პოლიტიკური და სეზონური ვაჭრობა დენის ტარიფით

პოლიტიკური და სეზონური ვაჭრობა დენის ტარიფით

პარლამენტში დენის ტარიფის საკითხი კვლავ გააქტიურდა და ისევ საპარლამენტო ოპოზიციის მიერ. ამ შემთხვევაში, ელექტროენერგიის გაიაფება გაძვირებულ ცხოვრებას დაუკავშირდა.  ოპოზიციის გათვლებით, თუკი ტარიფი შეიცვლება არა მარტო მოსახლეობას შეუმსუბუქდება ყოფითი პირობები, არამედ ერთ-ერთი ხელისშემწყობი ფაქტორი აღმოჩნდება ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებისთვის. ამ საკითხზე ხელისუფლების პოზიცია ჯერჯერობით უცნობია, ექსპერტები კი მათგან არგუმენტირებულ გათვლებს ითხოვენ.

 

ტარიფების საკითხი საქართველოში ყოველთვის აქტუალურია, განსაკუთრებით კი არჩევნების წინ. ამიტომაც სულაც არ არის გასაკვირი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს ტარიფების შემცირების პირობას საკმაოდ ბევრი პარტია დებდა. მთავარი გზავნილი კი სწორედ „ქრისტიან-დემოკრატების“ მიერ გაკეთდა.

 

არჩევნების შემდეგ კი ეს საკითხი მათ ახლა გაახსენდათ და ხელისუფლებას ელექტროენერგიის ტარიფის შემცირებას სთხოვენ.  ისინი ხელისუფლებას 20-ლარიანი ვაუჩერის პიარკამპანიის ნაცვლად, მოსახლეობისთვის რეალური შეღავათის შემუშავებას სთავაზობენ.

 

როგორც ლევან ვეფხვაძე და გიორგი ახვლედიანი აცხადებენ, ხელისუფლების განცხადება, რომ ის საკუთარ მოსახლეობას დენის გადასახადისთვის 20-ლარიან შეღავათს უწევს, მხოლოდ და მხოლოდ ტრაბახია, რადგან უკანასკნელ თვეებში ხელისუფლებამ მოსახლეობას ცხოვრება წელიწადში 150 ლარით გაუძვირა. ამასთან, თუკი ამას გადასახადების ზრდას ინფლაცია და ფასების ზრდაც დაემატება, მოსახლეობას ცხოვრება 200 ლარით უკვე გაუძვირდა.

 

სწორედ ამიტომ ისინი ხელისუფლებისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვენ და ერთ-ერთ ასეთ ნაბიჯად ელექტროენერგიის ტარიფის დაწევას ითხოვენ. მათი გათვლებით, საქართველოში 1 კილოვატი ელექტროენერგიის გამომუშავება 1 თეთრი ჯდება, თურქეთში 2 თეთრად იყიდება, საქართველოს მოსახლეობაზე კი 13-17 თეთრად.

 

სწორედ ამიტომ, ისინი ხელისუფლებას ელექტროენერგიაზე ტარიფის შემცირებას სთავაზობენ, რითაც მოსახლეობა წელიწადში ხელისუფლების დამადლებული 20 ლარის ნაცვლად, 172,8 ლარს დაზოგავს.

 

ამასთან დაკავშირებით ხელისუფლების მხრიდან ჯერჯერობით არანიარი კომენტარი არ კეთდება. ექსპერტები კი მიიჩნევენ, რომ „საკითხის წამოწევა ნამდვილად დროულია“, მაგრამ მათგან დასაბუთებული გათვლების წარმოდგენას ითხოვენ.

 

„საქართველოში რომ ტარიფები გაბერილია, ფაქტია და ჩვენ მუდმივად იმას ვლაპარაკობთ, ეს ტარიფები უნდა შემცირდეს. „ქრისტიან-დემოკრატებმა“ არჩევნების წინ მოსახლეობას ეს დაპირება მისცეს და მე ის მიკვირს, აქამდე ეს თემა რატომ არ გაახსენდათ. ახლა მაინც რომ გაახსენდათ, ეს უკვე კარგია და იქნებ მართლაც დაიწყოს ამაზე სერიოზული მსჯელობა. თუმცა, მათ დასაბუთებული გათვლები უნდა წარმოადგინონ. ამის გარეშე ამ თემაზე საუბარი ძალიან ძნელი იქნება. რაც მთავარია, მათი დაპირება სამ გადასახადს შეეხებოდა და ახლა მხოლოდ ერთზე რატომ საუბრობენ“, - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი.

 

გადაწყვეტილების მისაღებად კი, ცხადია, ხელისუფლების თანხმობაა საჭირო. სწორედ ამიტომ, ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი არის პოლიტიკური განცხადებების დონეზე და, თუკი რაიმე განცხადება გაკეთდება ხელისუფლების მხრიდან, მაშინ შეიძლება უკვე სერიოზული მსჯელობაც დავიწყოთ.

 

„ახლა კი მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებია, რაც მიმართულია იმ ამომრჩევლის მიმართ, ვისაც ასეთ დაპირებებს არჩევნების წინ აძლევდნენ. ამიტომაც ახლა რაიმე ეკონომიკურ შედეგზე საუბარი, იქნება ეს ბიზნესისთვის თუ კერძო პირებისთვის, ძალიან არარეალურია“, - ამბობს ხუხაშვილი.