„საქართველო ტერორისტული ზეგავლენისა და აქტივობებისათვის მოწყვლადი სახელმწიფოა“

„საქართველო ტერორისტული ზეგავლენისა და აქტივობებისათვის მოწყვლადი სახელმწიფოა“

სუს-ის მიერ დაკავებული საქართველოს 5 მოქალაქე ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში ირიცხება. მათ ერთგულების დასტურად, „ისლამური სახელმწიფოს“ ამჟამინდელი ლიდერის წინაშე დადეს ერთგულების ფიცი ე.წ. ბაიათი და ფიცის ამსახველი ვიდეორგოლი გაავრცელეს ტერორისტებთან დაკავშირებულ პირებთან. სწორედ ამ მიზნით გაემგზავრნენ ისინი თურქეთში. გამოძიების ფარგლებში, გამოიკვეთა, რომ ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულები, სავარაუდოდ, კორპუსის აფეთქებას გეგმავდნენ. for.ge-სთან საუბრისას ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, დავით კუხალაშვილი ამბობს, რომ ბოლო წლებში განვითარებული მოვლენების ანალიზი აჩვენებს, რომ საქართველო სამიზნე სახელმწიფოა, მხოლოდ იმის გათვალისწინებითაც კი, რომ ტერორისტული ორგანიზებით საბრძოლო მოქმედებებში ჩასართველად გადაბირებების პროცესების აქტივობა შეინიშნებოდა.

for.ge დავით კუხალაშვილს ესაუბრა.

ე.წ. ისლამური სახელმწიფოს რეალური დამარცხების ფონზე, რა პერსპეტქივა შეიძლება ჰქონდეს ერთ-ერთი ყველაზე უძლიერეს ტერორისტულ ორგანიზაციას, როგორ შეიძლება შეიცვალოს მისი გეგმები, მოქმედებები და მეთოდები?

დავით კუხალაშვილი: უპირველს ყოვლისა განვითარების და მოქმედებათა არეალის გაფართოების პერსპექტივა, რაც გლობალური მასშტაბით სტაბილურობის კუთხით ოპერატიული ვითარების დაძაბვის საფუძველი შეიძლება გახდეს. სტატუსის ცვალებადობის მიუხედავად, ტერორისტული ორგანიზების მიმართულებით მყარი გამოცდილება დაინტერესებულ სახელმწიფოებს აძლევს შესაძლებლობას, ტერორიზმის ორგანიზებაში უკვე სახელმწიფო გამოიყენონ, რათა წარმატებით და ოპერატიულად გადაჭრან საკუთარი სახელმწიფოს სტრატეგიული ინტერესები.

ამ პროცესებში განსაკუთრებულია სადაზვერვო აქტივობები და მაღალი ალბათობით უცხო სახელმწიფოებს მყარი აგენტურული შეღწევადობა გააჩნიათ, სასურველი პროცესების ინსპირირებისათვის, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. არსებობს კიდევ ერთი ხელსაყრელი პირობა, ტერორიტული ჯგუფების წვრთნისა და აღჭურვის მიმართულებით, რაც ტერორისტული აქტების წარმატებით ორგანიზებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

როგორც ვხედავთ, ახლა „ისლამური სახელწმიფო“ მიძინებულია, მაგრამ თალიბანის გამარჯვების ფონზე, როგორ ფიქრობთ, მათი მიძინება დროებითი მოვლენაა?

- ვფიქრობ დროებით მიძინებასა და გამარჯვებას შორის პირდაპირი კავშირია, მაგრამ მაღალი ალბათობით, გამარჯვებით მიღწეული შედეგი არასაკმარისი. ყოველივე კი იმაზე მიანიშნებს, რომ ქმედებების დაგეგმარებისა და განვითარების სტრატეგიული კურსი ახალი გამარჯვებების და სახელმწიფო მმართველობების ხელში ჩაგდებისაკენ იქნება მიმართული.

რაც შეეხება საქართველოს, სუს-ის ინფორმაციით, პანკისში დაკავებულები, სავარაუდოდ, კორპუსის აფეთქებას გეგმავდნენ. გავრცელდა სკანდალური ფარული ჩანაწერი, სადაც ჩანს დაკავებულები როგორ დებენ „ერთგულების პირობას“. ამის მიუხედავად, დაკავებულების ახლობელი მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ 5 ახლგაზრდა წინასაარჩევნოდ დააკავეს. ბატონო დავით, ჩანაწერი რომელიც გაავრცელა სუს-მა, იძლევა ეჭვის საფუძველს, რომ ისინი უკანონოდ არიან დაკავებულები?

- უპირველეს ყოვლისა უნდა აღვნიშნოთ, რომ პანკისის ხეობა უცხო სახელმწიფოთა და ტერორისტულ ორგანიზაციათა სადაზვერვო ხასიათის აგენტურული შეღწევადობისათვის მოწყვლადი ტერიტორიაა, რის გამოც ეს ტერიტორიაც საქართველოში არსებულ ოპერატიულ ვითარებას ამძიმებს. რაც შეეხება წარმოდგენილ ფარულ ჩანაწერს, იგი სუს-ის წარმატებულ ოპერატიულ-ტექნიკურ შეღწევადობაზე უნდა მიანიშნებდეს. რაც შეეხება ბატონ მალხაზ მაჩალიკაშვილის მოსაზრებას, გამოძიების საწყის ეტაპზე სუს-ის უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით, ეს გახლავთ მიღებული პრაქტიკა, რომელშიაც აქტიურად მონაწილეობენ საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიების და მასმედიის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელთა მიზანსაც საქართველოს სპეცსამსახურების დისკრედიტაცია და სახელმწიფო მმართველობის კომპრომეტაცია წარმოადგენს.

თუ გავითვალისწინებთ აღნიშნულ მოსაზრებას, შედეგობრივად ამ ქმედებებში საქართველოსადმი მტრულად განწყობილი სახელმწიფოების სადაზვერვო აქტივობების თანხვედრილი მიზნები არსებობს. ღია წყაროების მიხედვით, უახლოესი წლების ოპერატიული ვითარების ანალიზი ცხადყოფს, რომ საქართველო ტერორისტული ზეგავლენისა და აქტივობებისათვის მოწყვლადი სახელმწიფოა, შესაბამისად, მაღალი ალბათობით, აღნიშნულ დაკავებას არჩევნებთან კავშირი არ უნდა ჰქონდეს.

ტერორიზიმი ურთულესი თემაა და მით უმეტეს როცა საქმე ეხება პანკისის ხეობას, შეუძლებელია გამოვრიცხოთ რუსეთის ფაქტორი, განსაკუთრებით ჩეჩნეთის და კადიროვის ფაქტორი. როგორ ფიქრობთ, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს სამიზნე შეიძლება გახდეს საქართველო?                                     

- ბოლო წლებში განვითარებული მოვლენების ანალიზი აჩვენებს, რომ საქართველო სამიზნე სახელმწიფოა, მხოლოდ იმის გათვალისწინებითაც კი, რომ ტერორისტული ორგანიზებით საბრძოლო მოქმედებებში ჩასართველად გადაბირებების პროცესების აქტივობა შეინიშნებოდა.

რელიგიური და ეთნიკური ნიშნების თანხვედრა ძალიან დიდ როლს თამაშობს ტერორიზმის ინსპირირებაში, მის განვრცობაში, გადაბირების პროცესში, რისი მაგალითი არის სუს-ის სპეცოპერაცია. პანკისის ხეობის სპეციფიკიდან გამომდინარე როგორ უნდა იმოქმედოს საქართველოს ხელისუფლებამ, რომ გადინების პროცესი შეაჩეროს და ამავე დროს არ გავხდეთ სამიზნე ?                        

- გადინების პროცესის შეჩერება უახლეს პერსპექტივაში წარმოუდგენელია, რასაც ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტორი განაპირობებს. ვფიქრობ, საქართველოს სპეცსამსახურების მნიშვნელოვანი მიზანი, უწყვეტობით გამორჩეული, მყარი ოპერატიული კონტროლის არსებობაა სამიზნე ჯგუფებზე, აგრეთვე ტერორიზმის წინააღმდეგ მებრძოლ უცხო სახელმწიფოების სპეცსამსახურებთან უსაფრთხო კოორდინაციაა.

დაკავებულებიდან 2 არის მაჩალიკაშვილის ნათესავი, ვიცით რა წარსული აქვს ამ ოჯახის წევრს, რომელიც ასევე პირდაპირ კავშირში იყო ტერორისტულ ორგანიზაციასთან. ბატონო დავით, თუ გავითვალისწინებთ მაჩალიკაშვილის პოლიტიკურ გემოვნებას, შესაძლებელია, ეს ე.წ. ტერორისტულ ჯგუფი გარკვეულ პოლიტიკურ მიზნებსაც ემსახურებოდა?

- პოლიტიკური დაზვერვის ჭრილში პრობლემის განხილვის შემთხვევაში, მსოფლიოს ისტორიაში არსებული პრაქტიკის შესაბამისად, მიზნის მისაღწევად ტერორისტული ჯგუფები მჭიდროდ თანამშრომლობენ პოლიტიკურ პარტიებთან. ყველაზე სახიფათო ვითარება მიიღწევა მაშინ, როდესაც ტერორისტული ორგანიზაციისა და პოლიტიკური პარტიის კავშირები დაინტერესებული სახელმწიფოების სადაზვერვო სამსახურების მიერაა ჩამოყალიბებული და კონტროლირებადი.

უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, მე არ მაქვს უფლება მაჩალიკაშვილის პირდაპირი ან ირიბი კავშირების შესახებ, რაიმე სახის განცხადება გავაკეთო, მით უმეტეს რომ ამ პიროვნებამ და მისმა ოჯახმა უდიდესი ტრაგედია განიცადეს. მიუხედავად იმისა, რომ 2018 წლის 31 მაისს, პარლამენტის შენობის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, რომ მას და კიდევ რამდენიმე ადამიანს ფიცი ჰქონდათ დადებული, რომ მისულიყვნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და თავი აეფეთქებინათ, გაკეთებული განაცხადი ტერორისტული აქტის მომზადების ნიშნებს შეიცავს.

საქართველოს ჰყავს პოლიტიკური ოპოზიცია, რომელიც ყოველდღიურად პროპაგანდას უწევს კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივ დამხობას, სააკაშვილის ყოველი განცხადება, სწორედ, რომ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობისკენ არის მიმართული. გვახსოვს, რა მოხდა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ლაფანყურში და როგორ შემოიყვანეს საქართველოში სწორედ ტერორისტული ჯგუფის წევრები და მათ შორის ჩატაევი და ვიცით, იგივე ჩატაევის დაკავება და განთავისუფლების წინაპირობები. აქედან გამომდინარე, რატომ უნდა გამოვრიცხოთ ამ პოლიტიკური პარტიის კავშირები ტერორისტული ჯგუფის წევრებთან, რომ ისევ რუსეთის დახმარებით და ისევ საარჩევნოდ მოხდეს ვითარების ესკლაცია?

- უცხო ქვეყნების პოლიტიკური დაზვერვის მადესტაბილიზირებელ ქმედებას საქართველოში ხელს უწყობს არასაკმარისი საკანონმდებლო ბაზა. ვითარების მოუგვარებლობა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანებში შიშისა და პანიკის დათესვას, ხოლო დესტრუქციის მომხრე მოქალაქეების ძალადობრივ პროცესებში ჩართვის ინსპირირებას ემსახურება. მაღალი ალბათობით „ლაფანყურის ინციდენტი“ სრულყოფილად არ არის შესწავლილი, რაც ვფიქრობ, ფაქტის გამოძიების პროცესში იმ პირების მონაწილეობაზე უნდა მიანიშნებდეს, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად იყვნენ ჩართული ამ პროცესის ორგანიზებაში, ან ორგანიზატორთა ახლო კავშირებს წარმოადგენდნენ.

ესაა პირთა წრე, რომელიც აქტიურად იყო ჩართული, როგორც პოლიტიკურ კორუფციაში, ისე პოლიტიკურ ტერორიზმში საკუთარი სახელმწიფოსა და ხალხის წინააღმდეგ. ვფიქრობ, სახეზეა „დანაშაულის დაძველების“ ნიშნები. სამიზნე ქვეყნის პოლიტიკური პარტიების და ამ ქვეყნის წინააღმდეგ მოღვაწე სადაზვერვო სამსახურებს ერთი მიზნის ქვეშ გაერთიანება და „მოღვაწეობა“ მათ შორის საარჩევნო კამპანიაში კარგად აპრობირებული მეთოდია, რის გამოც დანაშაულებრივი კავშირების და ქმედებების ორგანიზება საარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღეს და მის შემდგომაც გამორიცხული არასოდეს არ შეიძლება იყოს. ყველაფერი დამოკიდებულია მზვერავი ქვეყნისა და მისი სადაზვერვო სამსახურის სტრატეგიულ მიზნებსა და ამოცანებზე დაზვერვის ობიექტ სახელმწიფოსთან მიმართებაში.