რუსული მხარე 15 აგვისტოს დაგეგმილი ალასკის სამიტის დეტალებზე საუბრობს - პუტინის თანაშემწე, იური უშაკოვის თქმით, შეხვედრა ქალაქ ანკორიჯის მახლობლად, ელმენდორფ-რიჩარდსონის საჰაერო ბაზაზე, თბილისის დროით 23:30 საათზე შედგება.
ისტორიულ შეხვედრას რუსული დელეგაციიდან ხუთი წევრი დაესწრება:
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი;
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი;
რუსეთის თავდაცვის მინისტრი ანდრეი ბელოუსოვი;
რუსეთის ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი;
რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი უცხოეთის ქვეყნებთან ეკონომიკური ინვესტიციებისა და თანამშრომლობის საკითხებში კირილ დმიტრიევი;
აშშ-ს დელეგაცია ასევე 5 ადამიანისგან შედგება, თუმცა მათ შესახებ ამერიკულ მხარეს ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
წინასწარი ინფორმაციით, პრეზიდენტები აუდიენციის დაწყებამდე და მისი დასრულების შემდეგ მედიასთან გამოჩნდებიან და კომენტარსაც გააკეთებენ.