„სადაც მეუღლეს ასახელებს კანდიდატად ზუგდიდში, იქ არც ისაა გამორიცხული, რომ საკუთარი შვილიც დააყენოს პარტიის თავმჯდომარდ“
პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიას ენმ-ის თავმჯდომარის პოსტიდან გადაყენებას გეგმავს. საერთოდ, ეს თემა ბოლო დღეეებია, მას შემდეგ, რაც სააკაშვილი ჩამოვიდა, აქტიურად მუსირებს. ამ შესაძლებლობას არ გამორიცხავს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძეც „რეზონანსთან საუბრისას და აღნიშნავს, რომ ქართულ პოლიტიკურ რეალობაში ყველაფერია შესაძლებელი.
ღარიბაშვილის თქმით, ნიკა მელიას განცხადება გამარჯვების შემთხვევაში ნაცმოძრაობის თავმჯდომარეობის პოსტიდან გადადგომის შესახებ, პრევენციული იყო. გამომდინარე იქიდან, რომ, მისი ინფორმაციით, მელიას გადაყენების საკითხი უკვე გადაწყვეტილია სააკაშვილის მხრიდან.
„ჩემი ინფორმაციით, ნიკა მელიას გადაყენება პარტიის თავმჯდომარის თანამდებობიდან უკვე გადაწყვეტილია სააკაშვილის მიერ და მან პრევენციული განცხადება გააკეთა," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მსგავს საკითხზე საუბარი იყო 16 ოქტომბერს, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა მოწოდებით - „ჯალათი ციხეში".
აქციაზე, კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის ძმის, თორნიკე მოლაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა, საკუთარ თანამოაზრეებს შეუთვალა, რომ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის დასრულების შემდეგ თანამდებობიდან გადააყენონ „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია და ამ პოსტზე მისი შვილი, ედუარდ სააკაშვილი დანიშნონ.
„რადგანაც საქართველოს მოქალაქეობა არა აქვს და კარგად ხვდება, რომ მას საქართველოში მომავალი არ აქვს, თავის თანამოაზრეებს შეუთვალა ბატონმა მიხეილმა, რომ არჩევნების მეორე ტურის დამთავრდების შემდეგ, ყრილობა ჩაატარეთ, ნიკა მელია გადააყენეთ და ჩემი უფროსი ვაჟი, ედუარდ სააკაშვილი ჩვენი პარტიის თავმჯდომარედ დანიშნეთო. გეგმებს აწყობს, თვითონ ხომ ააშენა საქართველო და თვითონ ხომ აგვაყვავა, ამდენი ხალხი ჩახოცა და გაამწარა.
„ხალხი შეცდომაში ჰყავდათ შეყვანილი, ააშენა, ბევრი რამ გააკეთა - სისხლის, სიკვდილის და ცრემლების ფასად გააკეთა ყველაფერი. მიხარია, რომ საქართველოში ვართ ამდენი ადამიანი, ვისაც გვაქვს იმის უნარი, რომ დავინახოთ და გავარჩიოთ შავი და თეთრი". - განაცხადა თორნიკე მოლაშვილმა.
ინფორმაციის ნამდვილობას არ გამორიცხავს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე და „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ სადაც ერთ დროს სრულიად მოულოდნელად ზუგდიდში მაჟორიტარობის კანდიდატად სანდრა რულოვსი დასახელდა, იქ არც ედუარდ სააკაშვილის ენმ-ის თავმჯდომარედ დანიშვნის შესაძლებლობაა გამორიცხული.
„როდესაც ასეთ განცხადებას აკეთებს პრემიერი, ეს საკმაოდ ხიფათის შემცველია, რადგან არავინ იცის რამდენად რეალური და შესაძლებელია ასეთი რამ მოხდეს მომავალში. შესაძლოა ეს შეტევა იყოს იმ საინფორმაციო წყაროზე საიდანაც ინფორმაცია მიიღო პრემიერმა.
„თუმცა, ჩვენ ისეთ პოლიტიკურ გარემოში ვცხოვრობთ, ვერავინ გამორიცხავს, რომ ასეთი რამ შეიძლება არ მოხდეს. რადგან, თუ გახსოვთ, სანდრა რულოვსი რომელიც არავითარ პოლიტიკურ ფიგურას არ წარმოადგენდა და მხოლოდ იმით იყო გამორჩეული, რომ სააკაშვილის მეუღლე გახლლდათ, სრულიად მოულოდნელად, ზუგდიდში, მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელდა. ასე რომ, სააკაშვილის მხრიდან ედუარდ სააკაშვილის ენმ-ის თავმჯდომარედ დანიშვნის შესაძლებლობა გამორიცხული არ არის", - განაცხადა ძაბირაძემ.