რატომ გააკეთა ხოსე კარერასმა არჩევანი სოფო ნიჟარაძეზე

რატომ გააკეთა ხოსე კარერასმა არჩევანი სოფო ნიჟარაძეზე

როგორც ვიცით, ახალი წლის ღამეს ბათუმი უცხოელ და ქართველ ცნობილ, ყველასთვის საყვარელ მომღერლებს მასპინძლობდა, რომელთაც ქართველებს საოცარი და დაუვიწყარი ახალი წელი მოუწყვეს. მომღერლებს შორის მშვენიერი სოფო ნიჟარაძეც იყო, რომელმაც ხოსე კარერასთან დუეტიც შეასრულა.

სოფო, სანამ ინტერვიუს ჩაწერას დავიწყებდით, შენ თქვი, რომ ბათუმელები განსაკუთრებული სითბოთი მხვდებოდნენო.

- დიახ, მათ ქალაქზეა სიმღერა, თანაც ძალიან ცნობილი მელოდია, რომელიც ახლებურ ვარიანტში გაკეთდა. ზოგს რა გაახსენა, ზოგს კიდევ რა. თანაც იმის არდანახვა, რომ ბათუმი ძალიან გალამაზდა, ნამდვილად შეუძლებელია. კლიპში მოხდა, მგონი, ამ ყველაფრის სინთეზი და შესაბამისი რეაქციებიც მოჰყვა. რამდენჯერმე კაფეში შევედი და „ბათუმს ქათქათას“ ყველა ერთად მიმღეროდა. რა თქმა უნდა, მიხარია, რომ ასე მოსწონთ.

ახალ წელს ღია ცისქვეს პირველად შეხვდი?

- თბილისში შევხვედრივარ ახალ წელს ღია ცისქვეშ, მაგრამ ბათუმში - არა, თანაც ასეთ გრანდიოზულ კონცერტში მონაწილეობით და ხოსე კარერასის გვერდით.

რატომ გააკეთეს ხოსე კარერასთან დუეტის შესრულებისას არჩევანი შენზე?

- როდესაც ასეთი დონის მომღერალი ჩამოდის, მას თავისი მოთხოვნები - რაიდერი აქვს: ვისთან ერთად გამოდის, ვინ იღებს კონცერტში მონაწილეობას და ასე შემდეგ. ოპერის დირექტორი დათო საყვარელიძე ორგანიზებას უწევდა ამ ყველაფერს და კარერასთან დამაკავშირებელი ფიგურაც ის იყო. თავიდანვე გაჩნდა იდეა, რომ ქართველ მომღერლებთან ერთად შესრულებულიყო დუეტები. რა თქმა უნდა, კარერასს გაუგზავნეს ინფორმაცია ჩვენს შესახებ, ანუ ვინ ვიღებდით კონცერტში მონაწილეობას და მისმა პროდიუსერმა თქვა, მოდი, მიუზიკლის მომღერალთან ერთად იმღეროს მიუზიკლიდან ეს დუეტიო. მე არ ვარ ოპერის მომღერალი, მიუზიკლების შემსრულებელი ვარ და მათთვის ალბათ, საინტერესო იქნებოდა სხვა ჟანრის მომღერალთან დუეტის შესრულება. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი დიდი სურვილიც იყო. ანუ, ჩემზე და სიმღერაზე თავად გააკეთეს არჩევანი, პარტიტურაც გამოგზავნეს. მე ვიცოდი ეს მიუზიკლი, „გიწიში“ მეორე კურსზე სწავლისას დავდგით, მე ვმღეროდი მთავარ პარტიას, თუმცა, ეს სიმღერა არ შეგვისრულებია. როდესაც გავიგე, რომ კარერასთან ერთად სწორედ ამ მიუზიკლიდან უნდა შემესრულებინა ეს სიმღერა, ძალიან ვინერვიულე. ჩვენ 30 დეკემბერს ერთი რეპეტიციის გავლა მოვასწარით. ძალიან თბილად მომექცა და რომ მითხრა, ძალიან ლამაზი ხმა გაქვსო, რა თქმა უნდა, დავწყნარდი და უკვე მშვიდად შევასრულე სიმღერა.

როგორი ადამიანია?

- მართალია როდესაც ამბობენ, რომ ყველა ვარსკვლავი ძალიან უშუალო და ბუნებრივიაო, ასეთივეა ხოსე კარერასიც. ძალიან უშუალო და თბილი ადამიანია. კონცერტზე ძალიან ცუდად იყო, მაღალი სიცხე ჰქონდა, მაგრამ თქვა, ისე მიყვარს ქართველები, აქაურობა, რომ მოვკვდე, მაინც ვიმღერებო.

ახალ წელს სურვილების ჩათქმაც თუ მოასწარი?

- უი, დამავიწყდა, გაშტერებული ვუყურებდი ფოიერვერკებს. თუმცა, რაღაცეებზე ვფიქრობდი და ეს ხომ თავისთავად სურვილის ჩათქმაა. ფურცლის დაწერა, დაწვა და გადაყლაპვა ნამდვილად არ მიცდია.

დაახლოებით ერთი წელია, რაც თბილისში გადმოხვედი და საკმაოდ შეიცვალა შენი ცხოვრების სტილი. დატვირთული ხარ და ხშირად იღებ კონცერტებში მონაწილეობას, რასაც ბევრი ვერ ახერხებს.

- მიხარია, რომ ჩემს ქვეყანაში ჩემზე, როგორც მომღერალზე, მოთხოვნაა. თავიდან, როდესაც მოსკოვიდან მოვდიოდი, ამაზე ნამდვილად არ მიფიქრია. ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი სპონტანურად ხდება და მომავალზე არ ვფიქრობ ხოლმე. შესაბამისად, არც იმაზე მიფიქრია რა იქნებოდა თბილისში, რა უნდა გამეკეთებინა. მიხარია, რომ ყველაფერი კარგად აეწყო. ევროპიდანაც მაქვს შემოთავაზებები და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

გავიგე სოფო ნიჟარაძე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გახდაო, ეს სიმართლეა თუ ჭორი?

- არ ვარ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და არც მაქვს ამის სურვილი. თუმცა იმათ გასაგონად, ვისზეც, ეს ჭორი აღშფოთებას იწვევს, მინდა ვთქვა, რომ ქართული ენის გარდა კიდევ ორი ენა ვიცი სრულყოფილად, ორ ენას ვსწავლობ. ნებისმიერ თემაზე, დაწყებული საქართველოს ისტორიით, დიპლომატიით დამთავრებული, შემიძლია, ნებისმიერ ადამიანთან დავჯდე დებატებში. ოქროს მედალზე მაქვს სკოლა დამთავრებული და რუსეთში ორი უნივერსიტეტი დავამთავრე წითელ დიპლომზე. ისე არასდროს მქონია თანამდებობისკენ სწრაფვის სურვილი და ყოველთვის რასაც ვაკეთებდი, დაკავშირებული იყო კულტურასთან. შესაბამისად, რასაც მომავალში გავაკეთებ ისიც ხელოვნების სფეროსთან იქნება დაკავშირებული. ეს ჭორი რატომ გავრცელდა არ ვიცი, მაგრამ მე ვმუშაობ საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობათა დეპარტამენტის კულტურის სამმართველოში. იმ სფეროში მიწევს მუშაობა, რომელიც ძალიან ახლოს არის ჩემს საქმიანობასთან.

რის კეთება გევალება და რა თანამდებობა გიკავია?

- არანაირი თანამდებობა არ მაქვს, ერთ-ერთი ყველაზე დაბალი პოზიცია მიკავია. კულტურის სამმართველო კორდინაციას უწევს, თანამშრომლობს და აწარმოებს მოლაპარაკებებს კულტურის სამინისტროსთან და ხანდახან ამ სამინისტროსთან ერთად მონაწილეობს კულტურულ ღონისძიებებში. როდესაც ტარდება საქართველოს დღეები კულტურის სამინისტროს აკავშირებს საელჩოებთან და ასე შემდეგ. მუშაობა, რომ დამეწყო, სამი გამოცდა ჩავაბარე - ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებზე ვწერე გამოცდების ეროვნულ ცენტრში. კითხვები პოლიტიკურ თემებზე, ინტერაქტიულად იქვე მოდიოდა. ამის შემდეგ დამიბარეს გასაუბრებაზე, მეოთხე გამოცდაც ჩავაბარე და მერე ამიყვანეს სამსახურში.

ამ ყველაფრის გარდა, ხშირად გიწევს სხვადასხვა ქვეყნის ჰიმნების შესრულებაც. ცოტა ხნის წინ უკრაინაშიც იყავი.

- დიახ და მიხარია, რომ ეს ვალდებულება დამეკისრა. ძალიან საპასუხისმგებლოა, როდესაც ასრულებ არა მხოლოდ შენი ქვეყნის, არამედ სხვა ქვეყნის ჰიმნს. უკრაინის ჰიმნი ისე შევასრულე, რომ საერთოდ არ ვიცოდი უკრაინული ენა. იუშჩენკომ კი იფიქრა, რომ ვიცოდი და უკრაინულად დამიწყო ლაპარაკი. მე მივხვდი, რაზეც მელაპარაკებოდა და რუსულად ვუპასუხე, მან კი მითხრა, გადასარევად შეასრულეო. ძალიან კმაყოფილი იყო, საჩუქარიც გამომიგზავნა, უკრაინული სუვენირები. თუმცა, ძალიან ვნერვიულობდი, რეპეტიციაზე ორკესტრის ხელმძღვანელს ვუთხარი, თუ რამე შემეშლება, გეხვეწები, შემისწორე-მეთქი. რომ დავამთავრე სიმღერა, მითხრა, გცოდნია უკრაინული და რას გვატყუებო. ჩვენი პრეზიდენტიც ძალიან კმაყოფილი დარჩა, შემაქო კიდეც, ძალიან კარგი იყოო.

ახლო მომავალში რომელი ქვეყნის ჰიმნის შესრულებას აპირებ?

- 10 იანვარს მაკკეინი ჩამოდის და ამერიკის ჰიმნი უნდა შევასრულო. ჰიმნი უკვე ვიცი, ჯო ბაიდენის წინაშე შევასრულე უკვე. ძალიან მიხარია, იმიტომ, რომ მომწონს ამერიკის ჰიმნი, ლამაზია. საქართველოს ჰიმნიც მაქვს შესრულებული და მერე ვნახოთ, რა იქნება.

ბაიდენის ვიზიტის შემდეგ, შენზე და ნიკა გილაურზე ხშირად წერდნენ პრესაში, ჭორაობდნენ.

- კი, ახლა ცოლი მოიყვანა ნიკამ და იმედია, აღარ იჭორავებენ. ის არაჩვეულებრივი ადამიანია და ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ.