სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი ნახტომისებურად გაიზარდა და შეიძლება ითქვას, რომ ასეთ მდგომარეობაში დღეს უკვე ყოველი მეხუთე ადამიანია. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ზედიზედ რამდენიმე თვეა ეკონომიკა ორნიშნა მაჩვენებლით იზრდება, სოციალური კუთხით მდგომარეობა უფრო იძაბება და ვითარების გამოსწორების შესაძლებლბა ჯერჯერობით არ ჩანს.
რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ამჟამად საქართველოში ინკლუზიური ეკონომიკური ზრდაა და კეთილდღეობა მოსახლეობის არაერთ ფენაზე ნაწილდება. მანვე სიღარიბის დღეს არსებული მაჩვენებელი 2005, 2006 და 2007 წლებში არსებულ მაჩვენებლებს შეადარა და აღნიშნა, რომ მასთან მიმართებით დღეს უფრო დაბალი სიღარიბე სწორედ ხელისუფლების დამსახურებით არის მიღწეული.
თუმცა მინისტრს არაფერი უთქვამს იმაზე, რომ 2020 წელს საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი ტემპით გაიზარდა და 2019 წელს არსებული 19.5%-დან 21.3% გახდა, რაც რაოდენობრივად 793 808 ადამიანი, ანუ ყოველი მეხუთე მოქალაქეა.
მართალია, ქვეყანაში ყოველთვიურად ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება, მაგრამ ეს ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობაზე ოდნავადაც ვერ მოქმედებს. სწორედ ამაზე საუბრობს ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი და აღნიშნავს, რომ არც მომავლის პროგნოზია დამაიმედებელი.
„შარშან და წელს არსებულმა მაღალმა ინფლაციამ საერთოდ გადაფარა ეკონომიკური ზრდისგან გამოწვეული სარგებელი. ნამდვილად დიდი წინსვლა გვაქვს, მაგრამ მისგან სარგებელს უმეტესწილად იღებს ის სექტორები, რომლებიც ახლოს იყო ფულთან, ეს არის ბანკები და სახელმწიფო ტენდერების მომგები კომპანიები. მოსახლეობის მდგომარეობა კი საკმაოდ გაუარესდა, ფასები ისევ გაიზარდა და, სამწუხაროდ, არც მომავლის პროგნოზია დამაიმედებელი. სამწუხაროდ, ხალხზე ეკონომიკური ზრდა არ ისახება.
ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ნორმალურია, მაგრამ, პარალელურად, გაისადაც მაღალი ინფლაციაა მოსალოდნელი. თუ აქამდე იყო საუბარი, რომ 2021 წლის დასაწყისიდან შემცირდებოდა ინფლაცია, ახლა გამოვიდა ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი და თქვა, რომ მათი მოლოდინი შეიცვალა და ინფლაცია ისე არ შემცირდება, როგორც მოსალოდნელი იყო. 2019 წლის შემოდგომიდან, რაც ინფლაციამ მიზნობრივ მაჩვენებელს თითქმის 2-ჯერ გადააჭარბა, იმის მერე გვესმის ცენტრალური ბანკისგან, რომ მომავალი კვარტალიდან დაიწყება ინფლაციის შემცირება, მაგრამ არასდროს მართლდება.
ქვეყანაში მეხუთე პლანზეა გადაწეული ადამიანის პრობლემები. ამ საკითხზე მსჯელობა არ მიდის და ყურადღებაც არ არის გამახვილებული, ამიტომ, რა თქმა უნდა, მდგომარეობა უფრო იძაბება და უკეთესის გაკეთების საფუძველი, ჯერჯერობით, არ არის“, - განაცხადა ჯანიაშვილმა.
სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, დღეს სახელმწიფოსგან სოციალურ შემწეობას 633 000 მოქალაქე იღებს, რაც რეკორდული რაოდენობაა და ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 17%-ს შეადგენს. „ბიემის“ ინფორმაციით, სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 2020 წლის იანვართან შედარებით 201 000 ადამიანით არის გაზრდილი, რაც გაუარესებულ სოციალურ მდგომარეობაზე მეტყველებს.
პანდემიური და ლოქდაუნებით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი, რაც 2020 წელს დაიწყო საქართველოსთვის 1994 წლის შემდეგ ყველაზე მძიმე იყო, რადგანაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 6.8%-ით შემცირდა. ასეთი დიდი ვარდნა საქართველოს ეკონომიკას 2008 წლის ომის შემდგომაც არ ჰქონია, რადგან ათიათასობით ადამიანმა მრავალი თვის განმავლობაში შემოსავლის წყარო დაკარგა.
2021 წელს საქართველოს ეკონომიკისთვის მზარდ გამოწვევად იქცა ინფლაცია, რადგან ფასების წლიური ზრდის ტემპმა უკვე 13%-ს მიაღწია, რაც ბოლო 10 წლის მაქსიმუმია. ამ მაჩვენებლით, საქართველო სავალუტო ფონდის შეფასებით, მსოფლიოში მეთექვსმეტე ადგილს იკავებს. ფასების მკვეთრი ზრდა განსაკუთრებულად მწვავედ მოსახლეობის მოწყვლად ფენებზე აისახება. ინფლაციის მოთოკვის შესაძლებლობა ჯერჯერობით არ ჩანს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ დაადასტურა კიდეც, რომ 2022 წლის პირველ ნახევარში ფასების ინდექსი დაახლოებით 6%-ით მოიმატებს.