„გახარია „ნაციონალებსაც“ ემუქრებოდა და დაასრულა?“

„გახარია „ნაციონალებსაც“ ემუქრებოდა და დაასრულა?“

ექსპრემიერი გიორგი გახარია „ქართულ ოცნებას“ თავდასხმების შეწყვეტისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო „ცეცხლის“ გახსნით ემუქრება. ყოფილი პრემიერი საპასუხო „ცეცხლში“ თუ მორიგი კომპრომატების გამოქვეყნებას გულისხმობს, მაშინ უნდა ახსოვდეს, რომ პოლიტიკაში შემობრუნებული ირწმუნებოდა, რომ ახალი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრებას აპირებდა - არ იჭორავებდა და კომპრომატებით არ იბრძოლებდა. რაც შეეხება თავად მუქარას, როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, გახარიას მუქარა უკვე ნანახი გვაქვს, როცა ნაციონალებს დამთავრებით ემუქრებოდა, თუმცა „საბოლოოდ თავად დასრულდა“. ამიტომ ანალიტიკოსებს უჭირთ პროგნოზირება, რას შეიძლება გახარია „ცეცხლის გახსნაში“ გულისხმობდეს.

თავად პარტია „საქართველოსთვის“, სავარაუდოდ, სუს-იდან გაჟონილ ჩანაწერებზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებაში სახალხო დამცველის და საერთაშორისო ექსპერტების ჩართვას, პარლამენტში კი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს.

ჩანაწერების ავთენტურობა, მისი გავრცელების შემდეგ, არაერთმა ჟურნალისტმა, პოლიტიკოსმა და სასულიერო პირმა დაადასტურა, ვინც მასში მონაწილეობს. მომხდართან დაკავშირებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ არასამთავრობო სექტორშიც. ეკლესიას კი ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რომ 12 სექტემბერს, გვიან ღამით, მედია საშუალებებმა დაუცველი ვებსაიტის ბმული მიიღეს, რომელზეც ათასობით დოკუმენტი იყო განთავსებული - ტექსტური ფაილები, ვიდეო და აუდიოჩანაწერები, ფოტომასალა. ამ ათასობით დოკუმენტს ის აერთიანებს, რომ ჩანაწერები სასულიერო პირებს ეხება - ესაა სატელეფონო საუბრების შინაარსები, მიმოწერები სოციალურ ქსელებში, შეხვედრები, პოლიტიკური განწყობები - ამ ყველაფერს, სავარაუდოდ, სუს-ი წლების განმავლობაში აგროვებდა და აარქივებდა.

ყოფილი პრემიერი „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან მისი გუნდის წევრების მიმართ გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას ამბობს, რომ „არავის ეშინია, აი, ამ რაღაც მუქარების და ფეხების ბაკუნის“. მისი თქმით, ნაცვლად მინიშნებებისა, უმჯობესია დროზე დაიწყონ გამოძიება:

„სამწუხაროდ, „ოცნებას“ ამ ბოლო პერიოდში ახასიათებს ყველას ყველაფერი დააბრალოს, რომ როგორმე თავის პასუხისმგებლობას გაექცეს - თან ასე ირიბად დააბრალოს, მერე რომ ეტყვი - მაბრალებ? - არა, მე ეგ არ მიგულისხმიაო. თუ დაბრალება უნდათ, რაც უნდათ ის დაგვაბრალონ, წავიდნენ, გამოძიება დაიწყონ. ჩემი კოლეგები, ჩემი თანამებრძოლები: ალექსანდრე ხოჯევანიშვილი, კახა ქემოკლიძე, კახა საბანაძე ღირსეული ადამიანები არიან, რომლებიც ამ ქვეყანას წლების განმავლობაში ემსახურებიან და ბევრ მათგანს, ვინც მათ სახელებს ახლა ატრიალებს, იმის ნახევარიც არ გაუკეთებია ქვეყნისთვის, რაც ამ ხალხს გაუკეთებია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ და დასძინა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მისი გუნდის წინააღმდეგ წინასაარჩევნოდ რამდენიმე „ბინძური პროპაგანდისტული კამპანია“ წამოიწყო.

„აქედან დღევანდელი „ოცნების“ ბოსები გამოვარდნენ და აქ ჩვენ სახელს და გვარებს აბრახუნებენ. იქითა მხრიდან მიშა სააკაშვილი გამოვარდა და ის იქედან კიდევ რაღაც სულელურ ნარატივს ავითარებს. ერთმანეთს ეხმარებიან. „ქართული ოცნება“ დღეს სახელმწიფო ინსტიტუტების „კანიბალიზაციას“ ახდენს, რაც ფუნდამენტური და სტრუქტურული პრობლემაა“, - განაცხადა გახარიამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა  განაცხადა, რომ გამოძიება მუშაობს და ისიც გაირკვევა, ჰქონდა თუ არა ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებასთან კავშირი გიორგი გახარიას, ან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს ალექსანდრე ხოჯევანიშვილს.

ხოჯევანიშვილმა კი სასულიერო პირებზე ფარულ ჩანაწერებთან მისი შესაძლო კავშირის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერიდან გააკეთა განცხადება: „ჩემი მოღვაწეობის პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მე არასდროს არ ვყოფილვარ კურატორი ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსი, რასაც ცალსახად გიდასტურებთ... მე პირველი ადამიანი ვიქნები, რომელიც გამოძიებას მაქსიმალურად დაეხმარება და ყველაფერს გააკეთებს, რომ ყველაფერს აეხადოს ფარდა“.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან აცხადებს, რომ გიორგი გახრაის მუქარის და დაპირების, ალბათ, ნაკლებად უნდა გვჯეროდეს, რადგან მან მსგავსი განცხადება „ნაციონალების“ მისამართითაც გააკეთა, როდესაც უთხრა, რომ მათ დაასრულებდა, მაგრამ ვერ შეძლო. ამიტომ „ოცნებას“ „ცეცხლის გახსნით“ თუ ემუქრება, ამის, მინიმუმ, შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს. ანალიტიკოსი ამბობს, რომ გახარიას იარაღი ახლა ამომრჩეველია, რომელმაც ხელისუფლებას „ცეცხლი უნდა გაუხსნას“, სხვაგვარად გახარიას არანაირი შესაძლებლობა არ აქვს.

„გახარია, როცა ხელისუფლებიდან უკან პოლიტიკაში ოპოზიციონერ ლიდერად დაბრუნდა, განაცხადა, რომ კომპრომატებით და მსგავსი სიბინძურით არ იმოქმედებდა. მან თქვა, რომ ქართულ პოლიტიკაში ახალი კულტურის დამკვიდრება უნდა და არც ჭორაობას დაიწყებდა. ამიტომ თუ გახარია „ცეცხლის“ გახსნაში რაიმე კომპრომატების გამოტანას გულისხმობს, აბსურდი იქნება, რადგან ამით თვითდაზიანებებს მიიყენებს. ჯერ ერთი, რომ სახელმწიფოს მეთაური თავად იყო და პასუხისმგებლობა ყვლაფერზე მას ეკისრებოდა - იცოდა, არ იცოდა - ეს ვერ უშველის.

მეორე - გამოვა, რომ საკუთარი თამაშის წესებს უხვევს და ისევ ამ მოძველებულ პოლიტიკურ ავანტურაში იქნება ჩართული. ეს კი მის ამომრჩეველს იმედს გაუცრუებს. ამიტომ არ მგონია, ამაში რაიმე კომპრომატების გამოტანას გულისხმობდეს. გახარიამ გვახსოვს იგივე მუქრა „ნაციონალებსაც“ შეუთვალა: „მე თქვენ დაგასრულებთ“, - დასრულდა ენმ? ამიტომ მე მის ადგილას სიტყვებს ცოტა უფორ მოვზომავდი. ახლა მისი იარაღი მხოლოდ ხალხი და ამომრჩეველია. ამიტომ ისინი უნდა დაარწმუნოს, რომ ამ ფარული ჩანაწერების გამოტანასთან არანაირი საერთოდ არ აქვს“, - ამბობს რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, გახარიას წინააღმდეგ ხელისუფლების ქცევა ლოგიკურია, რადგან ის ახლა მათი მთავარი მოწინააღმდეგეა. ასევე ლოგიკურია ეჭვები, რადგან გახარიას გუნდი ხელისუფლებაში ყველაზე გავლენიანი იყო. ამიტომ ეს კითხვები ლეგიტმურია და მას პასუხები უნდა გაეცეს. ამიტომ საყვარელიძე გახარიას ურჩევს გამოძიებას დაეხმაროს და დაამტკიცოს, რომ არაფერ შუაშია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილი იქნება.

უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსი ბესიკ ალადაშვილი ამბობს, რომ სამწუხაროდ, მსოფლიო პრაქტიკაში კომპრომისებით ბრძოლა მიღებულია და ამით გამონაკლისი არც ჩვენი ქვეყანაა. ამიტომ მსგავსი ჩანაწერების გამომქვეყნებლის ვინაობის დადგენა რთულია. როდესაც ამხელა ინსტიტუტიდან ვიღაცას ეს ინფორმაცია გამოაქვს, მან ასევე კარგად იცის როგორ შეინიღბოს. ალადაშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ გიროგი გახარია და მისი გუნდი, რა თქმა უნდა, ეჭვმიტანილებს შორის არიან და ეს ლოგიკურიც არის, მაგრამ სხვადასხვა ვერსიებიც შეიძლება დაშვებული იყოს. მისი აზრით, არაა გამორიცხული ეს ჰაკერული თავდასხმაც იყოს სუს-ზე, საიდანაც ინფორმაციის მასობრივი მოპარვა მოხდა.

„მგონია, გამოძიებამ რამდენიმე მიმართულებით უნად იმუშაოს. რა თქმა უნდა, გახარია და მისი გუნდი არიან ის ადამაინები, რომლებსაც მსგავსი ინფორმაციის გამოტანა შეეძლოთ, მაგრამ ასე ხელაღებით მტკიცებულებების გარეშე, რთულია დავაბრალოთ. საქმე ისაა, რომ სუს-ში ყველაფერი ასე მარტივად არ არის. როდესაც ხოჯევანიშვილია მბობს, რომ ის ამ მიმართულებას არ კურირებდა, მართალია, რადგან ყველა დეპარტამენტს და განყოფილებას თავისი ხელმძღვანელი ჰყავს.

ხოჯევანიშვილთან მხოლოდ უკვე გაანალიზებული და ანალიტიკურად დამუშავებული ინფორმაცია მიდიოდა და ასე დეტალურად, დიალოგების დონეზე ინფორმაცია არ მიეწოდებოდა. ეს არის ერთობლიობაში სხვადასხვა ოპერმუშაკების ნამუშევარი მასალა. ესაა კრებული, რომელზეც ხელი მხოლოდ ერთ ადამიანს არ მიუწვდება. ამიტომ ვამბობ, რომ გამოძიებისას მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მუშაობა არ შეიძლება. აქ დაშვება უნდა იყოს, რომ შესაძლოა, ეს ჰაკერული თავდასხმა იყო, საიდანაც ინფორმაციის მასობრივი მოპარავა მოხდა. ასევე, არ არის გამორიცხული, ეს იყოს, რომელიმე უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ ჩადენილი დანაშაული, რომლითაც საქართველოში წინასაარჩევნოდ დესტაბილიზაციის გამოწვევა სურთ“, - ამბობს ალადაშვილი for.ge-სთან და არ გამორიცხავს, წინასაარჩევნოდ ვიღაცა მთავარ კოზირს ინახავდეს, ხოლო ეს ინფორმაცია მხოლოდ საზოგადოების და პოლიტიკური წრეების დასატესტად შემოაგდო.

ალადაშვილი ამბობს, რომ ჯოკერს ყოველთვის ბოლოსთვის ინახავენ, თუმცა დარწმუნებულია, რომ 2012 წლის ციხის წამების და კასრების მსგავსი კადრები მაინც ვერ იქნება. ანალიტიკოსი ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ რა გადაცდომებიც არ უნდა ჰქონდეს ჩადენილი, მსგავსი სისასტიკე და არაადამიანური ქმედება მაინც არ ექნება გაკეთებული. ანალიტიკოსი ამიტომ ვარაუდობს, რომ თუ რამე აქვთ, წინასაარჩევნოდ გამოაქვეყნებენ, რასაც ექნება გარკვეული ეფექტი, მაგრამ არა ისეთი, რომ „ოცნების“ ხელისუფლება დასრულდეს და ქვეყანაში ამის გამო დაპირისპირება დაიწყოს.

Aburjga Tasmanieli ქვეყნისათვის იმაზე ცუდი არაფერია, როცა ხელისუფლების სათავეში მოდის ადამიანი პირადი პრობლემებით! ეს ისე, საერთოდ!
2 წლის უკან