2022 წლიდან საქართველოში მოძრავი ავტომობილებისთვის გამონაბოლქვის შემადგენლობის ახალი სტანდარტები შევა ძალაში. პირველი იანვრის შემდგომ ავტომობილის გამონაბოლქვში CO-ს დასაშვები დოზა, რაც ამჟამად მთლიანი მოცულობის მაქსიმუმ 0.6%-ს შეადგენს, გახდება 0.5% და 0.3%. ავტომობილები, რომლებიც ამ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებენ ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების მიერ დახარვეზდებიან.
რაც შეეხება კატალიზატორების შესახებ მოთხოვნას, მათი ქონა სავალდებულოა იმ ავტომობილებისთვის, რომლებმაც რეგისტრაცია გაიარეს 2020 წლის პირველი აპრილის შემდგომ. იმ ავტომობილებს, რომლებიც ქვეყანაში ამ დრომდე იყვნენ რეგისტრირებული, კატალიზატორის სავალდებულო წესით ქონა არ მოეთხოვებათ, თუმცა მათ უნდა დააკმაყოფილონ ის ნორმები, რაც გამონაბოლქვში CO-ს შემცველობაზე არის დაწესებული.
გამონაბოლქვში CO-ს დასაშვები ზღვრის შესახებ მოთხოვნები წლების მიხედვით ასე იცვლება:
- 2020 წლის 1 აპრილიდან - 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით: 0.7%;
- 2021 წლის 1 იანვრიდან - 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით: 0.6%;
- 2022 წლის 1 იანვრის შემდგომ: 0.5% და 0.3% (იზომება ძრავის დაბალი და მაღალი ბრუნისთვის).
აღნიშნული ცვლილების შემდეგ, სავარაუდოდ უფრო მეტი ავტომობილი დახარვეზდება, პირველადი შემოწმების დროს გამოვლენილი ხარვეზის გამოსწორებისთვის ავტომესაკუთრეებს 30-დღიანი დრო აქვთ, რათა ისინი გამოასწორონ.
ახალი ვალდებულების შემოღების აუცილებლობაზე გააკეთა აქცენტი სატრანსპორტო დარგის სპეციალისტმა ვაჟა იორდანიშვილმა. იგი ვარაუდობს, რომ კატალიზატორის მოთხოვნის ვალდებულება დიდი ხანია, დაანონსებული იყო, სახელმწიფო მიდგომას არ შეცვლის და რეგულაციას ძალაში დატოვებს.
„მეტი საინფორმაციო კამპანიაა საჭირო, რომ მძღოლებმა იცოდნენ მოსალოდნელი ცვლილების დეტალები, რათა ახალი კანონის ამოქმედებას მომზადებული შეხვდნენ. აუცილებელია იმის ცოდნაც, რომ კატალიზატორის მოთხოვნა ყველა ტიპის ავტომობილისთვის არ არის. ეს რეგულაცია შემოსულია 2020 წლის აპრილის შემდგომ განბაჟებულ და რეგისტრირებულ ავტომობილებზე, რომლებზეც კატალიზატორის ქონა სავალდებულო უნდა გახდეს.
რაც შეეხება 2022 წლიდან ასამოქმედებელ ცვლილებას, აქ საყურადღებოა გამონაბოლქვში CO-ს შემცველობის ნორმა, რომელიც კანონმდებლობით მკაცრდება. კერძოდ, 2021 წელს თუ 0,6% იყო, 2022 წლიდან ფაქტობრივად, გაორმაგდება და მისი ქვედა დასაშვები ზღვარი ხდება 0,5 და 0,3, დაბალ და მაღალ ბრუნზე. ეს იმდენად აუცილებელია ეკოლოგიური უსაფრთხოებისთვის, რომ არ მგონია, გადავადდეს, თუმცა პანდემიური ვითარებაა და ბოლომდე არაფრისგან ვართ დაზღვეული, დანამდვილებით წინასწარ ვერაფერს ვიტყვით“, - განაცხადა იორდანიშვილმა.
საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, მევლუდ მელაძე აღნიშნავს, რომ ავტომობილებში ე.წ. კატალიზატორების დაყენება გრძელვადიან პერსპექტივაში ეკოლოგიურად სუფთა ქალაქის წინაპირობაა.
„კატალიზატორის უკან დაბრუნება მანქანებზე რთული იქნება. მანიპულაციების ჩატარება გაცილებით ძვირიც დაჯდება, კატალიზატორი უკვე ძალიან ბევრ მანქანას აღარ აქვს. ქარხნული კატალიზატორი გაცილებით ძვირი და დახვეწილია, რომელიც გაცილებით ფუნქციურია და კარგი. ეს ინიციატივა საკმაოდ კარგია და მივესალმები.
კატალიზატორიანი ავტომობილის გამონაბოლქვი ბევრად ჯანსაღია და კატალიზატორს დაჰყავს 0,01-მდე გამონაბოლქვი, შეიძლება ითქვას, რომ ბოლომდე ახერხებს გააქროს და გაფილტროს გამონაბოლქვი. ამიტომ, კატალიზატორის ხარჯზე მოხდება ეკოლოგიის გაუმჯობესება საგრძნობლად, ჯანმრთელობა კი ყველაზე ძვირფასია. კატალიზატორების ჩაჭრას და პატარა სარგებლის ნახვას, უმჯობესია, გრძელვადიან პესრპექტივაში, გაცილებით სუფთა ქალაქი გვქონდეს“, – განაცხადა მელაძემ.
რა ხარჯებთანაა დაკავშირებული კატალიზატორების ავტომობილში ჩაყენება?
„შეიძლება, მინიმუმ, ეს იწყებოდეს 600 ლარიდან, ეს იქნება მარტივი და იაფიანი კატალიზატორი, რომელმაც, შეიძლება, ერთი წელი გაქაჩოს. გააჩნია ავტომობილს, რადგან, შეიძლება, ეს ხარჯი 10 000 ლარამდეც გაიზარდოს. თვითონ კატალიზატორები იმდენად ძვირი ღირს, ზოგ შემთხვევაში, რომ შესაძლოა, ავტომობილის ღირებულებასაც კი გაუტოლდეს“, - დასძინა მელაძემ.
------------------------------------------
პუნქტები როა გახსნილი ქალაქში , დიდი აბრებით - "ვიბარებთ კატალიზატორებს!" - როგორ ფიქრობთ, საიდან მოაქვთ ჩამბარებლებს იქ ჩასაბარებელი კატალიზატორები?
მანქანების ქვეშ რომ ძვრებიან ღამე და "ბარგალკით" (Angle grinder), რომ ჭრიან და იპარავენ ამ ძალიან ძვირადღირებულ კატალიზატორებს, იმათთვის ხელის დასაცლელად ხომ არ არის გახსნილი ეს პუნქტები?!
აბა, კატალიზატორს რომ არც ხე ისხამს და არც მიწაში მოიპოვება, ვიცით, ხომ? სად უნდა იშოვო იაფად ასეთი დეფიციტური ნაწილი, რომ ჩამბარებელ პუნქტში მიიტანო და მაყუთი აკეთო?
არ გეჩვენებათ, რომ უკანონო ბიზნესის სუნი ასდის ამ პუნქტებს, რაც დანაშაულის ახალ სახეობას - კატალიზატორების ქურდობას - უწყობს ხელს?
(არავინ რომ არ იბარებდეს, მისი მოპარვაც ხომ დაკარგავდა აზრს?!).
მიიყვან მანქანას ხელოსანთან, ახალ ნაწილს ამოიღებს, ძველს ჩაგიდგამს, და კიდე ფულს გადაგახდევინებს შეგიკეთეო.