წელს ქვეყანაში 14%-მდე ინფლაციაა მოსალოდნელი. ასეთია „თიბისი კაპიტალის“ პროგნოზი და მის პოზიციას სხვა კვლევითი ორგანიზაციები და ლამის მთავრობაც კი იზიარებს. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში ფასები ტოტალურად იზრდება. გამოსავალი უკვე არ ჩანს და ყველაფერი უკონტროლოდაა მიშვებული.
„ლარის კურსის ძირითადი ეკონომიკური პარტნიორების ვალუტებთან მიმართებაში წელს სტაბილურობისა და მომდევნო წელს მცირედი გამყარების, „ბრენტის“ მარკის ნავთობისა და სხვა სასაქონლო პროდუქტების ფასების დაახლოებით დღევანდელ დონეზე შენარჩუნებისა და 2021-22 წლებში მშპ-ს 10.5 და 6.0-პროცენტიანი ზრდის დაშვებით, ჩვენი პროგნოზი წელს 13.8, ხოლო მომდევნო წელს სამიზნესთან ახლო ან უფრო დაბალი ინფლაციაა“, - ნათქვამია კვლევაში.
როგორც „თიბისი კაპიტალის“ ანგარიშში აღნიშნულია, სექტემბერში, პირველად მიმდინარე წელს დაბალი ინფლაცია დაფიქსირდა, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ თვიურ ჭრილში.
„საკუთრივ, წლიურმა ინფლაციამ ჯერ კიდევ მაღალი, 12.3% შეადგინა, ხოლო თვე-თვეზე სეზონურად შესწორებული და გაწლიურებული ინფლაცია უარყოფითი 2.5%-ით განისაზღვრა. მოლოდინის შესაბამისად, მაღალი სასაქონლო ფასებისა და ეკონომიკის სწრაფი აღდგენის მიუხედავად, ლარის კურსმა მცირედი დროითი ჩამორჩენით ფასების ზრდა შეაჩერა“, - წერია ანგარიშში.
ფასების ზრდა იმდენად მასშტაბურია, რომ სახელისუფლებო რგოლიც კი შეაწუხა და სხვადასხვა უწყებების ბრალეულობის ძიებაში არიან დაკავებულნი. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ეროვნული ბანკის არაეფექტურობას უკვე ხაზს პირდაპირ უსვამს.
„რიგ პროდუქტებზე 100%-ით არის ფასები გაზრდილი - ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, ყველა სტრუქტურას თავისი პასუხისმგებლობის ზონა აქვს. მე სებ-ს არ ვაკრიტიკებ, ზუსტად ვამბობ იმას, რისი თქმაც მინდა - კანონით გვაქვს გამიჯნული, რომ ცენტრალური ბანკია პასუხისმგებელი ინფლაციაზე, ამიტომ მან ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა დათრგუნოს ინფლაცია.
ხომ არ ვამბობთ, რომ სებ-ია პასუხისმგებელი სამუშაო ადგილების შექმნაზე და ა.შ. მაგრამ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი სრულიად დამოუკიდებელი ფიგურაა, ვერავინ ერევა მის საქმიანობაში, ამიტომ მან უნდა მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელიც ემსახურება ფინანსური სექტორის მდგრადობას, ასევე უნდა დათრგუნოს ინფლაცია, ამაზეა საუბარი.
ცენტრალურ ბანკს ნამდვილად სჭირდება სხვა სამინისტროების დახმარება. სებ-ი პასუხისმგებელია ინფლაციაზე, მაგრამ მას გვერდში უნდა ამოუდგეს ყველა ინსტიტუტი, აუცილებელია ერთობლივი და კოორდინირებული მუშაობა, რათა ინფლაცია დაითრგუნოს, რადგან გაზრდილი ფასები განსაკუთრებით პრობლემურია დაბალშემოსავლიანი მოქალაქეებისთვის და პენსიონერებისთვის“, - აღნიშნა კოვზანაძემ.
„საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის სექტემბერში წლიური ინფლაციის დონემ საქართველოში 12.3% შეადგინა. ეროვნული ბანკის მიზანი კი არის ინფლაციის მიზნობრივ, 3%-იან ნიშნულზე დაბრუნება, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ინსტიტუტი უკვე წლებია, რაც ინფლაციის მოთოკვას ვერ ახერხებს.
ქვეყანაში ინფლაცია 12.3% კი არის, თუმცა მოცემულ ერთწლიან პერიოდში ფასები ყველაზე მნიშვნელოვან სასაქონლე ჯგუფზე გაცილებით სწრაფად გაიზარდა:
ტრანსპორტი - ზრდა 20.3%, სურსათი და უალკოჰოლო სასმელები - ზრდა 15.9%, ავეჯი და საოჯახო ნივთები - ზრდა 12.6%.
უნდა აღინიშნოს, რომ მეზობელ ქვეყნებს შორის, თურქეთის შემდეგ ფასები ყველაზე სწრაფად საქართველოში იზრდება. 2021 წლის ივნისში მეზობელ ქვეყანაში ინფლაციის წლიურმა დონემ 19.6% შეადგინა. სომხეთში ფასების დონის მატება 8.9% იყო. რაც შეეხება აზერბაიჯანს იქ რეგიონში ყველაზე დაბალი ინფლაცია დაფიქსირდა, კერძოდ, წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა ქვეყანაში 6% შეადგინა. რუსეთში კი, წლიური ინფლაცია 7.4%-ით განისაზღვრა.