უმუშევრობა ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მთავარი პრობლემაა, რომლის გამოსწორებაც ვერ ხერხდება, პირიქით, ბოლო ორ წელიწადში მონაცემები საკმაოდ დამძიმებულია. მიზეზი კორონავირუსი და ეკონომიკური შეზღუდვებია. ადგილობრივ სპეციალისტებს უკვე ეთანხმება საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რომელიც თავის კვლევაზე დაყრდნობით ადასტურებს, რომ დასაქმებულთა რაოდენობა არც პანდემიამდელ პერიოდში იზრდებოდა და მით უმეტეს ახლა, როდესაც არა მარტო საქართველო, არამედ მთელი მსოფლიო დიდი გამოწვევის წინაშეა.
ურთულეს პირობებში ქვეყანას ცხოვრება დღემდე უწევს, თუმცა სამუშაო ადგილების შექმნასთან დაკავშირებით საქართველოს პანდემიამდეც ჰქონდა პრობლემა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი თავის ანგარიშში მიუთითებს, რომ საქართველოში უმუშევრობის დონე რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. ახალი სამუშაო ადგილების მნიშვნელოვანი მატება ქვეყანაში ბოლოს მხოლოდ 2014-15 წლებში დაფიქსირდა.
2015-დან 2019 წლამდე პერიოდში კი დასაქმებულთა რაოდენობა 12 600 ადამიანით შემცირდა, რაც ადასტურებს, რომ კორონავირუსის პანდემიამ სიტუაცია კიდევ უფრო გაართულა, რადგან 2019 წლიდან 2021 წლის მეორე კვარტალის პერიოდში დასაქმებულთა რაოდენობა 81 300-ით შემცირდა.
ბუნებრივია, რომ პანდემიის პირობებში ახალი სამუშაო ადგილების შექმნა ძალიან რთული ამოცანაა. სტატისტიკოსი გივი მომცელიძე მიიჩნევს, რომ ამ დროს დიდი როლი აკისრია ინვესტიციებს.
„კრიზისის დროს სამუშაო ადგილების შექმნას ვინ ჩივის, რაც არის, ისიც იკარგება. ალბათ, უახლოეს თვეებში გამოჩნდება, ეკონომიკურმა ზრდამ რამდენად აღადგინა ზოგიერთი სამუშაო ადგილი, მაგრამ ცოტა ძნელი წარმოსადგენია, ასე მოხდეს, რადგან ბევრი მაჩვენებელი იმაზე უფრო მიუთითებს, რომ ზრდაც ნამდვილად ვერ იქნება, თუნდაც ინვესტიციების გამო. ამ მხრივ ძალიან ცუდ სიტუაციაში ვართ. ინვესტიციებია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც სამუშაო ადგილების შექმნას აჩქარებს და ეს თუ არ გვექნა, იმედიც არ უნდა გვქონდეს.
კაპიტალდაბანდების მხრივ ცუდი სიტუაციაა და კომპანია „ენკას“ ამბავი საინვესტიციო მიმართულებით უარყოფით გავლენას მოახდენს. ნებისმიერი ინვესტიცია, მისი მოგება სულ რომ უცხოეთში გადიოდეს, მაინც ქმნის დოვლათსა და სამუშაო ადგილს. ადგილობრივი, ეროვნული წარმოება ჩვენთან რატომღაც მხოლოდ სოფლის მეურნეობასთან ასოცირდება, არადა, უამრავი სხვა რამეც შეიძლება ვაწარმოოთ. არ უნდა ვიყოთ მაინცდამაინც ელემენტარულ დარგებზე ორიენტირებულნი“, - განაცხადა მომცელიძემ.
ფინანსთა მინისტრის მოადგილებს კი არც სავალუტო ფონდის შეფასებისა სჯერა და მით უმეტეს არც ადგილობრივი სპეციალისტების აზრს ითვალისწინებს. გიორგი კაკაურიძის აზრით, ალოგიკურია შეფასება, რომ უმუშევართა რიცხვი იზრდება. დღესდღეობით ქვეყნის ეკონომიკური ზრდა იძლევა საშუალებას, რომ დამატებითი სამუშაო ადგილებიც შეიმქნას და ანაზღაურებაც გაიზარდოს.
მისი თქმით, აუცილებელია, რომ ქვეყანა იმ მაკროეკონომიკურ პარამეტრებს დაუბრუნდეს, რომელიც საინვესტიციო გარემოსთვის არის მნიშვნელოვანი.
„ქვეყნის ეკონომიკური ზრდა გვაძლევს დამატებით სამუშაო ადგილებს, გვაძლევს იმას, რომ არსებულ სამუშაო ადგილებზე იზრდება ანაზღაურება, ეს ნიშნავს იმას, რომ მეტი საშემოსავლო გადასახადი შემოდის ბიუჯეტში დასაქმებული ადამიანებისგან. ვინაიდან ჩვენ დღეს გვაქვს ეკონომიკური აღდგენის პერიოდი, ამ დროს ფისკალური კონსოლიდაცია არის უმნიშვნელოვანესი იმისათვის, რომ ინვესტორებმა არ თქვან უარი ამ ქვეყანაზე. ამიტომაც არ უნდა იდგეს ქვეყნის წინაშე მაკროეკონომიკური საფრთხეები. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავუბრუნდეთ მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, რაც აუცილებელია, ნორმალური საინვესტიციო გარემოსთვის“, - აღნიშნა პარლამენტში მყოფმა კაკაურიძემ, სადაც ბიუჯეტის პარამეტრებზე მიმდინარეობს მსჯელობა.