ოქტომბერში მსოფლიოს მასშტაბით საკვებ პროდუქტებზე ფასი 3%-ით გაიზარდა სექტემებრთან შედარებით, რაც მაქსიმალური მაჩვენებელია 2011 წლის ივლისის შემდეგ. სურსათი უკვე ყველგან ძვირდება და გამონაკლისი არც საქართველოა. ზამთრის წინ ვითარება საგანგაშოა ყველა მიმართულებით.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანზიაციის ანგარიშში აღნიშნულია, რომ გასულ თვესთან შედარებით 3,2%-ით გაიზარდა ფასები ბურღულეულზე, რაც განაპირობა მოსავლის სიმწირემ მის მთავარ ექსპორტიორ ქვეყნებში აშშ-ში, კანადასა და რუსეთში.
FAO-ს ინდექსი უკვე წელიწადზე მეტია განუხრელად იზრდება და მხოლოდ ივნისსა და ივლისში დაფიქსირდა პირველი კლება ბოლო 12 თვეში, თუმცა აგვისტოში ისევ ზრდის ტენდენციას დაუბრუნდა, რომელიც მესამე თვეა გრძელდება. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, სურსათზე ფასის ფორმირება ხდება მასზე მოთხოვნასა და მიწოდების მიხედვით, რომელმაც ზრდა დაიწყო პანდემიასთან ერთად. ამასთან, შეშფოთებას იწვევს ენერგომატარებლებზე ფასის ზრდა, რომელმაც გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება ცალკე პრობლემები გამოიწვიოს.
მსოფლიო ბაზრების ანალიტიკოსების ინფორმაციით, ტოტალური გაძვირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ხორბლის მაღალი ფასია, რაც გავლენას სხვა კატეგორიის საკვებ პროდუქტებზეც მოახდენს. კერძოდ, ჩიკაგოს საფონდო ბირჟაზე, 2012 წლის დეკემბრის შემდეგ პირველად, ერთი ბუშელი ხორბლის საბაზრო ღირებულებამ 8 დოლარს გადააჭარბა, მარტის ფიუჩერსები 8,08 დოლარამდე გაიზარდა. ხორბლის ფასი ზედიზედ მეექვსე თვეა მატულობს, ხოლო მხოლოდ ოქტომბერში ის 6,5%-ით გაიზარდა. მარცვლეულზე ფასების ზრდამ შეიძლება გამოიწვიოს უკვე სხვა საკვები პროდუქტების ფასების მატებაც მთელ მსოფლიოში.
ასეთი მოცემულობიდან გამომდინარე, მოსალოდნელია ადგილობრივ ბაზარზე ფასების კიდევ უფრო მომატება. საქართველო იმპორტდამოკიდებული ქვეყანაა, ამიტომ საერთაშორისო ტენდენცია მალევე ახდენს გავლენას. როგორც დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია აღნიშნავს, როდისთვის მოხდება ეს, ჯერ ცნობილი არ არის, მაგრამ ნამდვილად იქნება გაძვირებისკენ სვლა.
„ფასები მსოფლიოში ყველაფერზე იზრდება. 2 მთავარი ფაქტორი, რაც საქართველოში პროდუქტის ფასზე აისახება, გლობალური ფასი და ლარის კურსია. შესაბამისად, ვიღებთ იმ მოცემულობას, როგორიც დღეს სამომხმარებლო ბაზარზეა. ველოდებით, რომ ფასები მოიმატებს, მაგრამ რა მაჩვენებლით და კონკრეტულად რა პერიოდიდან, ამაზე ჯერჯერობით ვერ ვისაუბრებთ.
ფასები მიბმულია ეროვნული ვალუტის კურსზე. ბოლო 2 წლის განმავლობაში მხოლოდ აღმავალი ტრენდია ფასებში. ჩვენ ვითვალისწინებთ ასევე საწვავის ფასსაც, რაც ასევე მაღალი მაჩვენებლითაა გაძვირებული, ხოლო ლოგისტიკა პირდაპირ დისტრიბუციაზეა მიბმული.
გასათვალისწინებელია რეგიონის ფაქტორიც, თურქული ლირა უფასურდება, ეს ტენდენცია თუ დიდხანს გაგრძელდება და იქ დაიწყება ფასების შემცირების პროცესი, ამას ქართული ბაზარიც იგრძნობს. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რათა დავიცვათ ეროვნული ვალუტა და ლარიც არ მიჰყვეს ლირას, ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა“, - განუცხადა ივა ჭყონიამ „კომერსანტს“.
ეკონომისტი სოსო სიმონიშვილი კი აღნიშნავს, ის მდგომარეობა, რაც ახლა ქვეყანაშია, ძალიან ცუდია. წინ მძიმე ზამთარი გველოდება.
„ბოლო დროს მსოფლიოში განსაკუთრებით დიდი სისწრაფით ძვირდება ნავთობი, ბუნებრივი აირი და სხვა ენერგომატარებლები, რაც შემაშფოთებელია. მთავრობის შესაბამისმა სამინისტროებმა ყველაფერი უნდა იღონონ, რომ მდგომარეობა გამოსწორდეს.
როდესაც ენერგომატარებლები ძვირდება, ცხადია, ის იწვევს ყველაფრის გაძვირებას, შესაბამისად, აისახება ფასებზე და არის კიდეც მაღალი ინფლაცია. აქედან გამომდინარე, ჩვენს მთავრობასა და ეროვნულ ბანკს უნდა მიეღო შესაბამისი ზომები, რაც ვერ დავინახეთ. ძალიან მძიმე ზამთარი გველოდება“, - დასძინა ეკონომისტმა.