აცრიდან რამდენ ხანში მიიღებენ პენსიონერები 200-ლარიან ერთჯერად დანამატს. სამინისტროს განმარტება

აცრიდან რამდენ ხანში მიიღებენ პენსიონერები 200-ლარიან ერთჯერად დანამატს. სამინისტროს განმარტება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იმ პირობებს განმარტავს, რომლითაც, 60 წლისა და უფროსი ასაკის ვაქცინირებული ადამიანები 200-ლარიან ერთჯერად დანამატს მიიღებენ.

უწყება განმარტავს, რომ ფულად დანამატს მიიღებენ ის პენსიონერები, რომელიც ვაქცინაციას 31 დეკემბრის ჩათვლით ჩაიტარებენ და ის პირველი აცრის გაკეთების შემდეგ გაიცემა.

ვაქცინირებულ პირთა შესახებ ინფორმაცია სოციალური მომსახურების სააგენტოს თვის განმავლობაში ორჯერ, პირველ და 15 რიცხვში მიეწოდება.

სააგენტო ვაქცინირებული პირისთვის თანხის ჩარიცხვას, ინფორმაციის მიღებიდან, მომდევნო 5 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს.

ის ბენეფიციარები, რომელთა დახმარების გაცემა 2021 წლის განმავლობაში ვერ მოხერხდება, თანხას მომდევნო წლის დასაწყისში მიიღებენ.

გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, 200-ლარიან ერთჯერად საპენსიო დანამატს მიიღებს თითოეული პენსიონერი, რომელიც ვაქცინაციას 2022 წლის 1-ელ იანვრამდე ჩაიტარებს, საკოორდინაციო საბჭომ 8 ნოემბერს მიიღო.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 5 254-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 010 783 აცრა გაკეთდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 761 067 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 696 921, გარდაიცვალა 10 584 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.