„ნაცმოძრაობის“ წევრები და რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატი იუსტიციის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

„ნაცმოძრაობის“ წევრები და რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატი იუსტიციის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მათი მხარდამჭერები იუსტიციის სამინისტროსთან იმყოფებიან და მინისტრ რატი ბრეგაძესთან შეხვედრას ითხოვენ. ამასთან, იუსტიციის მინისტრთან შეხვედრის შესახებ რამდენიმე ოპოზიციონერმა დეპუტატმა განაცხადა.

„ქრონიკის“ ჟურნალისტის ინფორმაციით, აქციის მონაწილეების ნაწილი დილიდან მთავრობის კანცელარიის შენობის ბლოკირებას გეგმავდა, თუმცა შემდეგ გეგმა შეიცვალა და მათ იუსტიციის სამინისტროსთან გადაინაცვლეს.

„დეპუტატები მოითხოვენ ამ ბატონთან შეხვედრას. შეიძლება ბევრმა თქვენგანმა იკითხოს, ვინაა რატი ბრეგაძე? ვინ ეკითხება მას... გასაგებია. მაგრამ ეს შეხვედრა ჩვენ გვჭირდება მთელი მსოფლიოსთვის, საერთაშორისო საზოგადოებისთვის. მას შემდეგ, რაც პატიმარი სააკაშვილი გუშინ გაიტაცეს, დაარღვიეს ყველა შესაძლო რეგულაცია და კანონი. ყველა პირადი ინფორმაცია გაავრცელეს, ვიდეოკადრები, რისი უფლებაც არ ჰქონდათ. შეხვდება თუ არა დეპუტატებს იუსტიციის მინისტრი, ამას ჩვენ ვნახავთ“, - განაცხადა ნიკა მელიამ.