ერთი თვის შემდეგ სახელმწიფო სავაჭრო ობიექტების თანამშრომლებს უფასოდ აღარ გატესტავს

ერთი თვის შემდეგ სახელმწიფო სავაჭრო ობიექტების თანამშრომლებს უფასოდ აღარ გატესტავს

2022 წლის იანვრიდან სავაჭრო ცენტრებში, ბაზრებსა და ბაზრობებში, ასევე საცალო და საბითუმო ვაჭრობის ობიექტებში მომუშავე პირებს სახელმწიფო სავალდებულო ტესტირებას აღარ დაუფინანსებს. ამას ითვალისწინებს მთავრობის განკარგულება, რომლითაც კოვიდ-19-ზე სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესში ცვლილება შევიდა.

„განსაზღვრულ სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ტესტირება (ნაცხის აღებისა და ნიმუშების ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ჩატარება) ექვემდებარება დაფინანსებას, სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დადგენილი წესით, პროგრამის სერვისების მიმწოდებლად რეგისტრირებული დაწესებულებებისთვის, გარდა ამავე განკარგულების N1 დანართის პირველი პუნქტის „შ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირებისა, რომელთა ტესტირება 2022 წლის 1 იანვრამდე ექვემდებარება დაფინანსებას სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დადგენილი წესი“, - ნათქვამია განკარგულებაში.

დღეს მოქმედი წესით, სავაჭრო ცენტრებში (ე.წ. მოლები) მომუშავე პირების შემთხვევაში: 30 და მეტი მომუშავე ადამიანის შემთხვევაში ყოველ 14 დღეში ერთხელ 20% იტესტება უპირატესად ანტიგენის სწრაფი ტესტით ან პისიარ-მეთოდით.

რაც შეეხება ბაზრებში და ბაზრობებზე (გარდა აგრარული) მომუშავე პირებს - 30 და მეტი მომუშავე პირის შემთხვევაში -ყოველ 14 დღეში ერთხელ იტესტება 20% უპირატესად ანტიგენის სწრაფი ტესტით ან პისიარ მეთოდით.

სწორედ აღნიშნული კატეგორიის ადამიანებს ეხება ის ცვლილება, რომლის თანახმად მათ სახელმწიფო ტესტირებას აღარ დაუფინანსებს. რაც შეეხება იმას, სავალდებულოდ დარჩება თუ არა ზემოთჩამოთვლილი ვალდებულება თანამშრომლების გარკვეული ნაწილის გატესტვის შესახებ, შრომის ინსპექციაში განმარტეს, რომ აღნიშნული ვალდებულება შესაბამისი პერიოდითა და გასატესტი ადამიანების პროცენტული წილით ძალაში რჩება, თუმცა ეს წილი დაიანგარიშება აუცრელი თანამშრომლების რაოდენობიდან.

რაც შეეხება იმას, თუ ვინ გაიღებს ტესტირების ხარჯს -დასაქმებული თუ მოლების ადმინისტრაცია - ეს თავად ბიზნეს-სუბიექტების გადასაწყვეტია.

„ლილო მოლის“ გენერალური დირექტორი გიორგი კვარაცხელია აცხადებს, რომ მთავრობის გადაწყვეტილება აღარ დააფინანსოს მოლებსა და ბაზრობებზე დასაქმებულთა სავალდებულო ტესტირება, კარგ შედეგს არ მოიტანს და სერიოზულ დაბნეულობას გამოიწვევს. პრობლემური განსაკუთრებით იქნება მისი აღსრულება და ადმინისტრირება.

„ამ ხალხის ჩამოყვანა და პლუს თანხის გადახდა, პრობლემური იქნება. როგორ მოაბამენ თავს არ ვიცი. ასევე გასათვალისწინებელია, რა ფასს დააწესებენ ესენი. დღეში 50 000 ადამიანის გატესტვა რომ ხდება, ამაში შევდივართ ჩვენც, რაოდენობა რომ შემცირდება, სახელმწიფოსთვის კარგი და ზუსტი მონაცემების მიმცემი არ იქნება. ქალაქში როცა იკეთებს ადამიანი, უფასოდ უნდა გაიკეთოს და თუ ჩვენთან მუშაობს, თანხა უნდა გადაიხადოს? მგონი, ეს მიდგომა არასწორია“, - აცხადებს კვარაცხელია.

რაც შეეხება იმას, თუ ვინ გაიღებს ტესტირების ხარჯს - დასაქმებული თუ „ლილო მოლის“ ადმინისტრაცია, კვარაცხელია აცხადებს, რომ ხარჯი მეწარმის მიერ იქნება დასაფარი და ამის დაფინანსებას „ლილო მოლი“ არ აპირებს.

სხვა მიდგომა აქვთ „სითი მოლში“. სავაჭრო ცენტრის დირექტორი ლევან მესხელი ამბობს, სექტორი მთავრობისგან ამ გადაწყვეტილებას ელოდა, რადგან ეს საკითხი თავიდანვე იყო მთავრობისგან ნაგულისხმები.

„როდესაც რეგულაციები წესდებოდა და ჩვენ ვალდებულებას ვიღებდით თანამშრომლების გატესტვაზე, მაშინ სახელმწიფომ განაცხადა, რომ გარკვეული პერიოდით ამ ხარჯს თავად დააფინანსებდა, შემდეგ კი კერძო სექტორს მოგვიწევდა ვალდებულების აღება. მაშინ ხელისუფლებამ ამაზე სექტორისგან თანხმობა მიიღო. სიმართლე გითხრათ, ამას უფრო ადრეც ველოდი“, - განაცხადა „ბიზნესპარტნიორთან“ მესხელმა.

„სითი მოლის“ ხელმძღვანელი განმარტავს, რომ დასაქმებულების სავალდებულო ტესტირების ხარჯს კომპანია სრულად დააფინანსებს. რაც შეეხება იმას, თუ დაახლოებით რა ოდენობის ხარჯის გაწევა მოუწევს კომპანიას იმისთვის, რომ დასაქმებულები გატესტოს, მესხელი ამას ვერ აკონკრეტებს, თუმცა ადასტურებს, რომ მოცულობა მცირე არ იქნება.