რატომ შეცვალა ენმ-მ აქცენტები - როგორ ჩაანაცვლა ვადამდელი არჩევნები სააკაშვილის საკითხმა

რატომ შეცვალა ენმ-მ აქცენტები - როგორ ჩაანაცვლა ვადამდელი არჩევნები სააკაშვილის საკითხმა

ენმ-ის საპროტესტო აქციებზე ადგილობრივი არჩევნების გაყალბების და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თემატიკა თანდათან ჩაანაცვლა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნამ. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე მათი რიტორიკის ასეთ ცვლილებას იმით ხსნის, რომ ამჟამად ამომრჩევლების არასაკმარისი მხარდაჭერის გამო, ოპოზიციას მმართველი პარტიის დამარცხების შანსი არ აქვს, რაშიც თავადაც დარწმუნდნენ.

შაბათს რუსთავის პენიტეციურ დაწესებულებზასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი მორიგი აქცია გაიმართა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ნიკა მელიამ ხელისუფლებას 24-საათიანი ვადა მისცა ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადასაყვანად.

„ხელისუფლებას ვაძლევთ 24 სააათს სამოქალაქო ჰოსპიტალში გადაყვანისთვის. 24 საათი აქვს ბიძინა ივანიშვილს იმისთვის, რომ მიიღოს სწორი გადაწყვეტილება. თუ კიდევ საღი აზრი შერჩენია ხელისუფლებაში ვინმეს, გადაიყვანონ სააკაშვილი იქ, სადაც უზრუნველყოფილი იქნება მისი სიცოცხლე. თუ ამას არ გააკეთებთ, ჩვენ ორშაბათს , საღამოს რვაზე მთელი საქართველო ვიკრიბებით თავისუფლების მოედანზე", - განაცხადა ნიკა მელიამ.

სუს-ის ინფორმაციით კი, აქციის ორგანიზატორები სახელმწიფო სტრუქტურების შენობების ბლოკირებასა და ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაციასაც გეგმავენ.

„სიტუაციის მაქსიმალური ესკალაციისა და სხვადასხვა პროვოკაციული ქმედებების უზრუნველსაყოფად აქციაში დაგეგმილია ყოფილი ძალოვანი თანამშრომლების აქციაში ჩართვა. ასევე, აქციის ორგანიზატორები აქტიურად განიხილავენ ძალოვანი სტრუქტურების ცალკეული თანამშრომლების გადაბირებისა და ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაციის შესაძლებლობასაც", - აცხადებენ სუს-ში

„რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ არც „ნაციონალური მოძრაობისგან" უკვირს მსგავსი ქმედებები და რიტორიკის ასე სწრაფად შეცვლა და არც სუსის განცხადებას მიიჩნევს ბოლომდე სარწმუნოდ.

„ნაციონალური მოძრაობისგან" არჩევნების საპროტესტო აქციის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციით ჩანაცვლება გასაკვირი არ არის. მათ ეს ნაბიჯები ამომრჩეველთა ნაკლებობის გამო გადადგეს, რადგან დაინახეს, რომ არჩევნებზე მათ არ ჰყავდათ საკმარისი ამომრჩეველი, რაც ხელისუფლებაში კვლავ მოსასვლელად არის საჭირო. სწორედ ამიტომ შეცვალეს სტრატეგია.