კომფორტული ოპოზიცია

კომფორტული ოპოზიცია

პირველი საკონსტიტუციო ცვლილება მიღებულია და ქვეყნის პრეზიდენტიც დამღლელი ბატალიების შემდეგ დასასვენებლად გაეშურა. ბურთი და მოედანი „ქართულ ოცნებას“ დარჩა, ქვეყანაში გასაკეთებელი და ასაშენებელი, მოსაწესრიგებელი და დასალაგებელი ძალიან ბევრია. არც ქვეყნის გარეთაა მოწესრიგებული ბევრი ურთიერთობა, ასე რომ, მმართველ ძალას განუზომელი, დაუღალავი, კარგად დაგეგმილი შრომა მართებს ქვეყნის წელში გასამართად.

ის, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს გასაკეთებელი, კოლოსალურ ენერგიასა და რესურსებს მოითხოვს, ბევრი რამ შესაძლოა ახალბედა პოლიტიკური ძალის გამოუცდელობითაც გართულდეს, ამიტომ, დასაკარგი დროც არ არსებობს. რეალური სურათი საკმაოდ დამაფიქრებელია, რადგან დახვავებული პრობლემების პარალელურად, არჩევნებში დამარცხებული პოლიტიკური ძალა, რომელსაც არც თუ ცოტა სახელისუფლებო ბერკეტი გააჩნია, როგორც ექსპერტები ამბობენ, მუდმივი დესტრუქციის რეჟიმში იმყოფება და ხელისუფლებას მუდმივად აიძულებს, მის მიერ წამოწეული თემების ირგვლივ იტრიალოს.

საზოგადოების ის ნაწილი, ვინც ჩათვალა რომ ხელისუფლების შეცვლა იყო საჭირო და არჩევნებში მხარი "ქართულ ოცნებას" დაუჭირა, ახალ ხელისუფლებას დიდი მოლოდინითა და ასევე დიდი თანაგრძნობით შეჰყურებს, რადგან, 9 წელი საკუთარ თავზე გამოსცადა "ნაციონალური მოძრაობის" ძალადობრივი რეჟიმისა და სიცრუის თეორიის პირობებში ცხოვრება. საზოგადოებამ ისიც კარგად იცის, ძალაუფლებასთან დამშვიდობება ყოფილი ხელისუფლების გეგმებში რომ არ შედის და ისიც ადვილად წარმოსადგენია, რა შეუძლია გააკეთოს ამ გუნდმა საკუთარი ძალაუფლების, თავისუფლების თუ დაგროვილი ქონების გადარჩენისთვის. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საზოგადოება ყოფილი მმართველი პარტიის ავტორობით მოწყობილი არაერთი პროვიკაციის მოწმეც გახდა, საზოგადოების თანაგრძნობასაც ეს ამძაფრებს მოქმედი ხელისუფლების მიმართ, თუმცა ეს უსასრულოდ ვერ გაგრძელდება და ერთ მშვენიერ დღეს, ხალხი ხელისუფლებას ყველა იმ დანაპირების შესრულებას მოსთხოვს, რისი გულისთვისაც საკუთარი უსაფრთხოება სასწორზე შეაგდო არჩევნებში მისი მხარდაჭერის სანაცვლოდ.

მანამდე კი ამ დაპირებებს "ნაციონალური მოძრაობა" ახსენებს ხელისუფლებას. ზოგჯერ ეს საზოგადოების გაღიზიანებასაც იწვევს, რადგან ამ დაპირებების შესრულების მოთხოვნა საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მეორე დღიდანვე დაიწყო. სწორედ ამიტომ გაჩნდა მოსაზრება ექსპერტულ წრეებში, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მისი მუდმივი დესტრუქციის რეჟიმში მუშაობის გათვალისწინებით ხელისუფლებისთვის ერთგვარ მეხამრიდადაც კი გადაიქცა. სხვა საკითხია, ამ მოცემულობას როგორ გამოიყენებს თავად ხელისუფლება და შეეცდება თუ არა სურათს მოერგოს, - "ნაციონალური მოძრაობისთვის" რაღაცის გადაბრალებით საზოგადოების წინაშე თავის მართლების რეჟიმში ჩადგეს და საკუთარი წარუმატებლობის მიზეზი მუდმივად ყოფილ მმართველ ძალაში ეძებოს. ასეთი საფრთხე არსებობს და იმისი ცდუნების ალბათობაც დიდია, საქმის გასამარტივებლად ხელისუფლება ასეთ კომპრომისზე წავიდეს, გაზარმაცდეს და მალე ძალაუფლების შესანარჩუნებლად გაუხდეს საქმე. ეს რამდენჯერმე გავლილ წრეზე ხელახლა წასვლის მომასწავებელი იქნებოდა და, რა თქმა უნდა, არასასურველი.

ყოფილი დიპლომატი, ვანო მაჭავარიანი თვლის, რომ დღეს "ქართულ ოცნებას" აქვს ყველა საშუალება საიმისოდ, რომ რეალურად მართოს ქვეყანა და თვითონ ჩამოაყალიბოს დღის წესრიგი, როგორც მოკლე, ასე გრძელვადიანი.

„არის ლაპარაკი მოკლევადიან პერიოდზე, რაც გულისხმობს არჩენებიდან მომავალ არჩევნებამდე პერიოდს. რაღაცნაირად ჩვევაში გადაუვიდათ, იმის ნაცვლად, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები მართონ, ოპონირებაში გადადიან მიხეილ სააკაშვილსა და "ნაციონალურ მოძრაობასთან" იმ თემებზე, რომელიც რელურად, შეიძლება პოლიტიკური პროცესით უფრო მოგვარდეს, ვიდრე პიროვნებასთან ოპონირების რეჟიმით“, - აცხადებს ვანო მაჭავარიანი.

ლოგიკურად, ხელისუფლებისთვის ძალზე ადვილი იქნებოდა ისეთ რეჟიმში მუშაობა, როდესაც მარგინალიზებული ოპონენტი, რომელსაც საზოგადოება ნაკლებად უჭერს მხარს, არის ძირითადი მოწინააღმდეგე. ვანო მაჭავარიანის შეფასებით, ეს, ალბათ, ორივე მხარეს აწყობს.

„ერთი მხრივ არის "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც ცდილობს საკუთარი თავი დაიმკვიდროს, როგორც ოპოზიციურმა ძალამ, ხშირად დესტრუქციულად, მაგრამ ამავე დროს, საკმაოდ კონსტრუქციულადაც კი. მეორე მხრივ, არის "ქართული ოცნება", რომელსაც ძირითადად მიხეილ სააკაშვილთან ოპონირების გამოცდილება აქვს და დღემდე ამ რეჟიმშია.

ამ თვალსაზრისით ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ბიძინა ივანიშვილმა, როგორც კოალიციის თავმჯდომარემ და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზუსტად ის დღის წესრიგი შესთავაზოს მმართველ გუნდს და ოპოზიციას, რომელთანაც "ნაცმოძრაობას" მოუწევს ადაპტირება და ამ მიმართულებით ოპონირება. ეს იმიტომაც არის საჭირო რომ „ქართული ოცნებისთვის“ არ გახდეს მიზეზი რომელიმე კონკრეტული პროექტის, ან მიმართულების წარუმატებლობისა იმ პერიოდისთვის, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა ელოდება, რომ ძირეული ცვლილებები უნდა დაიწყოს“,- მიიჩნევს ვანო მაჭავარიანი.

ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე თვლის, რომ ამ ეტაპზე, ცოტა რთულია ამაზე საუბარი, თუმცა გვახსოვს, როდესაც ასეთი ტანდემი არსებობდა საქართველოში, როდესაც შევარდნაძისა და აბაშიძის ხელისუფლებები ერთმანეთს აწონასწორებდნენ და იყო მცდელობა, რომ თუ ასლან აბაშიძე არ იქნებოდა, მაშინ შევარდნაძის ხელისუფლება აიღებდა ხელში ყველაფერს. შევარდნაძე და მაშინდელი მოქალაქეთა კავშირი ცდილობდა, იგივე გაეკეთებინა.

„გარეგნულად, რა თქმა უნდა, ეს გავს ასეთ განლაგებას, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ, რომ ნაციონალები მართლაც საკმარისზე მეტად აქტიურობენ და მთელი ეს პერიოდი საზოგადოებამ გაატარა იმაში, რომ როგორმე გამოძებნილიყო პრეზიდენტის და "ნაციონალური მოძრაობის" განეიტრალების საშუალება, თუმცა ეს პროცესი ფაქტობრივად დასრულდა“, - აცხადებს ძაბირაძე.

ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძის შეფასებით, ხელისუფლება, რომელიც ადამიანებისგან არის დაკომპლექტებული, ბუნებრივია, ყოველთვის ცდილობს, რომ გაიიოლოს ცხოვრება და ამ თვალსაზრისით, რატომაც არა, მისაღები პოზიციაა.

„ამისი მტკიცება ძალიან გამიჭირდება და არც შევეცდები ვთქვა, რომ ხელისუფლებას აწყობს „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ერთადერთი ოპოზიცია, როგორც მეხამრიდი, მაგრამ თეორიულად ამისი ალბათობა, რა თქმა უნდა, არსებობს.

ნებისმიერ ხელისუფლებას, არ ვგულისხმობ საკუთარი ხალხის მიმართ ღრმა პასუხისმგებლობით გამსჭვალულ ხელისუფლებებს, უიოლებს ცხოვრებას ამ ტიპის პოლიტიკურად მარგინალიზებული ძალა იმ თვალსაზრისით, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მაქსიმალურად ცდილობს შეავსოს ოპოზიციური ნიშა, ეს გარკვეულწილად ზღუდავს უფრო საღი ოპონენტების ზედაპირზე ამოსვლის შესაძლებლობას. შევადაროთ, როდესაც ოპონენტია "ნაციონალური მოძრაობა", თავისი 5%-იანი რეიტინგით საზოგადოებაში და უნდობლობის მაღალი ხარისხით და საზოგადოებისთვის ბევრად მისაღები პერსონა, ან ადამიანთა ჯგუფი. რა თქმა უნდა, გაცილებით მძაფრი ოპონენტი იქნება ეს უკანასკნელი.

გარდა ამისა, მართალია ნაციონალებისგან, გარკვეულწილად, საფრთხობელას შექმნის პროცესი დაიწყო, მაგრამ ამ შემთხვევაში, გაცილებით რთულ შრეებთან გვაქვს საქმე, - „ნაციონალური მოძრაობის“ დაცვა თუ გააგრძელა დასავლეთმა და მათგან კიდევ უფრო მძაფრი საფრთხობელა თუ შეიქმნა, საზოგადოების აგრესია წავა ისევ დასავლეთის მიმართულებით, რაც სერიოზულ ზიანს მიაყენებს დასავლეთის იმიჯს“.

ვანო მაჭავარიანის შეფასებით, ნაცმოძრაობა საკმაოდ გაწაფულია პოლიტიკურ ოპონირებაში და თავისთავად ძალიან რთულია, "ნაციონალურ მოძრაობას" მოსთხოვო არ იყოს ოპონირების რეჟიმში და "ქართულ ოცნებას" არ შეახსენოს ის სოციალურ- ეკონომიკური დაპირებები, რაც არჩევნების პერიოდში გაიცა.

ვანო მაჭავარიანი: თუ ამაზე იქნება გადატანილი მთელი აქცენტი, რას ამბობს "ნაცმოძრაობა" და არა იმაზე, რასაც თვითონ თვლიან მნიშვნელოვნად იმისათვის, რომ ქვეყანა უკეთეს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამართლებრივ თუ ბიზნესგარემოში აღმოჩნდეს, ეს გარკვეული თვალსაზრისით, „ქართული ოცნებისთვის“ მმართველობითი პრობლემა იქნება და რეალურად მივიღებთ გაწელილ პროცესს, როდესაც პრობლემები არ გვარდება იმ ტემპით, რაც მოსალოდნელი იყო. ეს ყველაფერი კი "ნაციონალურ მოძრაობას" გადაბრალდება. ამას მმართველმა გუნდმა ყურადღება უნდა მიაქციოს. მნიშვნელოვანია, რომ ოპონირება პარლამენტის ფარგლებში დარჩეს და არა აღმასრულებელ ხელისუფლებაში, რომელსაც არა ოპონირება, არამედ ქვეყნის მართვა ევალება. პარლამენტმა კი ოპონირების გარდა თავისი ქმედებებით ხელი უნდა შეუწყოს მმართველ გუნდს საქმიანობაში“, - ამბობს

ვანო მაჭავარიანი და თვლის, რომ უკვე არის გარკვეული პრობლემები, რომელიც ჯერჯერობით არ ჩანს.

„საუბარია გარკვეულ სტრატეგიებზე, სადაც ჯერ არ ჩანს, რა მიმართულებით მიდის ეს ყველაფერი. მხოლოდ და მხოლოდ 5 თვეა გასული ხელისუფლების გადაბარებიდან და ალბათ, რელურად, დღეს უნდა იწყებოდეს იმ ხელშესახები შედეგების დანახვა, რომელიც შეეხება განსაკუთრებით რთულ ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაში მყოფ რეგიონებს, ბიზნესის, ახალი ეკონომიკური, სტრატეგიული პროექტების განვითარებას.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საფუძველი უნდა ჩაეყაროს საქართველოს, როგორც საერთაშორისო მოთამაშის სტატუსის დამკვიდრებას იმისათვის, რომ ქვეყანამ რელურად შეძლოს ეკონომიკური განვითარება, უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მთავრობის მიერ დეკლარირებული ევროინტეგრაცია“, - აცხადებს მაჭავარიანი.

ვახტანგ ძაბირაძე კი მიიჩნევს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მომავალშიც ასევე გააგრძელებს აქტივობას და გარდა იმისა, რომ ასეთი როლი უნდა ითამაშოს, სხვა გამოსავალიც არ აქვს, რადგან მხოლოდ ასე შეუძლია საკუთარი თავი შეინარჩუნოს პოლიტიკურ ასპარეზზე და ეცდება რომ ის ნიშა, რომელიც უკავია - რომ ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, არამარტო საპარლამენტო, არამედ, ზოგადად ოპოზიციურ სპექტრში, არ დათმოს.

„ის ვარიანტიც კვლავ გაგრძელდება თუ არა, რომ "ქართულ ოცნებას" აქამდე ყურადღება გადაჰქონდა ნაციონალებზე, ამას ვერ გეტყვით, რადგან სერიოზული პრობლემა, რაც არსებობდა, ამოწურულია. სააკაშვილს უკვე აღარ აქვს საშუალება გამოიყენოს ეს ბერკეტები და ოპოზიცია იმის ოპოზიციაა, რომ იაქტიუროს. მაგრამ "ქართულ ოცნებას" უკვე ვეღარავინ ვერ შეუშლის ხელს, განახორციელოს და გააკეთოს ის, რისი გაკეთებასაც დაპირდა საზოგადოებას. შემიძლია ვთქვა, რომ გარკვეული ინერციით ეს ცოტა ხანს გაგრძელდება, დაახლოებით ერთი თვე, მაგრამ ვფიქრობ, რომ ცოტა სხვაგვარად დალაგდება სიტუაცია და სხვა მოცემულობა იქნება.

თუ "ქართული ოცნება" ფიქრობს, ნაციონალების აქტიურობით შეინარჩუნოს რეიტინგი, მგონია, ეს ფუჭი ოცნებაა. საქართველოში არის უამრავი პრობლემა, ამ პრობლემებზე აქცენტირება და მისი მოგვარება მოუწევს "ქართულ ოცნებას", ან მოსახლეობაში დაიწყება ჩვეულებრივი პროცესი, როდესაც მმართველი გუნდი თანდათანობით კარგავს რეიტინგს“,- აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

უკვე კონკრეტული მაგალითები გაჩნდა, "ნაციონალური მოძრაობის" წყალობით დროში როგორ იწელება ზოგიერთი მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრა. მაგალითად, თუ საერთო სასამართლოების შესახებ კანონს სააკაშვილი ვეტოს დაადებს, მისი მიღება კვლავ გაჭიანურდება. ამ კანონის მიღებას ხელისუფლება თებერვლის შუა რიცხვებისთვის გვპირდებოდა, თუმცა ვენეციის კომისიის ვნებათაღელვების გამო ეს დაპირება ვერ შესრულდა. საზოგადოება სწორედ ამ კანონის ამოქმედებას ელოდება იმ თვალსაზრისით, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი ეფექტურად დაიწყოს. ამ პირობებში, საკმაოზე მეტი დრო დაიკარგა იმის გარკვევაში, რა ეწერა ვენეციის კომისიის დასკვნაში, რომელსაც რატომღაც, ყოველი ახალი წამკითხველი ახლებურად იგებდა. მეტყველებს თუ არა ეს მაგალითი იმაზე, რომ ხელისუფლებას მომავალშიც არაერთგზის ექნება თავის გასამართლებელი, რატომ ჭიანურდება ესა თუ ის პროცესი, ძნელი სათქმელია. მართალია კოაბიტაციის რეჟიმში არ ჯდება, მაგრამ ზოგიერთი ექსპერტის აზრით, სხვა, უფრო სწრაფი გამოსავალიც არსებობს ამ კონკრეტული პრობლემის მოსახსნელად, მაგალითად, კუბლაშვილის იმპიჩმენტის სახით. საკამათოა, უნდა იყოს თუ არა ხელისუფლება ამ შემთხვევაში რადიკალური, თუმცა ვერ უარვყოფთ, რომ არის თემები, რომელიც ერთი შეხედვით მარტივად გადასაწყვეტყია, თუმცა შემდეგ აღმოჩნდება-ხოლმე, რომ მეტისმეტად რთულდება.

„ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ ამ საკითხის გაიგივება იმასთან, რასაც კონსტიტუცია და სააკაშვილის ბერკეტები ჰქვია, არ შეიძლება, რადგან სააკაშვილს შეეძლო პოლიტიკური კრიზისი გამოეწვია. სააკაშვილს იმ კონსტიტუციით შეეძლო ხვალ სხვა მთავრობა დაენიშნა და ქვეყანაში არჩევნების შედეგებისთვის ხაზი გადაესვა. ამას ქართული საზოგადოება მიხვდა და ამიტომ იყო ეს საკონსტიტუციო ცვლილება მნიშვნელოვანი. ასე რომ, ამისი გაიგივება საერთო სასამართლოების შესახებ კანონთან და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტებასთან არ არის თანაზომადი. იყო კიდევ ერთი ინტრიგა, ჰქონდა თუ არა ოცნებას 100 ხმა და საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება შეეძლო თუ არა ნაციონალების გარეშე. ამიტომ, ეს მართლაც მნიშვნელოვანი საკითხი იყო და საზოგადოება ამაზე წუხდა. რაც შეეხება ამ კანონს, ვეტოს დაძლევას 3/5 სჭირდება, "ქართულმა ოცნებამ" ერთხელ უკვე მოახერხა ვეტოს დაძლევა. შეუძლია კიდევ ერთხელ დაძლიოს ვეტო და კანონი შევა ძალაში. ეს იმ სიმძაფრის პრობლემა არ არის“,- აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

მისივე შეფასებით, ახლა შეიძლება დაიწყოს სხვა პრობლემები, მაგრამ ასეთი სიძლიერის საკითხი აღარ დადგება და "ქართულ ოცნებას" უკვე მოუწევს უშუალო ურთიერთობა თავის მოსახლეობასთან.

ვახტანგ ძაბირაძე: თუ დღეს ამას ცდილობს, მას აღარ ექნება საშუალება, რომ საზოგადოების მწარე კითხვებს გაექცეს და თავი აარიდოს. საზოგადოება იქნება უფრო მეტად მომთხოვნი და ეს პროცესი დაიწყება. უფრო მეტიც, რაღაც პერიოდი ყველა თავს იკავებდა გარკვეული მიზეზების გამო. თუ მართლა ჯიბრში არ უდგეხარ ვინმეს, მართლაც სერიოზული თემა უნდა იყოს რომ დაიწყო ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის კრიტიკა. მითუმეტეს იმ სიტუაციაში, როდესაც ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში.

რომ არ ყოფილიყო ეს საკონსტიოტუციო ცვლილება, ეს 5-თვიანი პერიოდი მაინც დაახლოებით ამ რეჟიმში გაივლიდა. თუმცა შემიძლია ვთქვა, ამ ეტაპზე მართლაც შეინიშნება, რომ ჯერჯერობით, "ქართულმა ოცნებამ" ხელისუფლება ვერ მოირგო თუ ვერ მოერგო. ჩანს, რომ რაღაც პრობლემები ნამდვილად აქვს, თუმცა მკვეთრად გამოხატული და სახიფათო არაფერია. რჩება შთაბეჭდილება, რომ ყველაფერი მთლად ჩამოყალიბებული არ არის“.

ასეთ სიტუაციაში ყველასთვის სასარგებლო იქნებოდა, სხვა ოპოზიციური ძალების გაძლიერება და გააქტიურება, ხელისუფლებაც ბევრად მობილური და პასუხისმგებლიანი გახდებოდა და "ნაცმოძრაობასაც" შეუმცირდებოდა ოპოზიციური ასპარეზი. თუმცა, ხათუნა ლაგაზიძე თვლის, რომ დასავლეთის მხარდაჭერა, ამ შემთხვევაში, გადამწყვეტი ფაქტორია და ბევრი რამ დამოკიდებუულია იმაზე, კვლავ გააგრძელებს თუ არა დასავლეთი ნაციონალების ლობირებას.

"ნაციონალური მოძრაობა" კი ლაგაზიძის შეფასებით, ჯერ კიდევ მრავალი საფრთხის მატარებელია.

ხათუნა ლაგაზიძე: რუსეთი უკვე ნიადაგს ამზადებს სავიზო რეჟიმის მოსახსნელად. ძალიან მიზანმიმართულად, თუმცა შტურმი ამას ჯერ არ ჰქვია, ვგულისხმობ დასავლური ღირებულებების წინააღმდეგ კამპანიას. გააქტიურდა დასავლური ღირებულების, როგორც საფრთხის წარმოჩენა. მაგალითად, ქართული მენტალობისა და ტრადიციული ფასეულობებისთვის ისეთი მიუღებელი საკითხის წამოწევა, როგორიცაა ჰომოსექსუალიზმი. ბოლო დროს სოციალურ ქსელებსი გამოჩნდა ვიდეოკლიპები, სადაც სასულიერო პირები ტოლობის ნიშანს სვამენ დასავლურ ღირებულებებსა და ჰომოსექსუალობას შორის და ეს არ არის შემთხვევითი. იდეოლოგიურად გვერდზე გაწევა დასავლეთისა და მისი ბრალდება სოდომისა და გომორის ცოდვებში, როგორც ჩანს, კარგად დაგეგმილი საინფორმაციო ოპერაციაა.

ხელისუფლებას რაში შეედავები ამ შემთხვევაში? - ამ იდეოლოგიური პლურალიზმის საფუძველი არის მედიაგარემოს გათავისუფლება წნეხისგან, განსხვავებული აზრის მიმართ პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და აზრის თავისუფლად გამოხატვის ხელშეწყობა, რაც დღევანდელი ხელისუფლების დამსახურებაა. "ქართულ ოცნებას" თავისუფალი აზრის შეზღუდვას ხომ ვერ მოსთხოვ?!

ამ იდეოლოგიურ-საინფორმაციო მიმართულებას შეიძლება მოჰყვეს ეკონომიკური წინსვლა, რუსული ბაზრის გახსნა და ა.შ. რაც შეიძლება ამავე იდეოლოგებმა დაუკავშირონ რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას. შეიძლება იგეგმებოდეს ასეთი რამ, დროებითი ეკონომიკური სამოთხის მითი შეიქმნას საქართველოში, რაც რუსული სახელმწიფო პოლიტიკის გეგმა იქნება. ის რეალობა, რაც დღეს ჩვენ გვაქვს, მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ რეალურად, რუსეთმა დასავლური ფულით სააკაშვილის ხელით დაამარცხა დასავლური ღირებულებები საქართველოში. მართალია, დაამარცხა მკვეთრი შეფასებაა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ებრძოდა.

ამ საფრთხეზე არავინ არ საუბრობს როდესაც ამბობენ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" იქნება მეორე პოლუსი პოლიტიკურ სპექტრში.

შეიძლება ეს იყოს კომფორტული ხელისუფლებისათვის, მაგრამ გარდა იმისა, რომ ველი დარჩება მარგინალური პოლიტიკური ძალის ამარა და საზოგადოების ნდობით აღჭურვილ, რეალური ოპონირების გამწევ პოლიტიკურ ძალებს შანსი არ ექნებათ, ეს რისკიც ახლავს "ნაციონალური მოძრაობის" ერთადერთ ოპოზიციურ ძალად დარჩენას.

დასავლეთი რუსულ საფრთხეს აუცილებლად დაინახავს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ სხვა პოლიტიკურ ძალას არ იცნობს და სხვა დასაყრდენს ჯერჯერობით ვერ ხედავს, შეიძლება ისევ ჩაეჭიდოს "ნაციონალურ მოძრაობას", რაც უკუპროცესებს გამოიწვევს, კი არ გააჯანსაღებს გარემოს, არამედ კიდევ უფრო დაარტყამს დასავლეთის იმიჯს და ზოგადად, დასავლეთის იდეის გადარჩენის საკითხი ძალიან მალე მწვავედ დადგება ქვეყანაში“.

რაც შეეხება დაპირებების შესრულებას, ლაგაზიძე თვლის, რომ როდესაც მას გახსენებს "ნაციონალური მოძრაობა" ეს სრულიად სხვაა, მაგრამ როდესაც ამას გახსენებს გაცილებით რეიტინგული პოლიტიკური ძალა, ამას სრულიად სხვა წონა ექნება.

„შესაბამისად, ვიდრე არ იქნება მაორგანიზებელი ძალა ეს პრობლემა ვერ მოგვარდება - ბიძინა ივანიშვილი ამისი კარგი მაგალითია, გავიხსენოთ, რა მასშტაბის საპროტესტო განწყობა არსებობდა, მაგრამ ვიდრე ბიძინა ივანიშვილის სახით არ გამოჩნდა მაორგანიზებელი და ძალიან მაღალი ნდობის მქონე პოლიტიკური ფიგურა, მანამდე ამ პოლიტიკურ განწყობას არაფერი ხელშესახები არ მოჰყოლია. ამ თვალსაზრისითაც თუ ისევ "ნაციონალურ მოძრაობას" აჰკიდებენ ოპონირების ფუნქციას, თავისთავად, ოპონირების საგანი დაკარგავს მიმზიდველობას და მნიშვნელობას“,- მიიჩნევს ლაგაზიძე.