რესტორნებისთვის საათობრივი შეზღუდვების გაუქმებამ ზამთრის ტურისტული სეზონის გადარჩენის იმედი გააჩინა. უშუალოდ სეზონის გახსნამდე 2-3 კვირით ადრე მდგომარეობა სახარბიელო ნადვილად არ არის - ქვეყანაში ვირუსის მეხუთე ტალღაა, ზოგიერთი რეუგლაცია ჯერ კიდევ მოქმედებს და ვაქცინაციის ტემპიც დაბალია. თუმცა, სასტუმროებისთვის არის სიახლე, რაც თეთრი ტურიზმის ჩიხიდან გამოყვანის შესაძლებლობას იძლევა.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ღონისძიების ერთ-ერთმა მონაწილემ, „ინ გრუპის“ ქსელის მმართველი კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ერეკლე კოკაიამ აღნიშნა, რომ შეხვედრაზე საკუთარი მოთხოვნები დააყენეს, მათ შორის, რესტორნებისთვის დარჩენილი რეგულაციების მოხსნა: ერთ-ერთი ასეთი რეგულაცია ახალ წელს სასტუმროში გარე სტუმრების მიღების აკრძალვის ეხება. კოკაია ადასტურებს, რომ მიიღეს დაპირება, ამ საკითხზე ახალ წლამდე პასუხი ექნებათ.
„მთავარი მიზანი ამ შეხვედრაზე იყო ის, რომ კერძო სექტორს კითხვებზე პასუხები მიგვეღო ან ეს საკითხები საკოორდინაციო საბჭოზე განხილულიყო. მაგალითად, რამდენიმე კითხვა იყო იმასთან დაკავშირებით, ექნება თუ არა უფლება სასტუმროს, გარე პირებსაც უმასპინძლოს? გვითხრეს, რომ თუ სასტუმროში საახალწლოდ ღონისძიება იქნებოდა, მას მხოლოდ სასტუმროს სტუმრები დაესწრებოდნენ. არ გვესმის რატომ არ შეიძლება გარედან შემოსული სტუმარიც მივიღოთ, თუ მაინც „მწვანე პასპორტის“ პრინციპით უნდა ვიმოქმედოთ?!“ - განუცხადა „ბიზნეს მედიას“ ერეკლე კოკაიამ.
მისივე თქმით, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს „მწვანე პასპორტის“ მუშაობის ნაწილზე, რომელიც, დღეს შეფერხებით მუშაობს.
„მწვანე პასპორტების“ სისტემა ქვეყანაში პირველი დეკემბრიდან უნდა ამოქმედდეს. ეს ნიშნავს, რომ სასტუმროებში, რესტორნებში, კინოთეატრებში შესვლას პირები მხოლოდ ამ დოკუმენტით შეძლებენ: მწვანე პასპორტი მოიცავს ინფორმაციას, გადატანილი აქვს თუ არა მის მფლობელს კორონა, როდის და რითია აცრილი და ა.შ.
სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებლის შალვა ალავერდაშვილის აზრით კი, რესტორებისთვის სამუშაო საათებზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნა მისაღები და სწორი გადაწყვეტილებაა. იგი სასტუმრობისთვის გაწერი სიახლეზეც საუბრობს
„რამდენიმე შეხვედრა გვქონდა ეკონომიკის სამინისტროსთან, ომბუდსმენთან და შრომის ინსპექციასთან. „მწვანე პასპორტის“ შემოტანასთან ერთად გვინდოდა, ჩვენც მიგვეღო სარგებელი. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ახალი წლის პერიოდის დაგეგმარება, რაზეც თანხმობა მივიღეთ.
სასტუმრო და მისი სტუმრები თუ „მწვანე სტატუსით“ სარგებლობენ, სასტუმროს შეუძლია სტუმრებისთვის საახალწლო ღონისძიებები ჩაატაროს და დროის შეზღუდვა არ იქნება, რაც ჩვენთვის ძალიან კარგია. ჩემი აზრით, რაც უფრო მეტი აცრილი იქნება ქვეყანაში, მით უფრო მეტი სტუმარი გვეყოლება, ამიტომ ეს არის ძირითადი და მთავარი“, - განაცხადა ალავერდაშვილმა.
ზამთრის სეზონზე დასვენების მსურველები უკვე გამოჩნდნენ, მათ თავიან ჯავშნები გააკეთეს, თუმცა სასტუმროს წარმომადგენლები შიშობენ, რომ „მწვანე პასპორტის“ ამოქმედება, გარკვეულწილად, მაინც შემაფერხებელი ფაქტორი იქნება.