ელექტროენერგიის ტარიფის საკითხი ქვეყანაში უკვე მწვავდება, რადგან იანვრიდან მოსახლეობას გაზრდილი გადასახადის გადახდა მოუწევს. მანამდე კი ერთწლიანი სუბსიდირების პროგრამა მოქმედებს, რომელიც ჯერ კიდევ შარშან გიორგი გახარიას მთავრობამ დაამტკიცა. როგორც ირკვევა, სუბსიდია კიდევ გაგრძელდება, თუმცა უკვე მხოლოდ მიზნობრივი ჯგუფებისთვის. დეტალები ჯერ კიდევ უცნობი და გაურკვეველია.
ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი კაკაურიძის შემდეგ, სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამაც დაადასტურა, რომ 2022 წელს კომუნალური გადასახადების სუბსიდირების პროგრამა გაგრძელდება, თუმცა რა ფორმით, ამაზე საქართველოს მთავრობა ჯერ კიდევ მსჯელობს.
„ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, კომუნალურების სუბსიდიაზე მიმდინარეობს მუშაობა. მზადდება ახალი წესი და განსხვავებული მიდგომები იქნება. ის, თუ როგორ მოხდება სუბსიდირება და რომელი კატეგორიის მოქალაქეებს შეეხებათ ამაზე ალბათ მათი მხრიდან იქნება ინფორმაცია მოწოდებული. მარეგულირებელი მოგვიანებით ჩაერთვება ამ პროცესში“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
გარკვეული შეღავათი რომ იქნება, ეს მოგვიანებით თავად ფინანსთა მინისტრმაც დაადასტურა, თუმცა იქვე ისიც აღნიშნა, რომ ამას საყოველთაო ხასიათი ვერ ექნება. ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ მთავრობა გაზისა და ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირების საკითხზე მუშაობს, თუმცა 2020 წლისგან განსხვავებით ამჯერად ის მიზნობრივი იქნება.
„ჯერჯერობით ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ასეთი სუბსიდია იქნება, ის მიზნობრივი, ანუ კონკრეტულ ჯგუფებზე გაწერილი იქნება“, – განაცხადა ხუციშვილმა.
იმისათვის, რომ მომხმარებელს არჩევის შესაძლებლობა ჰქონდეს, ამისათვის ტარიფის დიფერენციაციაა საჭირო. ყველაზე უკეთესი ამ მხრივ დღე-ღამური ტარიფია, რომელზეც მსჯელობა საქართველოში უკვე წლებია მიმდინარეობს, მაგრამ ვერაფრით მოხერხდა მისი შემოღება. სემეკის თავმჯდომარის განცხადებით, ელექტროენერგიის, დღე-ღამურად დიფერენცირებულ ტარიფებზე ქვეყანა გადავა მას შემდეგ, რაც ყველგან იქნება ე.წ ჭკვიანი მრიცხველები დაყენებული.
როგორც ნარმანიამ პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, დღეს არსებული მრიცხველები არ იძლევა საშუალებას ყოველსაათობრივად მოხმარებული ენერგიის აღრიცხვა მოხდეს.
„დღეს არსებული მრიცხველების შემთხვევაში, იქ ფიზიკურად უნდა მივიდეს ადამიანი ყოველ საათში და ასე ვერ მოხდება, ბუნებრივია. ერთი თვის წინ დავამტკიცეთ წესი, რომლის მიხედვითაც ყველა ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსსა და სახლში კომუნალური კომპანიები სავალდებულო წესით პირველი ოქტომბრიდან ჭკვიან მრიცხველებს აყენებენ. რაც შეეხება იმ სახლებს, სადაც ძველი მრიცხველი აყენია, უახლოეს პერიოდში, კომუნალურ კომპანიებთან ერთად, მათი გამოცვლის საინვესტიციო გეგმას დავამტკიცებთ, რომ შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში მოხდეს ამ მრიცხველების ჩანაცვლება და ამის შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება დღე-ღამური ტარიფების დადგენა მოსახლეობისთვისაც.
რაც შეეხება მსხვილ მომხმარებლებს, როგორიცაა რკინიგზა, წყალი, მელიორაცია და ა.შ. 21 კომპანიასთან მიმდინარეობს მუშაობა და ყველა მათგანმა გამოცვალა მრიცხველები, დააყენეს ე.წ. სმარტ მრიცხველები. ისინი უკვე ბირჟა როცა გაიხსნება, საათობრივად შეძლებენ ენერგიის ყიდვას და ფასიც სხვადასხვა ექნება - ღამის განმავლობაში იქნება უფრო დაბალი ფასი და მაგალითად, რკინიგზას ექნება შესაძლებლობა ღამე გადაზიდოს ტვირთების ძირითადი ნაწილი და უფრო იაფი დაუჯდეს, ვიდრე დღის განმავლობაში.
მოსახლეობის ნაწილში საინვესტიციო პროექტების შესაბამისად, ეტაპობრივად, კომუნალური კომპანიები უფასოდ გამოცვლიან მათ მრიცხველებს. აქამდე მივალთ აუცილებლად“, - განაცხადა ნარმანიამ.