იმერეთის ყოფილი გუბერნატორი, თემურ შაშიაშვილი, თანამოაზრეებთან ერთად ახალ პოლიტიკურ ძალას, "თეთრებს" ქმნის და იწყებს პროექტს "ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას". სანამ პირველ სამსჯავროს გამართავს, კახა თარგამაძის, ლევან გაჩეჩილაძის და დავით გამყრელიძის ბერლინში შეხვედრის გარშემო ატეხილი სკანდალის გამო "რკინის კაცს" ანუ შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ თარგამაძეს სთხოვს იმ დოკუმენტების გამომზეურებას, რომლებიც თავად შაშიაშვილს თარგამაძის კაბინეტში აქვს ნანახი ან მათ შესახებ მისგან მოსმენილი.
"მასალები, რომლებიც მე მინახავს და რომლებიც არ მინახავს, გვინდა, რომ გამოვიდეს ხალხის სააშკარაოზე, რომ ხალხმა გაიგოს, ვინ იყვნენ მოქკავშირის ლიდერები და რას უშვრებოდნენ ისინი ამ ქვეყანას", – აცხადებს შაშიაშვილი.
თემურ შაშიაშვილი და კახა თარგამაძე წლების მანძილზე დაპირისპირებულები იყვნენ. შაშიაშვილი ერთადერთი უპარტიო გუბერნატორი იყო. ამბობს, რომ მოქკავშირის მაშინდელ ხელმძღვანელობას ეს ძალიან აღიზიანებდა და მისი რეიტინგის დასამხობად კახა თარგამაძეს იყენებდა, ქუთაისში მაკონტროლებელი ორგანოები ლამის ყოველდღე ჩადიოდნენ.
იმერეთის გუბერნატორმა პრეზიდენტ შევარდნაძესთან 2000 წელს კატეგორიულად დასვა საკითხი – ან მე, ან თარგამაძეო. შევარდნაძემ უთხრა, ასე არ შეიძლება, მოდით, ერთმანეთს შეხვდით და დაილაპარაკეთო. შეხვედრა ჯერ კახა თარგამაძის კაბინეტში მოხდა, შემდეგ შს მინისტრი გუბერნატორს ქუთაისში ეწვია. სწორედ იმ პერიოდში ნანახსა და გაგონილს ახსენებს თემურ შაშიაშვილი თარგამაძეს და იმ დოკუმენტების გამომზეურებას სთხოვს, რომლებიც მაშინ საკუთარი თვალებით ნახა.
"საოცარი რამეები მაჩვენა. გადადგომის შემდეგაც ვნახე თარგამაძე და ასევე საოცარი რამეები მომიყვა", – ამბობს შაშიაშვილი.
დღეს ხელისუფლება ამბობს, რომ კახა თარგამაძემ საქართველოდან 800 მლნ დოლარი გაიტანა. რატომ გაუშვეს ყოფილი მთავარი პოლიციელი ვარდოსნებმა ასე მარტივად? შაშიაშვილი ამბობს, რომ თარგამაძის წასვლას ერთ საათში მოეწერა ხელი და ასე ადვილად იმიტომ წავიდა, რომ ის ფლობდა მოქკავშირის ლიდერებზე ძალიან მძიმე მასალებს.
"ყოველთვის ვამბობდი, რომ ამ მასალების გამომზეურებაა საჭირო. ეს სჭირდება ქართველ ხალხს, რომ სწორი დასკვნა გააკეთოს, მაგრამ, სამწუხაროდ, არც თარგამაძე და არც მაშინდელი პრეზიდენტი ასე არ ფიქრობდნენ", – აცხადებს შაშიაშვილი.
რა ინფორმაციებზეა საუბარი?
შაშიაშვილი ამბობს, რომ თარგამაძეს აქვს მასალები, როგორ ჩამოიტანა ერთი მილიონი დოლარი რუსეთის ვიცეპრემიერისგან 1999 წლის არჩევნებისთვის მოქკავშირის ხელმძღვანელობამ, როცა მოქკავშირის საპარლამენტო ლიდერი მიხეილ სააკაშვილი იყო და როგორ მუშაობდა იმავე არჩევნების დროს რუსულ ძვირადღირებულ პიარჯგუფში რუსეთის კაგებე–ს სამი გენერალი.
- ერთი მილიონი დოლარი შემოიტანეს რუსეთიდან, პირველი ვიცეპრემიერისგან. მაშინდელმა ოპოზიციამ ერთი ამბავი ატეხა, რუსეთში რატომ წავიდნენო. მოქკავშირის ხელმძღვანელობამ თქვა, რუსეთში კი არა, ჩეხეთში არიანო. კახა თარგამაძეს ჰქონდა მასალები, რომ ბარამიძე და სხვები ჩეხეთში კი არა, მოსკოვში იყვნენ და ერთი მილიონი ჩამოიტანეს საარჩევნოდ. პირველი რუსული ფული, რომელიც ამ რაოდენობით შემოვიდა, შემოიტანა ამ გუნდმა, როცა მოქკავშირის გენერალური მდივანი სააკაშვილი იყო. გითხარით, რომ პიარის გუნდი ჰყავდათ ჩამოყვანილი. ასევე მაჩვენა რამდენიმე მილიარდი, რომელიც შემოვიდა 1998–99–2000 წლებში არასამთავრობო სექტორში. ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციას 400–500 მილიონი ჰქონდა მიღებული. ხელფასს 20–25 ათას დოლარს იღებდნენ, როცა აკადემიკოსები შიმშილით იხოცებოდნენ. ევრაზიის ფონდიდან ლომაია თვეში 10–15 ათას დოლარს იღებდა. თარგამაძეს აქვს მასალა, რა ფულები შემოვიდა მიწის დაცვის ორგანიზაციაში, რომლის ხელმძღვანელი ვანო მერაბიშვილი იყო და სად წავიდა ეს ფულები. მიწის კავშირიდან ვანო მერაბიშვილი დღემდე იღებს ხელფასს, – ამბობს თემურ შაშიაშვილი.
ყოფილი გუბერნატორი 2001 წელს კოდორში გილაევის შემოსვლასაც იხსენებს და ამბობს, რომ ეს სხვადასხვა ძალების მიერ იყო ინსპირირებული კავკასიის ასარევად: "მისი შემოსვლა თარგამაძესთან არავითარ კავშირში ყოფილა, პირიქით, მან დიდი როლი შეასულა, რომ არეულობა არ მოხდა და წყნარად გავიდნენ ქვეყნიდან. თვითონ მომიყვა დეტალები, როგორ ჩავიდა იმ ხალხთან, მოაგვარა სიტუაცია და ამ დროს გიორგი ბარამიძე ტელევიზიიდან აკეთებდა განცხადებას, თარგამაძის დაბრუნებული აფხაზეთი არ გვინდაო".
- ბატონ კახას ვთხოვ, განმარტოს, რას ნიშნავდა სააკაშვილის და ონიანის ურთიერთობა. ეს მასალები აქვს, გადაღებული საქართველოში და არა მარტო საქართველოში. მას ნათქვამიც აქვს, ამ ხელისუფლებაში არაერთი ბანდიტია, რომელთა ადგილიც ციხეშიაო. ის ხალხი დღევანდელ ხელისუფლებაშიცაა, მაღალი თანამდებობები უკავიათ. ბევრი პარლამენტის წევრია. გელა ბეჟუაშვილზე მასალები მაჩვენა – მარშალის კუნძულებზე ფირმები აქვს. დღეს პარლამენტში არიან დეპუტატები, რომლებიც რუსეთში ზიან, აქ საერთოდ არ არიან. ასეთი 15 დეპუტატი ვიცი. ვისი ფულის ეშინიათ? თუ რუსეთიდან სააკაშვილის ყულაბაში შემოდის ფული, კარგია და თუ სხვა ვინმესთან შემოვა, ცუდია?! სხვათა შორის, თარგამაძეს აქვს მასალები, როგორ იხარჯებოდა ფული, როგორც იუსტიციის სამინისტროში, ისე თბილისის საკრებულში, როცა იქ მიხეილ სააკაშვილი იყო.
იმერეთის ყოფილი გუბერნატორი თავის დროზე ფეროშენადნობი ქარხნის ირგვლივ აგორებულ სკანდალსაც იხსენებს და ამბობს, რომ შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ამაზეც აქვს მასალები.
– იმ პერიოდში იუსტიციის სამინისტრომ 120–130 მლნ დოლარის სილიკომანგანუმი გარკვეულ ფირმებს აჩუქა და ეს ხალხი დღეს პარლამენტის წევრები არიან. დავაგროვე მასალები "ფეროსთან" დაკავშირებით, მივედი შევარდნაძესთან, მოვუყევი და ვუთხარი, მთავრობის სხდომაზე გამოვალ–მეთქი. ოთხშაბათამდე არ მოიცადა, კვირასაღამოსვე შეკრიბა მთავრობის წევრები. იუსტიციის მინისტრი სააკაშვილი იყო, შემოსავლების მინისტრი – მაჭავარიანი, ფინანსთა მინისტრი – ნოღაიდელი, ეკონომიკის – ჩხარტიშვილი. გამოვედი სიტყვით და ვთქვი, ხვალ ფოთიდან ხუთი გემი გადის, გააქვთ სილიკომანგანუმი, ეს ბანდიტიზმია და ეს ფულითაა გაკეთებული–მეთქი. თავჩაქინდრულები ისხდნენ. სააკაშვილი გადიოდა და შემოდიოდა. ბოლოს გადაწყდა, შეექმნათ ჯგუფი ამ ხუთი მინისტრის შემადგენლობით, რომ გემები არ გასულიყვნენ. ორშაბათს გავიგე, რომ გემები გავიდა და დავრეკე შევარდნაძის მისაღებში. ცისანამ მითხრა, ნატო ონიანი ინტერვიუს იღებს და ვერ დაგაკავშირებო. ვთხოვე, ან დამაკავშირეთ, ან ეს ინფორმაცია გადაეცით–მეთქი. ნახევარ საათში დამირეკა ტელეფონზე და მითხრა, თემურ, არ გაქვს სწორი ინფორმაცია, ნუ ნერვიულობ, ტყუილი იქნებაო. ვუთხარი, სწორი ინფორმაციაა, მაგრამ, თუ თქვენც არ ხართ ამაში მონაწილე და თუ ჩემი ნათქვამი დადასტურდება, დღესვე გაათავისუფლეთ ხუთივე მინისტრი–მეთქი. გემები მაინც გავიდა.
შევარდნაძე რომ სიტყვით გამოდიოდა, უკვე შუა ზღვაში იყვნენ. იმ კვირაში მთავრობის სხდომა აღარ ჩაატარა, ეს მინისტრებიც დატოვა. ამ ამბებმა ეს ხალხი ისე გაამწარა, შევარდნაძის დავალებით გაზეთში გამოაქვეყნეს, თემურ შაშიაშვილი ფეროშენადნობ ქარხანაში 2 პროცენტიან წილს ფლობსო. სარჩელი შევიტანე სასამართლოში და ვთქვი, ამ ყველაფრის უკან დგანან სააკაშვილი და შევარდნაძის ძმისშვილები, თუ მართლები არიან, ამ ხალხს ვჩუქნი იმ 2 პროცენტს, ხოლო თუ არ ვფლობ, მოვითხოვ იმ 2 პროცენტის ეკვივალენტ თანხას–მეთქი. აღმოჩნდა, რომ 2 პროცენტი 1,3 მილიონი დოლარის ტოლი იყო. ორ სასამართლოში მოვიგე. თან ვამბობდი, ამ ფულით ვხურავ ბაგრატის ტაძარს და ვეხმარები განათლებას–მეთქი. მერე სააკაშვილი გახდა პრეზიდენტი. საქმე თურმე სასამართლოში იხილება და ამას ქუჩაში ვიგებ. გავაგზავნე სასამართლოში წერილი, რატომ არ მიმიწვიეთ–მეთქი. პასუხს ვიღებ, თქვენ აღარ ხართ მხარე, დათო მუმლაძეაო. მუმლაძე რა შუაში იყო, როცა მე მაბრალებდნენ იმ 2 პროცენტის ფლობას?! ისინი, როგორც გუბერნატორს, კი არ მიჩიოდნენ, არამედ – როგორც თემურ შაშიაშვილს. არც ერთი მხარე არ მივიდა და სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება: მხარეების გამოუცხადებლბის გამო საქმე დასრულებულად ჩაითვალოს და ბაჟის – 5 ათასი ლარის გადახდა დაევალოს თემურ შაშიაშვილს. ქუთაისში მამაპაპისეული სახლის გარდა, არაფერი გამაჩნია. იმ სახლში დამიყადაღეს როიალი, ჭაღი და წიგნები. და დღეს ესენი კახა თარგამაძეზე ლაპარაკობენ!
2001 წლის შემოდგომაზე, "რუსთავი 2"–ში უშიშროების შესვლის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია გადადგა და თან შინაგან საქმეთა მინისტრი კახა თარგამაძეც მიიყოლა. შაშიაშვილი ამბობს, რომ, როგორც თარგამაძისგან იცის, იმ დილით პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტში სხვა მოლაპარაკებები იყო.
– იმ დღეს სხდომა დანიშნული იყო დილის 11 საათზე, გადაიდო. 4 საათზე შედგა. მანამდე პარლამენტის თავმჯდომარის, ზურაბ ჟვანიას ოთახში ერთმანეთს შეხვდნენ ამერიკის ელჩი, ზურაბ ჟვანია, მიხეილ სააკაშვილი და კახა თარგამაძე. თარგამაძეს სთავაზობდნენ, გამოდი შევარდნაძის წინააღმდეგ, პრეზიდენტის უფლებები შევამციროთ და პირველი ვიცეპრემიერი იქნები დიდი უფლებებით, შენი გადადგომა მთელი მთავრობის გადადგომას გამოიწვევსო. უთხრეს, რომ ბურჯანაძე გახდებოდა პარლამენტის თავმჯდომარე, ზურაბ ჟვანია გადავიდოდა მთავრობის ხელმძღვანელად. თან პროექტის მონახაზი ხელში მისცეს. როგორც კახამ მითხრა, ამ შეთავაზებაზე უარი თქვა.
მაშინ უკვე დაწყებული იყო ბრძოლა იმისთვის, რომ მომავალი პრეზიდენტი კვლავ მოქკავშირელი ყოფილიყო. შევარდნაძეს მესამე ვადით არჩევის უფლება არ ჰქონდა, ამიტომ მთავარი იყო, ეკონტროლებინათ შინაგან საქმეთა მინისტრი. ამისთვის ან თავისი კაცი უნდა დაესვათ ამ პოსტზე, ან თარგამაძე დაემორჩილებინათ. მაგრამ შინაგან საქმეთა მინისტრთან რამდენიმე დაპირისპირება მოუხდათ. თარგამაძემ ტელევიზიით ბოდიში მოუხდა ქართველ ხალხს, მონაწილეობა მივიღე მოქკავშირის გამარჯვებაშიო. ეს უკვე ომის დაწყება იყო ე.წ. რეფორმატორებსა და თარგამაძეს შორის. ეს იყო უკვე ბრძოლა პრეზიდენტობისათვის.
დღეს პოლიციას საკმაოდ სოლიდური ხელფასი აქვს. პრეზიდენტი ხშირად ამაყობს, პატრული ძველი "გაიშნიკებივით" ქუჩაში ხალხს არ ყვლეფენ, შევარდნაძის დროს პოლიციელებს ის მინიმალური ხელფასიც არ ეძლეოდათ, რაც ეკუთვნოდათო. შაშიაშვილის თქმით, ამას მოქკავშირის მაშინდელი ლიდერები სპეციალურად აკეთებდნენ ქვეყანაში ბუნტის და არეულობის დასაწყებად და რევოლუციის მოწყობას რეფორმატორები ჯერ კიდევ 2001 წელს ფიქრობდნენ.
- 2000 წლის ბოლოს პოლიციას ხელფასს აღარ აძლევდნენ, რომ კრიმინალური სიტუაცია დამძიმებულიყო, ხალხი ქუჩაში გამოსულიყო და მსოფლიოში ეთქვათ, საქართველოში ასეთი სიტუაციააო. გამოვიდა თარგამაძე ტელევიზიით და თქვა, ხელფასებს არ გვაძლევენ, პოლიციაში ბუნტი უნდათო. იმართება შეხვედრა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კაბინეტში, სადაც ირაკლი მანაგაძე ამბობს, ფული არის და რატომ არ აძლევთო. თარგამაძისგან ვიცი, რომ ფინანსთა სამინისტროს მაღალჩინოსანი პასუხობს, ჩვენგან რა გინდათ, დავალება გვაქვს და მოქკავშირის ხელმძღვანელობასთან გაარკვიეთო. თარგამაძე მაშინ ხელითაც შეეხო იმ მაღალჩინოსანს. თარგამაძემ მითხრა, მთავრობის იმ წარმომადგენელმა მითხრა, პენსია–ხელფასები იმიტომ არ გაიცემოდა, რომ მძიმე მდგომარეობა შექმნილიყოო.
სწორად ამბობს თარგამაძე, 2001 წელს იყო ბევრი რამ დაგეგმილიო. 2000 წელს შევარდნაძის წინასაარჩევნო ღონისძიება ჩატარდა მუსიკალურ ცენტში. მოხსენება ზურაბ ჟვანიამ გააკეთა. იქ გამომსვლელებს რომ ვუსმენდი, მეგონა, ღმერთზე ლაპარაკობდნენ და არა – შევარდნაძეზე. ხუთი თვის შემდეგ უკვე სხვა ლაპარაკი დაიწყეს, ეს უკვე საპრეზიდენტო ბრძოლა იყო. ვარდების რევოლუცია 2001 წელს იმიტომ უნდოდათ, რომ ჟვანია ჩქარობდა. სააკაშვილი არ იყო მაშინ 35 წლის. 2001 წელს რევოლუცია ჟვანიას გუნდს აწყობდა, 2003 წელს – სააკაშვილს. 2001 წელს არ შედგა იმის გამოც, რომ ეს ძალები ერთნი არ იყვნენ და კახა თარგამაძემაც ბევრი გააკეთა, რომ ქვეყანაში გადატრიალება არ მომხდარიყო.
ყველა უბედურება, რაც 2002 წლამდე მოხდა, დღეს ლამის კახა თარგამაძეს ბრალდება. ყოფილ გუბერნატორს კი თარგამაძესა და ჟვანია–სააკაშვილის დაპირისპირებებთან ერთად, მათი სიმბიოზური ცხოვრების ბევრი დეტალიც ახსოვს.
- დღეს გამოდიან მინაშვილი და სხვები და ამბობენ, სააკაშვილი იყო ერთადერთი, ვინც თარგამაძეს ებრძოდაო. სააკაშვილი იყო ერთადერთი პიროვნება, რომელსაც ფეხზე ადგომით აქვს თარგამაძის სადღეგრძელო დალეული, ის ერთადერთი პიროვნებაა, რომელმაც პარლამენტის ტრიბუნიდან 1999 წლის არჩევნებისთვის მას მადლობა უთხრა. თუ ასეთი ნარკობიზნესი ჰქონდა, ამდენ უბედურებას აკეთებდა, სად გაუშვეს?! დღეს ნარკობიზნესი უჭირავს ვანო მერაბიშვილს და პოლიციას, ღვინოც კი ერთმა კომპანია უნდა გაყიდოს და ამას თავზე ვანო მერაბიშვილი აზის, მერები და გამგებლები კი არა, ლექტორებიც მისი ბრძანებით ინიშნებიან. შავი ფული, ნარკოტიკების, იარაღის ბიზნესი, რომლის გზაც საქართველო გახდა, მერაბიშვილის ხელშია. ესაა საკაშვილის პოლიტიკა. ვიდრე გენერალური მდივანი იყო, თარგამაძეზე იყო მიბმული, დღეს პრეზიდენტია და მერაბიშვილზეა ჩამოკიდებული.
მე გახლდით რესტორან "ქართულ პურში", სადაც პარლამენტის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ 1999 წლის საპარლამენტო არჩვენების შემდეგ მიგვიწვია. მიხეილ სააკაშვილი იმ ბანკეტზე ერთ–ერთი მთავარი ფიგურა იყო. მოძრაობდა აქეთ–იქით, იმიტომ რომ ერთ ადგილზე ვერ ისვენებს. ჟვანიამ გუბერნატორებს გადაგვიხადა მადლობა, არჩევნები თქვენ მოგვაგებინეთო. სააკაშვილმა თქვა, გუბერნატორებმა დიდი საქმე გააკეთეს, მაგრამ მთავარი საქმე მაინც კახა თარგამაძემ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა, მადლობა უნდა ვუთხრათ სამინისტროს და კახა თარგამაძის სადღეგრძელო შევსვათო. თარგამაძე იქ არ იყო. ვიდრე სააკაშვილი "მოქალაქეთა კავშირის" გენერალური მდივანი იყო, თარგამაძეს აქებდა და ადიდებდა პარლამენტის ტრიბუნიდან, მაგიდასთან, ქუჩაში და აძლევდა დავალებებს, რომ მათთვის მიუღებელი პიროვნებები შეემოწმებინათ.
- როცა დღეს ხელისუფლებამ უმაღლეს რანგში აიყვანა თარგამაძესთან დაკავშირებული საკითხები, მგონია, რომ მათ შერჩათ ის პანიკური შიში, რომელიც თარგამაძის მიმართ ჰქონდათ. ეს შიში გაჩნდა მას შემდეგ, რაც დაპირისპირება მოხდა 2001 წელს თარგამაძესა და "მოქალაქეთა კავშირის" ლიდერებს შორის. მიზეზი 2000 წელს მთავრობის დამტკიცება იყო. მაშინ წარადგინეს რამდენიმე მინისტრის კანდიდატურა, რომელთა კატეგორიული წინააღმდეგი წავიდა თარგამაძე. ერთ–ერთი კანდიდატურა იყო ამერიკული კადრი რიჟინაშვილი. თარგამაძემ შეადგინა უსტარი და გაუგზავნა შევარდნაძეს. შევარდნაძემ ეს წერილი პარტიის ხელმძღვანელობას გააცნო. იქ საუბარი იყო არა მხოლოდ იმაზე, ვინაა რიჟინაშვილი, არამედ – რას წარმოადგენდა ის, როგორც პიროვნება. ბევრი მძიმე რამ ეწერა. მეორე მიზეზი 1999 წელს რუსეთიდან პიარისთვის ჩამოყვანილი გუნდი იყო, რომელშიც, როგორც გითხარით, კაგებე–ს სამი გენერალიც იყო.
მოქკავშირის ხელმძღვანელობას გაუჩნდა ეჭვი, რომ კახა თარგამაძემ ეს გუნდი ამხილა, თუმცა თავად თარგამაძე ამბობდა, ეს მე არ გამიკეთებიაო და შევარდნაძეც ეთანხმებოდა. დაპირისპირებას კიდევ ერთი, პიკანტური მიზეზი ჰქონდა. უშიშროების საბჭოს სხდომაზე სააკაშვილმა მაგიდასთან ფეხსაცმელები გაიძრო. წინდები არ ეცვა. თარგამაძე გვერდით ეჯდა, ადგა ჩუმად, ისე, რომ სააკაშვილმა ვერ გაიგო და ფეხსაცმელები გაყარა. სხდომა დამთავრდა და სააკაშვილი ფეხშიშველი დადიოდა.