ბევრისთვის მოულოდნელად თურქულმა კომპანია „ენკამ“ რამდენიმე დღის წინ საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ ოფიცილური განცხადება გამოაქვეყნა. კომპანიამ ამის მიზეზად საკონტრაქტო პირობების დარღვევა და დიდი ხნის ფორსმაჟორული სიტუაცია დაასახელა. ამ განცხადების შემდეგ ხელისუფლებაში ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გაკეთდა. პრემიერს და ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელს საკმაოდ მშვიდად უჭირავს თავი, ეკონომიურ ბლოკის მინისტრებს კი აშკარად ნერვიულობა ეტყობათ.
გუშინ, მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერმა კიდე ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ეს კონტრაქტი მემკვიდრეობით დახვდა, ისე როგორც ბევრი სხვა რამ და ამ კონტრაქტში ბევრი რამ იყო მიუღებელი, რაზეც ღია საუბარი ჰქონდა ინვესტორთან.
„ჩვენი სუვერენული უფლებაა, რომ ინვესტორს ველაპარაკოთ იმ პირობების გაუმჯობესებაზე, რომელიც ქვეყნის მოსახლეობას ეხება და მეც მაწუხებდა მათ შორის, როგორც ჩვენი ქვეყნის რიგით მოქალაქეს. ეს სავსებით ნორმალურია. რაც შეეხება პროცესს, გავაგრძელებთ დიალოგს ინვესტორ კომპანიასთან. ჩვენ მათ აბსოლუტურად ყველა პირობა შევუქმენით იმისთვის, რომ ნორმალურ ვითარებაში გაეგრძელებინათ სამუშაოები, მიუხედავად იმ პროტესტისა, რომელი ადგილზე იყო. ჩვენ მომავალშიც გვექნება კომუნიკაცია, დიალოგი და შემდგომ ბედს მომდევნო ერთ თვეში გავარკვევთ“, - განაცხადა პრემიერმა.
თურქულ კომპანიასთან კონტრაქტის გაწყვეტის გამო, მაინცდამაინც აღელვებული არც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავჯდომარე მაია ბითაძეა. მისი აზრით, აღნიშნული ფაქტი სამწუხაროა, თუმცა ტრაგედია არ არის, რადგან სახელმწიფო ენერგეტიკული განვითარების სტრატეგიაზე მუშაობს, რომლის დამტკიცების შემდეგ ქვეყანაში ისეთი გარემო შეიქმნება, სადაც არც ინვესტორს და არც საზოგადოებას პროექტებთან მიმართებით კითხვები არ ექნება.
„სამწუხაროა, ნამდვილად... უნდა გავიაზროთ ყველამ - მთავრობამ, ოპოზიაციამ და მოსახლეობამ, რომ ენერგოდამოუკიდებლობა, ისევე როგორც ბუნებრივი ლანდშაფტის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. პოსტსაბჭოთა ქვეყნების უმრავლესობამ ამ საკითხზე დიდი ხანია იზრუნა, მათ შორის განახლებადი ენერგიის წყაროებით.
სამწუხაროა, თუმცა ტრაგედია ნამდვილად არ არის, რადგან სახელწიფოს აქვს ენერგეტიკული განვითარების სტრატეგიაზე მუშაობა დაწყებული. რეალურად ამ ახალი სტრატეგიის მიღების შემდგომ ჩვენ გვექნება ისეთი გარემო, რომ არც ბიზნესს და არც საზოგადოებას კითხვები აღარ გაუჩნდება“, - განაცხადა მაია ბითაძემ.
რაც შეეხება ეკონომიკური გუნდის მინისტრებს, ისინი, ერთმანეთის მიყოლებით ამტკიცებდნენ, რომ პროექტი ჯერ შეჩერებულია და არა შეწყვეტილი, შესაბამისად, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს კომპანიასთან კონტრაქტის შენარჩუნებისთვის. ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, „ნამახვანჰესის“ პროექტის განხორციელება უკეთესი პირობებით შეიძლება.
„რადგან დღეს საერთაშორისო არბიტრაჟის რისკი დგას, ამ საკითხთან დაკავშირებით დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ, რათა შესაძლო დავის შემთხვევაში ჩვენი პოზიციები არ დავაზიანო. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავამდე საქმე არ მივიდეს და მოლაპარაკებითა და კომუნიკაციით გადაწყდეს საკითხი.
ეს პროექტი უნდა განხორციელდეს, შეიძლება უკეთესი პირობებით, მათი გაუმჯობესება ყოველთვის შეიძლება. ჩვენი წინა კომუნიკაცია ინვესტორთან იქითკენ იყო მიმართული, რომ უფრო მეტად განხორციელებადი გამხდარიყო ეს პროექტი“, - განაცხადა თურნავამ.
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი კი იმედოვნებს, რომ 1-თვიანი პერიოდი, რომელიც ინვესტორ კომპანიას სახელმწიფოსთან ხელშეკრულების გაწყვეტისთვის სჭირდება, საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ქართულმა მხარემ „ენკასთან“ შეთანხმებას მიაღწიოს.
„იმედს გამოვთქვამ, რომ ის პერიოდი, რომელიც კომპანიას გაცხადებული აქვს ხელშეკრულების შესაწყვეტად, საკმარისი იქნება იმისთვის, რომ კომპანიასთან გარკვეული შეთანხმების მიღწევა მოხერხდეს. სასურველია, რომ კომპანიამ გააგრძელოს პროექტი და ეს იმ ვადებში დასრულდეს, რომელიც განსაზღვრული იყო. პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია და საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს პროცესი არ შეფერხდეს და დადგენილ ვადებში მოხდეს მისი დასრულება“, - აღნიშნა ხუციშვილმა.
ჯერჯერობით დუმს თავად თურქული კომპანია. არც ის არის ცნობილი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საჩივართან დაკავშირებით. საქართველოს მთავრობაში არ გამორიცხავენ, რომ კომპანიამ საერთაშორისო არბიტრაჟს მართლაც მიმართოს და შეუმდგარ პროექტში მიყენებული ზარალის ანაზღაურება მოითხოვოს. იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ არბიტრაჟში წასვლა კომპანიის უფლებაა.
„თუ კომპანია გადაწყვეტს იდავოს არბიტრაჟში, ეს, რა თქმა უნდა, მათი უფლებაა და სახელმწიფო გაატარებს ყველა შესაბამის ღონისძიებას. თუკი დაიწყება დავა ამ საკითხზე, შეგვიძლია, ვისაუბროთ შემდგომ და, რა თქმა უნდა, ასე წინასწარ მთელ სტრატეგიას ვერ გავამხელთ“, - განუცხადა „ბიზნეს მედიას“ ბრეგაძემ.
კომპანია „ენკამ“ 800-მილიონიანი პროექტიდან გასვლის გადაწყვეტილება წინა კვირას მიიღო. აქამდე უცნობია მათი შემდგომი ნაბიჯი და მთავრობასთან კომუნიკაციაც.