ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 3 კვირით ადრე ქვეყანაში უკვე ნამდვილი კომპრომატების ომი გაჩაღდა. ორშაბათს ინტერნეტში სასულიერო პირებთან და მათ პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით წერილობითი ფაილების გამოჩენის შემდეგ, ოპოზიცია ხელისუფლებას მოსმენებსა და თვალთავალში ადანაშაულებს. ხელისუფლების შეფასებით, ეს „ნაციონალური მოძღაობის“ მიზანმიმართული პროვოკაციაა სხვა სკანდალური ჩანაწერები გაქოვეყნებისთვის ნიადაგის მოსამზადებლად.
პროკურატურამ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიებაც დაიწყო და ხელისუფლება საზოგადოებას ჰპირდება, რომ სიმართლეს მალე გაარკვევენ. ამის პარალელურად კი არსებობს მოლოდინი, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად კომპრომატებით ბრძოლა და შავი პიარი უფრო აქტიურ ფაზაში შევა.
ანალიტიკოსთა უმრავლესობის აზრით, ამ ინფორმაციის გამოქვეყნების უკან „ნაციონალური მოძრაობა“ დგას და მათი მიზანიც აშკარაა, თუმცა, დღეს, სხვადასხვა ფაქტორების გამო, ფარულ ჩანაწერებს ვერ ექნება ისეთი ეფექტი, როგორიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ჰქონდა.
თავად ეს ფაილები კი, რომელშიც, სავარაუდოდ, სასულიერო პირების პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციაა მოცემული, ინტერნეტში აღარ იძებნება.
ბმული, სადაც ფაილები იყო განთავსებული, სხვადასხვა მედიასაშუალებამ 13 სექტემბერს ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიიღო. ფაილებში წარმოდგენილია ფარული მიყურადებით მოპოვებული წერილობითი ინფორმაცია სასულიერო პირების, მათ შორის მათი პირადი ცხოვრების შესახებ.
ზოგიერთი ინფორმაცია შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც. გავრცელებული მასალები მეორე დღეა პოლიტიკური შეფასებების თემაა.
ახალი ფარული ჩანაწერები - რა ინფორმაცია აქვს „ოცნებას“
მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ამ ყველაფრის უკან „ნაციონალური“ მოძრაობა დგას და წერილობითი ფაილების გამოქვეყნება მათი გეგმის მხოლოდ ნაწილია. როგორც „ქართული ოცნება“ აღმასრულებელმა მდივანი მამუკა მდინარაძე ამბობს, მმართველ გუნდს აქვს ინფორმაცია, რომ გარკვეული ჩანაწერების ინტერნეტში ატვირთვა მომდევნო დღეებში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ქვეყნის ფარგლებს გარეთ იგეგმება.
მისი ცნობით, აღნიშნული ჩანაწერები უკავშირდება საჯარო პირებს და მიზნად ისახავს წინასაარჩევნოდ, საზოგადოებაში მღელვარების გამოწვევას. მდინარაძე სამართალდამცავ ორგანოებს შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.
„გუშინ, საზოგადოებას წარვუდგინეთ ჩვენი პოზიცია იმ ანტისახელმწიფოებრივი და ანტისაეკლესიო კამპანიის შესახებ, რომელსაც კონკრეტული პოლიტიკური ძალა და მისი კუთვნილი ტელეკომპანიები საქართველოში უკვე წლებია აწარმოებენ.
„ამ კამპანიის მორიგი გამოხატულება იყო ის გარყვნილება, რომელიც გუშინ აღნიშნული ტელეკომპანიების ეთერში ვიხილეთ და ეს სამწუხაროდ, ახლაც გრძელდება. ამასთან, გვაქვს ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილი პარტიული ტელეკომპანიების მიერ, გუშინდელი დღიდან აგორებული ბოლშევიკური კამპანია ემსახურება ფონის შემზადებას პირადი ცხოვრების ამსახველი გარკვეული ჩანაწერების თუ მათი ფაბრიკაციის გავრცელებისათვის, რომლის ინტერნეტში ატვირთვა, ჩვენი ინფორმაციით, მომდევნო დღეებში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, ქვეყნის ფარგლებს გარეთ იგეგმება.
„ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნული ჩანაწერები უკავშირდება საჯარო პირებს და მიზნად ისახავს წინასაარჩევნოდ, საზოგადოებაში მღელვარების გამოწვევას. ჩანაწერის შინაარსიდან გამომდინარე, რაც ჩვენთვის ცნობილია, მხოლოდ ბოლშევიკური აზროვნების ადამიანებს შეიძლება თავში აზრად მოუვიდეთ მათი გავრცელება.
„კატეგორიულად ვაფრთხილებთ ყველას, თავი შეიკავონ აღნიშნული ქმედებისგან. ამასთან, დარწმუნებული ვართ, თუ ისინი ამგვარ სიბინძურეს იკადრებენ და აღნიშნულ ჩანაწერებს გაავრცელებენ, საზოგადოების მღელვარების და რისხვის ობიექტი სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი თანამზრახველები გახდებიან. სამართალდამცავ ორგანოებს მოვუწოდებთ, მიიღონ ყველ ზომა ამ საქმის ჯეროვნად გამოსაძიებლად და საზოგადოებისთვის სრული ინფორმაციის მისაწოდებლად," - აცხადებს მამუკა მდინარაძე.
ოპოზიცია სუს-ის ჩამოშლას პროგნოზირებს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, რომან გოცირიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მცდელობა, გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან კავშირი უარყოს, უსუსური თავის მართლებაა. მისივე თქმით, მალე სუს-ის რეპრესიული პოლიტიკის ყველა სულისჩამდგმელი დაისჯება.
„ამბობენ რაღაცას, რაც არგუმენტად ვერ გამოდგება. უსუსური თავის მართლებაა, მეტი არაფერი. მალე მოვა დრო, სუს-ი დაინგრევა და ყველა ადამიანი, მათ შორის ბრძანების გამცემი და სულის ჩამდგმელი ამ რეპრესიული თვალთვალისა, დაისჯება,“ - აცხადებს რომან გოცირიძე.
გასაჯაროებული მასალების საფუძველზე ოპოზიცია ხელისუფლებას ტოტალურ მოსმენასა და უკანონო მიყურადებაში ადანაშაულებს. პარტია „დროას“ თავმჯდომარე ელენე ხოშტარია ამბობს, რომ საქართველოში ყველა მოქალაქეს და ყველა ოჯახს უსმენენ.
„საქართველოს ყველა მოქალაქის ოჯახში არის დამონტაჟებული „ქართული ოცნების“ ყური და თვალი. ეს არის უდიდესი ბოროტება. ჩვენ ჩვენი მხრიდან გვინდა განვაცხადოთ, რომ „დრო“ არ აპირებს კომენტარის გაკეთებას ამ უკანონო და ბინძური ჩანაწერების შინაარსთან დაკავშირებით და არ აქვს მნიშვნელობა, ვის ინტერესებში შეიძლება ეს შედიოდეს.
„მეორე, ჩვენ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა დავდოთ პირობა, რომ ამ არჩევნების შემდეგ პოლიტიკური პოლიცია პრაქტიკულად აღარ იარსებებს, სახელმწიფო უსაფრთხოება იქნება სახელმწიფო უსაფრთხოება და სუს-ის მთავარი ფუნქცია იქნება კონტრდაზვერვის და ანტიტერორისტული საქმიანობა,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
რა ეფექტი აქვს ფარულ ჩანაწერებს
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე დარწმუნებულია, რომ არჩევნების მოახლოვებასთან ერთად კომპრომატებით ომი უფრო აქტიურ ფაზაში გადავა. როგორც ის „რეზონანსთან“ ამბობს, ჩვენი ქვეყნის რეალობიდან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ მსგავსი მასალების გამოქვეყნება არჩევნებს და პოლიტიკას უკავშირდება.
„ოპოზიციამ, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, რომ საზოგადოების ნეგატიურ განწყობებს სტიმული მსგავსი ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებით მისცეს. ადგილობრივ არჩევნებს იმხელა თამასა დაუდგინეს, რომ იძულებული არიან მოსახლეობაზე ზეწოლა ამ ფორმით მოახდინონ.
„ფაქტია, ამომრჩეველი დიდად ვერ გრძნობს, რომ ეს რეფერენდუმია, მითუმეტეს რეგიონებში საერთოდ საარჩევნო განწყობაც კი არ არის. ამიტომ მოქმედებაზე გადავიდნენ.
„დარწმუნებული ვარ, არჩევნების მოახლოვებასთან ერთად ოპოზიციის მხრიდან კომპრომატებით ხელისუფლების გაშავება კიდევ უფრო აქტიურ სახეს მიიღებს. ამით უნდათ მოსახლეობას აჩვენონ, რომ „ჩვენ კი ვართ ცუდები, მაგრამ „ოცნება“ ჩვენზე ნაკლებიც არ არის“.
„როდის არის ეს ჩანაწერები გაკეთებული და ვის მიერ, ამის დადგენა რთული და პრაქტიკულად შეუძლებელია, ისევე როგორც მათი ავთენტურობის. ვორდის ფაილებშია ჩანაწერები გაკეთებული და ცოტა აბსურდია მისი ავთენტურობა ამტკიცო“, - ამბობს ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან“.
მისივე თქმით, თუ ამ ყველაფერს პროკურატურა და უსაფრთხოების სამსახური სათანადო პასუხს არ გასცემს, ეს პიარი თავის მიზანს ნაწილობრივ მაინც მიაღწევს - საზოგადოებაში უნდობლობას და ხელისუფლების წინააღმდეგ აგრესიას დათესავს. თუმცა ანაჯაფარიძე ვარაუდობს, რომ მსგავსი კამპანიით მაინც გამორიცხულია ოპოზიციამ ამომრჩევლის დიდი სეგმენტის მიმხრობა შეძლოს.
„საზოგადეობაში მსგავსი კომპრომატებით ბრძოლა არცთუ კეთილგანწყობილ დამოკიდებულებას აჩენს თავად იმ ძალის მიმართ, რომელიც ამას ავრცელებს. ამ ყველაფერს ოპოზიციის მიმართ უკურეაქცია ექნება, რადგანაც ხალხი ხედავს, რომ თუ ხელისუფლება არ ვარგა, ოპოზიცია მასზე უარესი.
„მოსახლეობას არ აინტერესებს პოლიტიკური ძალები ერთმანეთთან რა ფომით და ხერხით იბრძვიან. ხედავენ იმას, რომ თუკი ხელისუფლებას მოსახლეობა არ ადარდებს, არც ოპოზიციაა გამონაკლისი. ამიტომაც არჩევნებზე მიდიან და ხელისუფლებაში ტოვებენ ისევ „ქართულ ოცნებას“, რადგანაც ოპოზიციას მასზე უკეთესად ვერ აღიქვამენ“, - ამბობს ანაჯაფარიძე „რეზონანსთან“ საუბრისას.
ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის აზრით კი, მოსახლეობა ისედაც დარწმუნებული იყო, რომ ხელისუფლება უსმენდა და ეს ახალი არ არის. ამიტომც თუკი ოპოზიცია ფიქრობს, რომ ამით ხალხს გააოცებას, აღაშფოთებს, ძალიან ცდებიან. იგი ასევ დარწმუნებულია, რომ ამ სკანდალური მასალების გამოქვეყნების უკან „ნაციონალური მოძრობა“ დგას, თუმცა აცხადებს, რომ მათ არასწორი გათვლა აქვთ, რადგან, რამდენიმე მიზეზის გამო, გარული ჩანაწერების გამოქვეყნებას ახლა ისეთი ეფექტი ვერ ექნება, როგორიც 2012 წელს ჰქონდა.
„მოსახლეობის განცვიფრებას იმით, რომ ხელისუფლება თურმე მათ უსმენთ, ვეღარ შეძლებენ. ისედაც ყველამ კარგად ვიცით, რომ გვისმენენ. საქმე ისაა, რომ ოპოზიციას 2012 წლის სცენარის გამეორება უნდა. ფიქრობენ, რომ ფარულ ჩანაწერებს ახლაც იგივე ეფექტი ექნება, რაც მაშინ. არადა აქ მწარედ ცდებიან. მაშინ სხვა პოლიტიკური მოცემულობა იყო. მოსახლეობა დარწმუნებული იყო, რომ მსგავსს არ გაიმეორებდა ახალი ძალა, რომელიც ივანიშვილის ხელმძღვანელობით ხელისუფლებაში მოდიოდა. ახლა კი ყველამ კარგად ვიცით „ნაციონალები“ რასაც წარმოადგენენ. ისინი ოპოზიციაში ყოფნის დროსაც არ ამბობდნენ უარს დესტრუქციაზე, აგრესიაზე და ძალადობაზე. ამიტომაც მისი ნდობა მოსახლეობას არა აქვს და რა კადრები, ჩანაწერები თუ ვორდის ფაილში აკრეფილი ფურცლებიც არ უნდა გამოაქვეყნონ, სანამ ახალი ძალა არ გამოჩნდება, არაფერს აზრი არა აქვს.
„თანაც სასაცილო ისაა, რომ ამაზე „ნაციონალური მოძრაობა“ და ის ადამიანები საუბობენ, რომლებიც ამ სისტემის შემქმნელები არიან და ამის გამო მოსახლეობისთვის ბოდიში ერთხელაც კი არ მოუხდიათ. სააკაშვილი ისევ იმას ამბობს, რომ არაფერი ვიცოდი და რომ გამეგო, დავსჯიდიო. აბა, ასეთი განაცხადებების ფონზე როგორ შეიძლება ადამიანმა იფიქრო, რომ მოსახლეობას ეს ხელისუფლება თუ არ უნდა, ასეთი უტიფარი ოპოზიცია ენდომება“, -ამბობს „რეზონანსთან“ ძაბირაძე.