წამლების არნახულმა სიძვირემ კონტრაბანდას გზა გაუხსნა

წამლების არნახულმა სიძვირემ კონტრაბანდას გზა გაუხსნა

2021 წლის აგვისტოში ინფლაციამ ათწლეულის რეკორდი მოხსნა და 12.8%-ს მიაღწია. იმავე პერიოდში წამლები საშუალოზე მეტად გაძვირდა. გასული წლის აგვისტოსთან შედარებით მედიკამენტებზე ფასები 17.9%-ითაა მომატებული. ტოტალური სიძვირის შესახებ იცის ყველამ, მაგრამ არ რეაგირებს არავინ. ამასობაში ქვეყანაში მედიკამენტების კონტრაბანდა გახშირდა და უკვე შავი ბაზარიც ამუშავდა.

წამლების სიძვირეს ვერაფერი აჩერებს. ცალკეულ მედიკამენტებზე კიდევ უფრო მეტია ფასის მატება. აგვისტოში ტკივილგამაყუჩებლები, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 21%-ით უფრო ძვირი ღირდა, სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები - 26%-ით, საჭმლის მომნელებელი სისტემის პრეპარატები - 19%-ით. ბოლო 5 წელიწადში კი ტკივილგამაყუჩებლების ფასი გაორმაგდა, სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტების - 96%-ით გაიზარდა, საჭმლის მომნელებელი სისტემის მედიკამენტებისა - 83%-ით.

საქართველოში 4 დიდი სააფთიაქო ქსელია: „ავერსი“, „პსპ“, „ჯიპისი“ და „ფარმადეპო“. ამასთან „ჯიპისი“ და „ფარმადეპო“ საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის საკუთრებაა. ცალკეულ მედიკამენტებზე სააქციო დღეებში შეიძლება ფასებში მცირე სხვაობა დაფიქსირდეს, მაგრამ როგორც წესი, უმეტეს შემთხვევაში, წამლების საფასური თითქმის იდენტურია.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი მიიჩნევს, რომ ფარმაცევტულ ბაზართან დაკავშირებით ხელისუფლებას არაჯანსაღი მიდგომა აქვს.

„გასულ თვეს ჯანმომ გამოაქვეყნა მონაცემები, რომლის თანახმადაც, საქართველოში სააფთიაქო ქსელში მედიკამენტების ღირებულება 150-300%-ით აღემატება ევროპაში არსებულს. ეს პრობლემები პანდემიამდეც გვქონდა. არიან ბიზნესმენები, რომლებიც არაკეთილსინდისიერად მუშაობენ და თანაც ამდენი წელია გასდით. თუ ხელისუფლებას რამის თავი აქვს, ეს უნდა დაარეგულიროს. არავინ ფიქრობს ფარმაცევტული ბაზრის შესწავლაზე. არადა, რამდენიმე ათეული წელია ამ სფეროში არსებული პრობლემები გაჭირვებულ მოსახლეობაზე აისახება“, - განაცხადა პაატა ბაირახტარმა.

პრობლემის შესახებ ცნობილია ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტ სერგო ჩიხლაძისთვისაც. ის წლებია, წამლების კონტრაბანდაზე საუბრობს. უკვე ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველოში მედიკამენტების დაბალი ხარისხისა და ფასის გამო, კონტრაბანდას გზა გაეხსნა.

„არის შემთხვევები, როცა წამალი ლეგალურად, პირადი მოხმარების მიზნით შემოდის ქვეყნის გარედან, რასაც კონტრაბანდას ვერ ვუწოდებთ, მაგრამ ამ ფულს ბიუჯეტი კარგავს. პრობლემის თავი და ბოლო წამლების სიძვირეა, ქართული ფარმაცევტული ბაზრის ეს თავისებურება ახალი არ არის. შემოსავლების კლებისა და უსახსრობის გამო მოსახლეობის უდიდეს ნაწილს წამლებზე ხელი ვერ მიუწვდება. შესაბამისად, ბევრი ცდილობს მედიკამენტების ყიდვას იაფად და ამისთვის ყველა საშუალებას იყენებს. არის შემთხვევები, როცა იაფად შეძენილი წამალი არაავტორიზებულ აფთიაქებში ან ხელზე, გადამყიდველებთან იყიდება, რაც მომხმარებელს დიდ საფრთხეს უქმნის.

წამლები იაფი ღირს მეზობელ ქვეყნებში, განსაკუთრებით თურქეთში. ჩვენი მოქალაქეები გადადიან და გადმოაქვთ როგორც პირადი მოხმარებისთვის, ასევე რეალიზაციის მიზნით. თურქეთთან შედარებით, საქართველოში წამალი, საშუალოდ, 70%-ით ძვირი ღირს, რაც გამაოგნებელი მაჩვენებელია. გარდა იმისა, რომ ძვირია, არის გარკვეული მედიკამენტები, რომლებიც ბაზარზე რეალურად არ არსებობს და მისი ყიდვა მოქალაქეებს არალეგალური გზით უწევთ“, - აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ.