„ნაციონალი“ დეპუტატების განათლების „კოეფიციენტი“

„ნაციონალი“ დეპუტატების განათლების „კოეფიციენტი“

რომის იმპერიაში სენატის წევრებს პირველ რიგში განათლებულობა მოეთხოვებოდათ: მაშინ ციცერონის ციტირებისა და სოკრატეს თეზისების ცოდნა სავალდებულოც კი იყო.

ქართული პარლამენტი რომის სენატი არ არის და არც იყალთოს აკადემიაა, მაგრამ ჩვენს პატივცემულ პრეზიდენტს თუ დავუჯერებთ, საპარლამენტო უმრავლესობა ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში განათლებულობის პიკს აღწევს: ყველაზე განათლებული უმრავლესობა მყავს პარლამენტშიო, პრეზიდენტმა კანცელარიაში ამასწინანდელ შეხვედრაზე განაცხადა. ამ განცხადებაზე ოპოზიციას „ყბა ჩამოუვარდა“: სააკაშვილმა ერთი განათლების ფასი იცოდა და ისიც დავიწყნია. ეტყობა სააკაშვილმა არ იცის, რომ უმრავლესობის უმეტესობამ განცხადების დაწერა პარლამენტში ისწავლაო. რა თქმა უნდა ღრმად პატივცემულ „ნაციონალებს“ ბალზაკის ორიგინალში წაკითხვასა და პლუტარქეს ნაშრომების დიალექტიკურ გარჩევას არავინ სთხოვს, მაგრამ უმრავლესობაში რომ ინტელექტუალური კრიზია, ამაზე ისიც მეტყველებს, ყველა სატელევიზიო დებატებში გიგა ბოკერიას რომ დაარბენინებენ.

„ნაციონალებს“ ყველაზე მეტად დეპუტატი ლევან ბერძენიშვილი „ამკობს“ ხოლმე: ამასწინათ მან დეპუტატ კობა დვალიშვილის ინტელექტს ქულაც დაუწერა: ნული გეკუთვნის ძმაო და ასეთი „ნულოსნებით“ სავსე გყავთ პარტიაო! უფრო ადრე ბერძენიშვილმა კბილი დავით კირკიტაძეს, ბიძინა ბრეგაძესა და რატი სამყურაშვილს გაჰკრა: ერთი თქვენს ტვინში ჩამახედაო. კიდევ უფრო ადრე ბერძენიშვილმა მინისტრებს შეახსენა, ხანდახან მაინც გადაშალეთ წიგნიო. მაგალითად, შინაგან საქმეთა მინისტრმა ერთ-ერთ ბრიფინგზე „ყველა“ უცნაურად აბრუნა და „ყველმა“ გამოუვიდა. მაშინ ბერძენიშვილს იმის შეეშინდა, ბრეჟნევი რომ რუსულ მახვილებს ვერ გამოთქვამდა და ანბანში ამის გამო შეიტანეს შესწორება, იგივე არ დაგვემართოს და მერაბიშვილის „მორზეს ანბანივით“ არ აგვალაპარაკონო.

მახვილები, ბალზაკი და რიტორიკა ხუმრობად და სააკაშვილს ნამდვილად არ უხუმრია, როცა საკუთარი უმრავლესობა ლამის მინი-ჭყონდიდებულებად გამოაცხადა. სააკაშვილმა, როგორც ჩანს, არ იცის, რომ, მაგალითად, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში „ბივში სანიტარი“, მექანიკოსი, სოფლის მეურნეობის ტექნოლოგი, ცირკის მსახიობი და სხვა, „უგზო-უკვალოდ“ განათლებული პარლამენტარები შედიან.

„ალია“ მკითხველსაც და თავად პრეზიდენტსაც პარლამენტის უმრავლესობის წევრების „ინტელექტუალურ ბიოგრაფიას“ გთავაზობთ. მრავალფეროვნებისთვის რას არ გააკეთებს კაცი, თორემ სხვა რა ახსნა უნდა ჰქონდეს, პარლამენტში, სადაც კანონებს წერენ და ქვეყნის ბედს წყვეტენ, უდიპლომოს და კობა ხაბაზს რომ შეიყვან? უკანასკნელი ალბათ იმის თვალსაჩინოებისთვის, რომ დეპუტატს, შესაძლოა, დაუმთავრებელი უმაღლესი განათლება გქონდეს (სამრეწველო მშენებლობის დაუსრულებელი ფაკულტეტი), მაგრამ აჭარაში ჯანდაცვის მინისტრად დაგნიშნონ. ხოლო თუ ყვითელი ავტობუსით პრეზიდენტთან ერთად გვირაბს მშვიდობიანად გაივლი, პარლამენტშიც კი მოხვდე. პარლამენტის უმრავლესობაში 175 წევრზე მეტია. ამიტომ რამდენიმე მათგანზე შევჩერდებით (ინფორმაციის წყაროდ პარლამენტის საიტი გამოვიყენეთ).

„ნაციონალ“ რევაზ მიქაძეს საშუალო სპეციალური განათლება აქვს და ისიც, საესტრადო-საცირკო ხელოვნების სასწავლებელი. პარლამენტამდე ის აბაშის რაიონის სოფელ გულეხეთაში კლუბის გამგე იყო, მოგვიანებით აბაშის რაიონის კულტურის სახლის დირექტორი. ისე, კაცმა რომ თქვას, არც პარლამენტია ურიგო ადგილი საცირკო ხელობის კვალიფიკაციის ამაღლებისთვის. რა, ცირკზე ნაკლები წარმოდგენები გვინახავს პარლამენტში?!

პარლამენტს კიდევ ერთი პროფესიონალი მსახიობი ჰყავს. მერაბ ბოცვაძე წლების განმავლობაში, მოზარდ მაყურებელთა თეატრში დრამის მსახიობი იყო: ახლა კი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრია.

კიდევ უფრო მაგარი „ცირკია“ გივი თარგამაძის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეობა. მართალია, თარგამაძე წიგნებთან მწყრალად არ არის, მაგრამ ეს ისეთი სფეროა, მინიმუმ თეორიული განათლება მაინც უნდა გქონდეს. თარგამაძის ბიოგრაფიაში კი რამდენიმე შტრიხია: პოლიკლინიკის ბინაზე სასწრაფო მომსახურების ბიუროს სანიტარი და „თავისუფლების ინსტიტუტის“ წევრობა.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტშია დავით კირკიტაძეც, რომელსაც რაღაც გაურკვეველი მისამართისა და წარმომავლობის თბილისის იურიდიული ფსიქოლოგიის ინსტიტუტი ჰქონია 2000 წელს დამთავრებული.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტშია „ნაციონალი“ გოჩა კუპრავაც. დეპუტატს ტექნოლოგის კვალიფიკაცია აქვს და თავის დროზე აბაშის მეცხოველეობის სამეურნეობათაშორისო საწარმოში მუშა-შემკეთებლად მუშაობდა, თუმცა მოგვიანებით აბაშის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა.

დიპლომი, საბედნიეროდ, პარლამენტში ყველას აქვს, მათ შორის დეპუტატ დვალიშვილსაც. ბერძენიშვილისგან განათლებადაწუნებულ კობა დვალიშვილს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დიპლომი კი ჰქონია, მაგრამ როგორც მოდაშია, ახლახან დაუმთავრებია. აბა ადრე სწავლას რას მოასწრებდა, ანსამბლ „ერისიონში“ ცეკვავდა, ბატონო. მოკლედ, როგორც წესი, დეპუტატები ახლა იურიდიული ფაკულტეტის დამჯერი სტუდენტები ხდებიან. მოკლედ, იმას სწავლობენ, რასაც თავად უნდა წერდნენ. ანუ კანონებს!

„ნაციონალებშია“ იაგო კუბლაშვილიც: უმაღლესი განათლება მასაც არა აქვს. თბილისის პოლიტექნიკური ტექნიკუმის კურსდამთავრებულია. თუმცა მშვენივრად მოახერხა „საქტექმონტაჟის“ თანრიგის ზეინკლობიდან ჯერ შპს „ნუნიგის“ კომერციული დირექტორი გამხდარიყო და მერე პარლამენტარი.

პირდაპირ პარლამენტში „სდრუზა“ თავი ბადრი ნანეტაშვილმა. მას თბილისის ჟურნალისტიკისა და სამართლის ინსტიტუტი დაუმთავრებია. თუმცა მისი შრომითი საქმიანობა ძირითადად, ქარელში ერთი პირის მრავალდარგოვანი ფირმა „სინემას“ მენეჯერ-დირექტორობით გვირგვინდება.

მხეიძე მამუკაც „ნაციონალია“. ქუთაისის მუსხელიშვილის სახელობის ტექნიკური უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული, ინჟინერ-მექანიკოსია. 1998-2000 წლებში სამტრედიის რაიონის ახალგაზრდულ საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის რაიონული განყოფილების საინფორმაციო უზრუნველყოფის ბიუროში მუშაობდა. 2003 წელს გამგებლის თანაშემწედ.

ლაშა დამენიაც ახალგაზრდა „ნაციონალია“. საქართველოს ღია ჰუმანიტარული ინსტიტუტი ჰქონია დამთავრებული, სამართლისმცოდნეობა. შრომით საქმიანობაში ძირითადად „მოქალაქეთა კავშირის“ აქტივები აქვს ჩაწერილი.

ახალგაზრდა ლაშა დარასელიასაც რაღაც ჰუმანიტარული ინსტიტუტი აქვს დამთავრებული. 2000 წლიდან 2004 წლამდე ის შპს „ნიურსერვისის“ გენდირექტორად მუშაობდა. მწირ იურიდიულ კვალიფიკაციას სულაც არ შეუშლია ხელი, რომ დარასელია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი და დეპუტატი გამხდარიყო. დიდი ამბავი, თუ იურიდიული გამოცდილება არა აქვს, სამაგიეროდ, ბიძა კოტე კემულარია უშიშროების საბჭოს მდივანია, ხოლო მეორე ბიძა, როლანდი „ნაციონალების“ ხობის რაიონული ორგანიზაციის თავკაცი. მოკლედ, ეტყობა პარლამენტში რომ მოხვდე, სულაც არ არის საჭირო დიდი კვალიფიკაცია და განათლება. მთავარია, გავლენიანი „ბიძა“, პარტბილეთი ან „ნაციონალების“ ყულაბაში ფული გქონდეს შეტანილი, ან მინიმუმ, რევოლუციისას დროშები ენერგიულად გქონდეს ნაქნევი.

ნაცვლიშვილი ნიკოლოზი თბილისის ჰუმანიტარულ-ეკონომიკური ინსტიტუტის კურსდამთავრებულია, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრია და შრომითი ბიოგრაფია საერთოდ არა აქვს.

მის მოგვარე გია ნაცვლიშვილს კი კვალიფიკაცია ძირითადად, შპს-ების დირექტორობაში აუმაღლებია. ისე კი სამდინარო ნაგებობების სპეციალისტია.

და კინაღამ გამომრჩა - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელი მდივანი კახა სუხიშვილი ვაჭრობის ეკონომიკას თბილისის ბიზნესის ინსტიტუტში დაუფლებია. პარლამენტში კი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრია.

გოჩა ქურდაძეც „ნაციონალია“, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი. თუმცა სოფლის მეურნეობის სპეციალისტის განათლება აქვს და ცოცხნარის კოლმეურნეობის სატრაქტორო პარკის ბრიგადირობიდან ხაშურის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობამდე „გაიქაჩა“. საპარლამენტო ტრამპლინისთვის ეს უკანასკნელიც საკმარისი აღმოჩნდა.

„ალიას“ არავის თავმოყვარეობის დაკნინება არ აქვს მიზნად და არ ამტკიცებს, რომ დასახელებული დეპუტატები წიგნებთან მწყრალად არიან. თუმცა, ფაქტია, რომ მათი კვალიფიკაცია, ალმა-მატერი და შრომითი საქმიანობა პარლამენტის წევრის შესაფერისად არ გამოიყურება. ყველა ოქსფორდ და კემბრიჯდამთავრებული ვერ იქნება. არც კემბრიჯი და ასეთი ევროპული ინსტიტუტებია მაინცდამაინც დიდი განსწავლულობის საზომი. ასე ნინო კალანდაძესაც აქვს მანჰაიმის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის ატესტატი, მაგრამ არაა შენი „ატესტატი სიმწიფის“ და არ გიმუშავია შენ გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოებაში იურისტადო, ამას წინათ დოკუმენტი უზენაესი სასამართლოს „განტევებულმა“ მოსამართლეებმა აუფრიალეს. ბერძენიშვილის არ იყოს, კაცს რომ დეპუტატად ირჩევ, „კაკ მინიმუმ“ „ვეფხისტყაოსანი“ მაინც ხომ უნდა ჰქონდეს წაკითხული.

თუმცა უმრავლესობას განათლებული ინტელექტუალებიც ჰყავს: გიგა ბოკერია, დავით ბაქრაძე, ნიკა რურუა, ზურაბ დავითაშვილი და ა.შ. ეს უკანასკნელი მართალია, მიკროფონთან მწყრალად არის, სამაგიეროდ, მადლენ ოლბრაითის პროგრამით მიწვეული საერთაშორისო მკვლევარია და ტაფტის უნივერსიტეტისა და ტეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლაგამოვლილია.

ახლა, მკითხველმა თავად განსაჯოს, არის თუ არა სააკაშვილის უმრავლესობა საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიაში ყველაზე განათლებული.