„სააკაშვილი თავისთავად ანგრევს საკუთარ თავს ისე, რომ „ქართული ოცნების“ დახმარებაც არ სჭირდება“

„სააკაშვილი თავისთავად ანგრევს საკუთარ თავს ისე, რომ „ქართული ოცნების“ დახმარებაც არ სჭირდება“

„სააკაშვილი ჩამორჩენილია რეალობას, მას არაფერი საერთო არ აქვს დღევანდელ საქართველოსთან, მას ჰგონია, რაც უფრო მეტს ილაპარაკებს, მით უფრო თავს მოაწონებს ხალხს, პირიქით, უფრო მეტად განიხიბლება მოსახლეობა მის მიმართ, რადგან ყველაფერს სხვებს აბრალებს გარშემო და საკუთარი თავის ფრთიან ანგელოზად წარმოჩენას ცდილობს“, - აღნიშნა for.ge- სთან საუბრისას ყოფილიმა სახელმწიფო მინისტრმა, ანალიტიკოსმა პაატა ზაქარეიშვილმა.

თავდაპირველად სასამართლო პროცესზე სააკაშვილისთვის უწყვეტი სიტყვის მინიჭებამ ბევრი ადამიანის გაღიზიანება გამოიწვია, რომ არ უნდა მიეცათ მისთვის სასამართლოს პოლიტიკურ ტრიბუნად გადაქცევის საშუალება. თუმცა მისი თვითაღიარებების შემდეგ, როცა მან 7 ნოემბრის, 26 მაისის, გირგვლიანის საქმის, ტაილანდში ვოიაჟის თავისებური ვერსია შემოგვთავაზა და ბოლოს ყველაფერი დააგვირგვინა საბრალდებო სკამზე სანდრას დაჯდომის შეთავაზებით, ზოგიერთებში გააჩინა მოთხოვნილება, იქნებ, ეს კაცი უფრო მეტად ალაპარაკონ? მოვლენათა სამომავლო შეფასების თვალსაზრისით, ხომ არ სჯობს, უფრო მეტად მიეცეს სააკაშვილს ტრიბუნა და მისგან უფრო მეტი თვითაღიარებები მოვისმინოთ?

- სასამართლო პროცესებზე ძალზე სასაცილოდ იქცევა სააკაშვილი. ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ექსპრეზიდენტი, ერთადერთი, არ მინდა, „ქართულმა ოცნებამ“ დაარღვიოს მისი, როგორც პატიმრის უფლებები. რასაც ახლა სასამართლო პროცესებზე ლაპარაკობს, ის თავის ამპლუაშია, არასდროს სიმართლეს არ იტყვის. როდის ამბობდა სიმართლეს, ახლა რომ თქვას? ან ახლა რატომ უნდა თქვას სიმართლე? მისთვის სასამართლო არის პოლიტიკური ტრიბუნა, უფლება აქვს და კარგია, რომ მას აძლევენ პოლიტიკურ ტრიბუნას. ეს ყველგან ასეა, მთელ მსოფლიოში, რომ პოლიტიკოსი სასამართლოს იყენებს პოლიტიკურ ტრიბუნად, ამაში მიუღებელი არაფერია. მეორე მხრივ, სააკაშვილი ჩამორჩენილია რეალობას, მას არაფერი საერთო აღარ აქვს დღევანდელ საქართველოსთან, მას ჰგონია, რაც უფრო მეტს ილაპარაკებს, მით უფრო თავს მოაწონებს ხალხს. პირიქით, უფრო მეტად განიხიბლება მოსახლეობა მის მიმართ, რადგან ყველაფერს სხვებს აბრალებს გარშემო და საკუთარი თავის ფრთიან ანგელოზად წარმოჩენას ცდილობს. ამიტომ ამ სასამართლო პროცესებში ვერანაირ ტრაგედიას ვერ ვხედავ, ჯობდა, თავის დროზეც მიეცათ ამის უფლება და ელაპარაკა ექსპრეზიდენტს. რაც მე ვიცი, არაფერ სიმართლეს არ ამბობს. დარბევებს რაც შეეხება, რაც მე იმდროინდელი გამოცდილება მაქვს, 2007 წლიდან მოყოლებული, ყველგან ტყუის. არ არის მის სასარგებლოდ მისი გამოსვლები.

სააკაშვილის ამჟამინდელი მომხრეებიც არ მალავენ, რომ მიშამ თავისი კლასი დაკარგა. არის მოლოდინი, რომ ექსპრეზიდენტი თავის თანამოაზრეებშიც თანდათანობით ნულოვანი გახდება. რეკომენდაცია რა შეიძლება იყოს მის მიმართ? სასამართლო პროცესზე არ მივიდეს, თუ გაჩუმდეს?

- მივიდეს პროცესზე, მაგრამ გაჩუმდეს, დადუმდეს და ილაპარაკონ ადვოკატებმა მის, როგორც პატიმრის უფლებებზე, ვიდრე მან ილაპარაკოს თავის მომავალ პოლიტიკაზე. წარსულზე კი არ ლაპარაკობს ახლა, არამედ მომავალში რა ფიგურა იქნება, იმაზე გვესაუბრება. უკრაინაში არაფერი ესაქმება, ის მიხვდა ამას. ნახეთ, უკრაინა ჩუმადაა, ხმას არ იღებს.

სხვათა შორის, უკრაინელებს შორის ლიზა იასკო ერთადერთია, ვინც ამბობს, თუ ქართველებს არ გჭირდებათ, უკრაინას გადმოეცით სააკაშვილი, უკრაინას იგი სჭირდებაო.

- დიახ, რაღაც უცნაურია, უკრაინის სახალხო დამცველიც კი გაჩუმდა მიშას გადაცემასთან დაკავშირებით. ამ ფონზე სააკაშვილს ერთადერთი დარჩენია საქართველო, ჰგონია, რომ სასამართლო პროცესებზე გამოსვლით იმყარებს პოზიციებს, ამ დროს, პირიქით, ინგრევს ამ პოზიციებს. იმის ჭკუაც არ ჰყოფნის, მიხვდეს ამას, რომ ტყუილით შორს ვერ წავა. „ტყუილს მოკლე ფეხები აქვს“, - ბრწყინვალე ქართული ანდაზაა. ცნობილი ფრაზაა, შეიძლება ერთი ადამიანი მოატყუო სამუდამოდ, შეიძლება ბევრი ადამიანი მოატყუო დროებით, მაგრამ ყველას სამუდამოდ ვერასდროს მოატყუებ. როცა პრეზიდენტი იყო, ატყუებდა ცალკეულ ადამიანებს, სჯეროდათ მისი, მაგრამ ყველა ადამიანი არც მაშინ არ მოტყუებულა, არც ახლა მოტყუვდება. რაც მეტს ილაპარაკებს, გამოააშკარავებს, რამდენად არ შეესაბამება არც დღევანდელ რეალობას, არც წარსულს. რაც არ უნდა მიუსაჯონ, ის ბოლომდე მაინც არ იქნება ციხეში, ეს გამორიცხულია, მთელი მსოფლიო არ მოგვცემს ამის უფლებას. ამიტომ აჯობებს, ილაპარაკოს დღევანდელ მდგომარეობაზე, ციხეებზე, რასაც ზოგჯერ ლაპარაკობს კიდეც, თუ როგორ ცუდად ექცევიან მას, როგორ არღვევენ მის, როგორც პატიმრის უფლებებს. ამით თავს მოაწონებს დასავლეთსაც. როცა ზღაპრებს გვიყვება, დასავლეთი ხვდება, რომ გონზე არაა და გაგებაში არაა. როცა პოლიტიკას მიედ-მოედება და აზრზე არაა, რა ხდება დღეს საქართველოში, მით უფრო უარესია მისთვის, საზოგადოებაში მით მეტი უპატივცემულობა იქნება მის მიმართ.

მისი ნებისმიერი ფრაზა, მათ შორის, „არ მოგენატრათ დრაივი?!“ გამაღიზიანებელი ხდება, რომ არაფერი ვთქვათ, ე.წ. პიჯაკების საქმეში თავის მართლებაზე - კურტიზანების ქირაობიდან დაწყებული, ბოტოქსებით და ძვირადღირებული ვოიაჟებით დამთავრებული, რაც სახელმწიფოს ხარჯზე ხდებოდა.

- კი ბატონო, ეს იყო, რაც ძალიან ცუდია, მაგრამ, როგორც წესი, ამის გამო ციხეში არ სვამენ პრეზიდენტებს. ასეთი დანაშაული სხვებსაც მოსდით, დიდი მასშტაბით, ან პატარა მასშტაბით, მაგრამ პირობითად მიუსჯიან ხოლმე. სარკოზის მიუსაჯეს სწორედ არამიზნობრივ ხარჯვაზე, პრეზიდენტებთან მიმართებით სხვა სტანდარტებია ევროპაში. უნდა გასამართლდეს და აუცილებლად დაისაჯოს ამის გამო პრეზიდენტი, მაგრამ არა ციხეში წასვლით. კაცი რომ მოეკლა, ცხადია, ციხეში წავიდოდა, მაგრამ გაფლანგვა არ ითვლება იმ დონის დანაშაულად. ამაში იჭედება „ქართული ოცნება“, ამით მისგან ქმნიან გმირის იმიჯს. იტალიის პრემიერ-მინისტრ ბერლუსკონის უფრო მეტი საშინელებები ჰქონდა ჩადენილი, მაგრამ არ გაუშვეს ციხეში, გაუშვეს სანიტრად, მუშაობდა საავადმყოფოში და მოხუცებს უვლიდა. ამის მიუხედავად, სააკაშვილი თავისთავად ანგრევს საკუთარ თავს ისე, რომ „ქართული ოცნების“ დახმარებაც არ სჭირდება.

სააკაშვილის რეჟიმით დაზარალებულები მისგან კათარზისის გზაზე დადგომას ელოდნენ, მაგრამ ერთადერთხელ „შეასრულა“ დაზარალებულთა დაკვეთა სააკაშვილმა და მიმართა მისით უკმაყოფილო ადამიანებს, „მოვისმენ ყველა პრეტენზიას ჩემს მიმართ და ეს იქნება ჩემთვის კათარზისიც და განწმენდის პროცედურა“. ცხადია, ბრალდებების უბრალო მოსმენა ვერ ჩაითვლება კათარზისად და იმ გზის გაგრძელებად, რასაც პითაგორას, პლატონის და არისტოტელეს მიმდევრები გადიოდნენ. თუმცა ზოგიერთები კარგა ხანია, საუბრობენ, რომ სააკაშვილი სოციოპათია, სოციოპათებს კი არანაირი ემპათია, სინანული, მორალური ნორმები არ გააჩნიათ...

- მეც ასე ვფიქრობ, რომ სააკაშვილს არ შესწევს მონანიების უნარი. როგორც მას ვიცნობ, მას სინანულის გრძნობა არ აქვს. ეს გამორიცხულია, ეს თამაში და ბლეფია. ეს ყველაფერი ფარისევლობაა. ხელისუფლებაში როცა მოდიოდა, ჩვენ ვმეგობროდით და იმედი მქონდა, გამოადგებოდა საქართველოს, მაგრამ იქცა არაფრად, იქცა არარაობად. ძალიან გული მწყდება. ერთადერთი, რასაც ველი, ეს არის უკრაინაში მისი გადაყვანა, სადაც, ალბათ, საზღვრის დარღვევის გამო გაასამართლებენ, ან შეიწყალებენ, ან ამნისტიით გაუშვებენ, ან უდოთი გაათავისუფლებენ, ის უკრაინის მოქალაქეა. ყოველ შემთხვევაში, სააკაშვილი იქნება მსჯავრდებული, მაგრამ იქნება გარეთ, როგორც გასამართლებული.

დაბოლოს, ლაშა ბუღაძემ სააკაშვილს წიგნები შეუგზავნა ციხეში. თუკი უყვარს კითხვა, რა არის სასურველი, რომ წაიკითხოს პრეზიდენტყოფილმა?

- არანაირი კითხვა მაგას არ უყვარს, ეს დანამდვილებით ვიცი, მას ძალიან უყვარს ფრანგული სიმღერები და შეუგზავნონ ფრანგული სიმღერების დისკები. მაგის ხელში წიგნი არ მინახავს.