თურქეთი საქართველოსა და სომხეთში შეჭრას გეგმავდა

თურქეთი საქართველოსა და სომხეთში შეჭრას გეგმავდა

საბერძნეთის ელჩი კანადაში თავის მოგონებათა წიგნში სენსაციურ განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, 1993 წელს თურქეთი საქართველოსა და სომხეთში შემოჭრას გეგმავდა.

ლეონიდ ქრიზანტოპულოსი 1993-1994 წლებში იყო საბერძნეთის ელჩი სომხეთში. ამ დღეებში მან ამერიკაში გამოსცა წიგნი სახელწოდებით: „კავკასიური ჟამთააღწერა: სახელმწიფოს შექმნა და დიპლომატია სომხეთში 1993-1994 წლებში“.

ქრიზანტოპულოსი წერს, რომ 1993 წელს, როცა რუსეთის ფედერაციის მაშინდელ პრეზიდენტ ბორის ელცინსა და ქვეყნის პარლამენტს შორის დაპირისპირებამ აპოგეას მიაღწია, რუსეთის დუმის მაშინდელ სპიკერ რუსლან ხაზბულატოვსა და თურქეთის პრემიერ-მინისტრ თანსუ ჩილერს შორის საიდუმლო შეთანხმება შედგა.

ამ გარიგების თანახმად, ელცინის დამარცხების შემთხვევაში ხაზბულატოვი რუსეთის სასაზღვრო ძალებს კავკასიიდან გაიყვანდა. „ის აგრეთვე მისცემდა საშუალებას თურქეთს სომხეთში ქურთების საკითხის მოგვარების საბაბით შეეღწია, საქართველოში კი - აფხაზეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საბაბით,“ - წერს საბერძნეთის ელჩი.

ქრიზანტოპულოსი ეყრდნობა საფრანგეთის ელჩის მონაცემებს, რასაც სომხეთში ამერიკის ელჩი გარსი გილმორიც ადასტურებს. ბერძენი დიპლომატის თქმით, სომხეთის ხელმძღვანელობა საქმის კურსში იყო მოსალოდნელ პროვოკაციასთან დაკავშირებით და ქვეყნის უშიშროების საბჭომ შეიარაღებული ძალების სრული მზადყოფნა გამოაცხადა.