საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის იდუმალებით მოცული ისტორია

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის იდუმალებით მოცული ისტორია

სიმბოლურია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება 9 აპრილს, ვინაიდან ამ დღეს გადაწყდა საქართველოს ბედი. 9 აპრილის წამებულთა სულები დაგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამეთუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა - გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! გვფარავდეს ღმერთი!" - ამ სიტყვებით მიმართა იმჟამად ჯერ კიდევ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზვიად გამსახურდიამ 1991 წლის 9 აპრილს დეპუტატებს, მთელ ქვეყანას და საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. მალევე სხდომის დარბაზშივე დაიწყო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე საზეიმო ხელმოწერა. "სახალხო ფრონტის" ლიდერმა ნოდარ ნათაძემ იმავე სხდომაზე განაცხადა, დღეს არაფერი მთავრდება, მხოლოდ იწყებაო, თუმცა იმხანად ვერავინ წარმოიდგენდა იმ საშინელ ქარტეხილებს, რაც ქვეყანას ელოდა. სწორედ ამ ქარტეხილების შედეგია დამოუკიდებლობის აქტის დედნის საიდუმლოებით მოცული ისტორია, უფრო სწორად, მისი გაუჩინარების ამბავი. არსებობს არაერთი ვარაუდი, როგორ შეიძლებოდა განვითარებულიყო მოვლენები ამ უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის გარშემო, თუმცა საფუძვლიანი გამოძიება დღემდე არ ჩატარებულა და იმედი, რომ ქართველები ოდესმე დავიბრუნებთ ამ ისტორიულ დოკუმენტს - ნელ-ნელა ქრება. ის შენობები, სადაც შეიძლებოდა აქტი შენახული ყოფილიყო, დაიწვა და განადგურდა.

აი, რას იგონებს ჰამლეტ ჭიპაშვილი, იმ დროს უზენაესი საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელი:

- საბედნიეროდ, წელიწადში ერთხელ მაინც გვახსენდება ეს აქტი, სულ არარაობას, ესეც კარგია. 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის შედეგების გაცხადების შემდეგ ბატონმა ზვიად გამსახურდიამ რამდენიმე კაცს დაგვავალა, სასწრაფოდ შეგვემუშავებინა დამოუკიდებლობის აქტის ტექსტი, ამის საფუძვლად კი გამოგვეყენებინა 1918 წლის დამოუკიდებლობის დეკლარაცია. თითქმის ყველა პარამეტრი 26 მაისის დეკლარაციისა გავიზიარეთ, მეტიც - ფორმაც ზუსტად ისეთივე შევარჩიეთ. როდესაც მოვრჩით ამ დოკუმენტის შემუშავებას, დაინიშნა უზენაესი საბჭოს სხდომა, რიტუალი ასეთი იყო: უზენაესი საბჭოს შენობის დარბაზში, მთავარი ტრიბუნის წინ, უნდა მდგარიყო პატარა მაგიდა, სადაც იქნებოდა მუყაოს დიდ ქაღალდზე დაბეჭდილი ტექსტი, რომელზეც მოაწერდნენ ხელს დეპუტატები. აქტზე ხელმოწერის უფლება ითხოვა მინისტრთა საბჭომაც, რაზეც ბატონი ზვიადი მცირე ფიქრის შემდეგ დათანხმდა. მოგეხსენებათ, რაოდენ უსაზღვრო იყო ბატონ მერაბ კოსტავას წვლილი საქართველოს დამოუკიდებლობაში, შესაბამისად, ზვიად გამსახურდიამ შემოგვთავაზა, რომ კარგი იქნებოდა, თუ ამ დოკუმენტს ხელს მოაწერდა მერაბ კოსტავას დედა, ქალბატონი ოლღა დემურია-კოსტავა. ქალბატონი ოლღა მე თვითონ მოვიყვანე სახლიდან ამ საზეიმო სხდომაზე დასასწრებად. მოკლედ, ხელმოწერის დასრულების შემდეგ, რადგან მე გახლდით უზენაესი საბჭოს სამდივნოს უფროსი, დოკუმენტი ჩამოვიტანე ჩემს კაბინეტში, დავუსვი უზენაესი საბჭოს ბეჭედი და დავადასტურე ჩემი ხელმოწერით.

- ქალბატონმა ოლღამ დედანზე მოაწერა ხელი?
- დიახ. ამ აუცილებელი პროცედურის შემდეგ გამომცემლობა "საბჭოთა საქართველოს" ხელმძღვანელ ვახტანგ ესვანჯიას ინიციატივით აქტს ფოტო გადაუღეს, მეორე დღესვე უნდა დაწყებულიყო მისი გამოცემა და გავრცელება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. აქტის ფოტოები ასევე გადაიღეს საინფორმაციო სააგენტო "საქინფორმის" წარმომადგენლებმა, პრესაში გამოსაქვეყნებლად. ეს ყველაფერი შეთანხმებული იყო ზვიად გამსახურდიასთან, დილით კი აქტი, თავისი ხელმოწერებით, გაზეთებში გამოქვეყნდა. 9 აპრილსვე, საღამოს ცხრა საათზე, დამირეკა ბატონმა ზვიადმა და მთხოვა, ამეტანა მისთვის ორიგინალი, ასეც მოვიქეცი, მან ნახა, მოიწონა და მითხრა, რომ დაიტოვებდა და დილით დამიბრუნებდა. დილით მართლაც
დამიბრუნა, თუმცა მასზე გაჩნდა მისი მეუღლის, მანანა არჩვაძე-გამსახურდიას ხელმოწერა. თანაც ზვიადმა მთხოვა, ხელმეორედ გამეშვა აქტი გაზეთებში დასაბეჭდად, უკვე მანანა არჩვაძე-გამსახურდიას ხელმოწერით. უხერხულია-მეთქი, მაგრამ მითხრა, არა უშავსო. მეორე დღეს გამოსულ გაზეთებში უკვე ამგვარად ხელმოწერილი აქტი გამოქვეყნდა. ამ ამბიდან ორი დღის შემდეგ ორიგინალი წაიღო ბატონმა ზვიადმა, რის შემდეგაც აღარ დაუბრუნებია. ხშირად ვახსენებდი, რომ დაებრუნებინა, მეუბნებოდა, შინ მაქვს და აუცილებლად დავაბრუნებო. მერე სამოქალაქო ომი დაიწყო და საერთოდ გაქრა დედნის ასავალ-დასავალი. როგორც ვიცი, მან ეს დოკუმენტი წაიღო ემიგრაციაში, გროზნოში, მერე რა ბედი ეწია, ვერ გეტყვით.

ამ ვერსიას ადასტურებს იმჟამინდელი მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე თენგიზ სიგუა:

- როგორც ვიცი, რომ გაიგო მერაბ კოსტავას დედამ მოაწერა აქტზე ხელიო, გადაირია არჩვაძის ქალი და მოითხოვა მისთვისაც მიეცათ ხელმოწერის უფლება. როგორც მახსოვს, ეს ამბავი ზვიადს სულაც არ სიამოვნებდა. როცა ზვიად გამსახურდიამ მეორედ წაიღო დოკუმენტი ჭიპაშვილისგან, იმავე საღამოს დამირეკა ჰამლეტმა და მითხრა, თუმცა ეს უცნაურად არ მომჩვენებია, ვიფიქრე, კაცი ქვეყნის პირველი პირია, სჭირდება, ალბათ, და 2-3 დღეში დააბრუნებს-მეთქი. თუმცა 2-3 დღე კი არა, პერიოდულად მირეკავდა ჰამლეტი და მეუბნებოდა, არ მიბრუნებსო. ერთი-ორჯერ მეც შევახსენე ზვიადს და მიპასუხა, - კი, კი, რასაკვირველია, დავაბრუნებო. მაგრამ დღემდე ეს დედანი არსად ჩანს, გამქრალია.

- სად შეიძლება დღეს ინახებოდეს აქტის დედანი, ხომ არ ფიქრობთ, რომ განადგურებულია?
- არა, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ აქ, თბილისშია გადამალული.

ამავე კითხვით მივმართეთ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, ბატონ ნემო ბურჭულაძეს:

- სამწუხაროდ, ამის თაობაზე არაფერი ვიცი. სჯობს, ეს ქალბატონ მანანა არჩვაძე-გამსახურდიას ჰკითხოთ. ჰქონდა თუ არა პრეზიდენტს გროზნოში დამოუკიდებლობის აქტი, არ ვიცი. მოგვიანებით მოვიკითხეთ, ვცადეთ მოგვეძებნა, მაგრამ ვერაფერი გავარკვიეთ.

არსებობს კიდევ ერთი ვერსია, რომლის მიხედვითაც დედანზე კი არა, ასლზე მოაწერა ხელი მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ. ამ ვერსიას იზიარებს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბესარონ გუგუშვილი, რომელსაც კომენტარისთვის სოციალური ქსელით დავუკავშირდით. მის პასუხში ვკითხულობთ:

"პუტჩის წინაც, მის შემდეგაც და დღემდე გრძელდება ყოვლად უსინდისო და უსირცხვილო მაქინაციები საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის შესახებ. კერძოდ, პუტჩისტები და ნეოპუტჩისტები ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ოფიციალურ ეგზემპლარზე, ანუ დედანზე, არის ქალბატონ მანანა არჩვაძის ხელმოწერა (სამწუხაროდ, ამბობდნენ, რომ ამას რაღაც მოსაზრებებით თვით ქალბატონი მანანაც ადასტურებდა). სინამდვილე კი ასეთია: საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დეკლარაციის მიღების წინ სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოების (რომელიც დააფუძნა ბატონმა მერაბ კოსტავამ) გამგეობამ, როგორც მმართველმა პარტიამ (საზოგადოებას ჰყავდა უზენაეს საბჭოში დეპუტატები) მიმართა ბატონ ზვიად გამსახურდიას თხოვნით, დამოუკიდებლობის დეკლარაციის ერთი ეგზემპლარი საგანგებოდ და სპეციალურად მიეძღვნათ მერაბ კოსტავასადმი დამოუკიდებლობის აღდგენაში მისი უდიდესი ღვაწლის აღსანიშნავად.

ბატონ ზვიადს ეს იდეა მოეწონა და გასცა განკარგულება, გაემზადებინათ ხელმოწერებისათვის დეკლარაციის დოკუმენტის კიდევ ერთი, დამატებითი ეგზემპლარი საგანგებოდ მერაბ კოსტავას სამახსოვროდ. უზენაესი საბჭოს სესიაზე დამოუკიდებლობის აღდგენის დეკლარაციის ოფიციალურ ეგზემპლარზე, ანუ დედანზე, ხელი მოაწერეს მხოლოდ ხელისუფლების წევრებმა. ხოლო მერაბ კოსტავას სამახსოვრო ეგზემპლარზე კი ხელი მოაწერეს როგორც ხელისუფლების წევრებმა, ასევე ქალბატონმა ოლღა დემურიამ (მერაბის დედამ) და სხვა პირებმაც. მათ შორის, ბატონი მერაბის თანამებრძოლისა და ოჯახის მეგობრის სტატუსით ქალბატონმა მანანა არჩვაძემაც. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ეს სამახსოვრო ეგზემპლარი შემდგომ (თუ არ ვცდები, ბატონ მერაბის დაბადების დღეს) გადაეცა ქალბატონ ოლღა დემურიას."

ამ ვერსიის მიხედვით, შემდგომ მიზანმიმართულად გააქრეს აქტის დედანი და გაამრავლეს ის ასლი, რომელზეც მანანა არჩვაძე-გამსახურდიას ხელმოწერა იყო, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დისკრედიტაცია რომ მოეხდინათ. ბესარიონ გუგუშვილი სვამს კითხვას: "ხომ არ დაიკარგა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი (რომელზეც არ არსებობს მანანა არჩვაძის ხელმოწერა) რაღაც ინტრიგებისა და ინსინუაციების დასაფარად? ხომ ცნობილია, რომ პუტჩისტები აქტზე მანანა არჩვაძის ხელმოწერას მნიშვნელოვან პროპაგანდისტულ არგუმენტად იყენებდნენ და დღესაც იყენებენ!"

აქვე გთავაზობთ ბესარიონ გუგუშვილთან სოციალური ქსელით მიმოწერის ფრაგმენტს:

- თქვენი ინფორმაციით, არსებობდა აქტის ორი ეგზემპლარი?
- აქტის დედანი ერთი იყო, ასლები კი - მრავალი...

- ქალბატონი მანანას ხელმოწერა ასლზე იყო?
- დიახ.

- ჭიპაშვილის მტკიცებით, ბატონი ზვიადი დამოუკიდებლობის აქტს შინ ინახავდა, თქვენ იცით რაიმე ამის თაობაზე?
- მტკიცება რას ნიშნავს? თქვენ გეტყობათ ვერ ამჩნევთ განსხვავებას "მტკიცებასა" და ყბედობას შორის. "მტკიცებას" მტკიცებულებები, დოკუმენტები სჭირდება.

- თქვენი ვარაუდით, დედანი შეიძლება მიზანმიმართულად იყოს განადგურებული?
- ვარაუდები არ მაქვს. მაქვს ეჭვი... ვიცნობ რა მაგ მხეცის ხასიათსა და ზნეს, ეს ეჭვი გამიჩნდა...

- ვის გულისხმობთ?
- საქართველოს დამაქცევართა კრიმინალურ ხროვას...

ამის თაობაზე ვკითხეთ ნემო ბურჭულაძესაც:

- ბატონო ნემო, არსებობს ვერსია, რომ იყო დედანი და იყო მისი ასლი, რომელზეც მოაწერეს ხელი მერაბ კოსტავას დედამ და ექსპრეზიდენტის მეუღლემ.

- არ ვიცი, ჩვენ ხელი მოვაწერეთ ერთადერთ ეგზემპლარზე, სხვა რამ ასლზე ხელი არ მოგვიწერია. მერაბ კოსტავას რა წვლილი ჰქონდა ქვეყნის დამოუკიდებლობაში შეტანილი, კარგად იცით, ასევე ცნობილია ის, რა მნიშვნელოვანი ადამიანი იყო როგორც ზვიადის, ასევე თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში, სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით გადაწყდა, რომ მის მაგივრად ხელს მოაწერდა ოლია დეიდა, რომელიც ასევე ესწრებოდა 1991 წლის 9 აპრილის სხდომას და საზეიმო ხელმოწერაშიც მონაწილეობდა.

ამგვარი ასლის არსებობას კატეგორიულად უარყოფს ჰამლეტ ჭიპაშვილიც. თენგიზ სიგუას განცხადებით, როდესაც ის ხელისუფლებაში დაბრუნდა, მან დაავალა საგამოძიებო ორგანოებს, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრ რომან გვენცაძეს, ამ ამბის გამოძიება, თუმცა ჭიპაშვილი აცხადებს, რომ მას ამ საკითხზე არავინ დალაპარაკებია:

- გამოძიების შესახებ არაფერი მსმენია, ყოველ შემთხვევაში, ჩემთან სამართლადამცავი ორგანოებიდან ამ საკითხზე სასაუბროდ არავინ მოსულა.

- როგორ ფიქრობთ, რა ბედი ეწია დოკუმენტს?
- პირველი ვიყავი, ვინც ომის შემდეგ შევიდა პარლამენტის შენობაში. მე და რამდენიმე თანამშრომელი ვცდილობდით, გვეპოვა რაიმე დოკუმენტები, მათ შორის, ესეც, მაგრამ ვერ ვნახეთ. ეს იყო დიდი ფორმატის მუყაოს ქაღალდზე შესრულებული ნაბეჭდი ტექსტი, მისი ჯიბეში ჩადება და წაღება ყოვლად წარმოუდგენელი იყო. თუ წაღებას გადაწყვეტდით, სპეციალურ მრგვალ ყუთში უნდა მოგეთავსებინათ. არ არის გამორიცხული, იმ არეულობის დროს გადატანა-გადმოტანაში, დოკუმენტი დაკარგულიყო ან შელახულიყო. შესაძლოა, ის გამსახურდიას ყურადღების მიღმაც დარჩა. ქვეყანაში დაბრუნებისას თან ჰქონდა თუ არა, უცნობია, ის მისი დაღუპვის ადგილასაც არ უნახავთ.

დავუკავშირდით რომან გვენცაძესაც, რომელიც ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო:

- კი, ამ საქმეზე ნამდვილად ჩატარდა მოკვლევა, მაგრამ აქტის დედნის კვალს ვერ მივაგენით. თუმცა მისი გაუჩინარების თაობაზე მე ომამდე, ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროსვე ვიცოდი. უზენაესი საბჭოს შიგნით დაკარგეს.

- ამის შესახებ ზვიად გამსახურდიას ხომ არ დალაპარაკებიხართ?
- არა, მე არ ვიყავი სამინისტროში პირველი პირი. დილარ ხაბულიანმა შეიძლება იცოდეს რამე, ის იყო მინისტრი.

- არსებობს ვერსია, რომ ექსპრეზიდენტს შესაძლოა გროზნოში წაეღო ეს დოკუმენტი.
- ამას კატეგორიულად გამოვრიცხავ, ზვიად გამსახურდიას არაფერში სჭირდებოდა ეს აქტი.
ვცადეთ კომენტარისთვის ქალბატონ მანანა არჩვაძე-გამსახურდიას დავკავშირებოდით, მაგრამ მან ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა. თუ მომავალში სურვილს გამოთქვამს ამ საკითხზე თავისი ვარაუდი გაგვიზიაროს, მზად ვართ, მოვუსმინოთ.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ისტორია მეტად აბსურდულია, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ისტორიის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი ოდესმე გამოჩნდება. კარგი იქნება, თუ სრულფასოვანი გამოძიება ჩატარდება და, ბოლოს და ბოლოს, შევიტყობთ, რა მოხდა ჩვენი დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე?

ცნობისათვის

დამოუკიდებლობის საქვეყნოდ ცნობილი დეკლარაციებიდან ყველაზე ძველ დეკლარაციად მიიჩნევა 1320 წლით დათარიღებული დოკუმენტი, რომლის თანახმადაც შოტლანდიამ ინგლისისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 1328 წელს ინგლისი იძულებული გახდა, ეცნო ამ დოკუმენტის საფუძველზე გამოცხადებული შოტლანდიის დამოუკიდებლობა.

1776 წლის 4 ივლისს მიღებული ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაციის ორიგინალი მიჩნეულია სახელმწიფო მნიშვნელობის ღირებულებად და დღეს ინახება ვაშინგტონის ნაციონალურ არქივში, სპეციალური ინერტული აირით სავსე კონტეინერში, რომელიც დამზადებულია ტყვიაგაუმტარი მინისგან. დღის განმავლობაში დეკლარაცია გამოფენილია და ნებისმიერ მსურველს შეუძლია ნახოს, ღამით კი კონტეინერი არქივის სარდაფში, სპეციალურად დაცულ ადგილას ინახება.

მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში 2009 წლის 7 აპრილს, პოლიტიკური არეულობის დროს, პარლამენტის შენობაში ცეცხლი გაჩნდა. როგორც მომხდარიდან ცოტა ხანში გახდა ცნობილი, ქვეყნის დამოუკიდებლობის აქტი სხვა მნიშვნელოვან დოკუმენტებთან ერთად ხანძრისას დაიწვა. ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის მოსახლეობას პრეზიდენტმა ვლადიმერ ვორონინმა პირადად მიაწოდა. მოლდოვის დამოუკიდებლობის დეკლარაციას 1991 წლის 27 აგვისტოს მოეწერა ხელი.

2010 წელს ფიჯის ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღიარეს, რომ დიდი ხნის ძიების შემდეგ ვერ იპოვეს 1970 წელს გამოცემული ბრძანება ფიჯის დამოუკიდებლობის შესახებ.

დიდი ძალისხმევა დაიხარჯა ლიტვაში 1918 წლის 16 თებერვალს ხელმოწერილი დამოუკიდებლობის აქტის ორგინალის მოსაძიებლად, თუმცა ამაოდ.

2008 წელს ბანგლადეშის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა ქვეყნის დამოუკიდებლობის აქტი, რომელიც 1991 წელს პაკისტანთან ომის დროს მიიღეს.

წყარო/Source: http://www.ambebi.ge/politika/75014-saqarthvelos-damoukideblobis-aghdgenis-aqtis-idumalebith-moculi-istoria.html#ixzz2PT8PWDVd