რატომ არ აღმოჩნდა 6-მილიონიანი აფერისათვის დაკავებულთა შორის ბაკურ კვეზერელი

რატომ არ აღმოჩნდა 6-მილიონიანი აფერისათვის დაკავებულთა შორის ბაკურ კვეზერელი

სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახალ სკანდალში გაეხვა. აღმოჩნდა, რომ მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა, რომელშიც 6 500 000 ლარი დაიხარჯა და რომლის მიზნობრივად გამოყენების შემთხვევაში ქვეყანას მარცვლეულის დეფიციტი არ უნდა ჰქონოდა, გამქრალია.

მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციულმა დეპარტამენტმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი კრედიტების უკანონოდ განკარგვის ფაქტი გამოავლინა. ამ ეტაპზე დასრულდა მრავალეპიზოდიანი საქმის გამოძიება, რომელიც შეეხება სოფლის მეურნეობისთვის, კერძოდ მეთესლეობის პროგრამის განვითარებისთვის, საქართველოს მთავრობის მიერ 2006 წელს ბიუჯეტიდან მიზნობრივად გამოყოფილი  6 500 000 ლარის ხარჯვას. შედეგად მხილებულია 19 პირისგან შემდგარი ორგანიზებული ჯგუფი.

გამოძიებით დადგენილია, რომ კასპის სპირტის ქარხნის (სს „საქართველოს ნაციონალური პროდუქტების კომპანია“) დირექტორმა ვალტერ აბაშიძემ, გურჯაანის სპირტის ქარხნის (შპს „ტრიადა ჯგუფი“) დირექტორებმა - მერაბ ჯიბუტმა და კარლო ჩაკვეტაძემ, დამფუძნებლებმა - ამირან გოგიძემ და დავით ფანჯიკიძემ, შპს „აგროგრუპის“ დირექტორმა ლევან ვადაქარიამ და დანაშაულში მონაწილე სხვა პირებმა მეთესლეობის პროგრამის განვითარებისთვის გამოყოფილი კრედიტის ფარგლებში მიღებული თანხები, სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების ნაცვლად, მთლიანად დააბანდეს სპირტის არალეგალურ, შავ ბიზნესში და ბოლო წლების მანძილზე უკანონოდ აწარმოეს და გაყიდეს 2 500 ტონა სპირტი. ამ საქმიანობის შედეგად დანაშაულებრივმა ჯგუფმა მიიღო 9 500 000 ლარის ოდენობის უკანონო შემოსავალი.

ვალტერ აბაშიძე, მერაბ ჯიბუტი, კარლო ჩაკვეტაძე, ამირან გოგიძე, დავით ფანჯიკიძე და ლევან ვადაქარია პატიმრობაში იმყოფებიან. მათ ბრალად ედებათ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, აგრეთვე, საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენება. დანაშაული გათვალისწინებულია სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და 210-ე მუხლით. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს 8-დან 12 წლამდე პატიმრობა ელით, - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

სატელევიზიო კომენტარებში პროკურატურის წარმომადგენელმა ზაზა ქაჩიბაიამ განაცხადა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ვალდებული იყო, მონიტორინგი განეხორციელებია აღნიშნული პროგრამის მიმდინარეობის პროცესისთვის, შესაბამისად იყო მოლოდინი, რომ პასუხისმგებელი პირები ამ სამინისტროდანაც გამოვლინდებოდნენ, თუმცა, როგორც ჩანს, ისინი იმდენად მაღალი თანამდებობის პირები აღმოჩნდნენ, რომ პროკურატურას მათი დაკავების საშუალება არ მიეცა.

პროგრამა, რომელიც მიხეილ სვიმონიშვილის მინისტრობის დროს დაიწყო (ანუ 2006 წელს), 2011 წლამდე რომ არ ხორციელდებოდა, ეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს უნდა სცოდნოდა მაინც, რადგან კვეზერელს, იმედია, არ ჰგონია, რომ თესლის გამოყვანას, რაშიც სახელმწიფომ  6 მილიონი გადაიხადა, 6 წელი არ სჭირდება. ის, რომ კვეზერელმა დანაშაულის შესახებ არაფერი იცოდა, უბრალოდ, აბსურდია, ვინაიდან სახელმწიფო თუ სხვა პროგრამების ფარგლებში განსახორციელებელი თუ განხორციელებული სამუშაოების გასაკონტროლებლად მონიტორინგის ან ინსპექტირების ჯგუფები იქმნება, რომელთაც მინისტრი ან მისი რომელიმე მოადგილე ხელმძღვანელობს. პროგრამას აქვს ვადები. სპეციალისტებითა და იურისტებით დაკომპლექტებული ჯგუფი დადგენილი პერიოდულობით შესრულებულ სამუშაოებს ამოწმებს და მიღება-ჩაბარების აქტებით იბარებს.  ინსპექტირების ჯგუფი წერილობით აბარებს ანგარიშს ჯგუფის ხელმძღვანელს, შემდგომ კი ინფორმაცია, ასევე წერილობით, ეცნობება მინისტრს, პროგრამაში გამოვლენილი დარღვევების შესახებ კი - სამართალდამცავ სტრუქტურებს.

6-მილიონიანი პროგრამა კერძო პირების გამდიდრებას რომ მოხმარდა და ქვეყანამ არამარტო ფინანსური ზარალი განიცადა, არამედ თესლის გარეშეც დარჩა, ამის შესახებ რომ სამინისტროს წლების განმავლობაში შესაბამისი უწყებებისთვის არ უცნობებია, ზაზა ქაჩიბაიას განცხადებიდან კარგად ჩანს. ამავე განცხადებით თუ ვიმსჯელებთ, პროკურატურამ სამინისტროს მაღალჩინოსნების დანაშაულიც გამოკვეთა, თუმცა ამას მსვლელობა არ მისცემია.

კვეზერელის კანტორაში ასეთ პროექტებს ის ადამიანები იგებენ, ვისაც მფარველები ხელისუფლების ზედა ეშელონებში ჰყავს. მართალია, სახელმწიფოს მხრიდან მეთესლეობის განვითარების ფარგლებში დაკრედიტება მიხეილ სვიმონიშვილის მინისტრობის დროს მოხდა, მაგრამ მაშინ ისიც სააკაშვილის გუნდის წარმომადგენელი იყო და ცხადია, მინიმალურ პროცენტად მილიონებს გრძელვადიანი კრედიტით მხოლოდ ხელისუფლებისთვის სასურველ ბიზნესმენებს თუ მისცემდა. მაშინ მათ რიცხვში მოხვდა, სხვათა შორის, ირაკლი ოქრუაშვილის ახლო ნათესავი, სოსო ოქრუაშვილიც. სვიმონიშვილი წავიდა, მაგრამ ბაკურმაც მაგრად დახუჭა თვალი, რომ დანაშაულებრივი ქმედებები, რომელთაც აღნიშნული ბიზნესმენები ახორციელებდნენ, არ დაენახა.

ბოლო დროს ხშირად ხდება, რომ ხელისუფლება თავისივე ბიზნესმენებს დაერევა ხოლმე. ჰოდა, მათაც თუ 9 მილიონი იშოვეს სახელმწიფოს მიერ მიცემული 6 მილიონიდან, თანხები იქ უნდა მიიტანონ, სადაც საჭიროა. ამიტომაც მოიკითხეს, ეტყობა, ეს საქმე 5 წლის შემდეგ. არ არის გამორიცხული, კვეზერელს ცხვირში ამოადინონ, აქამდე რომ არ მისცა ეს მსუყე ლუკმა ფულსმოწყურებულ უმაღლეს ხელისუფალთ. სხვათა შორის, პროკურატურა სოფლის მეურნეობის სამინისტროთი ადრეც დაინტერესდა, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტთან ერთად. მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნები და რამდენიმე სამელიორაციო ასოციაციის ხელმძღვანელი პირი დააკავეს. მაშინაც ანტიკორუფციული საქმიანობის ფარგლებში განხორციელდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ სამელიორაციო სისტემის განვითარებისთვის გამოყოფილი სახსრების ხარჯვის მიზნობრიობის შესწავლა. შედეგად დააკავეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციის სამმართველოს უფროსი ზურაბ ქაჯაია და ამავე სამმართველოს თანამშრომელი პაატა ტუღუში, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სამელიორაციო სახელმწიფო საწარმოს დირექტორი დავით მუჯირიშვილი. მათ ბრალად ედებოდათ თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით მეწარმეებისთვის ქრთამის გამოძალვის არაერთი ფაქტი.

გამოძიებით დადგინდა, რომ რეგისტრაციის პროცედურების, სამსახურებრივი მფარველობისა და სხვა დანაშაულებრივი ქმედებების განხორციელების სანაცვლოდ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლების მიერ ქრთამის სახით აღებულმა თანხამ მთლიანობაში შეადგინა 310 000 ლარი.

მოკლედ, ყველაფერი იდეალურად იქნებოდა, რომ არა ერთი დეტალი: ქაჯაია, რომელიც სამმართველოს უფროსად გაასაღეს, ორი წლის განმავლობაში უფროსი აღარ გახლდათ და მას ამ ხნის განმავლობაში ორი უფროსი გამოუცვალეს. ძნელი გასარკვევია, რატომ დასჭირდათ მისი სამმართველოს უფროსად გასაღება, - იმის გამო, რომ რეალური უფროსისთვის დანაშაული ჩამოერეცხათ? იმისთვის, რომ დაემტკიცებინათ, მხოლოდ რიგით თანამშრომლებს კი არა, მაღალჩინოსნებსაც ვიჭერთო თუ კიდევ სხვა მოტივით?

მოკლედ, კვეზერელის სამინისტროში დიდი არეულობაა, მაგრამ მისი მინისტრობის ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო მაინც ის ფაქტი რჩება, როცა სამინისტროს დაქვემდებარებული სამსახურიდან ბარიგები აიყვანეს, რომლებიც წამალს პირდაპირ სამსახურიდან ყიდდნენ. მის მიერ ამ სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნულმა დავით დგებუაძემ კი თავის კაბინეტზე განცხადება გამოაკრა: კლიმაქსიანები და კრიტიკული დღეების პერიოდში მყოფები ნუ შემაწუხებთო. ეს განცხადება ათასობით ადამიანმა წაიკითხა. დიდხანს დააფრიალებდნენ პარლამენტში ამ სამარცხვინო განცხადების სურათებს, თუმცა კვეზერელისთვის ჩრდილი არც ამას მიუყენებია.

ასეთი ფაქტების შემდეგ მინისტრი არათუ თანამდებობაზე უნდა იყოს, არამედ - პასუხისგებაში მიეცეს. მაგრამ საქართველოში ამ საკითხებს ერთპიროვნულად პრეზიდენტი წყვეტს, მას კი კვეზერელზე სიბრაზეს ვიღაც ძალიან სწრაფად უქარვებს, რაც ყვარელში გამართული სამთავრობო სხდომის შემდეგაც გამოვლინდა. გახსოვთ, ალბათ, როგორ გამოლანძღა პრეზიდენტმა სოფლის მეურნეობის მინისტრი. „თანამდებობაზე ხართ ხალხი, ვისთვისაც საუკეთესო პოზაა არაფრის კეთება, ნაცრის ქექვა და მახათის ერთ ადგილზე გაყრა. გეგონება მაძღარი ქვეყნის მთავრობას წარმოვადგენდეთ. მე ამის მოთმენას აღარ ვაპირებ. ჩვენ არ ვართ ხორცკომბინატი, რომ მინისტრებისა და თანამდებობის პირების ნაცვლად ხორცის ნაჭრები შევინახოთ“, - მრისხანებდა სააკაშვილი.

მაშინ სააკაშვილმა სხდომაზე ევროპაში ქართული ნაძვის მოშენების ფაქტიც გაიხსენა. საქართველოდან გატანილი თესლებით ევროპაში ქართული ნაძვი მოუშენებიათ, იმ ადამიანებს, რომლებიც ქართული ნაძვის თესლებით დაინტერესებულან, უამრავი მცდელობის მიუხედავად, სოფლის მეურნეობის მინისტრთან ვერ შეუღწევიათ. „არის ასეთი პროექტი, რომელიც ევროპაში ქართული ნაძვის ხეების მოშენებას ეხება. მთელი ევროპის ნაძვის ხეების მეტი ნაწილი ქართული ნაძვის ხეებია უკვე და ეს ნაძვები ქართული თესლებისგან კეთდება. ამ პროექტს რეკლამას ქეთი მელუა უწევს. როგორ არ უარეს ამ ადამიანებმა რჩევისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მაგრამ ვერანაირი რჩევა ვერ მიიღეს. თუ ასეა, მაშინ რაღაში მჭირდებით? მოდი ხვალ დაგხურავთ და იმ სახსრებს, რომლებიც თქვენს სამინისტროზე იხარჯება, უფრო პრიორიტეტული მიმართულებით გამოვიყენებთ“, - განაცხადა სააკაშვილმა და კვეზერელს დაჰპირდა, რომ პირობას შეასრულებდა.

ამის შემდეგ კი კვეზერელი ჯერ რეზიდენციაში დაიბარა, შემდეგ სამინისტროში იახლა. მაშინ ყველას ეგონა, რომ პრეზიდენტი, ზურაბ ანთელიძის მსგავსად, კვეზერელს პირდაპირ ეთერში, მისსავე სამინისტროში მოხსნიდა, მაგრამ მოლოდინი არ გამართლდა. მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროში მისულმა პრეზიდენტმა კიდევ ერთი პრობლემა აღმოაჩინა, როცა ქართული ზეთის წარმოების ამბავი მოიკითხა: მზესუმზირის მწარმოებლებს კახური მზესუმზირა ბათუმში უნდა ჩაებარებინათ, სადაც მისი გადამუშავება და ზეთის წარმოება უნდა მომხდარიყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საწარმოს მზესუმზირის დიდი ნაწილი უკრაინიდან შემოუტანია.

ჰოდა, რა გასაკვირია, რომ უკიდურესად აფექტურმა პრეზიდენტმა თუ მაშინ თავი შეიკავა კვეზერელის გათავისუფლებისგან, ახლა 6-მილიონიანი ზარალი რომ აპატიოს და, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, სამთავრობო ხორცკომბინატში ხორცის ნაჭრები კიდევ დიდი ხნით შეინახოს, სანამ პირველ პირს თავად არ მოშივდება?!