ზუგდიდში მომხდარი უმძიმესი მკვლელობის დეტალებს ახლა სამართალდამცავები არკვევენ. 34 წლის ნათია ხაჩატურიანმა 42 წლის ნათია აფხაზავა სამზარეულოს დანის რამდენჯერმე ჩარტყმით მოკლა. არსებული ინფორმაციით, მოკლულს 14 ჭრილობა აქვს მიყენებული. მოკლული და მკვლელობაში ბრალდებული მეგობრობდნენ. ადგილობრივების თქმით, მოკლული ქალი ამ ოჯახის ნათესავია. მკვლელობაში ბრალდებულის ქმარი და ნათია აფხაზავა ბიძაშვილ-მამიდაშვილები არიან.
ამიტომ თავდაპირველად საზოგადოებაში გავრცელებული ინფორმაციას, რომ თითქოს მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა, ამას ახლობლები კატეგორიულად გამორიცხავენ. ცნობილია, რომ სამართალდამცავებმა დამნაშავე მალევე, ცხელ კვალზე სახლიდან აიყვანეს მკვლელობაში ბრალდებული ქალი. მას მიმალვა არ უცდია. დანაშაულის ჩადენის შემდეგ მან თვითდაზიანება მიიყენა.
ერთი ვერსიით, კონფლიქტის მიზეზი ფულია. როგორც მოკლულისა და ბრალდებულის ახლობლები ჰყვებიან, მოკლულ ქალს თანხა გამოუგზავნია ნათია აფხაზავასთვის, რათა ბათუმში მდებარე მისი ბინა გაერემონტებინა.
"მოკლული ნათია ახალი ჩამოსულია გერმანიიდან. მკვლელის ქმარი და ნათია ბიძაშვილ-მამიდაშვილები არიან. ძალიან კარგი გოგო იყო. ყველანი განადგურებულები ვართ ამ ამბით. ქმარიც ჰყავს და შვილებიც. ყველას გვერდში მდგომი იყო. ენერგიული სიცოცხლით სავსე. გადასარევი ოჯახი ჰქონდა. ფული გამოუგზავნია ამ ქალთან ბინის გასარემონტებელი. რომ ჩამოვიდა ბინა გაურემონტებელი დახვედრია ნათიას და ამის გამო მოსვლიათ ჩხუბი. მერე ეტყობა დანა აიღო და ასე სასიკვდილოდ გაიმეტა. რომ მიხვდა მოკლა, თვითდაზიანება მიუყენებია. ახლა კლინიკაში რჩება. უმკაცრესად უნდა დაისაჯოს" - ამბობს მოკლული ქალის ახლობელი.
მოკლულ ახალგაზრდა ქალს დადებითად ახასიათებს კიდევ ერთი მისი ნაცნობი. ახლობლები ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ნათია აფხაზავა მკვლელობაში ბრალდებულს ეჭვიანობის საბაბს არ მისცემდა.
"ვერ წარმოიდგენთ რა კარგი ადამიანი მოკლეს. ეჭვიანობის ნიადაგზეო ითქვა, მაგრამ ეგ სისულელე ვერსია მგონია. არ მჯერა. მე არ ვიცნობ მკვლელობაში ბრალდებულს. როგორც გავიგე, ის წალენჯიხელი ყოფილა. ზუგდიდელი არ არის. დანაშაული ზუგდიდში მოხდა. არც ის ვიცი რატომ დატრიალდა ასეთი საშინელი ფაქტი, მაგრამ იმაში დარწმუნებული ვარ, რომ ნათია აფხაზავა სხვას არ აწყენინებდა. არც ის ვიცი იყო თუ არა დანაშაულის ჩადენის დროს სხვა პირებიც ტრაგედიის ადგილას. ვერავინ როგორ ვერ დაეხმარა" - უთხრა "ამბებს" ადგილობრივმა ექიმმა, რომელიც პირადად შეხვდა მკვლელობის დღეს მოკლულ ქალს.
როგორც ჩანს, ნათია აფხაზავა სტუმრად იყო მისული ნათესავების სახლში. ერთ- ერთი ადგილობრივიც ადასტურებს, რომ მათ შორის შელაპარაკება ფულის გამო მოხდა.