22 წლის ახალგაზრდის, ონლაინ-პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებლის, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები, აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე წყნეთში დააპატიმრეს. დაკავების დეტალები არ გავრცელებულა.
„ბანკები და ფინანსებისთვის“ სწორედ ეს დეტალები გახდა ცნობილი და უნდა ითქვას, რომ საინტერესო განსჯის საფუძველს იძლევა იმის ანალიზი, თუ ვის ეკუთვნის სახლი, სადაც ჩატარდა აყვანის ოპერაცია და რა კავშირები იკვეთება სახლის მესაკუთრის სანათესაო-სანაცნობო წრესა და ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, მკვლელობის შემკვეთ კაკულიებს შორის.
წყნეთი. წერეთლის 41.
სახლი გაფორმებულია არქიტექტორ მირიან (მიკა) ყრუაშვილზე (კომპანია „არსის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი), რომელიც არის მარინა ჭყონის ქმარი. მარინა ჭყონია, არის სკანდალურად ცნობილი ლერი სულაბერიძის ყოფილი ცოლი. არსებული ინფორმაციით, ყოფილი მეუღლეები დღემდე მეგობრობენ ახალი ოჯახებით.
ლერი სულაბერიძე – მიიჩნევა გიორგი (ჟორიკა) რურუას უახლოეს მეგობრად. მისი სახელი უკავშირდება „ბოროტების“ საძმოს, საფეხბურთო კლუბ „დინამოს“ ჩახლართულ ფინანსურ საქმეებს, ფეხბურთის ფედერაციის თავმჯდომარის არჩევნებში კრიმინალურ ჩარევას, 1992 წელს ვერაზე თორაძეების ამოჟლეტვას და სხვა კრიმინილურ ისტორიებს.
ლერი სულაბერიძე არის ლიკა გოგლიძის ქმარი. ლიკა გოგლიძის და ეკა გოგლიძე კი, – ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის სავარაუდო დამკვეთების, გუგა და დათა კაკულიების დედაა.
შესაბამისად, იკვეთება მკვლელობაში ეჭვმიტანილების გადამალვის სცენარის სავარაუდო ვერსია, – ლერი სულაბერიძის (მო)თხოვნით, მისი ამჟამინდელი ცოლისდისშვილების საქმესთან დაკავშირებული მკვლელობაში ბრალდებულები, ძებნილები ჭელიძე და კავილაძე შეიფარა სულაბერიძის ყოფილმა ცოლმა, მარინა ჭყონიამ და საამისოდ მისი ამჟამინდელი ქმრის, მიკა ყრუაშვილის სახელზე რიცხული საკუთრება, წყნეთში მდებარე უძრავი ქონება გამოიყენა.
ამ ვერსიის თანახმად, ძებნილთა ხელშემწყობთა წრის სათავეში, თბილისში 90 იანი წლებიდან მოყოლებული, სკანდალურად ცნობილი, ლერი სულაბერიძის სახელი ფიგურირებს.