ნანა ალექსანდრია - „გიგა საოცრად მგრძნობიარე ბავშვი იყო“

ნანა ალექსანდრია - „გიგა საოცრად მგრძნობიარე ბავშვი იყო“

(იბეჭდება შემოკლებით)

რა როლს თამაშობს დედაშვილობა პოლიტიკაში? ქალბატონ ნანა ალექსანდრიას ოჯახში ვეწვიეთ. საერთაშორისო დიდოსტატმა ისაუბრა დედა-შვილის ურთიერთობაზე.

- გიგა ძალიან კარგი ბავშვი გახლდათ, მაგრამ მე არ ვიყავი მაინცდამაინც კარგი დედა. მისი ბავშვობა ჩემს აქტიურ მოღვაწეობას დაემთხვა. ხშირად მიწევდა საქართველოს ფარგლებს გარეთ შეჯიბრებებზე წასვლა და მასთან დაშორება. ამის გამო გიგას ალერგიული დამოკიდებულებაც კი ჩამოუყალიბდა ჭადრაკის მიმართ.

ერთხელ, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატის წინ ნანა იოსელიანთან პრეტენდენტთა ფინალური მატჩის პირველი პარტია წავაგე (თუმცა, გამარჯვებული მე დავრჩი) და რადიოში გამოაცხადეს, გიგას ტაში დაუკრავს, იფიქრა, წაგების შემთხვევაში მასთან დავბრუნდებოდი. საოცრად მგრძნობიარე იყო.

საერთოდ გიგა ყოველთვის დამოუკიდებელი გახლდათ და ცხოვრებაში ყველა პრინციპული გადაწყვეტილება თავად მიიღო. ყველას გვეგონა, რომ იგი ოჯახურ ტრადიციას გააგრძელებდა და მათემატიკის განხრით ჩააბარებდა უმაღლეს სასწავლებელში, მაგრამ გამოცდამდე რამდენიმე თვით ადრე გადაიფიქრა და საბუთები ისტორიის ფაკულტეტზე შეიტანა.

მე და გიგა ორი დამოუკიდებელი პიროვნება ვართ, მაგრამ საერთო ფასეულობები გვაქვს. შესაძლოა, ამიტომაც ემთხვევა ჩვენი შეხედულებები ერთმანეთს. პრინციპულად ვიზიარებ გიგას პოზიციებს, თუმცა, ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, როცა ოჯახში რაღაც დეტალებთან დაკავშირებით ცხარედაც გვიკამათია. სხვათაშორის, კამათში გიგა ოჯახის წევრებთანაც კი დაუნდობელი და უკომპრომისოა, მაგრამ უნდა ვაღიარო ისიც, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც ვაანალიზებ პრობლემას, ვრწმუნდები, რომ გიგას მიერ გაკეთებული ანალიზი უფრო სწორი იყო.

კმაყოფილი ხართ მისი გამოსვლებით? თუ საიდუმლო არ არის, უმეტესად რაზე აძლევთ მას შენიშვნებს?

- ზოგჯერ, როცა დებატებში გამოსვლისას რაღაც არ მომხვდება ყურში ან კონკრეტულ დეტალებთან დაკავშირებით მისი პოზიცია არასწორად მიმაჩნია, ვეუბნები. იყო შემთხვევა, როცა მისი მანერები არ მომწონდა. მაგალითად, სულ თავიდან, როცა გიგა ტელეეკრანზე გამოჩნდა, მახსოვს, „ჟევაჩკას“ ღეჭავდა და ლამის შევღონდი. თუმცა, საერთო ჯამში, იგი საინტერესო პიროვნებაა და ბევრი კარგი თვისება აქვს - გულწრფელი და სუფთა პიროვნებაა. ხშირად ვხუმრობ ხოლმე - თუ ადრე გიგას ჩემი თავი ჭადრაკმა წაართვა, დღეს ჩემი შვილი პოლიტიკამ წამართვა-მეთქი, მაგრამ არ დავეძებ, მთავარია, საქმე გააკეთოს.