
ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძეს კი იმის ახსნა უჭირს, მიხეილ სააკაშვილმა დროის არქონაზე რატომ ისაუბრა. საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ საზოგადოებაშიც მისი არაადეკვატურობის შესახებ განცდა გაჩნდა და ეს კარგად სოცქსელებშიც ჩანს.
„არ არის გამორიცხული, რეალური იყოს მისი ექიმების ვერსია, რომ მას ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, ოღონდ არც იმას გამოვრიცხავ, რომ ფსიქიკური აშლილობის სიმულაცია ხდებოდეს, რადგან მისი ციხეში გადაყვანა არ მოხდეს. ან შესაძლოა, გათვლა სრულიად სხვა სცენარზეც ჰქონდეს. სააკაშვილს დიდი ხანია ვიცნობ. ვიცნობ როგორც ძალიან ნიჭიერ და გონიერ ადამიანს და არ მჯერა, რომ ახლა განსაკუთრებული ფსიქიკური მდგომარეობა აქვს. ამიტომ უფრო იმ ვერსიას ვემხრობი, რომ არაადეკვატურობა შეიძლება სიმულაცია იყოს, რათა გამართლდეს ექიმების, ადვოკატებისა და მომხრეების ნათქვამი, რომ სააკაშვილზე ხელისუფლება სხვადასხვა მანქანით ზემოქმედებას ახდენს. შესაძლოა, ამ მიმართულებითაც რაღაც აქვთ დაგეგმილი და წინასწარ ნიადაგს ამზადებენ“, - ამბობს საყვარელიძე for.ge-სთან.
მისივე თქმით, მისი უკრაინაში გადაყვანის ვერსია რეალური არ არის, რადგან არც სააკაშვილი ითხოვს და არც უკრაინისგან ისმის, რომ მისი გადაცემა უნდათ. ხოლო რომც გადასცენ, ისევ ციხეში უნდა გადავიდეს და, ალბათ, თვითონაც გრძნობს, რომ ქართულ ციხესა და უკრაინულ ციხეში მისადმი დამოკიდებულება სხვადასხვანაირი იქნება და ეს არ სურს.
„უკრაინისთვის ის რიგითი პატიმარი იქნება, საქართველოსთვის კი განსაკუთრებულია. ამიტომ ვფიქრობ, უკრაინაში გადაყვანის თემა არ არის აქტუალური. რაც შეეხება ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, ეს თქვეს ექიმებმა და ადვოკატმა, თუმცა იქვე მოაყოლეს, ეს ხელისუფლების ქმედების შედეგიაო. გაგახსენებთ მანქანით დასხივების თემას და ა.შ. თუმცა ეს დამაჯერებელი არ არის, რადგან დასხივება ყველასთვის სახიფათო უნდა ყოფილიყო. მიუხედავად ამისა, რადგან გაჩნდა ეს თემა, შეიძლება სახელმწიფო ბრალდების წინააღმდეგ ესეც გათამაშდეს. მით უმეტეს, რომ ფსიქოლოგიური აშლილობის სიმულაცია პრობლემას არ წარმოადგენს. შეიძლება სიმულირებული იყოს ის არაადეკვატური გამოთქმები, რომლებიც მისი მეორე გამოსვლისას მოვისმინეთ“, - ამბობს საყვარელიძე.