მორიგი რეკორდი ექსპორტში, მონაცემები განუწყვეტლივ უმჯობესდება

მორიგი რეკორდი ექსპორტში, მონაცემები განუწყვეტლივ უმჯობესდება

საქსტატის 2021 წლის ოქტომბრის საგარეო ვაჭრობის წინასწარი მონაცემებით, გასული თვის განმავლობაში საქართველომ უცხოეთში 411 მილიონი დოლარის საქონელი გაიტანა, რაც პანდემიის დაწყებიდან რეკორდული მაჩვენებელია და წინა წლის ანალოგიური პერიოდის ექსპორტს 31.3%-ით აღემატება. რაც შეეხება იმპორტს მისი მოცულობაც მნიშვნელოვნად გაიზარდა და ოქტომბერში 904 მლნ დოლარი შეადგინა, ეს წინა წელთან შედარებით 24%-ით მეტია.

საგარეო ვაჭრობის კომპონენტების ზრდა ეკონომიკის მინისტრმა საქართველოს მთავრობის სხდომის შემდეგ შეაფასა და განაცხადა, რომ ქვეყანაში ოქტომბრის საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა საკმაოდ დადებითია. ქვეყანაში იმპორტთან შედარებით ექსპორტის წინმსწრები ზრდა გვაქვს, რაც საქართველოს მთავრობის იმპორტის ჩანაცვლების პოლიტიკით არის განპირობებული.

„კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ოქტომბერში ექსპორტის ზრდამ იმპორტისას სერიოზულად გადააჭარბა. როდესაც ეკონომიკა ჯანსაღდება, საგარეო სავაჭრო ბრუნვა და მისი ორივე კომპონენტი იზრდება, როგორც ექსპორტი ასევე იმპორტი, თუმცა ექსპორტის წინმსწრები ზრდა გვაქვს, ანუ, თუ ექსპორტი გაიზარდა 31.4%-ით, იმპორტის ზრდა მხოლოდ 24%-ია. ამას აღვნიშნავთ, რადგან ჩვენმა პოლიტიკამ შედეგები გამოიღო, რომელიც იმპორტის ჩანაცვლებაზე და ექსპორტის წახალისებაზეა მიმართული. ეს ჩვენი პოლიტიკის შედეგია, რომ ექსპორტი გაცილებით სწრაფი ტემპით იზრდება, ვიდრე იმპორტი“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრმა 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წელს ქვეყანაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა იქნება.

„ექსპორტის ზრდა მთლიანად ეკონომიკურ ზრდაში დიდი შემომტანია და ეჭვი არ გვეპარება, რომ წლევანდელი წელი ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დასრულდება. ორნიშნა ეკონომიკური ზრდა არ ნიშნავს, რომ ჩვენ ყველა პრობლემა გადავწყვიტეთ და უკან მოვიტოვეთ, მაგრამ ეს კარგი საფუძველია იმისა, რომ ჩვენი პროგრამების მეშვეობით სიღარიბის დაძლევას მივაღწიოთ და მეტი დასაქმება შევქმნათ“, - თქვა მინისტრმა.

ექსპორტის შთამბეჭდავ მონაცემებს აფასებენ სპეციალისტებიც. ეკონომიკის დოქტორმა სოსო არჩვაძემ ბოლო სტატისტიკური მონაცემები დეტალურად გააანალიზა. მისი ინფორმაციით, ოქტომბრის ექსპორტმა გადააჭარბა: გასული წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელს - 31.4 პროცენტით, 2019 წლის ოქტომბრის მაჩვენებელს - 28.6 პროცენტით, ხოლო მიმდინარე, 2021 წლის იანვარ-სექტემბრის საშუალო თვიურ მაჩვენებელს - 24.0 პროცენტით. საშუალო სადღეღამისო ექსპორტი 2021 წლის ოქტომბერში აღემატებოდა: წინა წლის ოქტომბრის მაჩვენებელს - 3.2 მლნ. აშშ დოლარით, პანდემიამდელი, 2019 წლის ოქტომბრისას - 3.0 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის მაჩვენებელს - 2.6 მლნ. აშშ დოლარით. იოსებ არჩვაძის ინფორმაციით, მთლიანად, წლის დასაწყისიდან საქართველოს ექსპორტი წინა წლის შესაბამის პერიოდთან გაიზარდა 24.9 პროცენტით და თითქმის 3.4 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა. ეს პანდემიამდელი 2019 წლის პირველი ათი თვის მაჩვენებელს 11.0 პროცენტით აღემატება. ექსპორტის ასეთი დინამიკა ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

„საქართველოდან ყოველი ერთი მილიარდი აშშ დოლარის ექსპორტის განსახორციელებლად 2021 წელს სჭირდება მხოლოდ 81 დღე, რაც 15 დღით ნაკლებია 2019 წელთან და 73 დღით ნაკლები - 2012 წელთან შედარებით. ექსპორტის პარალელურად, იზრდება იმპორტის მოცულობაც. ოქტომბერში მან 904.0 მლნ დოლარს მიაღწია, რაც წინა წლის ოქტომბრის მაჩვენებელს 24.0 პროცენტით, ხოლო მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის საშუალო თვიურ მაჩვენებელს 17.2 პროცენტით აღემატება. ამასთან, იმპორტის მოცულობა 2.2 პროცენტით ჩამორჩა კრიზისამდელი, 2019 ოქტომბრის დონეს (2019 წ. ოქტომბრის იმპორტი - 924.4 მლნ. აშშ დოლარი), რაც ნამდვილად არ უნდა ჩაითვალოს ერთმნიშვნელოვნად უარყოფით მოვლენად. საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2021 წლის ოქტომბერში 1315.1 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, ხოლო მთლიანად წლის დასაწყისიდან - 11.4 მლრდ. აშშ დოლარს, რაც წინა წლის მაჩვენებლებს აღემატება, შესაბამისად, 26.2 პროცენტით და 23.0 პროცენტით, ამასთან, 2021 წლის იანვარ-ოქტომბრის საგარეო სავაჭრო ბრუნვა 5.3 პროცენტით უსწრებს პანდემიამდელი, 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს,“ - მიაჩნია სოსო არჩვაძეს.

ეკონომიკის ექსპერტის შეფასებით, თანდათან უმჯობესდება ექსპორტით იმპორტის გადაფარვის მაჩვენებელიც, რომელმაც 2021 წლის ოქტომბერში 45.5 პროცენტი, ხოლო მთლიანად წლის დასაწყისიდან 42.6 პროცენტი შეადგინა - გასული წლის მაჩვენებლებზე, შესაბამისად, 1.2 პუნქტით და 0.5 პუნქტით მეტი (2020 წელს, შესაბამისად, 44.3% და 42.1%).

„აღნიშნული მონაცემები ცალსახად ადასტურებენ პოზიტიურ ტრენდს საგარეო ვაჭრობაში, რაც დასტურდება არა მარტო ექსპორტის ორნიშნა ზრდით, არამედ იმითაც, რომ მისი მატების ტემპი ორჯერ და მეტად უსწრებს ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ასევე საკმაოდ მაღალ მაჩვენებელს. იმის გათვალისწინებით კი, რომ ექსპორტში დაახლოებით ¾ ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტს უჭირავს, შეიძლება თამამად დავასკვნათ, რომ საქართველო, დიდწილად ბიზნესის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების რეალიზაციის წყალობით, წარმატებით ახორციელებს საგარეო სავაჭრო ექსპანსიას და მსოფლიო ბაზარზე მყარად დამკვიდრების სტრატეგიულ ამოცანას“, - აღნიშნა არჩვაძემ.

თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ოთარ ანგურიძე კი მიიჩენვს, რომ ექსპორტის ასეთი მაჩვენებლები, პოსტპანდემიურ ვითარებაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რიგი მიმართულებები თვიდან თვემდე რეკორდულად უმჯობესდება და ისტორიულ მაქსიმუმამდეა ასული. მან ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ოქტომბრის თვეში, ჯამურად, 2021 წლის პირველ 10 თვეში ექსპორტი გაიზარდა თითქმის 25%-ით და შეადგინა 3,4 მლრდ აშშ დოლარი, ხოლო იმპორტი გაიზარდა 22,3%-ით და 8 მლრდ აშშ დოლარამდე მიაღწია.

„ექსპორტის ასეთი ზრდა ნათლად გვიჩვენებს, რომ სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ბიზნესის მხარდაჭერის პოლიტიკა არის შედეგზე ორიენტირებული, რაც კარგად ვლინდება საგარეო ვაჭრობის მიმართულებით. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 2021 წელს დაწყებული ახალი სამთავრობო პროგრამები 2022 წლის ექსპორტის სტატისტიკაში მნიშვნელოვან ზრდას გამოიწვევს, რაც პოზიტიურ გავლენას მოახდენს სხვა მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზეც,“ - აღნიშნა ოთარ ანგურიძემ.