პაველ შერემეტი: “რა აზრი აქვს ახალ ომს? ბურჯანაძე რომ გაპრეზიდენტდეს?”

პაველ შერემეტი: “რა აზრი აქვს ახალ ომს? ბურჯანაძე რომ გაპრეზიდენტდეს?”

[ნათია ნოდია]
პრემიერი პუტინი საბჭოთა კავშირის აღდგენაზე ოცნებობს, ხოლო საქართველოში ომის განახლებაზე საუბრები სულ ახლახანს შეწყდა. ცხადია, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის პერსპექტივებით დავინტერესდით. თუ როდის არის ომის განახლების საშიშროება და რა სურს რუსეთს, ამ ფაქტორებზე ჟურნალისტი, გაზეთ “კომერსანტის” მიმოხილველი, პაველ შერემეტი გვესაუბრა:

– ლუკაშენკო აღიზიანებს მოსკოვს. რა თქმა უნდა, იგი აშანტაჟებს კიდეც მოსკოვს, მოთმინებიდან გამოჰყავს. ბელორუსისთვის ეს ამბავი ცუდად დამთავრდება. თუმცა ამ დაძაბულ ვითარებაში ქართული მხარის პოზიციაც მაოცებს: ხუთი წლის წინ, ქართველები აქტიურ მონაწილოებას იღებდნენ იმაში, რომ ბელორუსში რეჟიმი არ გამყარებულიყო. მაშინ თარგამაძე აწარმოებდა მოლაპარაკებებს ბელორუს ოპოზიციონერებთან. ქართველები იქ აქტივისტებს აგზავნიდნენ. ახლა, უკვე სააკაშვილი აქტიურად მეგობრობს ლუკაშენკოსთან.

სულ ახლახანს, მაისში, საქართველოში ვიყავი. საუბარი მქონდა მერაბიშვილთან, ისიც ამბობდა, რომ არ ვიყავით მართლები ბელორუსთან, დამოკიდებულება უნდა შევცვალოთ, გვრცხვენია, რომ 5 წლის წინ, იქ დემოკრატიის მოწყობას ვაპირებდითო, მე ამგვარი დამოკიდებულებები შოკში მაგდებს - იმეგობრო ფაშისტთან, მხოლოდ იმიტომ, რომ ცუდს უკეთებს შენს მტერს, ეს არ არის სწორი.

რატომ თვლით ლუკაშენკოს ფაშისტად?
– იმიტომ რომ, ბელორუსში იკარგება ხალხი. იმიტომ რომ ადამიანის უფლებები მეტისმეტად არის შეზღუდული.

რუსეთში ანალოგიური არ ხდება?
– იცი, ეს საკითხის არასწორი დაყენებაა. მოდი, ცალ-ცალკე განვიხილოთ ბელორუსი და რუსეთი, იმიტომ, რომ ასე არ შეიძლება. მე ვამბობ, ლუკაშენკო ფაშისტია და ბელორუსში იკარგება ხალხი და იმაზე რომ, სააკაშვილი მეგობრობს კაცთან, რომელიც კლავს თავის პოლიტოპონენტებს, ხოლო თქვენ რუსეთის თემაზე მესაუბრებით.

მოდი, მაშინ, რუსეთი განვიხილოთ. აბსოლუტურად სხვა და სხვა ცნებებია - სააკაშვილი ებრძვის პუტინს. დაე, იომოს და ჩვენ გვესმის მოტივაცია – სააკაშვილი იცავს სამშობლოს, თუმცა თავისი შეცდომებით ტერიტორიების მესამედი დაკარგა და უკვე ვერასოდეს დაიბრუნებს. თუმცა, ის დემოკრატია და ებრძვის ჩეკისტ-კაგებისტებსო. ეს ერთი ისტორიაა, ხოლო როცა დემოკრატი სააკაშვილი 5 წლის წინ ცდილობდა პრეზიდენტ ლუკაშენკოს ჩამოგდებას, ან კიდევ ხელს უწყობდა ბელორუსში ოპოზიციას, ახლა კი ლუკაშენკოს მეგობარი ხდება, მეტყველებს იმაზე, რომ სააკაშვილი დემოკრატი არ არის. კაცი, რომელიც ფაშისტებთან მეგობრობს, დემოკრატი ვერ იქნება.

რუსეთში როგორ არის დაცული ადამიანის უფლებები, როგორც ვიცი, ჟურნალისტები არც თუ უსაფრთხოდ ხართ, მოდი ამაზეც ვისაუბროთ.
– ხშირად მიწევს ბელორუსში ჩასვლა. იქ, რა თქმა უნდა, გვიჭირს ჟურნალისტებს. ისე, ბელორუსთან შედარებით რუსეთში, გაცილებით ლიბერალურ პირობებში ვართ. ამის შედარებაც არ შეიძლება. იქ საერთოდაც არ არსებობს დამოუკიდებელი მედია. ბელორუსში მოხვედრილი ჟურნალისტი უკვე იატაკქვეშა პირობებში მუშაობს. ყველა პარტიზანია. ყოველ წუთს ველოდებით დაპატიმრებებს, კომპიუტერების ჩამორთმევას, ყოველ წუთს ცემას მოველით. მოკლედ, მიდის ომი მედიის წინააღმდეგ. რუსეთში უფრო განსხვავებული ვითარებაა: შემორჩა თავისუფალი მედია, გაზეთები, ზოგიერთი რადიოსადგური. რუსეთში კონტროლირდება ტელევიზია, ვინაიდან ყველაზე მასობრივი საინფორმაციო საშუალებაა. თუმცა საქართველოშიც ხომ კონტროლდება ტელევიზია. ახლა, არ მითხრათ, “რუსთავი-2” დამოუკიდებელი ტელევიზიააო.

აქ არავის სურს “რუსთავი-2”-სთვის ინტერვიუს მიცემა, იმიტომ რომ, ყველამ იცის, გადმოაქართულებენ და სხვა ტექსტს ჩადებენ. ამიტომ, შესაძლებელია საქართველოში რაღაც დოზით მეტი თავისუფლებაა გაზეთებში, იქ შეიძლება თავისუფლად წეროთ, მაგრამ რას იზამთ ტელევიზიაში? თუ პატარა არხია, როგორიც “მაესტროა”, კიდევ შეიძლება განსხვავებული აზრის მოსმენა. თუ ტელესივრცეა, მაშინ უკვე ძალიან ჰგავს რუსეთის ვითარებას. საქართველოში ყიდულობენ ჟურნალისტებს, ბელორუსში ტყვიით ებრძვიან, საქართველოში – ოქროთი. საქართველოში გაჩუმებისთვის ფულს სთავაზობენ. რუსეთშიც ძალიან მძიმე დღეშია მედია, ამას არავინ მალავს. ამიტომ ვიბრძვით დამოუკიდებელი მედიისათვის.

თუმცა სანამ ნავთობი ძვირია, მანამ არაფერი შეიცვლება, როგორც კი ნავთობი 30 დოლარს ქვევით ჩამოვა, მაშინ ეს ყველაფერი სწრაფად დასრულდება. დაიწყება ეკონომიკური კრიზისი უფრო სერიოზული, ვიდრე დღესაა, მაშინ პუტინი დაკარგავს ძალუფლებას. ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესების შემთხვევაში პოლიტსისტემის შეცვლის შანსი გაჩნდება. კიდევ ერთ სკანდალზე მინდა გავამახვილო ყურადღება – “პირველ კავკასიურზე”. ეს არხი ყველა საზღვარს გაცდა.

რას გულისხმობთ?
– ეს რუსულენოვანი არხი პროვოკაციულია, სიახლეები სპეციალურად არის გაკეთებული რუსეთის გასაღიზიანებლად. თუ თქვენ გინდათ, რომ თეთრმა დათვმა ისევ ჩაგცხოთ თავში, მაშინ გააღიზიანეთ, თუკი ამაში რაიმე აზრს ხედავთ და თუ მშვიდობა გინდათ, მაშინ იქნებ უარი თქვათ ასეთ პროვოკაციულ ტელევიზიაზე. რა აზრი და შედეგი აქვს საქართველოსთვის რუსეთის გაღიზიანებას? რატომ ხდება საქართველოს მხრიდან ჩრდილოეთ კავკასიელი “ბოევიკების” ამბოხებულებად შეფასება? რა გინდათ ბოლოს და ბოლოს? თუ რუსეთი დაიშლება, ნუთუ საქართველოსთვის უკეთესი იქნება გაუკონტროლებელ ჩეჩნებთან, გაუკონტროლებელ ადიღეელებთან და აფხაზებთან ცხოვრება?

ზოგიერთი ქართველი ლიდერი თვითდაჯერებულია და ყოველთვის გასაკონტროლებელია, იმიტომ რომ, სიკეთეს არ მოგიტანთ. ხშირად მაგონდება აგვისტოს ომის მიწურულს კეზერაშვილთან საუბარი: “სამხრეთ ოსეთის ასაღებად 3 საათი, აფხაზეთისთვის 3 დღე გვინდა”. ყოველთვის გამახსენდება. ნუთუ 200 წლიანმა ისტორიამ ქართველებს არაფერი ასწავლა. რატომ აღიზიანებთ დათვს? რისთვის ხდება ეს პროცესები?

რაც შეეხება ცხინვალს და აფხაზეთს, რამდენად ეთანხმებით პუტინის გამოსვლას, ვისთვის ოკუპაცია, ვისთვის გათავისუფლებააო, თანაც იმ მოვლენების ფონზე, როცა საქართველოში სულ ახალხან მყოფმა ევროდელეგაციამ ეს ტერიტორიები ოკუპირებულად აღიარა?
– დიდ შეცდომად მიმაჩნია სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში სამხედროების შეყვანა, ეს უზარმაზარი შეცდომა იყო, განსაკუთრებით მხედველობაში მაქვს ოსეთი. აფხაზეთში ძალიან დიდი უკმაყოფილებაა ქართველების მიმართ. ისე, არც ქართველებმა იციან სრული სიმართლე და ამ ვითარებას ბევრჯერ წავაწყდი. ქართველები ცხოვრობენ მითებით, რომ მათ ელოდებიან აფხაზეთში. ეს შედომაა. კარგად დაიმახსოვრეთ – არავინ გელოდებათ აფხაზეთში.

აბა, ვის ელოდებიან აფხაზეთში?
– აფხაზები არავის ელოდებიან, აფხაზები თავიანთი ინტერესებისათვის იყენებენ რუსებს, ხოლო ქართველებს ვერ იტანენ. ბევრი მეგობარი მყავს ქართველებშიც და აფხაზებშიც. როცა აფხაზეთში ვიმყოფები სულ ვეწინააღმდეგები ჩემს აფხაზ მეგობრებს, რომლებიც ვერ იტანენ ქართველებს. როცა თბილისში ვარ, ყოველთვის მიხდება კამათი ქართველებთან, რადგან თვლიან, რომ აფახაზებთან პრობლემა მხოლოდ რუსების გამო აქვთ. ეს ასე არ არის. სამწუხაროდ, ქართველებმა იმდენი შეცდომა დაუშვეს, რომ წარმოუდგენელია, რა უნდა გააკეთონ წარსულის გამოსაწორებლად.

1992-93 წლები მაქვს მხედველობაში, როცა ქსენოფობიამ იფეთქა თქვენში, 1998-99 წლებში, რასაც ქართველი პარტიზანები ამზადებდნენ. ბოლო ომის დროინდელი შემთხვევებზეც ვამბობ და იმაზე, რაც ომამდე შიგადაშიგ ხდებოდა და ა.შ. და ა.შ.

აფხაზებს არ უყვართ ქართველები. ფიქრობენ, რომ მათი განადგურება და ასიმილაცია გსურთ. თუ სიმართლეს თვალებში ჩავხედავთ, მაშინ დავინახავთ, ქართულ პოლიტელიტაში, ქართულ საზოგადოებაში არის ბევრი ადამიანი ვინც ოცნებობს აფხაზეთზე აფხაზების გარეშე. ამ ოცნებას არასოდეს მალავენ, საქვეყნოდ აცხადებენ და ამით აფხაზებს აშინებენ.

რას ამბობთ?! პირველად მესმის, რა ხალხზე საუბარი, ვინ არიან პოლიტიკოსები, თუ რა კატეგორიაა?
– არაპოლიტიკოსები. გახსოვთ, თამაზ ნადარეიშვილი რას ამბობდა? ჯოხით, იარაღით, რაც გინდა საშუალებით დავბრუბნდები აფხაზეთშიო. ასე და ამგვარად, ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. რუსებმა,რა თქმა უნდა, შეცდომა დაუშვეს, როცა ასე უხეშად შეიჭრნენ აფხაზეთში, კომპრომისები უნდა მოეძებნათ, თუმცა სიტუაცია მარტივი არ არის. სიმართლეს თვალი გავუსწოროთ: ხვალ დაუშვათ ქართველები შევიდნენ. აუცილებლად იქნება ომი. უბრალოდ, ქართველები დარწმუნებულები არიან, თუ რუსეთი არ შეუშლით ხელს, აფხაზებზე გაიმარჯვებენ.

სხვა გზით, დიპლომატიური მეთოდებით არ გვაქვს შანსი დავიბრუნოთ დაკარგული ცხინვალი და აფხაზეთი?
– ახალ უკვე აღარ. ვითარება იმდენად გართულდა, შანსი აღარ არის. ყოველ შემთხვევაში, უახლოეს პერსპექტივებში. მინდა ხაზგასმით დაწეროთ, რომ მე ამ ომის წინააღმდეგი ვიყავი, ყოველთვის ვამბობდი, ქართველებთან კომპრომისი უნდა გამოვძებნოთ-მეთქი, ყოველთვის ამ პოზიციაზე ვიყავი. თუმცა უკვე დიპლომატიური გზითაც შეუძლებელი იქნება ამ ტერიტორიების დაბრუნებაზე ფიქრი. იქნებ, 10 წლის შემდეგ, მხოლოდ ერთ შემთხვევაში, თუ საქართველო აყვავებული და მდიდარი იქნება, ხოლო აფახაზეთი – ასეთივე ნახევრად დანგრეული და ღარიბი. აი, მაშინ იქნება საშუალება რაღაც პოლიტვაჭრობისთვის, მაშინ შესაძლებელი გახდება პირობები უკარნახოთ, თუნდაც რუსეთს და იქნებ, მან უკან დახევაც შეძლოს. ამას გარდა, რუსეთის პოლიტრეჟიმიც უნდა შეიცვალოს, სანამ იქ პუტინ-მედვედევია, ხოლო საქართველოში სააკაშვილი, არანაირი დიალოგი არ იქნება. ეს უკვე გამორიცხულია.

ჩვენთან კი ამბობენ, სააკაშვილის შეცვლის შემთხვევაში კონფლიქტის მოგვარების შანსები იზრდებაო...
– თუ პრეზიდენტი უგულავა გახდება, ხოლო პრემიერი – სააკაშვილი, რუსეთის ახლანდელი ხელისუფლების ასლს მიიღებთ. სხვათა შორის, მედვედევიც არჩევნების გზით მოვიდა. არ ვიცი, რა იქნება რუსეთში 2012 წელს. ვინ იქნება პრეზიდენტი პუტინი, თუ მედვედევი, ან იქნებ არცერთი. არ ვიცით, ვინ იქნება სააკაშვილის შემდეგ, ახლა, ამის პროგნოზირება შეუძლებელია, ზუსტად ის ვიცი, რომ სანამ მედვედევ-პუტინი რუსეთშია, ხოლო სააკაშვილი საქართველოში, დიალოგი უპერსპექტივოა.

ამ ბოლო დროს საქართველოში პრორუსული პოლიტიკოსები გაჩდნენ, რა დამოკიდებულებაა რუსეთში მათ მიმართ?
– დიახ. რა თქმა უნდა, ბურჯანაძე, ნოღაიდელი. დიახ. ეს რუსეთის სუსტი თამაშია.

იქნებ, ქართულ-რუსული ერთობლივი თამაში?
– კი, შეიძლება ასეც ითქვას. ნოღაიდელს უნდა რესურსები, ბურჯანაძესაც ჭირდება პოლიტრესურსები. ამისთვის რაღაც უნდა გაკეთდეს. ქართველი ერი მაინცდამაინც არ არის რუსეთთან დაუსრულებელი ომის მომხრე და ვინც კრემლთან შეარიგებს, ის პოლიტდივიდენდებსაც მიიღებს. მოსკოვში თვლიან: რაკი ყველა მოკავშირე დავკარგეთ, მოდი, ვესაუბროთ, ნოღაიდელს, ბურჯანაძეს. თუმცა, ვფიქრობ, რუსეთი რეზულტატით განიხიბლება. როგორც კი გაიმარჯვებს ბურჯანაძე, ის პრინციპულ საკითხებში, რაც თუნდაც აფხაზეთს და ოსეთს შეეხება, ზუსტად იგივე გახდება, როგორც საკაშვილია. ამიტომ უაზრო პოლიტიკაა.

სხვათა შორის, სააკაშვილის ხელისუფლება ძალიან ძლიერია, თუ სააკაშვილი არ იქნება, სულ მინიმუმ 2-3 წელი ეს უკვე ჩამოყალიბებლული პოლიტელიტა სრულად გააკონტროლებს ხელისუფლებას. უგულავა, მერაბიშვილი, ბოკერია… ამას გარდა, კიდევ სხვა ახალგაზრდები, ვინც მთავრობაში ადგილები დაიკავეს, ხელისუფლებას ასე იოლად არ დათმობენ. ისინი ძალიან ტექნიკურები და სხვათა შორის, განათლებულები არიან, თუმცა პუტინის სამწუხაროდ უნდა ითქვას და არ ვიცი, ვის საბედნიეროდ, იქნებ ობამას, ან ჯორჯ ბუშის, უნდა გქონდეს ამ ხალხთან ურთიერთობა, შეგეძლოს მათთან საუბარი.

მეორე მხრივ, მათთან საუბარი ძალიან რთულია, იმიტომ რომ, ყველანი ბოლშევიკები არიან, რადიკალიზმით გამოირჩევიან. იმდენად რომ, ხშირად მათთან დიალოგი ჭირს. ამიტომ ვამბობ – ვერ ვხედავ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის განვითარების ვერანაირ შანსებს.

ნოღაიდელის მხარდაჭერას აზრი არ აქვს, იგი საქართველოში არავის უყვარს, შეიძლება ბურჯანაძის მხარდაჭერა, თუმცა არ წარმოადგენს არანაირ ძალას. დიდი იმედები ჰქონდათ ალასანიასი ამერიკანიზებული”კრასავჩიკის”, თუმცა მან რატომღაც ძალიან ცუდად წარმოაჩინა თავი, უფრო სწორად, საერთოდ ვერ გამოავლინა საკუთარი შესაძლებლობები. ასე რომ, ქართველი პოლიტიკოსების მოსყიდვის ძველი მეთოდები უკვე აღარ მუშაობს. ამას პრინციპში, ჩვენი ხელისუფლებაც ხვდება, უბრალოდ, მოსკოვი ახალი საქართველოსგან უარყოფით იტანჯება, ისევე როგორც იტანჯება კავკასიის დაკარგვის გამო. რეგიონში ვერავის დაეყრდნობა, ვერც საქართველოს, ვერც აზერბაიჯანს, ლოკალური მიზანი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სახით მიღწეულია, ხოლო გლობალური დამშვიდების საბაბს ეს ფაქტორები არ იძლევა. ამიტომ ცდილოებენ ეძიონ რაღაც ვარიანტები, კონტაქტები, მაგრამ – დაწყებული ისეთი წვრილმანისგან როგორიც ქართული ღვინოა, ვითარება არც თუ სანუგეშოა.

აი, მე სულ ახლახანს ვიყავი მინსკში ერთი ყუთი ქართული ღვინო შევიძინე და თავისუფლად შემოვიტანე რუსეთში. იმიტომ რომ ბელორუსში, უკრაინაში და ყაზახეთში ქართული ღვინო იყიდება, ხოლო რუსეთში არ იყიდება, საბაჟო არ კრძალავს. ასეთი აბსურდის თეატრია.

მეორე მხრივ, უკვე ვხედავ – ბელორუსშიც ჩააღწია ფალსიფიცირებულმა ქართულმა ღვინომ. დიდი ხანია ვიცნობ საქართველოს. როგორც იცი, ხშირად ჩამოვდივარ, შემიძლია განვასხვავო რომელია კარგი ღვინო და რომელი საეჭვო. ადრე 2-3 წლის წინ, როცა ის-ის იყო ვარდების რევოლუციონერები მოვიდნენ მხოლოდ კარგი ქართული ღვინო იყო, ცნობილი ფირმები ბრენდებს აწარმოებდნენ. ახლა ისევ წამოვიდა ის მასა, როგორც თქვენი ყოფილი თავდაცვის მინისტრი ოქრუაშვილი ამბობდა, აი, მინსკში ვარ და ვხედავ, დგას 4 ბოთლი, კარგი ღვინოა, რომელიც შემიძლია თბილისში ვიყიდო და მეორე ოთხი მაინც ფალსიფიცირებულია. ღვინოსაც უნდა მიხედვა. “ბორჯომი” ბელორუსში იყიდება, ნაბეღლავი ვერსად ვნახე. მოკლედ, ეს სულელური თამაშები ბოლო-ბოლო მოსაბეზრებელია.

ფრენის საკითხიც აღმაშფოთებელი და პარადოქსულია, დიდი რაოდენობით ჩადის აქედან ხალხი საქართველოში და იქიდანაც – ჩვენთან. მომწყინდა ფრენა კიევის, მინსკის, ან ბაქოს გავლით, უკვე ერევნიდანაც შემოვედი. რა სისულელეა, რა ხდება? დააბრუნეთ ეს თვითმფრინავები, თორემ თქვენ მხოლოდ უკრაინელებს, ბელორუსებს ეხმარებით ფულის კეთებაში, მოსკოვში ამას კარგად ხვდებიან, პატარა ნაბიჯები მაინც უნდა გადაიდგას, თუნდაც ფრენის აღსადგენად. თუმცა როგორ გაკეთდეს ეს, რა მიზეზი უნდა მოიძებნოს, არავის შეუძლია მოიფიქროს. მოკლედ, ჩიხური და სულელური სიტუაციაა.

თქვენი წიგნის “დაღუპული ოცნებების” შემდეგ, საქართველოში ბევრი რამ შეიცვალა, რას იტყვით დღევანდელ საქართველოზე?
– მე მგონია არც ისე ბევრი რამ შეცვლილა. მეჩვენება, რომ რეფორმები დამუხრუჭდა, მე მეჩვენება, რომ საზოგადოებაში რაღაც დაღლილობაა და გაჩნდა საშიშროება, რომ საქართველო თავისი განვითარების შუა გზაზე გაჩერდა.

ნაბიჯები წინ-წინ უნდა გადაიდგას. რა თქმა უნდა, თბილისში შუშის ხიდი ლამაზია, მაგრამ ამას წინათ, როცა ჩამოვედი, ისევ რეგიონებისკენ გამიწია გულმა. სიღნაღი დავათვალიერე. სიმართლე გითხრათ, ვფიქრობდი და დღემდე ვერ ამოვხსენი რით ცხოვრობენ ქართველები, ფულს როგორ შოულობენ. სად არის ეკონომიკა? ვხედავ შემოღობილ ადგილებს, სადაც ოტელები უნდა აშენდეს, თუმცა მათ ვერ ვხედავ, ერთის გარდა – თავისუფლების მოედანზე აშენებულ სასტუმროს ვგულისხმობ.

ჩვენ ყველას ძალიან გვინდა, საქართველომ დაამტკიცოს, რომ მას შეუძლია იცხოვროს დამოუკიდებლად, იყოს ძლიერი, ყველას ძალიან გვინდა, იმიტომ რომ, თუ საქართველოს ასეთი ცხოვრება გამოუვა, ეს თან მოიტანს დიდ ცვლილებს კავკასიაში და რუსეთშიც...

აი, ასეთი ეპიზოდები არსებობს, თუმცა ყველაფრის მიუხედავად, რუსულ-ქართული ურთიერთობების პოტენციალი ჯერ კიდევ იმდენად მაღალია, ვფიქრობ, პერსპერქტივაში 10 წლის ან მეტის გასვლის შემდეგ ურთიერთობები შეიცვლება, თუმცა უფრო ადრე არა.

თუმცა ახალი თაობა სხვა მენტალობისაა და ეს სამომავლოდ ურთიერთობებს არ გაართულებს?
– იცი, სხვანაირადაც ხდება. მილიონობით ქართველი ცხოვრობს რუსეთში, ისინი ბრუნდებიან-ხოლმე სახლებში, რუსები საქართველოში მაინც ძირითადი ტურისტები არიან, ახლაც კი, ამერიკელებისგან განსხვავებით, ამერიკელები არასოდეს ივლიან საქართველოში ისე როგორც რუსები. ამას გარდა, მართლმადიდებლობა გვაკავშირებს. ცუდია, ქართველები ვერ ილაპარაკებენ რუსულად, ჩვენ გული გვწყდება, მოგვიწევს ქართულის სწავლა. მეზობლობის ფაქტორი მაინც იმოქმედებს. ბოლოს და ბოლოს, სომხებისგან მაინც იმოქმედებს ეს მეზობლობა.

ისე, ჩვენც ისეთივე ბოლშევიკური ახალგაზრდობა გვყავს, როგორც თქვენ, ქართველებს. უახლოეს წლებში კარგს ვერაფერს ვხედავ. თუმცა, მჯერა, საბოლოოდ ჩვენი ურთიერთობები დალაგდება. რა თქმა უნდა აფხაზეთის საკითხს ჯერ ვერ გავექცევით. სხვა პრობლემა კი ჩვენს ქვეყნებს შორის არ არსებობს.

სამხრეთ ოსეთი რატომ არ გამოყავით?
– ის ნაკლებ სიცოცხლისუნარიანი რეგიონია.

მაშ შეგვიძლია უკან წავიღოთ?
ექსპერტების უმრავლესობა გაოცებულია, საერთოდ რად გვინდოდა ეს სამხრეთ ოსეთი და რა უნდა ვუყოთ მასო.

უკვე შეეჩეხეთ პრობლემას, ასე უცებ, აღარც კი იცით, რა უყოთ სამხრეთ ოსეთს?
– დიახ, დიახ. პირველ რიგში კორუფციული ვითარება მაქვს მხედველობაში. თუმცა რეალობა მართლაც ასეთია. იმიტომ რომ, თუ ქართველები კარგად ცხოვრობას შეძლებენ და ოსებზე უფრო უკეთ იცხოვრებენ, მაშინ ოსები ივლიან სამსახურში თბილისში და არა ვლადიკავკაზში, თუ თქვენ დააშინებთ ოსებს, დაუწყებთ იმას, რომ მთებიდან ჩამოვიდნენ, რომ იყვნენ “ნაიომნიკები”, რომლებსაც 400 წლის წინ მოუხმეს, რომ ისინი “ნაგლები” არიან და თქვენი მიწები მიითვისეს, მაშინ არც ერთი ოსი არ გამოგყვებათ.

ოსებს არ სძულთ ქართველები, როგორც ეს აფხაზეთის შემთხვევაში აღნიშნეთ?
– არა, იმიტომ რომ ძალიან ახლოს ცხოვრობენ ქართველებთან. ამიტომ ისინი იძულებულები არიან იყვნენ უფრო ლოიალურები, ოსებს სხვა ფაქტორიც აქვთ, ჩრდილოეთ ოსეთი, რომ მათი ძმები ცხოვრობენ ჩრდილოეთ ოსეთში და უნდა იყვნენ ერთად. ეს სხვა ფაქტორია, რაც აფხაზეთში არ არსებობს, აფხაზებმა ვისთან იცხოვრონ? აი, მეგრელების მიმართ არ აქვთ ბოღმა. იმიტომ რომ, ითვლება, ქართველებიც აბრაზებენ მეგრელებს. ცხვირს უბზუებენ მათ. თუმცა, აფხაზები მეგრელებს ძმად მაინც არ თვლიან. შორს ვარ სეპარატიზმისგან და არ იფიქიროთ იმას ვამტკიცებდე, მეგრელები ქართველები არ ხართ-მეთქი. ძალიან რთული ვითარებაა, არ ვიცი, რა უნდა მოხდეს შემდეგში, ქართველები უნდა კონცენტრირდებოდნენ შიდა ვითარებაზე, ქვეყანა გახადონ იმდენად მომხიბვლელი, რომ არავის მოუნდეს საქართველოს დატოვება, მაშინ ყველაფერი დალაგდება.

საქართველოში დღე-დღეზე გამოვა სახელმძღვანელო 200–წლიან ოკუპაციაზე, როგორ შეაფასებ ამ ვითარებას?
– თუ ქართველი ახალგაზრდების აღზრდისთვის ეს აუცილებელია, კარგი, დაე, ეს წიგნი გამოვიდეს, ხოლო რუსეთში ყველა ერთმნიშვნელოვნად მიქცევს ყურადღებას ამ სახელმძღვანელოს და კიდევ ერთხელ იტყვიან, რომ სააკაშვილთან საქმის დაჭერა არ ღირს.

აი, ეს ბოლო “მოდის” აღზრდა ახალი თაობისათვის, რომ შეაძულებენ რუსეთს რისთვის გინდათ? მეორე მხრივ, ამ ახალ თაობას ეყოფა ძალა რუსეთთან იბრძოლოს აფხაზეთისათვის? ან როგორ მოაგვარებენ კონფლიქტს. თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ გეყოფათ ძალა ბრძოლისათვის, იქნებ არ ღირს უსიამოვნების წამოწყება? თუ არ იყავით დარწმუნებული, რომ მოიგებდით სამხრეთ ოსეთში... თუ თქვენ თავს დაესხით 2008 წლის 7 აგვისტოს სამხრეთ ოსეთს, ბოლომდე უნდა დამდგარიყავით. თუ თქვენ არ ხართ დარწმუნებული, რომ ყველა, როგორც ერთი, მზად ხართ დაიღუპოთ ცხინვალისთვის და აფხაზეთისთვის. იქნებ, არც ღირს დათვის გაღიზიანება?

ისე, რუსეთსაც არ უნდა აწყობდეს ომი, სანქციები გექნებათ, ეს თქვენ სახელმწიფოს არ დააზარალებს?
– გასულ წელს საქართველოში ყველას ეშინოდა ახალი ომის. დღეს, რუსეთს საქართველოსთან ახალი ომი სრულიად არაფერში ჭირდება, არავინ აპირებს საქართველოსთან ომს. ახლა, რუსეთს რთული ეკონომიკური სიტუაცია აქვს, ამას გარდა, მალე დაიწყება საპარლამენტო, შემდეგ – საპრეზიდენტო არჩევნები. ამიტომ, არავინ აპირებს საქართველოსთან ომს, ეს გამორიცხულია. რა მიზანი აქვს ამ ომს? სააკაშვილის ჩამოგდება, რომ ბურჯანაძე გაპრეზიდენტდეს? აზრს ვერ ვხედავ. ერთადერთი, თუ დამტკიცდება, რომ საქართველო ჩრდილოეთ კავკასიაში “ბოევიკებს” აფინანსებდა ამას შედეგი, რა თქმა უნდა, მოჰყვება. დასჯა და სანქციები მერე უკვე საკუთარ თავს მოკითხეთ.