პირველი და შესაძლოა, უკანასკნელი „ნაციონალური ტანგო“ რუსთაველზე

პირველი და შესაძლოა, უკანასკნელი „ნაციონალური ტანგო“ რუსთაველზე

19 აპრილის შემდეგ ქვეყნაში სიტუაციის რადიკალურ ცვლილებას აანონსებს ვანო მერაბიშვილი. მისი ნათქვამი ბევრმა ცინიკურად, ბევრმაც სასურველ რეალობად აღიქვა და პრეზიდენტის გადადგომაც იწინასწარმეტყველა, მით უფრო, რომ მერაბიშვილი ხალხს სიურპრიზებსაც დაჰპირდა. ნაციონალების ცხრაწლიანი მმართველობისგან გაწამებული ხალხისთვის კი სააკაშვილის გადადგომა ყველაზე სასურველი სიურპრიზი აღმოჩნდა.

შედარებით ამაღლებული შეფასებებიც გაკეთდა - იქნებ, სწორედ 19 აპრილს შედგეს ნაციონალების ერთგვარი საყოველთაო მონანიება?! თუმცა ასეთი მოლოდინი რომ ოცნებების სფეროდანაა, ესეც ფაქტია - ნაციონალებს მონანიების სურვილი არასდროს გასჩენიათ.

უკვე ცნობილია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურ მდივანს 19 აპრილის აქციაზე ყველაზე მეტად მელორ ვაჩნაძისა და ნანა კაკაბაძის გამოჩენა გააღიზიანებს. ამიტომ იგი ამ ადამიანებს აქციაზე მისვლას არ ურჩევს, თანაც, ერთ მათგანს „ყაჩაღად“ მოიხსენიებს, მეორეს - „მხედრიონელად“.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი 19 აპრილის აქციაზე ნაციონალების ბოდიშს ნამდვილად არ ელის, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ ბოდიშის მომხდელ პარტიად არასოდეს იქცევა. მეტიც, თუკი „ნაცმოძრაობა“ ბოდიშს მოიხდის, მაშინ ქართველი ხალხი, ალბათ, სირცხვილისგან უნდა გაშრეს, რომ ასეთი „პატივცემული ხალხი“ არ აირჩია ხელისუფლებაში.

ლევან ბერძენიშვილის აზრით, 19 აპრილის შემდეგ არაფერი შეიცვლება, „ნაციონალური მოძრაობა“ არც დამთავრდება და არც გაძლიერდება. რაც შეეხება სიურპრიზს, ლევან ბერძენიშვილი ვანო მერაბიშვილს თავადაც ჰპირდება, რომ 19 აპრილს, რა თქმა უნდა, იქნება სიურპრიზი. თუმცა, მთავარი სიურპრიზი იქნება ის, რომ იმ მასშტაბებს, გაქანებას, სურვილებს, რაც ნაციონალებს აქვთ, შანსი არ აქვს ჩვენს საზოგადოებაში. ამ პარტიის აღმავლობის შანსი არ არსებობს და უფრო მეტიც, ვანო მერაბიშვილის შანსი არც არასდროს ყოფილა ქართულ საზოგადოებაში.

„ჩვენში იყო ელვარე ნიჭის ადამიანების, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილის შანსი, მაგრამ ვანო მერაბიშვილის შანსი არ ყოფილა, რომელიც ანტიპოლიტიკოსია და ყველანაირი თვალსაზრისით, პოლიტიკოსის თვისებების საწინააღმდეგო ნიშნებს ატარებს - თავისი გაქანებით, განათლებით, მეტყველებით. ვანო მერაბიშვილი აშკარად საოცრებათა წარმოდგენაა, როდესაც ამ შესაძლებლობის ადამიანი მოვლენათა ტალღაზე სადღაც აღმოჩნდა და ეს მისთვის ისეთი დიდი საოცრება იყო, რომ მთელი ცხოვრება დასჭირდება იმის გასახსენებლად, თუ როგორ აღმოჩნდა ასეთ გაუგებრობაში. თუმცა, ეს ვერასდროს ვერ განმეორდება და ვანო მერაბიშვილთან ერთად ამ პარტიას არანაირი შანსი არ აქვს“, - აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.

ამასთან, მიიჩნევს, რომ ახალმა ხელისუფლებამ მათ აქციას ხელი არ უნდა შეუშალოს, თუნდაც ვანო მერაბიშვილის ეგიდით ბევრი ადამიანი შეიკრიბოს. მართალია, დეპუტატს უჭირს იმის წარმოდგენა, თუ რამდენია ეს ძალიან „ბევრი ადამიანი“, მაგრამ ვარაუდობს, რომ იქ შეიკრიბებიან ის ადამიანები, ვისზეც ნაციონალებს ისევ აქვთ გავლენები და ვისზე იძულებაც შეუძლიათ. თუმცა, დეპუტატს ცინიზმად მიაჩნია ის მიზეზი, რის გამოც ნაციონალები აქციის ჩატარებას აპირებენ და ევროპაში ინტეგრაციით აპელირებენ. ამდენად, მისთვის ისიც საოცრებაა, რომ თითქოს, ვანო მერაბიშვილს ევროპაში სურდეს და „ქართულ ოცნებას“ სადღაც სხვაგან სდომებია.

„მიჭირს, საერთოდ, ვისაუბრო იმ ხალხის შესახებ, რომლებიც ამ ლიდერის ირგვლივ გაერთიანდებიან. ისინი დაინახავენ თავის ძალას. ძალა უძალოთა ცოტა უფრო მეტი რამ იყო, მაგრამ კარგით, იყოს ასე. 19 აპრილს იმის მოლოდინი მაქვს, თუ როგორ იქცევა „საპნის ბუშტად“ ის ახალი ოცნება, რომელიც გაუჩნდა მერაბიშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“. ისინი ამბობენ, არ გაიმეოროთ ჩვენი შეცდომებიო, მაგრამ ერთხელ მაინც თუ გსმენიათ, ეღიარებინოთ საკუთარი შეცდომები? ამის თქმას ვერც 19-ში შეძლებენ“, - აცხადებს დეპუტატი.

ამის მიუხედავად, იგი გულშემატკივრობს, რათა გადარჩეს „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პარტია. ოღონდ დარწმუნებულია, რომ მერაბიშვილთან ერთად ეს პარტია ვერ გადარჩება იმ უბრალო მიზეზით, რომ ის არ არის ის ლიდერი, რომლითაც შეიძლება რამე გადარჩეს. უფრო მეტიც, მერაბიშვილის შესახებ ყველაფერი შეიძლება ითქვას, გარდა ქარიზმატულობისა. ამის დასტურად ლევან ბერძენიშვილს ნოდარ დუმბაძის ისტორია ახსენდება. ერთხელ ცნობილი ქართველი მწერალი ბაზარში იმყოფებოდა და იკითხა, გული გაქვთო? არაო - იყო პასუხი. ჯიგარი გაქვთო? - არაო. უი, ჩვენი მწერალთა კავშირის თავმჯდომარე დაუკლავთ, ხალხოო.

„ვანო მერაბიშვილიც სულ ამ ანეგდოტს მახსენებს ხოლმე. თუმცა ვგულშემატკივრობთ, იქნებ, რამეს მიაღწიონ. იქნებ, რამე მართლაც აქვთ სათქმელი და ჩვენ გამოგვეპარა“, - აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ ამ ადამიანებს შეკრების უფლება აქვთ და მერაბიშვილისგან და მისი თანაპარტიელებისგან განსხვავებით, რომლებიც ამგვარ აქციებს არბევდნენ, ხალხს იტაცებდნენ, ხეებზე აბამდნენ, აწამებდნენ, აპატიმრებდნენ და შემდეგ ცოცხებით აუპატიურებდნენ,  „ქართული ოცნება“ ამას არ დაუშვებს.

გია ცაგარეიშვილის თქმით, ახალმა ხელისუფლებამ საკუთარი მორალური სახე გამოაჩინა, როცა „ამ პროვოკატორებს“ არც 8 თებერვალს არ მისცეს უფლება სიტუაცია უკიდურესობამდე დაეძაბათ.

„ყოველდღიურობაში იკვეთება „ნაცმოძრაობის“ აბსოლუტურად ამორალური სახე, საქართველოს პარლამენტში და მის ფარგლებს გარეთაც ეს კარგად ჩანს, ამიტომ მათზე მორალური კატეგორიებით მსჯელობა ძალიან ძნელია. რა პერფორმანსიც არ უნდა მოაწყონ მათ, ესეც მათი უფლებაა, ამის ნიჭი და ტალანტი მათ აქვთ და პარტიაში მრავალრიცხოვან მსახიობთა ჯგუფი ჰყავთ, რომლებიც ამავე საქმიანობით არიან დაკავებულნი საქართველოს პარლამენტში“, - აცხადებს გია ცაგარეიშვილი, თუმცა ვერაფრით ხსნის ნაციონალების შეკრების არსს.

დეპუტატის თქმით, ეს ადამიანები თითქოს, იმისთვის იკრიბებიან, რომ საბჭოეთში თუ დსთ-ის სივრცეში საქართველოს დაბრუნების საფრთხეს ხედავენ, თუმცა ამის საწინააღმდეგოს ადასტურებს ახალი ხელისუფლების ხუთთვიანი მოღვაწეობა. კერძოდ, იმას, რომ საქართველო, როგორც არასდროს, მიისწრაფის ევროატლანტიკური სივრცისკენ. ფაქტობრივად, ასოცირებული ხელშეკრულების გაფორმების მიჯნაზე ვართ და ეს მოხდება ვილნიუსის სამიტზე.

„ამაში კი ხელს ვერც მერაბიშვილის უნიჭო ბღლარძუნი ვერ შეუშლის „ქართულ ოცნებას“, - ასეთია დეპუტატის პოზიცია.

გარდა ამისა, გია ცაგარეიშვილი მიიჩნევს, რომ ვანო მერაბიშვილი სანდრო გირგვლიანის საშინელი, უმაგალითო წამებისა და მკვლელობის ერთ-ერთი მთავარი მონაწილეა, ამიტომ მას არ აქვს მორალური უფლება ვინმეს ჭკუა დაარიგოს. ამას ემატება სახალხო დამცველის მიერ ლაფანყურის ოპერაციასთან დაკავშირებით დადგენილი საშინელი ფაქტებიც. ამიტომ ხალხმა უნდა გააკეთოს არჩევანი, უნდათ მათ 19 აპრილის უმსგავსობაში მონაწილეობა მიიღონ? ეს მათი გადასაწყვეტია.

„თქვენ გახსოვთ, როცა უგულავა დასაკითხად მიაბრძანეს საფინანსო პოლიციაში, მაშინაც ატყდა ქალბატონი თუთბერიძის და სხვების ისტერიული მოწოდებები, არიქა, შევიკრიბოთო. ამ დროს სულ 500 კაცი მივიდა, აქედან, მე მგონი, ძალოვანი იყო 200 ადამიანი, ვინც იცავდა ამ აქციას, ასამდე ჟურნალისტი იყო მობილიზებული, თუმცა ისინიც რაოდენობაში გაიყვანეს. სოციალურ გვერდზე იყო გადათვლილი ადამიანის თავები და სულ რაღაც 530 ადამიანი გახლდათ თავმოყრილი. აქციითა და მიტინგით ნაციონალები ვერ გაგვაკვირვებენ, 200 ათასიანი მიტინგები წამიყვანია თავის დროზე, როცა საჭირო იყო და ვერც პერფორმანსებით ვერ გამაკვირვებენ“, - აღნიშნავს გია ცაგარეიშვილი.

ამასთან, აცხადებს, რომ ადამიანები თავისუფლები არიან და სადაც უნდათ, იქ მივლენ. ასევე მოიქცევიან პოლიტპატიმრები და მათ ვერავინ დაუშლის აქციაზე მისვლას. მით უფრო, რომ 19 აპრილის აქცია სულაც არ არის კორპორატიული საღამო და რუსთაველის გამზირი ყველასია.

მისი განმარტებით, სულ ახლახანს ამ გამზირს სააკაშვილმა უწოდა „დაწყევლილი რუსთაველის გამზირი“, როცა გონდაბნედილი ყვიროდა და ღრიალებდა მიკროფონში დაწყევლილი რუსთაველიო. დღეს კი სწორედ ამ „დაწყევლილ რუსთაველზე“ ატარებენ ისინი მიტინგს და იქ, სადაც ადამიანები თავს სდებდნენ სამშობლოსთვის, ნაციონალები იკრიბებიან.

ამიტომ, დეპუტატი მიიჩნევს, რომ მათ არ აქვთ იქ შეკრების უფლება, სადაც ასი ათასობით ქართველი მართლაც ღირსების დასაცავად იყო გამოსული. მეტიც, იქ არ უნდა დადგნენ ვანო მერაბიშვილი, უგულავა, გაბაშვილი და ნაციონალურ ბალაგანში არ უნდა მონაწილეობდნენ. თუმცა, დეპუტატის აზრით, 20 და 21 აპრილიც გათენდება და იგი გრძნობს, რით დამთავრდება ივანე მერაბიშვილის პოლიტიკური კარიერა.

„მოვლენებს არ დავასწრებ, უდანაშაულობის პრეზუმპციას ვიცავ, ხომ არ დავემსგავსები მას, როცა იგი საცვლების ამარა აკავებდა ადამიანებს და დამნაშავეებად რაცხავდა?! მას განსჯის სამართლიანი სასამართლო ლაფანყურისთვის, გირგვლიანისთვის, 7 ნოემბრისთვის, 26 მაისს დახოცილი ბიჭებისთვის. ესეც სიმბოლურია, მერაბიშვილი მანდ ხალხს ხოცავდა და ახლა გვეუბნება, მიტინგზე გამოდითო. მათ ჰგონიათ, ჩვენი საზოგადოება სკლეროზიანია?! დაავიწყდათ, როგორ ექცეოდნენ თანამოქალაქეებს? ისე ბედის ირონიაა, ხომ ხედავთ, როგორ უკუღმა შეტრიალდა ივანესთვის ცხოვრება?! იქ, სადაც წამლავდა ხალხს გაზით, ხოცავდა და მაღაზიის თავზე აწყობდა, ახლა მიტინგს მართავს“, - აღნიშნა გია ცაგარეიშვილმა.

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ ბოლო დროს გახშირდა მოარული ხმები, თითქოს, ნაციონალები მონანიების მსგავსს აპირებენ, ისეთი ჭორიც გავრცელდა, რომ შეიძლება, პრეზიდენტის გადადგომის თემაც წამოტივტივდეს.

„შეიძლება, ცუდი პიროვნება ვარ, მაგრამ რაღაც არ მჯერა ასეთი ცვლილებების. უბრალოდ, ვფიქრობ, რომ ნაციონალებს არ აქვთ კონკრეტული გეგმა და რას გააკეთებენ, თვითონაც მკაფიოდ არ იციან. თუმცა შეპირებით ხომ უნდა შეჰპირდნენ ხალხს რაღაც რადიკალურს? ამიტომ ამ სიტყვების იქით რეალურად რამე იგულისხმება თუ არა, თუ ეს მხოლოდ ხმაურია - ვერ გეტყვით“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

ამასთან მიიჩნევს, პრეზიდენტი თუ გადადგება ან რაიმე ანალოგიური მოხდება, ეს იქნება რადიკალურიც, ეს იქნება მონანიებაც და ნამდვილად ახალი სიტყვა ქართულ პოლიტიკაში. თუმცა ნაციონალები არ გვანებივრებენ ასეთი ნაბიჯებით და ძნელია იმის პროგნოზი, რა იქნება მომდევნო დღეს, ანუ 20 აპრილს.

ექსპერტი არც იმას გამორიცხავს, რომ ნაციონალების მიერ დაანონსებულ აქციაში არაერთი ადამიანი ჩაერთოს იძულებით, ანუ „უდანაშაულოდ“. ისინი ის ადამიანები არიან, რომლებსაც პოლიტიკასთან საქმე არ აქვთ.

თუმცა ექსპერტი ასკვნის, რომ გვინახავს ასეთი ნაკლებად სერიოზული პროცესები ნაციონალების მხრიდან და შესაძლოა, ახლაც არ იყოს სერიოზული რამ. ამდენად, იგი იმედოვნებს, რომ ყველაფერი მსუბუქად დასრულდება.