რა ბრალდებით დააპატიმრეს გიორგი ხაინდრავა?

რა ბრალდებით დააპატიმრეს გიორგი ხაინდრავა?

1991 წლის 18 სექტემბერს, როგორც ცნობილია დააპატიმრეს ოპერატორი გიორგი ხაინდრავა. ვინ გასცა სანქცია? რა ბრალდებით დააპატიმრეს? როგორ მიმდინარეობს გამოძიება?

ამ და ახვა კითხვებზე პასუხის მისაღებად მივმართეთ თბილისის საბურთალოს რაიონის პროკურორს ზაურ ქილიფთარს და გამომძიებელ თენგიზ ილურიძეს. მათი პასუხი მოკლე და კონკრეტული იყო: „სისხლის სამართლის ნებისმიერ საქმეზე, არსებული კანონმდებლობის მიხედვით, ინფორმაცია ეძლევა მხოლოდ ზემდგომ პროკურორს“.

ცხადია, ამგვარი პასუხით ვერ დავკმაყოფილდებოდით. ინფორმაციისთვის მივმართეთ გიორგი ხაინდრავას ძმას, თავისუფალ დემოკრატთა კავშირის თანათავმჯდომარეს ივლიანე ხაინდრავას:

„ჩემი აზრით, ბოლო დროს პოლიტიკური დაპატიმრებები საქართველოში ყოველგვარი კანონიერების ფარგლებს სცილდება. როგორც ირკვევა, აქ უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს უშუალოდ პრეზიდენტის განწყობილება კონკრეტულ პიროვნებათა მიმართ. დაპატიმრებულნი - გიორგი ჭანტურია და გოგა ხაინდრავა მუდამ ფიგურირებდნენ „უპირველესი მტრების“ რიგში. გოგას წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება აბსურდულია, რადგან ის არც ერთი პოლიტიკური ორგანიზაციის წევრი არ გახლავთ. ტელევიზიის პიკეტირებას ახორციელებდნენ პოლიტიკური ორგანიზაციები.

პროკურორისა და გამომძიებლის პოზიციაში ახალი არაფერია - ისინი არაფერს წყვეტენ. უფრო მეტიც, რაიონისას კი არა, რესპუბლიკის პროკურორსაც არაფერს ეკითხებიან. ყველანი მოქმედებენ პრეზიდენტის განკარგულებების შესაბამისად. ამით კიდევ ერთხელ დასტურდება ოპოზიციურ პარტიათა და ორგანიზაციათა თვალსაზრისი - საქართველოში მთელი ხელისუფლება (საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო) უზურპირებულია ერთი ადამიანის მიერ. ამაში დამნაშავეა უზენაესი საბჭო, ოპოზიცია, მთლიანად საქართველოს მოსახლეობა...

ამ თემაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. ისევ გოგას მივუბრუნდები. ახლობლებსა და თანამებრძოლებს უშუალო კონტაქტის საშუალება აქამდე არ მოგვეცა. ოფიციალურად ორჯერ მივაწოდეთ ტანსაცმელი და საკვები. მოგვივიდა ცნობა, რომ გამოძიება ფიზიკური ზემოქმედების მეთოდებს იყენებდა. ამის თაობაზე, განცხადება შევიტანეთ პროკურატურაში. იმავე გამომძიებელმა გაგვაცნო საქმეში ჩაკერებული გოგას წერილი, სადაც ლაპარაკია, რომ ამგვარი შიში დღესდღეისობით უსაფუძვლოა.“