ხორბლის ფასმა ფსიქოლოგიური ნიშნული გადალახა, პურის გაძვირებას ოქტობრიდან ელოდებიან

ხორბლის ფასმა ფსიქოლოგიური ნიშნული გადალახა, პურის გაძვირებას ოქტობრიდან ელოდებიან

ხორბლის ფასმა ფსიქოლოგიური ნიშნული გადალახა და 1 ტონის ღირებულებამ 300 დოლარს გადააჭარბა. ეს ხდება მაშინ, როდესაც მსოფლიოში მოსავალი ახალი დაბინავებულია და მინიმუმ რამდენიმე თვე გაძვირების საფრთხე მოხსნილი უნდა იყოს. უკვე ახლავე ეტყობა, რომ მარცვლეულის კრიზისი გარდაუვალია და ზამთარში ფასები პიკს მიაღწევს.

საქართველოში კი უკვე მალევე ელოდებიან პურისა და ყველა იმ პროდუქტის გაძვირებას, რომელშიც ხორბლის ფქვილი უმთავრესი კომპონენტია. მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელის ლევან სილაგავას თქმით, ახლა გაძვირების პროცესის დაწყებას ხორბლის მარაგი აზღვევს, მაგრამ ეს მხოლოდ ოქტომბრამდე გასტანს.

„სამწუხაროდ, ფქვილზე ფასები მსოფლიო ბაზარზე გაზრდილია, თუმცა, ჩვენ ორთვიანი მარაგით ვმუშაობთ. შესაბამისად, საშუალო შეწონილი ფასი გვაქვს და ჯერ საქართველოში დრამატული გაძვირება არ ყოფილა. ბაზრის ბოლო ანალიზის შედეგად, რომელსაც აშშ-ს სოფლის მეურნეობის სამინისტრო აკეთებს, მსოფლიოს ხორბლის იმპორტიორი ძირითადი 8 ქვეყნიდან, 7-ს მარაგი შეუმცირდა. მათ შორის, გეოგრაფიულად ჩვენთვის ყველაზე საინტერესო რუსეთს, მოსალოდნელი მოსავლის მოცულობა ყველაზე მეტად 10 მლნ ტონით შეუმცირდა აგვისტოს მონაცემების მიხედვით. ეს საკმაოდ დიდი შემცირებაა და იმოქმედა კიდეც ბირჟებზე.

მარაგი შეუმცირდა სხვა პარტნიორ ქვეყნებსაც - უკრაინას და ყაზახეთსაც. აქედან გამომდინარე, ჩვენ როგორც 90%-ით იმპორტდამოკიდებული ქვეყნა ველოდებით ფასის მატებას.

მსოფლიო ბირჟებზე ხორბლის ფასმა ფსიქოლოგიური ნიშნული 300 დოლარი უკვე გადალახა, როგორც ევროპაში, ასევე რუსეთში. ეს ტენდენცია, სამწუხაროდ, ახლაც მიმდინარეობს. სავარაუდოდ, ფქვილის ფასის მატება ერთ თვეში, ან ცოტა მეტში მოხდება. ასეთი კორელაციაა ხოლმე, როცა ფქვილის ძვირდება, საქართველოში ფასის კორექცია ერთ თვეში იწყება, თუ სხვა ფაქტორებმა არ იმოქმედა. თუმცა, უნდა იქთვას ისიც, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან სასიამოვნო მოულოდნელობა ბოლო თვეების განმავლობაში - დასტაბილურებული ლარი.

სიტუაცია ასეთია: რუსეთს აქვს შემოღებული მცურავი საექსპორტო ბაჟი, რაც ამ მომენტისთვის 52 დოლარია, როცა წინა კვირაში 49 დოლარი იყო, ივლისის დასაწყისში კი სულაც 25 დოლარი“, - განაცხადა სილაგავამ „ბიზნესპრესნიუსთან“.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ოქტომბრიდან, შესაძლოა, პური 10 თეთრით გაძვირდეს. ყოველ შემხთვევაში ამის ყველა წინაპირობა არსებობს. ნეგატიურ ტენდენციას ადასტურებს პურის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი მალხაზ დოლიძეც. მსოფლიო ბაზარზე ხორბლის მარაგებთან მიმართებით არასახარბიელო პროგნოზებმა და მარაგის შემცირება საქართველოში პურის ფასებზე რამდენიმე კვირაში იმოქმედებს.

„პურის ფასი ბევრი კომპონენტისაგან შედგება, მათ შორის ფქვილის, საფუარის, ტრანსპორტირებისა და მუშახელის ანაზღაურებისაგან. ჩვენ მაქსიმალურს ვაკეთებთ, რომ მოსახლეობისთვის ფასი მტკივნეული არ იყოს და ამიტომ ის შედარებით „სტაბილურად დაჭერილია“. ზუსტად ვერ გეტყვით, რამდენით გაძვირდება პური, შეიძლება ფასმა საერთოდაც არ მოიმატოს, თუმცა ვვარაუდობ, რომ მომავალ თვეში შესაძლებელია ფასები შეიცვალოს.

თუ სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამას ჩართავს, პურის ფასი არ გაიზრდება, ხოლო თუ არ ჩაირთვება, შესაძლოა, 10 თეთრით გაძვირდბა. ოქტომბრამდე, სავარაუდოდ, ფასი არ შეიცვლება“, - განაცხადა დოლიძემ და დასძინა, რომ დღეს საქართველოში ერთი ტომარა ფქვილის ფასი 67 ლარია, თუმცა ეს არ ეხება რუსეთიდან შემოტანილ ფქვილს. ადგილობრივი წისქვილკომბინატების მიერ წარმოებული ფქვილი გაძვირდა, ხოლო რუსეთიდან შემოტანილი ფქვილი 5-6 ლარით იაფია.