როგორ „აკეთებდა“ მოედანზე ას დოლარს რამაზ შენგელია

როგორ „აკეთებდა“ მოედანზე ას დოლარს რამაზ შენგელია

1977 წელს 20 წლის რამაზ შენგელია თბილისის „დინამოს“ ძირითად შემადგენლობაშია, თანაგუნდელებთან ერთად ვერცხლის მედლის კავალერი ჩვენი ქვეყნის 33 საუკეთესო ფეხბურთელთა შორის დაასახელეს.

ერთი დასავლეთგერმანული ჟურნალი აცხადებდა: „ევროპაში ამჟამად ყველაზე სწრაფი ფორვარდი თბილისელი შენგელიაა“.

ერთხელ რამაზს ვუთხარი, (წერს მინდია მოსაშვილი თავის წიგნში -  „ფეხბურთელი პირველი“), - იცი, რამაზ, ერთმა ძველმა გულშემატკივარმა რა მითხრა? შენგელიას მიერ გატანილ გოლებზე მეტად ეს ულამაზესი თეატრალური რიტუალი მიყვარს. ისე არავის უხდება ეს, როგორც შენგელიასო. რამაზმა თავი გააქნია, გაიცინა და მიპასუხა: „ჩემი ეს საქციელი, ყოველი გოლის გატანას თან რომ სდევს, არც ხრიკია და არც თეატრალური რიტუალი. ამას მე ბავშვობიდანვე, ჩემი პირველი გოლებიდან მოყოლებული, ვაკეთებ და, კიდევ, კარლო ხურციძემ მასწავლა ტყავის ბურთის ენა, გოლის გატანის ეშხი. გინდა მუხლით გაიტანე, გინდა ქუსლით, გინდა ცხვირით, ოღონდ, აუცილებლად გაიტანეო, - მეტყოდა ხოლმე“.

რამაზ შენგელია 56 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა. ეს იყო ფეხბურთელი, რომელმაც თბილისის „დინამოსთან“ ერთად მთელი ეპოქა შექმნა. მისი საფეხბურთო კარიერა მრავალ გამარჯვებასა და ტიტულს ითვლის, ამ კარიერას კი წინ მისი დახასიათება უძღვის: „სიმპათიური, ჭკვიანი, დინჯი, თავაზიანი, ხალისიანი, თბილი, გაწონასწორებული ბუნების, მებრძოლი, საქმისა და ოჯახისთვის თავგადადებული“. ახლა კი მის დღიურს გაგაცნობთ, რომელშიც ბევრი საინტერესო მოგონებაა:

„პირველად ბურთს 5-6 წლის ასაკში ვეზიარე, თუმცა, მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, მისი მთავარი დანიშნულება რა იყო. მოგვიანებით გავიგე, რომ ბურთს დიდი აღიარება და ხალხის სიყვარული მოაქვს, სათანადოდ წარმოაჩენს შენს ქვეყანას უცხოეთში და, მივხვდი, რომ სწორედ ბურთისთვის ვიყავი დაბადებული. ფეხბურთის თამაში, როგორც ყველა ბავშვმა, მეც ეზოში და უბანში დავიწყე.   როცა საჭირო იყო, მეკარედაც ვთამაშობდი, ბავშვობაში, ნიძლავზეც გვითამაშია - კანფეტებზე, ლიმონათზე, შოკოლადზე... ეტყობა, ბედიც მწყალობდა და, უბანში კარგი მეგოლის სახელი რომ გამივარდა, ყველა თავისკენ მექაჩებოდა - რამაზმა ჩვენს გუნდში უნდა ითამაშოსო. ქუთაისში, ჩვენს უბანში - „ზასტავაზე“, მოგეხსენებათ, საკმაოდ იყვნენ „შავი გაგების“ ადამიანები. ოდნავ გზას რომ ავცდენოდი, შესაძლოა, ცუდ ადგილასაც აღმოვჩენილიყავი. არ იყო გამორიცხული, გამოუსწორებელი შეცდომა დამეშვა, მაგრამ ქუჩა ფეხბურთის სიყვარულმა გადაძლია, რაშიც დიდი წვლილი მამაჩემს, ალექსანდრე შენგელიას მიუძღვის.

მამა ფანატიკურად იყო შეყვარებული ფეხბურთზე. პატარა რომ ვიყავი, ქუჩებს შორის პირველობას ორგანიზატორობდა და ჩვენი უბნის ბავშვებისთვის საფეხბურთო მაისურებსაც ყიდულობდა. სერიოზულად თამაში 13 წლიდან დავიწყე. ცხონებულმა კარლო ხურციძემ გუნდში ამიყვანა. ჯერ იყო „პრიმასტერები“, მერე ქუთაისის „ტორპედო“.

ქუთაისის „ტორპედოს“ პერიოდიდან ყველაზე კარგად 1975 წელს მინსკის „დინამოსთან“ შინ მოგებული მატჩი მახსოვს - 2:0 დავამარცხეთ. ჩემი მწვრთნელი, ანატოლი ნორაკიძე, მენდო და „ავანსად“ გაცემული მისი იმედებიც გავამართლე. მატჩის დასრულების შემდეგ მთავარმა მსაჯმა, კოზაკოვმა, გაზეთ „სოვეტსკი სპორტს“ ჩემზე უთხრა: „დაიმახსოვრეთ ქუთაისელთა მე-17 ნომერი, შენგელია. ეს ახალგაზრდა ფეხბურთელი ჩინებული ფორვარდი იქნება“.

1977 წელს უკვე გამორჩეულ ფორვარდად ვითვლებოდი. თბილისის „დინამოს“ მთავარ მწვრთნელ იაკუშინს სურდა ჩემი გადაყვანა თავის გუნდში. ისე მოხდა, რომ იაკუშინს პოსტის დატოვება მოუწია და მისი ადგილი ნოდარ ახალკაცმა დაიკავა, რომელიც მანამდე გუნდის უფროსი იყო. ახალკაცმა „ტორპედოდან“ „დინამოში“ რამდენიმე ფეხბურთელი გადმოიყვანა: მე, კოსტავა, სულაქველიძე, გაბელია, სვანიძე, ქორიძე, დარასელია.

თბილისის „დინამოში “ ჩარიცხვის პირველივე დღიდან, ისე მოხდა, რომ მოედანზე ყველაზე უკეთ მე და დავით ყიფიანი ვუგებდით ერთმანეთს. დათო „მოხარშულს“ მიცნობდა, ორივემ კარგად ვიცოდით, მოედანზე რაც უნდა გაგვეკეთებინა. ყიფიანი უმალ მაწვდიდა ბურთს, არასოდეს დაიგვიანებდა და მისი წყალობით საკმაოდ ბევრი გოლი მაქვს გატანილი. ხალხი ხუმრობით იმასაც ამბობდა: ყიფიანი ბურთს შენგელიას თავში არტყამს და მასაც გოლი ისე გააქვსო.

საბჭოთა კავშირის პირველობაზე თამაში ადვილი არ იყო. იმ პერიოდისთვის მსაჯები უხეშობისთვის ასე იოლად არ იძლეოდნენ ყვითელ და წითელ ბარათებს. ამიტომ, მე, ყიფიანსა და გუცაევს ფეხები სულ დალეწილი გვქონდა - მეტოქის მცველები არ გვინდობდნენ. მოსკოვის „დინამოში“ ნახევარმცველები - ნიკულინი და ნოვიკოვი კი არ გვეთამაშებოდნენ, გვჩეხავდნენ. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. მათ მეტსახელად „ავტოგენებსაც“ ეძახდნენ. მოსკოვის „ტორპედოს“ რიგებში გამოდიოდა ჟუპიკოვი, რომელიც ნამდვილი მკვლელი იყო. როდესაც მას მოედანზე ვხედავდი, მეშინოდა. გამოექანებოდა და ისე დამეჯახებოდა, ლამის დალეწილი ვიყავი. ბუნებით დამთმობი ვარ და უხეშობით არასდროს მიპასუხია.

მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში ერთადერთი ყვითელი ბარათი მაქვს მიღებული: მაშინ „ცეესკას“ წინააღმდეგ ვთამაშობდით. რაღაც მომენტში, ორმეტრიან მცველს, შევცოვს, გვერდი ავუარე და, რომ მეგონა, გავასწარი-მეთქი, დამეწია და ბურთი წამართვა. გავბრაზდი და უკნიდან ფეხი ისე ჩავარტყი, სიმწრისგან ძალიან დაიყვირა. საერთოდ, საბჭოთა კავშირის პირველობაზე ყველაზე მეტად კიევის „დინამოს“ ფეხბურთელის, ბალტაჩის წინააღმდეგ მიჭირდა თამაში. კი არ უხეშობდა, მოედანზე  კარგად ლავირებდა.

თბილისის „დინამოში“ თამაშისას ან ბაზაზე ვიყავით გამოკეტილი, ან თვეობით ვიმყოფებოდით უცხოეთში შეკრებებზე. ყველაფერს მოწყვეტილი ვიყავით, ვერც ქორწილებში მივდიოდით და ვერც გასვენებაში. ხანდახან ისე ვიყავი გადაღლილი, ყველაფერი მბეზრდებოდა.

მოგეხსენებათ, თავის დროზე საქართველოდან უცხოეთში ყველაზე ხშირად თბილისის „დინამო“ და „სუხიშვილების“ ანსამბლი დადიოდა. საბჭოთა კავშირში ხომ ბევრი რაღაც იყო დეფიციტი და ყველაფერს უცხოეთში ვყიდულობდით.

დუბლინში „უოტფორდთან“ სათამაშოდ სანამ გავფრინდებოდით, სასტუმროს ფოიეში მე, გიორგი ჭილაია, ვიტალი დარასელია და „დინამოს“ მასაჟისტი ანზორ გაბიტაშვილი ვისხედით. ჭილაიამ გაბიტაშვილი გააშაყირა და მეუბნება: კაცო, რამხელა შეცდომა დავუშვი, კაკლის მურაბა რომ არ წამოვიღე, თურმე, ირლანდიაში მაგაზე დიდი მოთხოვნილებაა და ქილაში ას დოლარს იძლევიანო. ანზორმა ვეღარ მოითმინა და უთხრა: მერე, გეთქვა, შე კაი კაცო და გამოვაყოლებდი, სახლის სარდაფში სულ კაკლის მურაბები არ მიწყვიაო?!

ესპანეთში ოთხთა ტურნირი ჩატარდა, რომელშიც თბილისის „დინამო“, მადრიდის „რეალი“, მიუნჰენის „ბაიერნი“ და ჰოლანდიის „აზ-67“ მონაწილეობდნენ. მეორე მატჩს „ბაიერნს“ 2:1-ს ვუგებდით, როდესაც რუმენიგესა და ბრაიტნერს არბიტრთან კამათი მოუვიდათ. ისინი გუნდში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდნენ და, როდესაც მსაჯს გადაწყვეტილება შეაცვლევინეს, მათთან ერთად „ბაიერნის“ სხვა მოთამაშეებმაც დატოვეს მოედანი, ამის შემხედვარემ, ჩემთვის გავიფიქრე: ღმერთმა აგაშენათ! 100 დოლარი გავინაღდე-მეთქი. ასეთი დონის მატჩებში გამარჯვებისთვის ამ თანხას გვიხდიდნენ.

ტურნირი მაღალ დონეზე ჩაატარა ვლადიმერ გუცაევმა, რომელიც საუკეთესო ფეხბურთელადაც აღიარეს. მატჩში „რეალის“ წინააღმდეგ, რომელიც „სანტიაგო ბერნაბეუს“ სტადიონზე შედგა, მას 80 000 კაცი ფეხზე წამოუდგა და ისე უკრავდა  ტაშს. ეს თამაში დავთმეთ და ყველაზე სამწუხარო ის იყო, რომ ანხელმა დავით ყიფიანს ფეხი მოსტეხა.

ტურნირის შემდეგ „რეალის“ წარმომადგენლები გუცაევს 500 ათას დოლარს მხოლოდ იმაში სთავაზობდნენ, რომ კლუბთან მოლაპარაკება დაეწყო.

მადრიდელები, ალბათ, არანაირ თანხაზე არ დაიხევდნენ უკან, რომ ხელფასის სახით გადაეხადათ. როცა იტალიაში „ნაპოლის“ წინააღმდეგ ჩემი თამაში ნახეს, ტრაბახში ნუ ჩამომართმევთ და, იქაურმა ფეხბურთის სპეციალისტებმა თქვეს: რა როსი, რის როსი, შენგელია ყოფილა თუ ყოფილაო. სხვადასხვა იტალიური კლუბის მწვრთნელებს უნდოდათ, მათ გუნდებში მეთამაშა, მაგრამ, ეს იმ დროს წარმოუდგენელი ამბავი იყო“.