სამშაბათს კორონავირუსის მაჩვენებელში ნახტომისებური ზრდა დაფიქსირდა. სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ე.წ. მეხუთე ტალღის დასაწყისია და შესაძლოა წინ საკმადო მძმე ზამთარი გველის კრიტიკულად გადატვირთული სამედიცინო სექტორითა და ახალი შეზღუდვებით. „რეზონანსთან" საუბრისას ისინი ამ ახალი „აფეთქების" გამომწვევ სავარაუდო მიზეზებს ასახელებენ და მოსალოდნელ შედეგებზე საუბრობენ.
სპეციალისტთა უმრავლესობა მეხუთე ტალღის დაწყების სავარაუდო თარიღად ოქტომბრის ბოლოს ასახელებდა. 12 ოქტომბერს დაფიქსირებულ რიცხს ისინი რამდენიმე ფაქტორით ხსნიან - საგანნმანათლებლო დაწესებულებში სწავლის დაწყებითა და 2 ოქტომბრის არჩევნებით, რამაც მობილობის ზრდა გამოიწვია. ასევე ერთ-ერთ ფაქტორად ცივ ამინდებსაც მიიჩნევენ.
ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელია. 12 ოქტომბრის მონაცემებით, სულ ჩატარდა 1 882 118 აცრა და დღიურად აცრილია მხოლოდ 6 817 ადამიანი. ამასთან, ოფიციალური ცნობით, ბოლო პერიოდში აცრების ყოველდღიურ მაჩვენებელში ძირითად რაოდენობას მეორე დოზით აცრილი მოქალაქეები შეადგენენ. პირველი დოზით აცრილთა რაოდენობა კი რამდენიმე ასეულიდან 1000-მდე მერყეობს.
სპეციალისტთა პროგნოზით, თუ ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი ასეთ მაღალ ნიშნულზე კიდევ რამდენიმე დღეს შენარჩუნდა და მოიმატა, ჯანდაცვის სექტორზე დაწოლა იქნება და მთავრობას მეტი გზა აღარ დარჩება და იძლებული გახდება მობილობის შესამცირებლად შეზღუდვები შემოიღოს, ეს იქნება საქალაქო ტრანსპორტის გაჩერება, სწავლების სრულად ონლაინ რეჟიმში გადასვლა თუ სხვა.
ყველა ინდიკატორი ერთად გაუარესდა
სამშაბათს, 12 ოქტომბერს, კორონავირუსით ინფიცირების 4774 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და გარდაიცვალა 37 პაციენტი. ორშაბათს ეს რიცხვი 1530-ს შეადგენდა და ლეტალობა 23-იყო. 10 ოქტომბერს 2 490 ადამიანი დაინფიცირდა,გარდაიცვალა 25 პაციენტი, ხოლო 9-ში 2844 ახალი ინფიცირება იყო და 29 ადამიანი გარდაიცვალა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ყველა ინდიკატორი გაუარესებულია, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 10%-ს ასცდა,1,43-მდეა ასული რეპროდუქციის ინდექსი, ასევე ყოველდღიურ აცრათა მაჩვენებელი მცირდება და თუ ტემპი არ მოიმატებს, შესაძლოა მეხუთე ტალრა ქვეყნისთვის უფრო რთული აღმოჩნდეს.
„დღეს 37 გარდაცვლილია. ჩვენთვის დაწესებულ შიდა ზღურბლით, დაახლოებით, არის 9 გარდაცვლილი მილიონ მოსახლეზე, ანუ, დღის განმავლობაში, დაახლოებით, 29 გარდაცვლილი. რა თქმა უნდა, არავითარი დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს.
„დაახლოებით, 18 სექტემბრიდან, თანდათანობით, და განსაკუთრებით ოქტომბერში, მცირდება ყოველდღიურ აცრათა მაჩვენებელი. თუ აცრის მაჩვენებლის გაზრდას ვერ მოვახერხებთ, მეხუთე ტალღა ქვეყნისთვის უფრო რთული იქნება", - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ბუსტერ დოზები და ბავშვების აცრა
ოფიციალური ინფორმაციით, ბუსტერ დოზებზე და ასევე 12-დან 15 წლის ჩათვლით ბავშვების აცრისთვის რეგისტრაცია სამედიცინო დაწესებულებებში უკვე შესაძლებელია. მესამე დოზით აცრას კოვიდ-19 დაავადების მძიმე გართულებების მაღალი რისკის ქვეშ მყოფი პირები შეძლებენ, მათ შორის: 50 წლის და უფროსი ასაკის პირები, ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებში მცხოვრები 16 წელზე მეტი ასაკის პირები, მათ მომვლელები და დაწესებულებაში დასაქმებული პირები, სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები და პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებული ბრალდებული/მსჯავრდებული 16 წელზე მეტი ასაკის პირები (მოქალაქეობის სტატუსისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის მიუხედავად), სამედიცინო პერსონალი, 16-დან 49 წლის ჩათვლით ასაკის პირები, ქრონიკული დაავადებებით-(ვაქცინაციის სურვილის შემთხვევაში ამცრელ დაწესებულებებს უნდა წარუდგინონ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა - ფორმა #IV-100/ა;)
ბუსტერ-დოზით აცრა უნდა ჩატარდეს ვაქცინაციის პირველადი კურსის დასრულებიდან მინიმუმ 6 თვიანი ინტერვალით, რაც აითვლება მეორე დოზის გაკეთების თარიღიდან.ბუსტერ-დოზად შესაძლებელია იგივე ან სხვა ვაქცინის გამოყენება, თუ დაშვებულია ვაქცინის მწარმოებლის მიერ.
პედიატრი, თემურ მიქელაძე ბავშვთა იმ ჯგუფებს გამოყოფს, რომელ კატეგორიაშიც იმუნიზაცია საქართველოში უკვე დასაშვებია.
„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და უკვე ორშაბათიდან დაიწყო 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაცია საქართველოში, განსაკუთრებული რისკ-ჯგუფის მქონე პაციენტების და ჩვენ კლინიკაში, კონკრეტულად კავკასიის მედიცინის ცენტრში, რამდენიმე ბავშვი უკვე აიცრა კიდეც.გარდა ამ ბავშვების ჯგუფისა, რომელიც იყო რისკ-ჯგუფები, არის მშობლების მოთხოვნით, საზღვარგარეთ როცა მიდიან სასწავლებლად ბავშვები ან სხვა სპორტულ აქტივობებზე, თუ ქორეოგრაფიულ აქტივობებზე და ა.შ. და ის ქვეყნები, რომლებიც აუცილებლად მოითხოვენ ამ ასაკის ბავშვების ვაქცინაციას და შესაბამისად, ასეთი რამდენიმე პაციენტი, ჩვენ პირველად გუშინ უკვე ავცერით," - განაცხადა თემურ მიქელაძემ.
დაიწყო თუ არა მეხუთე ტალღა
კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენის გამო, რამდენიმე ბაგა-ბაღი დროებით დაიხურა და სკოლების ნაწილი ისევ ონლაინ სწავლებაზე გადავიდა, ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას ცნობით, სკოლებისთვის დამატებითი რეგულაციების დაწესება ჯერჯერობით არ იგეგმება, რადგან არსებული რეგულაციების პაკეტი საკმაოდ ეფექტურია და ცვლილებებს არ საჭიროებს. რაც შეეხება ბაგა-ბაღებს, აქ, გაბუნიას თქმით, მთავარია წესების დაცვა და პერსონალის ვაქცინაცია.
ამასთან, მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ სამშაბათს დაფიქსირებული მაღალი მაჩვენებელი არ უნდა მივიჩნიოთ მეხუთე ტალღის დასაწყისად.
„არანაირი შეზღუდვა. ახლა ჩვენთვის მთავარია ამ მერყეობის აქტიური მართვა. ამას მე-5 ტალღას ვერ დავარქმევთ, რადგან ჯერ ჩვენ მე-4 ტალღიდან ვერ გამოვედით და არის გარკვეული მერყეობა, რაც უნდა მოგვარდეს იმ გზით, რომ ისევ დავუბრუნდეთ პირბადის აქტიურ გამოყენებას, სოციალურ დისტანცირებას და რაც მთავარია, მაქსიმალურად გააქტიურდეს ვაქცინაციის პროცესი", - განაცხადა გაბუნიამ.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე კი „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, ეპიდემიის მეხუთე ტალღა სავარაუდოდ უკვე დაიწყო და თუ მაღალი მაჩვენებელი რამდენიმე დღე შენარჩუნდა და მოიმატა, გამორიცხული არაა, რომ შეზღუდვები დაწესდეს.
„ფაქტია, რომ მატებაა. ბევრი რომ იტესტება, ეს იმას ნიშნავს, რომ ბევრია ავად და მიაკითხა. ვფიქრობ, რომ მეხუთე ტალღა დაიწყო. ეს ალბათ უფრო სკოლების გახსნის შედეგი შეიძლება იყოს, ბავშვების რაოდენობამაც იმატა. არჩევნებზე რეგულაციების დაცვა სრულყოფილი იყო, თუმცა შეიძლება რაღაც რაოდენობა ამანაც მიუმატა. ეს ნაკლებად მგონია, მაგრამ მაინც. მატება ასევე გამოიწვია თავშეყრის ადგილებზე ყოფნამ, არაცრამ და ყველაფრმა ერთად.
„შეზღუდვები ჩემი გადასაწყვეტი არაა, მაგრამ თუ ასეთი რაოდენობით ერთ-ორი დღე გაგრძელდა, ინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში შესაბამისად კიდევ მეტი იქნება. აქედან გამომდინარე, თუ ასე შენარჩუნდა და მოიმატა, ალბათ შეზღუდვები იქნება. თუმცა რა სახის, ამას მარეგულირებელი საბჭო წყვეტს. როგორც ჩანს, მეხუთე ტალღა დაიწყო, რომელიც, ჩემი აზრით, ძალიან მძიმე იქნება", - განაცხადა ენდელაძემ.
რამ გამოიწვია ახალი „აფეთქება" და დაწესდება თუ არა შეზღუდვები
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი და ექსპერტი აკაკი ზოიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ინფიცირებულთა ყოველდღიური რაოდენობის მატება რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობამ გამოიწვია, მათ შორის 2 ოქტომბრის არჩევნებმაც და სკოლების ჩვეულებრივ რეჯიმში დაბრუნებამ.
„მატება ალბათ ყველა ფაქტორმა ერთად გამოიწვია. ცუდი ამინდიც იყო და ადამიანები ძირითად დროს ერთ სივრცეში ატარებენ. თუ პირბადის ტარების მაჩვენებელი არ გამოსწორდებოდა და აცრების პროცესი მკვეთრად არ დაჩქარდებოდა, ამას ისედაც ველოდებოდით. იმისათვის, რომ უმძიმესი ზამთარი თავიდან ავიცილოთ, დღეს კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ფიზიკური დისტანციის დაცვას, საჯაროი სივცრცეში პირბადის ტარებას და ვაქცინაციის პროიცესში გარდატეხის შეტანას, რომელიც ძალიან შენელდა", - განაცხადა ზოიძემ.
კითხვაზე, მაღალი მაჩვენებლის შენარჩუნების შემთხვევაში მოსალოდნელია თუ არა კვლავ დაწესდეს შეზღუდვები, ვთქვათ, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე და საგანმანათლებლო დაწესებულებები ისევ სრულად ონლაინ სწავლებაზე ხომ არ გადავა, ზოიძემ განაცხადა, რომ თუ ასე გაგრძელდა, ადრე თუ გვიან სხვა გზა აღარ დარჩება.
„თუ სიტუაცია გაუარესდა, ჯანდაცვის სექტორმა ძალიან დიდი მსხვერპლი თავიდან რომ აირიდოს, ამ შემთხვევაში სხვა გამოსავალი არ დარჩება. მაგრამ არც სწავლის შეწყვეტა არ გვინდა ჩვეულებრივ რეჟიმში დასწრების კუთხით და არც ნებისმიერი სხვა ტიპის შეზღუდვების შემოტანა. პრობლემა ერთი და იგივეა - ატარე პირბადე, დაიცავი დისტანცია. აიცერი, სხვა გამოსავალი არ არსებობს," - განაცხადა ზოიძემ.
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე ლადო კახაძე კი „რეზონანსთან" ამბობს, რომ შეზღუდვების დაბრუნების წინააღმდეგია, რადგან ეს ქვეყნის ეკონომიკაზე პროპორციულად აისახება.
„ვირუსის გადამტანი მხოლოდ და მხოლოდ ადამიანია. თუ ეს ჯაჭვი ჩაწყვეტილი არაა, მაშინ ნებისმიერი აქტივობა, რომელიც დაუცველ გარემოში მოხდება, შემთხვევების მატების გამომწვევია, ასევე ვაქცინაციაზე უარის თქმა.
„ოთხი ტალღა გამოვიარეთ და ყველა გაიწვრთნა. სისტემამ შვიდი ათასამდე ზეწოლას გაუძლო, გაკეთდა სივრცეები აცრებისთვის , გვაქვს ვაქცინები, თუმცა სულ მიზეზს ვეძებთ და არასოდეს არ ვკითხულობთ ჩვენ, ადამიანები რას არ ვაკეთებთ.
„ჩატარდა მილიონ რვაასი ათასზე მეტი აცრა და აქედან თითქმის ორ მილიონში ერთი გარდაცვალებაა. იმ ნაწილში კი, ვინც აცრა არ ჩაიტარა და ნორმები უგულებელჰყო, მილიონში 3 ათასი გარდაცვალებაა.
„ჩინეთში, მილიარდნახევრიან ქვეყანაში ასი ათასი ადამიანი დაავადდა, 5 ათასამდე გარდაიცვალა. ამის გამო 750 მილიონი ჩინელი უკვე აცრილია და 80%-ზე ასვლას აპირებენ. ჩვენ, სადაც 3 მილიონნახევარი ვართ, 700 ათასი გვყავს დაავადებული, აქ გარდაცვალებულია 9 ათასი. გამოსავალი გონიერებაში, ნდობაში და სახელმწიფოს მიერ მიღებული ნორმატიული აქტის შესრულლებაშია.
„პორტუგალიაში 95%-ია აცრილი, დანიამ ნიღაბი მოიხსნა, ისრაელი ბუსტერ დოზაზე გადავიდა. ჩვენთან პირბადის მტარებლობა 41%-ზე ჩამოვიდა მაშინ, როცა 90% უნდა იყოს.
„ტრანსპორტი თუ არ გადაივსება და ყველას პირბადე ეკეთება, არ უნდა გაჩერდეს. ნიღაბი ატარე, დისტანცია დაიცავი და საქმეც გააკეთე - ტრანსპორტითაც იმგზავრე, სკოლაშიც წადი, ლექციაც ჩაატარე და მშენებლობაზე აგურიც დადე. თუ ტალღა ისეთი დიდი იქნა, რომ ჩვენს ინფრასტრუქტურას გადაახტება, ამისთვის შეიძლება საველე ჰოსპიტლებიც გააკეთო, მაგრამ ექიმები და სასუნთქი აპარატები საინდან უნდა მოიძიო? ამასთანავე, ეკონომიკის გაჩერება არ შეიძლება.
„არჩევნებზე უმაღლესი დონით იყო დაცული ყველა პარამეტრები. რაც შეეხება სკოლებს, მშობლებმა დამირეკეს, რომ თუ მასწავლებლები აცრილები არ იქნებიან, სკოლაში ბავშვებს არ გავუშვებთო. არ მეთქვა „მართალი ხართ-თქო"? შეზღუდვების შემოღების თაობაზე გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭო იღებს, მაგრამ მე შეზღუდვების უკან დაბრუნების მომხრე არ ვარ, რადგან მოსახლეობა თავად უნდა მოიქცეს გონივრულად", - განაცხადა კახაძემ.