31 მარტს საქართველოს პარლამენტში მომხდარ ინციდენტს სახელმწიფოს მართვის სტილი არ დაურღვევია, თუმცა ანარქიისა და ქაოსის ასეთი ფოიერვერკი ყოვლად წარმოუდგენელი იყო.
ქალაქის (თუნდაც ეს ქალაქი დედაქალაქი იყოს) პოლიციის შეფმა, სახელმწიფოს შინაგან საქმეთა ახლადდამტკიცებული მინისტრის კანდიდატურით აღშფოთებულმა, გადაწყვიტა ანგარიში გაესწორებინა სახელმწიფოს მეთაურთან.
ბატონი ზეიკიძე კბილებამდე შეიარაღებულ პოლიციელებთან ერთად შეიჭრა პარლამენტის შენობაში, მოაწყო დებოში, ხელჩართული ჩხუბის ელემენტებით, პარლამენტის სხდომათა დარბაზის ფოიეში, შეურაცხყოფა მიაყენა სახელმწიფო მეთაურსაც, ბოლოს კი სხდომათა დარბაზში შევიდა. ყოველივე ეს ხდებოდა უცერემონიოდ, ყოველგვარი კანონისა და ეთიკის ნორმების დარღვევით.
ბატონი ზეიკიძე მოითხოვდა პასუხს კითხვაზე, თუ რატომ დაირღვა მასსა და ბატონ შევარდნაძეს შორის მიღწეული შეთანხმება, რომლის არსი, ზოგადად, ყველასთვის უცნობია. მის შესახებ საუბარს თავს არიდებს სახელმწიფო მეთაურიც.
ფაქტია, რომ ქალაქის პოლიცმაისტერმა თავისი ქმედებით გამოიწვია ლოგიკური შედეგები: სისხლის სამართლის აღძვრა რესპუბლიკურ პროკურატურაში, მისი თანამდებობიდან გადაყენება სამი ძალოვანი სამინისტროს კოლეგიების გაფართოებულ სხდომაზე იმავე საღამოს (სხვათა შორის, ამ გადაწყვეტილებას ზეიკიძე დღემდე უკანონოდ მიიჩნევს და არ ტოვებს თავის კაბინეტს), პარლამენტის მიერ ამ აქციის „სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად“ შეფასება.
ბატონი ზეიკიძე, რომელმაც თავისი იმიჯი, ძირითადად დესტრუქციული ქმედებებით შეიქმნა (იგულისხმება: სამართალდამცავი ორგანოების გაფიცვა, პოლიციის ორგანოების დაუმორჩილებლობა, მიტინგების დარბევა), უკან დახევას არ აპირებს.
არ არის გამორიცხული, ვითარების გამწვავების შემთხვევაში, მის მოკავშირეთა რიგებში ჯერ კიდევ გავლენიანი, მაგრამ საეჭვო რეპუტაციის მქონე პოლიტიკური ძალები ვიხილოთ.