„ჩემი საჯდომის ზომის გარდა, სხვა სადარდებელი არ მოგცეთ ღმერთმა“

„ჩემი საჯდომის ზომის გარდა, სხვა სადარდებელი არ მოგცეთ ღმერთმა“

(იბეჭდება შემოკლებით)

ოპლა! ოქრო ჩვენს ხელშია. ძირს ჭირვეული მინისტრები... და მაინც, ეს რა ჭირი გჭირთ, მინისტრებო?! ასე ვინ შეგაშინათ, რომ ზარსაც არ პასუხობთ, ან, იქნებ, სათქმელიც არაფერი გაქვთ... ხელფასს ხალხი გიხდით და პატივი ეცით ჩვენს უფლებას, ვიცოდეთ, ვინ ხართ და საიდან მოდიხართ.

ყველაზე გაბედული, ორიგინალური, უკომპლექსო და საღად მოაზროვნე მინისტრი კახა ბენდუქიძე აღმოჩნდა, რომელიც ზედმეტი პრანჭვა-გრეხის გარეშე ინტერვიუზე დაგვთანხმდა. გაუმარჯოს ბენდუქიძეს!

ბატონო კახა, გაგვიმხილეთ, რა, მილიონერად ქცევის რეცეპტი?

- მაგ თემაზე ინტერვიუს ბევრი არ წაიკითხავს.

ყოველთვის არაორდინალურად რატომ ფიქრობთ?

- ეს თქვენი პოზიციაა... რაზეა ეგ თქვენი რუბრიკა, ბარემ ეგეც მითხარით.

ვცდილობთ თქვენისთანა ეგზოტიკური ადამიანების ფორმულა ამოვხსნათ, თუ რაში მდგომარეობს მათი ძალა.

- თქვენ თუ ვერ მოგიმადლიერებთ, ამას როგორმე გადავიტან... მაინც, როგორ უნდა დაგეხმაროთ?

„სამბას“ ერთი ილეთი მასწავლეთ და მისია შესრულდება.

- არა, ჩემზე ფილმს ხომ არ იღებთ? გაზეთში ეს მაინც არ გამოჩნდება, ასე, რომ, ამაოდ დარჩება ჩემი ცელქობა...

ბატონო კახა, ელცინის დროის ოლიგარქს რატომ გეძახიან?

- ეს იმ უსინდისოებს ჰკითხეთ, ვინც ასე ლაპარაკობს. მე ელცინის დროინდელი კი არა, ნიკოლოზ მეორის დროინდელი ოლიგარქი ვარ. ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა.

მართალია, მილიონების შოვნის ხელოვნებას არ მასწავლით, მაგრამ ის მაინც მითხარით, თვითონ როგორ გამდიდრდით?

- ბევრი უნდა იმუშაოთ.

ეს უკვე ჭკუის სწავლებაა. თერთმეტი წელი ერთი და იგივე მანქანით რატომ დადიოდით?

- ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ.

ზოგიერთებს ისე მოურიდებლად აგინეთ, სულ მგონია დაგალურჯებენ. ხურდის დაბრუნების არ გეშინიათ?

- არა

ისიც შეიძლებოდა, ჟურნალისტს რომ უთხარით, თქვენი პოზიცია „ნაბიჭვრულიაო“?

- როცა ადამიანი ამბობს, არავითარი პოზიცია არ გამაჩნია, იმიტომ რომ ვარ ჟურნალისტი, ეს რაა? როგორ შეიძლება, ადამიანი იყო და საკუთარი პოზიცია არ გქონდეს? ჰო და ამ პოზიციას რა ჰქვია?

თქვენი პოზიცია რომ არ მომეწონოს, მაძლევთ უფლებას, ანალოგიური გითხრათ?

- კი ბატონო, თუ თვლით, რომ ნაბიჭვრულად რამეს ვამბობ.

მილიონების კეთებას არ მასწავლით, ჩემთვის ეს ნაბიჭვრული პოზიციაა...

- არ გასწავლით?! ეხლა კარგად მომისმინეთ, ეს პოზიცია ნაბიჭვრული სულაც არ არის, რადგან ინტერვიუს ფარგლებში ფულის შოვნის მექანიზმების ახსნა, ვიმეორებ, უინტერესოა. ბევრი ფული გინდათ? მაშინ ბევრიც იმუშავეთ!

გმადლობთ. ამბობენ, პუტინის ხელისუფლებამ ბენდუქიძე ისე შეავიწროვა, საქმე გასაქცევად გაუხდა და საქართველოში ჩამოსვლით იმუნიტეტი მოიპოვაო...

- ტყუილია. რუსეთში შესანიშნავად ვგრძნობდი თავს, რადგან ჩემი ბიზნესი სახელმწიფოს დაუხმარებლად გავაკეთე.

მაინც ვერ გავიგე, ეს ყოვლისშემძლე ადამიანი ჩინოვნიკის ამპლუას როგორ ეგუებით, აქ რამ ჩამოგიყვანათ, დალოცვილო?

- „ალიაში“ რატომ მუშაობთ?

მიყვარს, მიხარია და ვმუშაობ!

- „ვოტ“, ე.ი. გიყვართ. ქუჩაში პატარა ბავშვი რომ დაინახოთ, რომელსაც შველა სჭირდება, ადამიანურად ხომ მიეხმარებით? და არა იმიტომ, 20 წლის შემდეგ ეს ბავშვი სიკეთეს გამიხსენებსო. ჩავთვალე, აქ ჩამოსვლით საჭირო საქმეს გავაკეთებდი.

ერთმა ოპოზიციონერმა ეკონომიკის მკვლელი გიწოდათ, იარაღს კი - ბენდუქიზმი. არ გაღიზიანებთ ასეთი შეფასებები?

- ვინც ეს თქვა, უსინდისო ფაშისტი ადამიანია. ამ დეპუტატმა, სახელს არ ვიტყვი, რუსულ კომპანიებს სარფიანად მიჰყიდა თავისი ბიზნესი. კაპიტალს ეროვნება არ გააჩნია და სულ არ მაინტერესებს, ვინ რას მიჰყიდის, მაგრამ ასე რომ ლაპარაკობს, სინდისიც კარგი საქონელია. ერთხელ, როცა მან პარლამენტში ჩინოვნიკების ეროვნული წარმომავლობის გარკვევის საკითხი დასვა, მაშინ წამოვდექი, დავუსტვინე და მინისტრებმა ერთად დავტოვეთ დარბაზი. წესით, ამ დროს კი არ უნდა დაუსტვინო, რაც ხელში მოგხვდება, ყველაზე მძიმე საგანი უნდა ესროლო. მაგრამ, რას იზამ, პარლამენტია და ასე ვერ მოიქცევი.

თქვენი სავიზიტო ფრაზა - „საქართველოში ყველაფერს გავყიდი სინდისის გარდა!“ დღემდე ძალაშია? გასაყიდი რომ აღარაფერი დაგრჩებათ, სინდისსაც მიაყიდით?

- სინდისის გარდა ყველაფერს გავყიდი! ზუსტად ასეა საჭირო. სახელმწიფოს საკუთრებაში არაფერი სჭირდება, ქონება, ხალხს, კერძო პირებს უნდა ეკუთვნოდეს.

ჩვენი ქონება ქართველებზე მაინც გაყიდეთ, ბატონო კახა...

- ეროვნებას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. საბოლოო ჯამში, ყველაზე მეტი მაინც ქართველების იქნება. ქვეყნები, რომლებიც ამ პრინციპით ხელმძღვანელობენ, ყველაზე მდიდრები არიან. საბოლოო ჯამში რა გირჩევნიათ, გემრიელი ტორტის ნაჭერი თუ გამხმარი მჭადი მთლიანად?

მახსოვს, განაცხადეთ, საქართველოში ბიზნესის კეთებას არ ვაპირებო. თუმცა, თქვენი და ვაკის საცურაო აუზის მეპატრონეა, ახლახანს კი 109 000 ლარად ბათუმის ბაზარი იყიდა. ამას რა ჰქვია?

- ვერ გავიგე, ჩემს დას ხომ არ ავუკრძალავ მისივე ფულით ბიზნესის კეთებას? ფულის კეთება რომ მინდოდეს, საცურაო აუზს ავაშენებ?! რომ მომისაჯონ, ამას არ გავაკეთებ! საერთოდ არ ვაპირებ ბიზნესის კეთებას არც აქ და არც სხვაგან.

ბატონო კახა, ოპოზიცია პრორუსად მოგიაზრებთ, ჩივიან, ყველაფერი რუსებს მიჰყიდაო. რუსებიც დაუფარავად ამბობენ, „კახა ნაშ ჩელოვეკო“.

- თქვენ. ეტყობა, სპეციფიკურად გათახსირებული ინფორმატორები გყავთ, მოგწყინდებათ, გირჩევთ, სხვა კატეგორიის ხალხთან იმეგობროთ.

ამ ხელისუფლებასთან ურთიერთობა არ გიჭირთ? მათ ფონზე უცხოპლანეტელს ჰგავხართ...

- კერძოდ?

მენტალიტეტით, გამოცდილებით, დახუნძლული ბიოგრაფიით, დიდი წონით და დიდი ფულით...

- არ ვიცი, ალბათ, ამას თქვენ უკეთ ხედავთ, თუმცა მათთან ურთიერთობაში არავითარი პრობლემა არ მაქვს.

სკამის პრობლემის გარდა... პრეზიდენტი თათბირზე გაგეხუმრათ კიდეც, ბატონო კახა, გვაპატიეთ, თქვენი ზომის სკამი არ გვაქვსო...

- ჩემი საჯდომის ზომის გარდა სხვა სადარდებელი ღმერთმა არ მოგცეთ.

სასტუმრო „მერიოტში“ რატომ ცხოვრობდით?

- კარგი პირობებია, წყალი, შუქი...

ქალი გამოძახებით არის?

- ეგ სერვისი არ მიხმარია.

ყიდვა-გაყიდვის პროფესიონალი ხართ, განვმეორდები და გკითხავთ, რომ დაგჭირდეთ სინდისსაც მიაყიდით?

- სინდის-ნამუსის გარდა ყველაფერს თავისი ფასი აქვს. მაგალითად, რამე რომ იყოს, მაგ კალმისტარს გაყიდით?

იაფფასიანი კალმის გაყიდვა, უბრალოდ, სირცხვილია...

- მაინც, მაინც... კარგი ფასი რომ გადაგიხადონ... მაგალითად, 200 დოლარი.

თუ ახლავე 200 დოლარს გადამიხდით, კალამი თქვენია!

- გმადლობთ, არ მინდა. მაგრამ, ხომ შეიძლება ვინმეს მოუნდეს? აი, ჩვენს შორის რა სხვაობაა, თქვენ ამ კალამს სწორად არ ყიდით.

კარგი ტიპი ხართ, თქვენგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება...

- ეხლა კი მაგოიმებთ!

როგორ დაიწყეთ ბიზნესი?

- ჩემს რამდენიმე მეგობართან ერთად ბიოლოგიური პრეპარატების წარმოება დავიწყე, საამისოდ სამეცნიერო გამოცდილება გვქონდა. დასაწყისისთვის ეს ძალიან ცოტა იყო, მაგრამ ასე გადავდგი პირველი ნაბიჯები.

მერე ნავთობის ბიზნესში როგორ წახვედით?

- რამდენიმე პატარა საბადო ვიყიდე, რადგან დიდი ნავთობკომპანია ასე თავისუფლად არ იყიდებოდა. სხვადასხვა ტიპის ბიზნესს ვაკეთებდი, რუსეთში და მის ფარგლებს გარეთ.

ახლა კი დროა, თქვენი ქონებრივი დეკლარაცია შევავსოთ...

- მოსკოვში მაქვს ერთი ბინა, სადაც ვცხოვრობდი. ამჟამად ვცხოვრობ დიღომში, ნაქირავებ სახლში.

სხვებს თუ ეხმარებით ოცნებების განხორციელებაში?

- პირველ რიგში ვეხმარები ჩემს ახლობლებს და მერე ნაკლებად ახლობლებს...

დიდ კაპიტალს, გავლენასთან ერთად შეზღუდვებიც ახლავს. ალბათ, ბევრ რამეში თავისუფლების დეფიციტიც გაქვთ, არა?

- ახლა შუა რუსთაველზე ვერ იტინგიცებ, დაცვის გარეშე არ უნდა იარო და ა.შ. უფულობა ერთი ტიპის თავისუფლებაა, ფული - მეორე ტიპის. ცხოვრებაში ყველა თავის არჩევანს აკეთებს. ამიტომაც, ისეთი ქვეყანა უნდა ავაშენოთ, რომ ყველა ვარიანტში ადამიანი თავისუფალი იყოს.

მათხოვრებს ეხმარებით?

- არა, მათი უმრავლესობა თაღლითია. ერთხელ, ქალმა 120 ლარი მთხოვა, შვილისთვის წამლები უნდა ვიყიდოო, არადა ეს ქალი მეცნო, სხვა ადგილას ხელგამოწვდილი იდგა. რეცეპტი რომ მოვთხოვე, გაცრეცილ ქაღალდზე ფაღარათის წამლები ეწერა. ვუთხარი, ამ წამლებს თვითონ გიყიდით-მეთქი, და იცით რა გააკეთა? ფურცელი გამომგლიჯა და მომაძახა - რა ღორობააო! პარლამენტის წინ მათხოვრის პოსტი 100 ლარი ღირდა. ეს დეპუტატებიც ფულებს აძლევდნენ და მერე ტრაბახობდნენ, მათხოვრებს დღეში ას ლარზე ნაკლებს არ ვურიგებთო - ეს არის ქართული გოიმობა! მათხოვრები პარლამენტთან რომ მხედავდნენ, ყვიროდნენ - ბენდუქიძე მოდისო და... დაირაზმებოდნენ შეძახილით, დაგვეხმარეთ ბატონო კახა... მერე ქოქოლასაც მომაძახებდნენ, რატომ არ გვეხმარები, შენი კუბო დავდგითო...

ოდესმე გიტირიათ?

- კი, ბავშვობაში როცა რაღაც მტკიოდა. მართალი გითხრათ, აქ რომ ჩამოვედი ცრემლი მადგებოდა, საქართველოს ეკონომიკას რომ ვუყურებდი. ვერაფრით წარმომედგინა, თუ ასეთ გაუბედურებულ მდგომარეობაში იქნებოდა ქვეყანა.

ვინ წარმოიდგენს, რომ საქართველოზე ასე შეგტკივათ გული. როგორც კი ახალი ინიციატივით გამოდიხართ, მაშინვე ნახევარი საქართველო გიჯანყდებათ...

- ნახევარ საქართველოს ფეხზე ჰკიდია, მე რას ვიძახი!