„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე ერიკა ოლსონსთან შეხვედრისას პარტნიორების მხრიდან დაისვა კითხა, რა ტიპის აღსრულების მექანიზმები უნდა იყოს გამოყენებული დასავლეთის მხრიდან იმისთვის, რომ აიძულონ „ქართული ოცნება“ ნაკისრი ვალდებულებები შესრულდეს.
ვაშაძის განმარტებით, ამის საპასუხოდ ქართული მხრიდან განხილული იყო არაერთი ვერსია, როგორიც არის ფინანსური სანქციები, პერსონალური სანქციები, ვიზების გაცემაზე უარი. როგორც ვაშაძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა მათ პარტნიორებისგან პირობა მიიღეს, რომ ძალიან მკაფიო და მკაცრი იქნება მესიჯები, რომელსაც მიიღებს „ქართული ოცნება“ ამ შეხვედრების შემდეგ.
„რაზეც ვისაუბრეთ, პირველი ეს არის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც აუცილებლად მისაღებია სრულად პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით, მეორე ეს არის მართლმსაჯულების რეფორმა და მესამე, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის საკითხი. გარდა ამისა, იყო ძალაუფლების განაწილებაზე საუბარი, რომელიც 19 აპრილის შეთანხმებაში არის. მე ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ღრმა არის ის ნეგატიური განწყობები, რომელიც ამერიკულ მხარეში არის, იმიტომ რომ მთავარი საკითხია - შეთანხმებები უნდა სრულდებოდეს და შეთანხმებები არ უნდა ირღვეოდეს. მეორე, მნიშვნელოვანი საკითხია, რომ პოლარიზება და დაპირისპირება რაღაცნაირად უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში, იმიტომ, რომ ჩვენი მედიაციები და შუამავლობები უკვე ყელში ამოუვიდა დასავლეთს. ალბათ, გამოვყოფდი მთავარ შეკითხვას, რომელიც მათ შორის, ჩვენ მიმართ იყო დასმული, რას ვხედავთ, რა ტიპის აღსრულების მექანიზმები უნდა იყოს გამოყენებული დასავლეთის მხრიდან იმისთვის, რომ აიძულონ „ქართული ოცნება“ ნაკისრი ვალდებულებები შესრულდეს. პირობა მივიღეთ, რომ ძალიან მკაფიო და მკაცრი იქნება მესიჯები, რომელსაც მიიღებს „ქართული ოცნება“ ამ შეხვედრების შემდეგ. რომ შევაჯამოთ, დასავლეთი ძალიან შეშფოთებულია იმით, რაც ხდება ქვეყანაში, რომ პოლარიზებული გარემო, სამწუხაროდ, არსად არ მიდის და პირიქით, ყოველი შემდგომი ფაზა ამ მძიმე პოლიტიკური კრიზისის კიდევ უფრო მწვავედ იწყება,“- განაცხადა ვაშაძემ.
მისივე თქმით, ის რაც „ქართულმა ოცნებამ“ გუშინ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით გააკეთა არის კიდევ ერთი ნაბიჯი სიტუაციის გამწვავებისკენ და არა შეთანხმებისკენ სვლა.
„იძულებით გადაყვანა პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც ვნახეთ პატიმრების რეაქცია ამასთან დაკავშირებით, ეს „კატეს“ დაყენებაც რაღა გახდა ამდენი ხანი, ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ სამწუხაროდ, პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარეა და არა კანონის, ადამიანის უფლებების, ჯანმრთელობის ამოცანებიდან გამომდინარე ქმედებები, რომლებსაც აქვს ადგილი „ქართული ოცნების“ მხრიდან.
ჯერჯერობით პიკეტირების საკითხებში არ ვმონაწილეობთ, თუმცა დავაკვირდეთ როგორ განვითარდება მოვლენები“, - განაცხადა ვაშაძემ.