პრემიერმა თავგასული ფარმაცევტების ალაგმვა საბოლოოდ გადაწყვიტა

პრემიერმა თავგასული ფარმაცევტების ალაგმვა საბოლოოდ გადაწყვიტა

მთავრობამ, როგორც ჩანს, საბოლოოდ გადაწყვიტა ფარმაცევტულ სექტორში არსებულ ტოტალურ გაძვირებასთან ბრძოლა. პრემიერ-მინისტრი სწრაფ გადაწყვეტილებებს და ნაბიჯებს ითხოვს. ჯერჯერობით წინააღმდეგობას ვერ ბედავენ სააფთიაქო ბიზნესის წარმომადგენლები, თუმცა ისინი მოგების უზარმაზარ მარჟას ასე ადვილად რომ არ დათმობენ, ამას ლაპარაკი არ უნდა.

ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის შუალედური ანგარიში, რომელიც მთავრობის მეთაურს რამდენიმე დღის წინ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ გააცნო, ეკონომიკური საბჭოს ფორმატში განიხილეს. პრემიერ-მინისტრმა შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებთან ერთად იმსჯელა იმ ნაბიჯებზე, რომლებიც, მედიკამენტების მაღალ ფასებთან დაკავშირებული გამოწვევის დროულად გადასაჭრელად, რაც შეიძლება მოკლე ვადებში უნდა გადაიდგას.

„უკვე წლებია, ასე განვითარდა ეს პროცესი და საჭიროებს სწორად ჩარევას ჩვენი მხრიდან. რეალურად, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ისე, როგორც არის ევროპის ქვეყნებში. ახალს არაფერს ვიგონებთ, საკითხი უნდა დარეგულირდეს იმიტომ, რომ მოსახლეობას ძალიან აწუხებს. მედიკამენტების ფასები არის ძალიან გაზრდილი და ვალდებული ვართ, ამაზე მოვახდინოთ რეაგირება, თანაც დროული. მინდა, ამ ფორმატში ვიმსჯელოთ და დავიწყოთ რეაგირება და ქმედება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის გაანგარიშებით, ახალი რეგულაციის საშუალებით შესაძლებელი იქნება, წამლების ფასი 40-50%-ის ფარგლებში შემცირდეს, რაც თითო ოჯახს ჯანდაცვის ხარჯს, მინიმუმ, 15%-ით შეუმცირებს. როგორ უნდა მოხერხდეს ეს?

ფარმაცევტულ კომპანიებს კონკრეტული მედიკამენტებისთვის შესაძლოა, რეალიზაციის ღირებულების ჩარჩოები დაუწესდეთ. ბაზარი ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად ინტეგრირებულია - მსხვილი კომპანიები საცალო ბაზარზე წარმოდგენილი არიან ქსელური აფთიაქებით (ჰორიზონტალური ინტეგრაცია), თავად ახორციელებენ პროდუქტის იმპორტს, წარმოებასა და საბითუმო მიწოდებას (ვერტიკალური ინტეგრაცია), ფლობენ კლინიკებსა და სადაზღვევო კომპანიებს, ეს კი კონკრეტულ ჰოლდინგურ ჯგუფს - ჯგუფებს ანიჭებს საბაზრო ძალას, იქონიოს - იქონიონ მნიშვნელოვანი გავლენა მედიკამენტების გამოწერაზე პასუხისმგებელ პირებზე, რის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები შესაძლოა, არ გამომდინარეობდეს პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან და შეესაბამებოდეს კონკრეტული ჰოლდინგური ჯგუფის - ჯგუფების კომერციულ და ბიზნესის ინტერესებს.

კონკურენციის სააგენტოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით ირკვევა, რომ ფასწარმოქმნა გენერიკულ მედიკამენტებზე და ასევე იმ მედიკამენტებზე, რომელთა იმპორტიც ქვეყანაში ხდება გენერიკული დასახელებით და საცალო ბაზარზე შემდეგში ხელმისაწვდომია კონკრეტული სავაჭრო დასახელებით, შესაძლოა, იყოს პრობლემური. საკითხის აქტუალურობა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება გენერიკულ მედიკამენტებზე მოთხოვნის ზრდასთან ერთად. ამ მიმართულებით სასურველია ფასის რეგულირების ევროპული პრაქტიკის გაზიარება.

მედიკამენტების მაღალი ფასი მოსახლეობას განსაკუთრებულად აწუხებს, ამიტომ საკითხზე მუშაობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, განსაკუთებით - პანდემიის პირობებში, როცა კოვიდინფიცირებულების უმეტესობა მკურნალობას სახლის პირობებში, საკუთარი სახსრებით გადის.

როგორც ჯანდაცვის ექსპერტმა, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ აღნიშნა, „ახალი ველოსიპედის გამოგონება“ სულაც არ არის საჭირო, რადგან ხელისუფლებისთვის კარგად არის ცნობილი გზები, რომლებითაც პრობლემის მოგვარება იგეგმება. ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტის დროს ჩატარდა 6-თვიანი მოკვლევა და დაიდო რეკომენდაციები, თუ როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა მოსახლეობისთვის.

„ხელისუფლებისთვის წინასწარ არის ცნობილი, რაც უნდა გაკეთდეს. ამ საკითხზე ადრეც იყო ყურადღება გამახვილებული. მას შემდეგ, რაც უნივერსალური ჯანდაცვა შემოვიდა, პრობლემად რჩება მოსახლეობისთვის სწორედ მედიკამენტებზე დანახარჯები, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, ხალხის გაღარიბებას იწვევს. ჯანდაცვის კომიტეტში ჩემი მუშაობისას ჩატარდა 6-თვიანი მოკვლევა, ყველა დაინტერესებული მხარე იყო ჩართული, დაიდო რეკომენდაციები, როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს ხარისხიან წამლებზე ხელმისაწვდომობა.

ვფიქრობთ, რეგულაციით შესაძლებელი გახდება, ადმინისტრაციული ბარიერები მოიხსნას, კონკურენტუნარიანობა გაიზარდოს და წამლის ფასი მისაღები გახდეს. სასიცოცხლოდ აუცილებელია, სიმბოლურ ფასში იყიდებოდეს წამლები ქრონიკული ავადმყოფებისთვის, ხოლო თუ მოქალაქე სოციალურად დაუცველია, თანაგადახდის მექანიზმი არსებობდეს. ასე სწორად თუ მივუდგებით ამ საკითხს, შევძლებთ, ჯანდაცვაზე დანახარჯი ოჯახს 15%-ით შეუმცირდეს, ხოლო წამლებზე ფასმა, მინიმუმ, 40-50%-ით დაიკლოს, ეს სავსებით რეალურია“, - განაცხადა ზოიძემ.

როგორ აფასებს ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაცია კონკურენციის სააგენტოს პირველად ანგარიშს და რა გავლენა ექნება უწყების მიერ შემუშავებულ დოკუმენტს ბაზარზე? - ირაკლი მარგველაშვილი ამბობს, რომ კვლევა საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე დღეს არსებულ სიტუაციას რეალურად აღწერს. მეწარმე სუბიექტების დიდი ნაწილი ცვლილებებისთვის მზადაა.

მარგველაშვილი აზრით, ნებისმიერი ხარისხობრივი გაუმჯობესება ყოველთვის მტკივნეული პროცესია, მაგრამ თუ ფარმაცევტულმა ბაზარმა ეს გზა არ გაიარა, სულ იქნება საუბარი იმის შესახებ, თუ რამდენად ხარისხიანია მედიკამენტი და აქვს თუ არა სწორი ფასი. რთულია იმის თქმა, შეზღუდვას რა მოჰყვება, რადგან ბაზარმა შეიძლება განიცადოს უარყოფითი შედეგები, როგორც მედიკამენტების ფასებზე, ასვე მიწოდების უწყვეტობაზე და ხარისხის კონტროლზე.

„ყველაფერი, რასაც ფარმაცევტული კომპანიები აკეთებენ, ჯანდაცვას ეხება. სხვა ინდუსტრიაში შეიძლება თამამად ვთქვათ რა არის არაპროფილური, მაგრამ თუ კომპანია ჯანდაცვის სფეროში ოპერირებს, მაშინ სხვა სფეროს ვერ დავარქმევთ. თუმცა, პაციენტის ინტერესის დაზარალების რისკები, რა თქმა უნდა, არის და ეს რისკები უნდა შევისწავლოთ. რეგულაცია სწორედ ამის შემდეგ უნდა მივიღოთ.

პრობლემის მოგვარება შესაძლებელია არა ჰოლდინგის დაშლით, არამედ სხვა რეგულაციების ამოქმედებით. ეს პროცესები თუ დალაგდება, არანაირი სტრუქტურული ცვლილებების მოთხოვნა საჭირო აღარ იქნება. ცალსახად არ ვუჭერთ მხარს იმას, რომ ჰოლდინგური სტრუქტურა დღეს დაშლას საჭიროებს“, - განუცხადა „კომერსანტს“ მარგველაშვილმა.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც იგი ყურადღებას ამახვილებს, ელექტრონული რეცეპტის ერთიანი სისტემის დანერგვაა. მისი თქმით, თუ აღნიშნული რეფორმა საქართველოს მთავრობამ არ გაატარა, მედიკამენტების არამიზნობრივად გამოყენებას ქვეყანა ვერ მოერევა.

„ზოგიერთი რეგულაცია ბევრ ქვეყანაში განსხვავებულია, ერთადერთი რაშიც ყველა თანხმდება, ეს არის გამოწერილი რეცეპტის მონიტორინგი. სწორედ მონიტორინგის უწყვეტი ნაწილი არის ელექტრონული რეცეპტი, ამის გარეშე ჩვენ პოლიპრაგმაზიას ვერ მოვერევით. ამის იმპლემენტაცია სავსებით რეალურია, ამ მიმართულებით ბევრი სამუშაო უკვე ჩატარებულია. პრობლემის გადაჭრაზე რომ ვილაპარაკოთ, უნდა გვქონდეს რეალური მონაცემები, რისთვისაც აუცილებელია ბაზა“, - აღნიშნა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.