„როგორ შეიძლება განვითარდეს ის ქალაქი, თუ რეგიონი, რომლის პირველი პირი თუ საკრებულოს უმრავლესობა ამ ხელისუფლებას ე.წ. ხელისუფლებად მოიხსენიებს?!“

„როგორ შეიძლება განვითარდეს ის ქალაქი, თუ რეგიონი, რომლის პირველი პირი თუ საკრებულოს უმრავლესობა ამ ხელისუფლებას ე.წ. ხელისუფლებად მოიხსენიებს?!“

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მერი რომ იყოს ოპოზიციური კანდიდატი, მათი მხრიდან იქნება მუდმივი საბოტაჟი, ქაოსი, არეულობა, პანიკა და გადაბრალება ცენტრალურ მთავრობაზე.

„ცენტრალური მთავრობა მუნიციპალიტეტში, იმ რეგიონში, უამრავ საქმეს აკეთებს. ახლა ჩვენ დავიწყეთ ურბანული განახლების პროექტები, მასშტაბური რეაბილიტაციის პროექტები. ამ პროექტებს კიდევ უფრო გავაათმაგებთ, გავზრდით და გვინდა, რომ ეს მასშტაბები გავზარდოთ. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ იყოს ოპოზიციური კანდიდატი, ღმერთმა არ ქნას, რომ ასე მოხდეს, მაგრამ ეს რომ მოხდეს, ამაზე ვთქვი, რომ მათი მხრიდან იქნება მუდმივი საბოტაჟი, ქაოსი, არეულობა, პანიკა და გადაბრალება ცენტრალურ მთავრობაზე. მე ამაზე ვთქვი, ხალხისთვის უმჯობესია და მე მჯერა ამის, რომ ჩვენი ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს და არ მისცემს ხმას მოძალადე, მკვლელების პარტიას, რომლებიც იყვნენ უკვე ხელისუფლებაში და ჩვენი ქვეყანა დაანგრიეს, ტერიტორიები დაკარგეს, ხალხს როგორ გაუსწორდნენ, ჩაგრავდნენ, კლავდნენ, ართმევდნენ სახლებს, ბიზნესებს, ატერორებდნენ. ამაზეა საუბარი, მე ეს ვთქვი, მხოლოდ ამ ჭრილში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა, ასევე თიანეთის დამოუკიდებელ მერობის კანდიდატს, თამაზ მეჭიაურს მოუწოდა, გზა დაუთმოს „ქართული ოცნების“ კანდიდატს.

პრემიერი-მინისტრის განცხადებას, თამაზ მეჭიაური გამოეხმაურა და განაცხადა: „მე მყავს თანაგუნდელები, ვისთან ერთადაც ვიბრძვი და ერთპიროვნულად ასეთ გადაწყვეტილებებს არ ვიღებ. მეორე, თუ უნდოდათ უფრო ახალგაზრდა და ასე უნდოდათ შეერჩიათ, თავიდანვე გაემართათ კონსულტაციები ჩვენთანაც და ის ახალგაზრდა ასე შეერჩიათ და არა ერთპიროვნულად და გაურკვეველი დამსახურებებით“, - განაცხადა მეჭიაურმა.

ხოლო, პრემიერ-მინისტრის განცხადებას ოპოზიციონერი მერის თაობაზე, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა გამოეხმაურა. უგულავამ პრემიერს ცოდნა დაუწუნა და განაცხადა, რომ მან ევროპული დემოკრატია რა არის, არ იცის.

„სინამდვილეში, კეთილდღეობა იქმნება სწორედ რეგიონალიზმით, როდესაც საქართველო იქნება ძლიერი, ფოთში იქნება ერთი პარტიის მერი, ზუგდიდში შეიძლება – მეორე და ცენტრალური მთავრობა შეიძლება იყოს სხვა, ყველას ესმის თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, რომ შეიძლება იკამათო, მაგრამ ამავე დროს უფლებამოსილებების და შენი ვალდებულებების ფარგლებში გააკეთო ის საქმე, რაც ამომრჩეველმა დაგავალა. სწორედ ეს ქმნის დოვლათს, ეს ქმნის განვითარებას. ეს ადამიანი იმდენად უვიცია, რომ ამ ქვეყნის უახლესი ისტორიაც არ იცის. მაგალითად, 2002 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, როდესაც თბილისში მაშინ მერი არ ირჩეოდა, მაგრამ საკრებულო იყო ოპოზიციური, დაიძრა ბევრი სოციალური პროგრამა – უფასო წიგნების პროგრამა, მაშინ დაიწყო და გამოჩნდა სტადიონები, მაშინ დაიწყო პირველი შეკეთება ლიფტების და ა.შ. ამ უვიცმა ადამიანმა ისიც არ იცის, რომ 2013 წელს მე ვიყავი ჯერ კიდევ მერი და თვითონ ხელისუფლებაში და მთელი დღე და ღამე მარტო მე მებრძოდნენ, მაგრამ ამის მიუხედავად, მერიას ფუნქციონირება არ შეუწყვეტია, პირიქით, ბევრი პროექტი კეთდებოდა. ასე ფუნქციონირებს დემოკრატია, თუ ჩვენ გვინდა რომ ქვეყანა განვავითაროთ. ეს არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი, რომ ეს არის ტლუ, გაუნათლებელი, საერთაშორისო კონტექსტის არმცოდნე პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ძალაუფლებისთვის იბრძვის და რაც მთავარია, პრაქტიკულად, ამით აშანტაჟებს ფოთელებს, ზუგდიდელებს, თბილისელებს, რომ თუ თქვენ მხარს არ დამიჭერთ, დაგსჯით! მინდა ყველას ვუთხრა, რომ სასაცილოა ეს ადამიანი, მისი ნალაპარაკებიც სასაცილოა და ვერავის ღარიბაშვილი ვერ დასჯის. 30 ოქტომბერს ოპოზიცია გაიმარჯვებს დიდ ქალაქებში და შემდეგ ცენტრალური ხელისუფლებაც შეიცვლება. ოღონდ შეიცვლება არა ერთი პარტიით, არამედ, კოალიციით“, – განაცხადა უგულავამ.

for.ge დაინტერესდა როგორი ვითარება იქნება იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მერი „ქართული ოცნებიდან“ იქნება, ხოლო მაჟორიტარი კი ოპოზიციიდან. ამ მომენტისთვის ასეთი სამი მუნიციპალიტეტია - გორი, მცხეთა და აბაშა-მარტვილი-წალენჯიხა-ჩოროწყუ (სამეგრელოს ამ მუნიციპალიტეტებს, ერთი საპარლამენტო მაჟორიტარი ჰყავს რედ.)

პრემიერ-მინისტრის რეზონანსულ განცხადებას ექსპერტები აფასებენ. როგორც for.ge-თან ანალიტიკოსმა, ლევან ალაფიშვილმა განაცხადა, თუკი პრემიერ-მინისტრი საკუთარ განცხადებას სისრულეში მოიყვანს, მაშინ კონსიტუციისა და კანონის დარღვევა იქნება.

„პარლამენტის მაჟორიტარის მაგალითად მოყვანა და შედარება თვითმმართველობის არჩევნებთან არაადეკვატურია. ამ შემთხვევაში, მაგალითისთვის გორის მოსახლეობის ხმა პარლამენტშია წარმოდგენილი - ეს სხვა ორგანოა, რომელიც თვითმმართველობის ორგანოსგან განსხვავდება. თუმცა, შინაარსი ამ პრობლემისა, რომელიც საკმაოდ სახიფათოდ და არასწორად წარმოადგინეს სახელისუფლებო ძალებმა, დასაფიქრებელია.

ჩვენი კონსტიტუციით თვითმმართველობა არის ერთი მხრივ მოქალაქის გარანტირებული უფლება, მეორე მხრივ იგი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სრულად დამოუკიდებელია. ასე რომ, ცენტრალური ხელისუფლება ვერ ჩაერევა თვითმმართველობის კომპენეტციაში. ნებისმიერი ასეთი განცხადება თუ გადაწყვეტილება კონსტიტუციის დარღვევაა. წარმოგიდგენიათ, უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირი შინაარსობრივად საუბრობს, რომ შეიძლება მან და მისმა გუნდმა დაარღვიოს კონსტიტუცია - ეს ერთი საკითხი.     

მეორე დეცენტრალიზაცია გახლავთ, რომელიც „საქართველო ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების“ ერთ-ერთი მთავარი ვალდებულებაა და, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 2014 წლიდან იკისრა. შესაბამისად, ევროკავშირი და საერთაშორისო თანამეგობრობა ამდაგვარ ქცევებსა და გადაწყვეტილებებს, ბუნებრივია, დემოკრატიული სტანდარტების კუთხით შეაფასებს. რა თქმა უნდა, ეს შეფასება საქართველოსთვის ხელსაყრელი არ იქნება. თუკი იმას გავითვალისწინებთ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება 2014 წლიდან დღემდე არაფერს აკეთებს რეალური დეცენტრალიზაციისთვის, მეტიც, მან 2014 წელს შექმნა 7 ქალაქი, დეცენტრალიზაციის პროცესი დაიწყო, მაგრამ თავადვე გააუქმა - რატომ? - იმიტომ, რომ ცენტრალიზებულად ადგილზე ვერაფერს ვეღარ მართავდა. ეს კი, რა თქმა უნდა, არსებით წინააღმდეგობაში მოდის რეალური თვითმმართველობის ევროპული თვითმმართველობის სტანდარტებთან და დეცენტრალიზაციის პრინციპებთან. საბოლოო ჯამში, ეს იქნება დარღვევა ასოცირების შეთანხმებით დაკისრებულ ვალდებულებების“, - განუცხადა for.ge-ს ლევან ალაფიშვილმა.

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი კი, აღნიშნულ საკითხს ასე აფასებს: „გასაგებია, რომ იმ სამ მუნიციპალიტეტში საპარლამენტო მაჟორიტარები დღეს გიორგი გახარიას პარტიის წევრები არიან, მაგრამ მათ საპარლამენტო მანდატი „ქართული ოცნების“ კვოტით მოიგეს. თუმცა, ეს ფაქტი ხელს არ უშლის იმ საბიუჯეტო ფისკალური პოლიტიკის გატარებას იმ კონკრეტულ რაიონში. ამ პარლამენტის დეპუტატების ხელში არ არის ყოველდღიური საჭირბოროტო საკითხების გადაწყვეტა. მაშინ, როდესაც საკრებულო მერთან ურთიერთობაზეა დამოკიდებული და ამ ურთიერთობის მიბმა ცენტრალური ბიუჯეტის განაწილებასთან და იმ თანხმების მოხმარებასთან კონკრეტული რაიონის პრობლემების გადასაწყვეტად, რამდენად მიგვაჩნია ნორმალურად, როდესაც ეს ოპოზიცია ქუჩა-ქუჩა დარბის და ამ ხელისუფლებას „ე.წ ხელისუფლებად“ მიიჩნევს? და თუ ეს ასეა, ე.ი. მათი დამოკიდებულება „ე.წ ხელისუფლებასთან“, ან „ე.წ. ბიუჯეტთან“, მათ შორის მათი რაიონისთვის გამოყოფილი ბიუჯეტთან, ან იმ გეგმების განხორციელებასთან, რაც „ე.წ. ხელისუფლებამ“ პროგრამულად დააწესა, ასეთი მიდგომით აპრიორი ჩიხში და საბოტაჟის რეჟიმში შედის. მე ვერ წამომიდგენია, როგორ შეიძლება განვითარდეს ის ქალაქი, ან ის რეგიონი, რომლის პირველი პირი თუ საკრებულოს უმრავლესობა ამ ხელისუფლებას ხელისუფლებად არ სცნობს. ეს იმას ნიშნავს, რომ მუდმივი საბოტაჟი და მუდმივი რევოლუციის მოხდენის რეჟიმში იქნებიან ჩართულნი. ამიტომ, მთელი დანარჩენი საქართველო განვითარებული იქნება, ისე როგორც ეს მოსახლეობასა და საზოგადოების უმრავლესობას სჭირდება, ხოლო ის ქალაქები და რეგიონები, სამწუხაროდ, ისეთი ქაოსის რეჟიმში იქნებიან შესულები, რომ გინდა თუ არა, ეს გამოიწვევს დიდ დისკომფორტს ცენტრალური ხელისუფლებისთვის. ზოგადად, ქვეყნის განვითარებასაც ხელს არ შეუწყობს“, - განუცხადა დავით ქართველიშვილმა for.ge-ს.