უმუშევრობა ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გამომწვევი პრობლემაა, რომლის გამოსწორებაც ვერ ხერხდება, პირიქით, ბოლო ორ წელიწადში მონაცემები საკმაოდ დამძიმებულია. მიზეზი კორონავირუსი და ეკონომიკური შეზღუდვებია. ამ პირობებში ქვეყანას ცხოვრება დღემდე უწევს, თუმცა საქართველოს პანდემიამდეც ჰქონდა აღნიშნული პრობლემა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი მიანიშნებს, რომ საქართველოში უმუშევართა პროცენტული კლება არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილები იქმნება. ფონდი თავის ანგარიშში მიუთითებს, რომ საქართველოში უმუშევრობის დონე რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. ახალი სამუშაო ადგილების მნიშვნელოვანი მატება ქვეყანაში ბოლოს მხოლოდ 2014-15 წლებში დაფიქსირდა.
2015-დან 2019 წლამდე პერიოდში დასაქმებულთა რაოდენობა 12600 ადამიანით შემცირდა, რაც ადასტურებს, რომ კორონავირუსის პანდემიამ სიტუაცია კიდევ უფრო გაართულა, რადგან 2019 წლიდან 2021 წლის მეორე კვარტალის პერიოდში დასაქმებულთა რაოდენობა 81300-ით შემცირდა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში სიღარიბის მკვეთრი ზრდა სწორედ სამუშაო ადგილების შემცირებას უკავშირდება. მდგომარეობა ამ მხრივ საკმაოდ მძიმეა. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, მხოლოდ ივლისში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 66 609 ადამიანით გაიზარდა და 2021 წლის ივლისში 622 266 შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი საარსებო შემწეობას 487 790 ადამიანი იღებდა. ზრდა 27,5%-ია.
გაიზარდა სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაში რეგისტრირებულთა რაოდენობაც, ანუ მათი რიცხვი, ვინც თვლის, რომ ღარიბია და დახმარებას საჭიროებს. უფრო კონკრეტულად, 2021 წლის ივნისში ასეთი ადამიანების რიცხვი 1 054 567 იყო, ივლისში კი 1 059 422 შეადგინა.
პროფესორი პაატა აროშიძე აცხადებს, რომ სოციალური შემწეობების გამო ადამიანები როგორც სოფლად, ასევე ქალაქშიც, ფიზიკური შრომისგან მაქსიმალურად იკავებენ თავს.
„ქალაქში თუ ადამიანს აქვს შემწეობა, არ უღირს, რომ მუშაობა დაიწყოს რომელიმე სექტორში, თუ გაცილებით მეტს არ აიღებს. მაგალითად, ოჯახი თუ იღებს სოციალური შემწეობით 500 ლარს, 700-ლარიან ხელფასს არ დათანხმდება, რადგან სოციალურ შეღავათებს კარგავს. არაფრის კეთებით კი ფულს იღებს. მართალია, შეუძლია ერთჯერად სამუშაოზე დასაქმდეს, არც ფულად დახმარებას დაკარგავს, მაგრამ ესეც არ უნდათ.
ჩვენი მოქალაქეების უდიდეს ნაწილი მთავრობის ხელის შემყურეა და არ ცდილობს, გაექცეს შემწეობას. არის სამუშაო, დასუფთავებაში და სხვა, სადაც 200-300 ლარით მეტი შეიძლება გააკეთო, მაგრამ ამ ფასად შეღავათის დაკარგვა არ უნდათ. საკმაოდ რთულად დგას ეს საკითხი საქართველოში. ვიღაცა თუ გადწყვეტს, რომ შეურაცხმყოფელია სახელმწიფოს კმაყოფაზე ყოფნა და თავისი საქმე დაიწყოს, გადამზადების კურსი და სხვა შესაძლებლობებია, მონდომებულ ადამიანს წინ ვერაფერი აღუდგება და სწორედ ეს უნდა დაანახოს მათ სახელმწიფომ“, - განუცხადა აროშიძემ „კომერსანტს“.
მსხვილი, საშუალო და მცირე მეწარმე, კომპანიები, ფერმერული მეურნეობები - ყველგან, სადაც კი პროდუქტი იქმნება, მუშახელის არნახულ დეფიციტს განიცდიან. მაგალითად, წელს კახეთში სეზონურ სამუშაოზე ერთი ადამიანის დღიური ჯამაგირი 50 ლარამდეც კი გაიზარდა, მაგრამ ბევრი ფერმერი მაინც მუშახელის ნაკლებობას განიცდიდა.
სტატისტიკის სამსახრი თუ ფიქრობს ნეტავ, მისი დათვლის მექანიზმის სიზუსტეზე? ქვეყანა უმაქნისი უსაქმურებით არის სავსე და ამ დროს სამუშაო ძალის დეფიციტია. კურიოზია.
ამ კურიოზის მიზეზი კი ქვეყნის გადამრჩენლად შერაცხული ემიგრანტები არიან, მათდა უნებურად. დაფიქრდით და მიხვდებით, როგორაც.