შარლ მიშელთან შეხვედრები იქნება კიდევ და ეს არ ნიშნავს, რომ ის ყოველთვის 19 აპრილის შეთანხმებას უკავშირდება, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილისა და შარლ მიშელის შეხვედრა, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ დოკუმენტი ძალაშია.
„კონკრეტული ოფიციალური პირები არიან, რომელთაგან ერთი წარმოადგენს ჩვენს სახელმწიფოს, მეორე კი იმ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციის თანამდებობის პირს, რომელში გაწევრიანებაც საქართველოს სტრატეგიული მიზანია. შესაბამისად, შეხვედრები იქნება კიდევ და კიდევ და ეს რა თქმა უნდა, არ ნიშნავს და არ უკავშირდება ყოველთვის ამ შეთანხმებას. რაც შეეხება იმას, იყო თუ არა საუბარი შეთანხმების შინაარსთან, საუბარი იყო იმ საკითხებზე, რაც გაცხადდა მედიისთვის და რაც ითქვა, საუბარი იყო იმ რეფორმებზე, რომელიც გათვალისწინებულია იმ დღის წესრიგით, რომელზეც ვთანხმდებით ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის გათვალისწინებით. შეთანხმებაში დაბრუნება არ განიხილება. ზოგადად პოლიტიკური პროცესი არის თვითონ ისეთი, რომელიც მოითხოვს დიალოგს და მოლაპარაკებებს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
23 აგვისტოს კიევში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის არაფორმალური შეხვედრა გაიმართა.