ეკა ჭიჭინაძე: 

ეკა ჭიჭინაძე:  "ძალიან სასაცილოა, თითქოს ბიძინა სადმე გარბოდეს... ორი დღის წინ ვესაუბრე"

ორი დღის წინ ვესაუბრე და სად გარბიან, ხალხო, რას იგონებთ? სასაცილოც აღარ არის უკვე, მართლა გაგიჟდნენ ეგენი - ასეთ კომენტარს აკეთებს  ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ახლობელი, მხატვარ ნიკუშა შენგელაიას მეუღლე ეკა ჭიჭინაძე „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს ბიძინა ივანიშვილი ქონებას ყიდის, ნახატების კოლექცია გაიტანა და ქვეყნიდან მიდის. 

შეკითხვაზე, ბიძინა ივანიშვილის შვილები ხომ საზღვარგარეთ არიან, ეკა ჭიჭინაძე პასუხობს, რომ ეს იმდენად აბსურდია, საუბარიც კი არ ღირს სერიოზულად.

„გვანცა ამერიკაში სწავლობს და რა ქნას,  უტა არც არასოდეს ჩამოსულა, საფრანგეთში ცხოვრობს და მუშაობს, ბერა კიდევ გადაღებებზეა და რა არის აქ უცნაური? ცოტნე არსადაც არ წასულა, აქ არის... არსად მიდიან, იმდენად აბსურდია, საუბარიც კი არ ღირს სერიოზულად“ - ამბობს იგი. 
რაც შეეხება მანქანების გაყიდვას, ეკა ჭიჭინაძე ამბობს:  „ჰო, გაყიდა უკვე მანქანები და ვხედავთ, ფეხით რომ დადის ბიძინა ივანიშვილი... კარგით, რა... ამის წინ მე და ნიკუშა ვიცინოდით, გიგი უგულავა რომ ამბობდა, რუსები რომ შემოვიდნენ, პირველი ბიძინა ივანიშვილი გარბოდაო... გიგი და ეგენი ბიძინა ივანიშვილს რუსეთის კაცს, რუსს ეძახიან და მაშინ რატომღა გაიქცეოდა რუსების დანახვაზე?! აი, ყველაფერს, ასეთ სისულელეებს ამბობენ! ბიძინა არსად არ გარბოდა მაშინ, არც ახლა. ეგენი არ გაიქცნენ, იმდენად წასულია მაგათი საქმე! ყურმოკვრით ვიცი ყველაფერი, თორემ აღარ შემიძლია მაგათი ჯაჯღანი და ახლა კიდევ მიშამ ჭამა თუ არა“.