დიდ ქართულ ავიაციაში ქართველების ადგილი აღარ არის?!

დიდ ქართულ ავიაციაში ქართველების ადგილი აღარ არის?!

ქართული ავიაცია ნელ-ნელა კვდება. ასეთ განცხადებას აკეთებს აწ უკვე შუაგულ აფრიკაში გადაბარგებული გიორგი კოდუა, რომელიც წლების განმავლობაში კომპანია „სქაი ჯორჯიას“ ხელმძღვანელობდა. ყოველ შემთხვევაში, კოდუას ნახელმძღვანელები კომპანია ნამდვილად კვდება. 25 მილიონი ლარის დავალიანების მქონე კომპანიის კრედიტორებს შორის კი სასამართლო დავა დაიწყო.

 

საერთაშორისო ავიახაზების, „სკაი ჯორჯიას“ პრეზიდენტი გიორგი კოდუა თებერვალში საქართველოს დატოვებს და ტანზანიაში გააგრძელებს საქმიანობას. წასვლის წინ იგი ღიად საუბრობს იმ პრობლემებზე, რომელიც ქართულ ავიაციაში არსებობს.

 

„ავიაცია ისეთი პოლიტიზებულია, რომ ყოველთვის ხელისუფლების ყურადღების ქვეშ უნდა იყოს. ამას წინათ პრეზიდენტმა ახსენა სინგაპურიზაცია, რაც სწორი მესიჯი იყო, მაგრამ ამას შესრულება უნდა. მცირემიწიან სინგაპურში ტურიზმის განვითარება ავიაციამ განაპირობა“, - აღნიშნავს კოდუა და დასძენს „ავიაციის სფეროში სრული უკონტროლობაა, რაც არაპროფესიონალიზმით არის გამოწვეული“.

 

„პირველ რიგში, ავიაციის დეპარტამენტი კვალიფიციური კადრებით უნდა დაკომპლექტდეს. ჩვენ გვიხარია აქ უცხოური ავიაკომპანიის შემოსვლა, მაგრამ ეს არ არის ამოცანის გადაწყვეტა“, - დასძენს კოდუა. მისი მოსაზრებით, თუ გსურს,საგარეო პოლიტიკასა და ეკონომიკაში წარმატებას მიაღწიო, ყველა ქვეყანაში უნდა გქონდეს რეისები და ადვილად უნდა იყოს შესაძლებელი საქართველოში დაბალი ტარიფებით ჩამოსვლა. როგორც კუდუა აღნიშნავს, ამას მხოლოდ ქართული ავიაცია გააკეთებს, თუმცა, მისივე თქმით, დღეს ქართული ავიაცია არ არის ორიენტირებული განვითარებაზე.

 

„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ კონტროლი მოიშალა, დღეს საქართველოს ავიაბაზრის 13 პროცენტი უკავია „თურქიშ ეარლაინზს“,14% - „ლუფტჰანზას“ და 14% - „აირზენას“, თუმცა ამ უკანასკნელში მგზავრი აღარ ჯდება. არავითარი პატრიოტიზმი ქართულ ავიაციაში აღარ არსებობს და მთავრობიდან დაწყებული, უბრალო ადამიანებით დამთავრებული, აქებს და ადიდებს უცხოურ კომპანიებს. საქართველოში ავიაციის განვითარების სტრატეგია არ არსებობს. მე, პირადად, დავიღალე ბრძოლით, ხელები ამიწევია, მივდივარ!“, -აცხადებს გიორგი კოდუა.

 

5-წლიანი კონტრაქტის თანახმად, გიორგი კოდუა ტანზანიაში, კერძოდ, ქალაქ დარ-ეს-სალამში სახელმწიფო ავიაკომპანიის გენერალურ მენეჯერად იმუშავებს. მას ასევე გადაეცა „კილიმანჯაროსა“ და „არუშას“ ავიაკომპანიების ინფრასტრუქტურა.

 

ხელებაწეული კოდუას ავიაკომპანიის კრედიტორებს შორის კი სასამართლო დავა დაიწყო. კრედიტორების ნაწილი სასამართლოს გადაწყვეტილების ანულირებას და რეაბილიტაციის ახალი მმართველის დანიშვნას ითხოვს.

 

კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, არსებული მმართველი „სქაი ჯორჯიას“ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის არაფერს აკეთებს. ამიტომ კრედიტორებმა სააპელაციო სასამართლოს მიმართეს.

 

კომპანიაში არსებულ ფინანსურ პრობლემებზე მენეჯმენტმა სპეციალური განცხადება გასულ თვეში გაავრცელა. მიმართვაში ნათქვამი იყო, რომ კომპანიას 25 მილიონი ლარის კრედიტორული დავალიანება აქვს.

 

კრედიტორებს შორის არიან „ლილო სითი“, „ბი-პი საქართველო“, „ჯორჯიან პეტროლიუმი“, „ბელავია“, „ვითიბი ბანკი“ და „ლიბერთი ბანკი». კრედიტორების თქმით, ნოემბერში მოსამართლემ „ლიბერთის“  კანდიდატურა კრედიტორების თანხმობის გარეშე დანიშნა.