ვინ ვის აჯობებს ალასკაში?!

ვინ ვის აჯობებს ალასკაში?!

ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი სამ დღეში, ალასკაში შეხვდებიან. თუმცა, ჰორიზონტზე სიმშვიდე არ ჩანს: რუსეთი ზაპოროჟიეს რეგიონთან ჯარებს ამაგრებს, კიევი კი რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ესხმის თავს. განვიხილოთ ომის დასრულების პერსპექტივები და შესაძლო სცენარები.

მოლაპარაკებების პერსპექტივები

1266-ე დღეა, უკრაინაში ომი მიმდინარეობს. ორივე მხრიდან ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა, ათობით უკრაინული ქალაქი განადგურდა, ხოლო  მარიუპოლი, ბახმუტი, ავდეევკა, უგლედარი, იზიუმი და ვოლნოვახა, პრაქტიკულად, პირისაგან მიწისა აღიგავა.

რუსეთი სანქციებისა და დასავლეთის იზოლაციის ქვეშაა. ინვესტორების ნდობა, ტექნოლოგიებზე წვდომა და ევროკავშირში გაყიდვების ბაზრები ისეთი დანაკარგებია, რომელთა სწრაფად აღდგენა ნაკლებად სავარაუდოა. ეს რუსეთ-უკრაინის ომის შუალედური შედეგებია.

გასულ კვირას გაჩნდა იმედი, რომ თავიდან აიცილებდნენ შემდგომ ესკალაციას: 15 აგვისტოს, აშშ-სა და რუსეთის ლიდერები - დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი, ალასკაში შეხვდებიან. აშკარაა, რომ მოლაპარაკებების შედეგი მნიშვნელოვანი და მშვიდობის დამყარების მომტანი უნდა იყოს. თუმცა, კონკრეტულად როგორ, მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ.

დასავლური მედიიდან გაჟონილი ინფორმაციის თანახმად, შესაძლოა, პუტინმა მოითხოვოს უკრაინის შეიარაღებული ძალების სრული გაყვანა დონეცკის რეგიონიდან. ამის შემდეგ, საომარი მოქმედებების შეწყვეტა ამჟამინდელ ფრონტის ხაზზე, სამშვიდობო გეგმის კოორდინაცია ტრამპთან და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ჩართვა მოლაპარაკებებში.

ტრამპმა ასევე ახსენა „ტერიტორიული გაცვლა“, თუმცა დეტალების გარეშე და გააფრთხილა, რომ თუ შეთანხმება ჩაიშლება, აშშ-ს შეუძლია დავის რეგულირებიდან გასვლა. კიევი და ევროპელი ლიდერები უკვე ცდილობენ ვაშინგტონის დარწმუნებას, დონეცკის მოთხოვნაზე უარი თქვას იმ იმედით, რომ პუტინთან შეხვედრამდე, ტრამპთან საუბარს შეძლებენ.

როგორც არ უნდა დასრულდეს ალასკაში მოლაპარაკებები, მედია ომის დასრულების ხუთ სცენარს ასახელებს. პირველ შემთხვევაში, ამჟამინდელი ფრონტის ხაზზე ცეცხლის შეწყვეტა იქნება, თუმცა ეს ვარიანტი ნაკლებად სავარაუდოა, რუსეთის შეტევის გათვალისწინებით.

ასევე შესაძლებელია, რომ მოლაპარაკებები შემოდგომამდე გადაიდოს - ამ დროისთვის მოსკოვს შეეძლება თავისი პოზიციების განმტკიცება და გაფართოება, ხოლო გაზაფხულზე, შესაძლოა, სამხედრო მოქმედებები განახლდეს.

მესამე შემთხვევაში, ევროკავშირი და აშშ მხარს უჭერენ უკრაინას, ფრონტი თითქმის უცვლელი რჩება და რუსული შეტევა შენელდება.

მეოთხე სცენარში, რომელსაც უკრაინისთვის „კატასტროფულსაც“ უწოდებენ, რუსეთი და აშშ ურთიერთობებს ათბობენ და უახლოვდებიან, ტრამპი უკრაინისთვის დახმარებას წყვეტს, ხოლო ევროკავშირი სიტუაციის შეცვლას ვერ ახერხებს.

და ბოლოს, რუსეთის ფედერაციისთვის „ავღანეთის სცენარი“ - ხანგრძლივი დანაკარგები, ეკონომიკური გამოფიტვა, მოკავშირეების დაკარგვა და შეერთებული შტატების დაბრუნება მოსკოვისა და პეკინის შეკავების მკაცრ პოლიტიკაზე.

„გამარჯვების ატმოსფერო“

უახლოეს დღეებში, ფრონტზე ბრძოლები გარდაუვლად გამწვავდება, განუცხადა TRT-ს უკრაინის პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა, რუსლან ბორტნიკიმ. სიტუაცია უკვე შესამჩნევად დაიძაბა: რუსეთი პოკროვსკის და ზაპოროჟიეს მიმართულებით ჯარებსა და ტექნიკას ამაგრებს. უკრაინა რუსეთის ქალაქებს უპილოტო საფრენი აპარატებით ბომბავს. ცნობილია, რომ რუსეთში, სარატოვში, ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ ნავთობის მიღება შეწყვიტა.

„ორივე მხარე, განსაკუთრებით რუსეთი, მოლაპარაკებებისთვის ხელსაყრელი ფონის შექმნას შეეცდება. მოსკოვი პარასკევს ახალი წარმატებებით შეხვდება, რათა გამარჯვების ატმოსფერო და ისეთი შთაბეჭდილება შექმნას, რომ ამ ომს ის იგებს. სწორედ ამიტომ, მოლაპარაკებების დღეებში, ფრონტზე მაქსიმალური დაძაბულობაა მოსალოდნელი“, - ვარაუდობს ექსპერტი.

მისი თქმით, მნიშვნელოვანი იქნება ტრამპის სუბიექტური აღქმა სიტუაციის შესახებ - სად გადაიხარა ომის „ქანქარა“, ვინ ავლენს დადებით ტენდენციას. ეს აღქმა პირდაპირ გავლენას მოახდენს მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე, სადაც მიიღება სტრატეგიული გადაწყვეტილებები გეოპოლიტიკურ საკითხებსა და მთელი რეგიონის უსაფრთხოებაზე.

„რუსეთი, სავარაუდოდ, ყველა შესაძლო ძალას შეტევაზე, ხოლო უკრაინა თავდაცვასა და თავდასხმების მოგერიებაზე გაამახვილებს, რათა დასავლეთი და ტრამპი დაარწმუნოს, რომ მის პოზიციაში ღრმა კრიზისი არ არის და, შესაბამისად, არ არის საჭირო პუტინის მიერ მოთხოვნილი სერიოზული სტრატეგიული დათმობები“, - ხაზგასმით აღნიშნავს ბორტნიკი.

ის დარწმუნებულია, რომ ომის მოგვარების შანსი ჯერ კიდევ არსებობს. რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის მომავალი შეთანხმების მონახაზები უკვე ჩამოყალიბდა აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფისა და პუტინის კრემლში ბოლო შეხვედრაზე. ამგვარად, წინასწარი ბალანსი - არსებითად, გავლენის სფეროების გაყოფა - ადრე იყო შეთანხმებული, მაგრამ ახლა მისი გადამოწმებაა საჭირო. ტრამპმა და პუტინმა პირადად უნდა დაადასტურონ შეთანხმებები, აიღონ პოლიტიკური და პირადი ვალდებულებები მათ შესრულებაზე.

„თეორიულად, ახალი ბალანსი შეიძლება მოიცავდეს რეგიონის დემილიტარიზაციას და რუსეთსა და დასავლეთს შორის ბუფერული „ნაცრისფერი ზონის“ შექმნას, რომელშიც არ იქნება სტრატეგიული სარაკეტო სისტემები, დიდი ძალები და ბირთვული იარაღი. ამ შემთხვევაში, რუსეთი იძლევა გარანტიებს, რომ არ შეეცდება უკრაინის მიტაცებას, სულ მცირე, ტრამპის ვადის დასრულებამდე და უკრაინა შეინარჩუნებს დასავლეთისკენ პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ ორიენტაციას, მაგრამ მოსკოვის მიერ აღარ იქნება აღქმული, როგორც პირდაპირი საფრთხე“, - აღნიშნა სააგენტოს წყარომ.

ამ შეთანხმებებში, ასევე შეიძლება, განიხილებოდეს საშუალო რადიუსის ბირთვული ძალების ხელშეკრულების განახლება, რუსული ბირთვული ძალების ბელარუსიდან და ამერიკული სარაკეტო სისტემების გაყვანა ყოფილი ვარშავის პაქტის ქვეყნებიდან, ასევე შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა, ჩინეთთან დაკავშირებულ საკითხებზე.

წყარო: https://trt.global/russian/article/ce9232366495